ქართული სოფელი

ქართული სოფელი

ამონარიდი 2011 წლის იანვრის კრებულიდან “გამოწვევები საქართველოს განვითარებისთვის”. კრებული შედგენილია 2010 წლის ოქტომბერ-დეკემბერში ორგანიზაცია “ევროპული არჩევანი საქართველოსთვის”და “ფრიდრიჰ ებრტის ფონდის” მიერ ერთობლივად ჩატარებულ კონფერენციებზე წარმოდგენილი მასალების მიხედვით.

სოფლის მეურნეობა, მრეწველობასთან ერთად, ქვეყნის ხერხემალია. მისი მთავარი ამოცანაა მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფა და მრეწველობის ნედლეულით მომარაგება. მსოფლიო გამოცდილება მოწმობს, რომ იმ ქვეყნებში, სადაც სოფლის მეურნეობამ განვითარების მაღალ დონეს მიაღწია, ეს, როგორც წესი ხელისუფლების მოწადინებით და აქტიური მეცადინეობით ხდებოდა და ხდება. ასეთი სახელმწიფოების მესვეურთ კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება, საექსპორტო ბაზარზე პოზიციების განმტკიცება, მდგრადი ეკონომიკური და სოციალური განვითარება, წარმოუდგენილია ამ დარგისათვის პრიორიტეტული მნიშვნელობის მინიჭებისა და მასზე მუდმივი ზრუნვის გარეშე.
საქართველო უძველესი აგროკულტურის, ვაზისა და ხორბლის ქვეყანაა. ამიტომ მიწა, სასოფლ-სამეურნეო წარმოება და სოფელი ქართველი კაცისათვის განსაკუთრებული ფასეულობებია. ეს ფასეულობები უდიდეს გავლენას ახდენენ მისი ცხოვრების წესზე, მენტალიტეტზე, ქართველთა ეროვნული ხასიათის ჩამოყალიბებაზე. ათასწლეულების მანძილზე საქართველოში სასოფლო-სამეურნეო წარმოებას თვითკმარი ხასიათი ჰქონდა. დიდი ილია შენიშნავდა: `მანამ ქვეყანა ქვეყანას ჰგავდა და ჭკუის მომკითხავი პატრონიცა ჰყავდა, ჩვენ მიწა-წყალს ჩვენთვის სარჩო-საბადებელი არ დაჰკლებია”.
მრავალსაუკუნოვანმა ისტორიულმა ძნელბედობამ და საბჭოთა პერიოდის ადმინისტრაციულ-მბრძანებლურმა მმართველობამ, რა თქმა უნდა, ძლიერ დააზარალა ქართული სოფელი, მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, იგი ბოლო დრომდე ინარჩუნებდა საზოგადოების ფუძე-ერთეულის სოციალურ ფუნქციას – გადარჩა და შეიძლება ითქვას ქვეყანაც გადაარჩინა.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ მოსალოდნელი იყო, რომ სასოფლო-სამეურნეო წარმოებისა და ზოგადად, სოფლის განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობოდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.
გაუაზრებელმა რეფორმებმა და სხვა სახელისუფლებო ინიციატივებმა, რომლებიც გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო და დღემდე გრძელდება, რა თქმა უნდა, დადებითი შედეგი ვერ გამოიღო და სადღეისოდ ქართული სოფელი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში მოიყარა, ვიდრე საბჭოთა პერიოდში იყო. ამაში ადვილად დავრწმუნდებით, თუ ზოგიერთ მონაცემს გადავხედავთ.

არსებული მდგომარეობა

ოფიციალური მონაცემებით, დღეს საქართველოს მოსახლეობის 47% (ორ მილიონზე მეტი ადამიანი) სოფლად ცხოვრობს, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია ქვეყნის ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 3/5-ზე მეტი. ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში ეს მონაცემები პრაქტიკულად უცვლელი რჩება, სამაგიეროდ კატასტროფულად მცირდება სასოფლო-სამეურნეო წარმოების მოცულობა და მისი წილი ქვეყანაში შექმნილ დამატებულ ღირებულებაში.
1996 წელს სასოფლო სამეურნეო პროდუქცია მთლიან ეროვნულ დოვლათში 33%-ზე მეტს შეადგენდა, სადღეისოდ კი იგი ოთხჯერ შემცირდა და 8,3 %-ს არ აღემატება.
მეოცე საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს საქართველოში მარცვლეული კულტურები 270 ათას ჰექტარზე იყო გაშენებული, მოსავალი კი 600 ათას ტონას აღემატებოდა, 2009 წლისათვის ნათესი ფართობის შემცირდა 216 ათას ჰექტრამდე, ხოლო მოსავალი 364,8 ათას ტონამდე. (აქ საყურადღებოა ისიც, რომ შემცირდა არა მარტო ფართობი, არამედ მოსავლიანობაც: თუ თავდაპირველად ჰექტარზე 22 ტონაზე მეტი მარცვლეული მოდიოდა, დღეს იგი მხოლოდ 16-17 ტონას შეადგენს). 1988 წელს მოგვყავდა 326 ათასი ტონა კარტოფილი, 2009 წელს – 216,8 ათასი ტონა. თითქმის სამჯერ შემცირდა ბოსტნეულის წარმოება (641 ათასი და 214 ათასი ტ.), თითქმის ოთხჯერ ხილისა (653 ათასი და 181,2 ათასი ტონა), ოთხჯერ და მეტად ყურძნისა (620 ათასი და 150,1 ათასი ტონა), ხოლო ციტრუსებისა ექვსჯერ და მეტად (437 ათასი და 70,9 ათასი ტონა).
საბჭოთა პერიოდში მთელს კავშირში და, ცხადია, საქართველოშიც, შრომის მწარმოებლურობა სოფლის მეურნეობაში ბევრად ჩამოუვარდებოდა მოწინავე, განვითარებული ქვეყნების მაჩვენებლებს. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ იგი არათუ გაიზარდა – ყოველწლიურად მცირდება. 1998 წელს იგი ეროვნული მეურნეობის საშუალო მაჩვენებლის 45%-ს შეადგენდა, 2003 წელს უკვე 30%-ს, 2009 წელს კი მხოლოდ 13% იყო. დღესდღეობით სოფლად დასაქმებული ერთი ადამიანი დაახლოებით 70 აშშ დოლარის ექვივალენტურ დამატებულ ღირებულებას ქმნის, რაც თავად მისი საარსებო მინიმუმის ტოლიც კი არ არის.
სოფლის მეურნეობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია წარმოებული პროდუქციის ე.წ. დასაქონლების დონე, ანუ ის, თუ მოწეული დოვლათის რა ნაწილი იქცევა საქონლად და გადის ბაზარზე გასაყიდად. 1989 წელს სოფლის მეურნეობის დასაქონლების დონე 82%-ს უდრიდა, 1998 წელს – 22%-ს, ამჟამად კი იგი 18%-ის ტოლია. ოთხმოციან წლებში იმ პროდუქციის თითქმის ნახევარი, რომელსაც სოფლად მაცხოვრებელნი თავის პირად დამხმარე მეურნეობაში აწარმოებდნენ, გასაყიდად იყო განკუთვნილი. დღეს გლეხების უმეტესობა გაცილებით უფრო დიდ მიწის ფართობებს ფლობს, მაგრამ მიღებული პროდუქტის უდიდეს ნაწილს (72%-ს) ოჯახში მოიხმარს; გასაყიდად მათ მცირედი რჩებათ. თანაც, უდიდესი წვით და დაგვით მოწეული, მართლაცდა ჭირნახული, ხშირად ვერ უძლებს იმ უცხოური პროდუქციის კონკურენციას, რომელმაც, თითქმის წალეკა ჩვენი სასურსათო ბაზარი. წლიდან წლამდე იზრდება. იმპორტირებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წილი ქვეყნის სასურსათო კალათში. იგი უკვე 2/3-ს აღწევს (დედაქალაქში კი გაცილებით მეტს – დაახლოებით 80%-ს)
ძნელი მისახვედრი არ არის, რომ იმპორტის ასეთი მოძალება ძალზე უშლის ხელს სამამულო სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარებას, უკარგავს გლეხს საქმიანობის ხალისს, თამაშობს მნიშვნელოვან როლს სოფლის გაღარიბებასა და დესოციალიზაციაში.
ზემოთ აღვნიშნეთ, რომ სოფლის მეურნეობის თვისობრივი განვითარება შეუძლებელია მრავალმხრივი სახელმწიფო მხარდაჭერის, სწორი დარგობრივი პოლიტიკის გატარების გარეშე. ამ პოლიტიკის ქვაკუთხედი და ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი არის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისადმი ხელისუფლების დამოკიდებულება. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, მათ შორის ევროპასა და იაპონიაშიც, სასოფლო-სამეურნეო მიწა აღიარებულია ეროვნულ სიმდიდრედ, რომლის გონივრული განკარგვა სახელმწიფოს კეთილდღეობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ამიტომ ხელისუფლება აქტიურად ერევა როგორც მიწის ბაზრის მართვაში, ასევე სავარგულების ექსპლოატაციის საკითხებში. დაწესებულია ნაკვეთების ზღვრული მინიმუმი და მაქსიმუმი (რეგიონული თავისებურებებისა და წარმოების სპეციფიკის მიხედვით). ამგვარი მიდგომა ხელს უშლის როგორც მიწების დაქუცმაცება-დანაწევრებას, ასევე მათ გაუმართლებელ გამსხვილებას. სახელმწიფო აკონტროლებს იმასაც, თუ ვინ იძენს მიწას, აკრძალულია მისი მიყიდვა იურიდიული პირებისათვის. მიწის შეძენა არ შეუძლიათ უცხოელ მოქალაქეებს და ა.შ    ყოველივე ეს ხელს უწყობს წარმოებისათვის ოპტიმალური პირობების შექმნას და სოფლად მცხოვრები ადამიანების სასიცოცხლო უფლებების დაცვას, ემსახურება სასოფლო ცხოვრების შენარჩუნება- განვითარებას.
მიწის რეფორმა, რომელიც გატარდა საქართველოში, ძალზე შორს დგას მოწინავე მსოფლიო გამოცდილებისაგან და ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი იმ ღრმა კრიზისისა, რომელმაც ჩვენი სოფლის მეურნეობა მოიცვა.
საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწების ფონდი დაახლოებით 3230 ათას ჰექტარს შეადგენს. მოსახლეობის ბოლო აღწერით (2002 წ), სასოფლო კომლების რაოდენობა 773 ათასს აღწევდა ე.ი. სოფლის ერთ კომლზე დაახლოებით 4,18 ჰექტარი სავარგული მოდიოდა (აქედან 1,47 – სახნავი და მრავალწლიანი ნარგავი და 2,68 სათიბ-საძოვარი). 2003 წლის მონაცემებით, მიწა საკუთრებაში გადაეცა დაახლოებით 1.1 მლნ კომლს (აქედან 338 ათას ქალაქად მაცხოვრებელ ოჯახს). სულ გაიცა სავარგულების 25,2%. შედეგად თითოეულ სასოფლო კომლს დაახლოებით 0,89 ჰექტარი ერგო, ხოლო ქალაქელთ –  0,22 ჰექტარი. გრძელვადიანი იჯარით გაიცა სავარგულების 29,9% აქედან 11,8% გადაეცათ ფიზიკურ პირებს, დანარჩენი კი გადანაწილდა იურიდიულ პირებზე. მაგრამ, საშუალო სტატისტიკური მონაცემები ვერ გვაძლევენ შექმნილი მდგომარეობის ნამდვილ სურათს. საქმე იმაშია, რომ კომლთა მხოლოდ 25% ფლობს 3-4 ჰექტარ მიწას, რაც ექსპერტთა აზრით, საქართველოს პირობებში წარმოებისათვის ოპტიმალურ რაოდენობად უნდა ჩაითვალოს. ოჯახთა 43% კი უკიდურესად მცირემიწიანია. მათ 0,5 ჰექტარზე ნაკლები ფართობი აქვთ. მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ ეს მცირე ზომის მიწაც კი, ხშირად, ერთიან საზღვრებში არ არის მოქცეული და დანაწევრებულია ორ და მეტ ნაკვეთად. ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, სრულიადაც არ უწყობს ხელს სასოფლო-სამეურნეო შრომის ნაყოფიერების ამაღლებას.

საბჭოთა პერიოდშიც საქართველოს სოფლის მეურნეობა არ წარმოადგენდა სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესისა და ტექნოლოგიური ნოვაციების პოლიგონს და  მოწინავეთა რიგებში არ ითვლებოდა, მიუხედავად ამისა, მას ჰქონდა დაახლოებით ნახევარი მილიარდი მანეთის მანქანა-იარაღები და ტრანსპორტი – 27 ათასზე მეტი ტრაქტორი, 1700-მდე კომბაინი, 28 500 სატვირთო ავტომობილი და სხვ. კოლექტიური მეურნეობების დაშლის შემდეგ, ამ მანქანა-იარაღების დატაცების პროცესი დაიწყო. 1997 წლისათვის ტრაქტორების რიცხვი შემცირდა ორჯერ, კომბაინებისა 20%-ით, სატვირთო მანქანებისა 44%-ით. სამწუხაროდ, არ არსებობს სარწმუნო სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც სადღეისოდ ამ სფეროში შექმნილი მდგომარეობის ზუსტ აღწერილობას მოგვცემენ, მაგრამ ყოველივე მოწმობს, რომ ვითარება თანდათან უფრო მძიმდება. ბოლო წლებში არაერთხელ დაგვინახავს როგორ ეჭიდება მიწას ცხენშებმული სახნისით მინდორში გამოსული გლეხი. ეს სურათი ბევრ სტატისტიკურ მონაცემზე უფრო მრავლისმეტყველია.
პრაქტიკულად, მთლიანად მოიშალა საბჭოთა პერიოდში არსებული, თუმცა იმ დროიცთვისაც კი არასრულყოფილი საირიგაციო და სადრენაჟო სისტემა. ამორტიზაციას, ხელისუფლების სრულ უყურადღებობას თან დაერთო ისიც, რომ ლითონის ჯართი უპირველესი მნიშვნელობის საექსპორტო საქონლად იქცა. ყოველივე ამან გლეხი მხოლოდ ბუნების წყალობის იმედად დატოვა.
ასევე მოიშალა ძველ ადმინისტრაციულ სისტემაზე აწყობილი აგრონომიული და ვეტერინარული მომსახურება. დღეს სოფელი სასუქის, შხამქიმიკატის, ვაქცინის და რაც მთავარია, ამ ყველაფრის გამოყენების მცოდნე სპეციალისტების გარეშეა დარჩენილი.
სრულიად აშკარაა, რომ სერიოზული მიზნობრივი დაფინანსების გარეშე, ვერ მოხერხდება სოფლის იმ ღრმა კრიზისიდან გამოყვანა, რომელშიც იგი აღმოჩნდა. ახლა ვნახოთ, თუ რა მდგომარეობაა ამ მხრივ.

სახელმწიფო დაფინანსება, ინვესტიციები, სხვა წყაროები

2011 წლისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოფლის მეურნეობისათვის გამოყოფილია 55 348 ათასი ლარი, რაც საბიუჯეტო ასიგნებების მხოლოდ 0,8%-ს შეადგენს. საყურადღებოა, რომ ძალოვანი სტრუქტურებისათვის (თავდაცვა, შსს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის უწყებები) განსაზღვრულია 1411 მლნ ლარი, ანუ ბიუჯეტის მეხუთედზე მეტი (20,9%). მარტო შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება 10-ჯერ აღემატება სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გამოყოფილ თანხებს. ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს აგრარულ სექტორში შემოვიდა მხოლოდ 45,6 მლნ. აშშ დოლარის ექვივალენტური პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ანუ მათი მთლიანი მოცულობის (4237,2 მლნ აშშ დოლარი) მხოლოდ 1,0%.  შედარებისთვის – ამავე პერიოდში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა საქართველოს უძრავ ქონებაში ათჯერ მეტი თანხა შეადგინა (455,7 მლნ აშშ დოლარი).  სოფლის მეურნეობის წილად მოდის უძრავი ქონების ელემენტებში ჩადებული ინვესტიციების მხოლოდ 0,7%.
ბანკების მიერ სოფლის მეურნეობაზე გაცემული სესხები კრედიტების მთლიანი მოცულობის 1,0%-ს შეადგენს. მხოლოდ მოსახლეობაზე უძრავი ქონების უზრუნველყოფით გაცემული კრედიტები (1017,9 მლნ.ლარი) 18,5 ჯერ აღემატება სოფლად სამეწარმეო საქმიანობისათვის გაცემული სესხების მოცულობას. თუ ამ თანხებს სასოფლო კომლთა რაოდენობაზე გადავიანგარიშებთ, გამოგვივა, რომ წლეულს ბიუჯეტიდან სოფლის მეურნეობაზე გამოყოფილი თანხიდან ერთ ოჯახზე 71-72 ლარი მოდის. გასული სამი წლის განმავლობაში ჩადებულმა ინვესტიციებმა კომლზე 58-59 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საბანკო კრედიტების რაოდენობამ – 71 ლარი.
ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ასეთი ფინანსური სახსრებით სოფლის ფეხზე წამოყენება შეუძლებელია და მდგომარეობის თუნდაც ოდნავ  გაუმჯობესებაზე ფიქრიც კი ფუჭი ოცნებაა.
თუ საქართველოში შექმნილ ვითარებას მსიფლიოს მოწინავე ქვეყნების, მეტადრე კი ევროპის სახელმწიფოების მდგომარეობას შევუდარებთ, სურათი კიდევ უფრო დამძიმდება.
ევროპას საგანგებოდ იმიტომ გამოვყოფთ, რომ ის განვითარების გზა, რომელიც გაიარეს ამ კონტინენტის ქვეყნებმა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დღემდე, ყველაზე მეტად ესადაგება საქართველოს, ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს სტაბილურ განვითარებას, სოციალურად სამართლიანი საზოგადოების მშენებლობას.
ევროპის ქვეყნების შთამბეჭდავი მიღწევები სოფლის მეურნეობაში საყოველთაოდ არის ცნობილი. ეს თავისთავად არ მომხდარა, ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინათ (1957 წელს რომში) დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ ერთიან სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკას (ესპ) გაატარებდნენ. მაშინვე გამოცხადდა ამ პოლიტიკის  ძირითადი მიმართულებები: სურსათის მისაღებ ფასებში სტაბილური მიწოდება, სოფლის მოსახლეობისათვის ცხოვრების ღირსეული სტანდარტის უზრუნველყოფა, ტექნიკური პროგრესის მიღწევების სოფლის მეურნეობაში დანერგვა და ამის ხარჯზე შრომის ნაყოფიერების ზრდა და სხვა. დროთა განმავლობაში, ახალი გამოწვევების შესაბამისად, ეს პოლიტიკა ნაწილობრივ იცვლებოდა, იხვეწებოდა და ივსებოდა ახალი შინაარსით. დღეს დაწვრილებით ამაზე საუბარს ვერ მოვყვებით, ვიტყვით მხოლოდ რომ ამ პოლიტიკას თავიდანვე სოლიდური საფინანსო ბაზა დაედო საფუძვლად. დღესდრეობით ევროკავშირის ყოველწლიური ბიუჯეტის თითქმის ნახევარი (დაახლ 50 მილიარდი ევრო) კვლავ სასოფლო-სამეურნეო წარმოებისა და სოფლის განვითარებაზე იხარჯება. ყოველივე ამის საბოლოო მიზანი კი სასოფლო ცხოვრების შენარჩუნება, მისი ქალაქის დონესთან დაახლოვებაა, ვინაიდან ეს სოციალური სტაბილურობისა და ნაციონალური იდენტობის გადარჩენის აუცილებელ პირობად არის მიჩნეული.

ქართული სოფლის სოციალური პორტრეტი
(ზოგიერთი ასპექტი)

საბჭოთა პერიოდში ქალაქისა და სოფლის ცხოვრების დონეთა დაახლოვება პროპაგანდის პოპულარული თემა იყო და საშინაო პოლიტიკის ერთ-ერთ უპირველეს ამოცანად ცხადდებოდა. თქმა არ უნდა, რომ ეს განცხადებები უმეტესწილად დეკლარაციული ხასიათისა იყო. იმ დროინდელი ადმინისტრაციულ-მბრძანებლური სისტემის ჭეშმარიტი პრიორიტეტები ძალიან განსხვავდებოდა საჯაროდ ნათქვამისაგან. ამიტომ, მაშინაც სოფლის განვითარებაზე  არასაკმარისი თანხები იხარჯებოდა. მაგრამ, საბჭოური სტანდარტით გათვალისწინებული ზოგი ინფრასტრუქტურული ელემენტი (მაგ. საშუალო სკოლა, კლუბი, კინოთეატრი და ა.შ) სოფლების უმეტესობაში მაინც არსებობდა და შესაბამისად, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ამ დაწესებულებებში იყო დასაქმებული.
საქარველოს დამოუკიდებლობის პირველ წლებში გამეფებულმა პოლიტიკურმა ქაოსმა და ეკონომიკურმა კოლაფსმა მსწრაფლ იმოქმედეს სოფელზეც. მაშინ დაწყებული ნგრევა-დაქვეითება დღემდე გრძელდება. ამჟამად, სოფელთა უმრავლესობას `კულტურულ დაწესებულებათაგან~ სკოლაღა თუ შემორჩა (იქ, სადაც ის `ვარდების რევოლუციის~ მესვეურთა მიერ წამოწყებულ `ოპტიმიზაციას~ გადაურჩა). ელექტროენერგიის მოწოდების გაუმჯობესების შემდგომ, სოფლების უმეტესობაში აღდგა ტელემაუწყებლობა, მაგრამ თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები (კომპიუტერი, ინტერნეტი). სოფლად მაცხოვრებელთა უმრავლესობისათვის ჯერაც მიუწვდომელი ოცნების საგნად რჩება.

დღეს არ გვაქვს საშუალება ვიმსჯელოთ თანამედროვე ქართული სოფლის სოციალური მდგომარეობის ყველა ასპექტზე, რადგან სარწმუნო ინფორმაცია ამის შესახებ მეტად მწირია. საკითხი მრავალმხრივ, კვალიფიციურ სამეცნიერო შესწავლას საჭიროებს. მაგრამ, ზოგი რამ საგანგებო კვლევა-ძიების გარეშეც ცხადად ჩანს.
აშკარაა, რომ სოფლად გამეფებულ კრიზისს ეკონომიკური მდგომარეობის გარდა, მენტალური, ფსიქოლოგიური პრობლემებიც უდევს საფუძვლად.
საბჭოთა იდეოლოგია და მმართველობის პრაქტიკა უკიდურესად ზღუდავდა ადამიანთა საზოგადოებრივ ინიციატივას და სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობას. სოფლად, ამის შედეგად, მოხდა ის, რომ გლეხი ფაქტობრივად თავის კარმიდამოში ჩაიკეტა. მხოლოდ აქ გრძნობდა იგი თავს ჭეშმარიტ მეპატრონედ და მისი პასუხისმგებლობის გრძნობაც საკუთარი ღობის იქით აღარ ვრცელდებოდა. ე.წ. საზოგადოებრივი, სინამდვილეში კი სახელმწიფოს მიერ მიმართული ინსტიტუტებისადმი (კოლმეურნეობა და სხვ) მას მკვეთრად გამოხატული მომხმარებლური დამოკიდებულება  ჩამოუყალიბდა. დღევანდელ პირობებში კი ადამიანებს უჭირთ იმის გათავისება, რომ ამიერიდან თვითონ უნდა იზრუნონ ამ სოციუმის მოწყობაზე და ამისთვის ფორმალური თუ არაფორმალური გაერთიანებები შექმნან. ექსპერტთა დასტურით, საზოგადოებრივი თუ ეკონომიკური საქმიანობისთვის გამიზნული კოლექტიური ერთობების (სასოფლო თემი, კოოპერატივი და სხვ.) შექმნა-ამოქმედების იდეას სოფლის მოსახლეობა ჯერ-ჯერობით უნდობლობით ეკიდება და ისევ იმის იმედად რჩება, რომ ოდესმე `კარგი გამგებელი~ („კარგი პრეზიდენტი~) მოუგვარებს პრობლემებს.
ამ სოციალური ინფანტილიზმის გადალახვა შესაძლებელია მხოლოდ ხელისუფლების რეალური, მიზანმიმართული, ფინანსური მხარდაჭერით ზურგგამაგრებული მეცადინეობით. დღეს ეს არ ხდება, რადგან სინამდვილეში ამჟამინდელ საჭისმპყრობელთ ქართული სოფლის ბედი არ აინტერესებთ.

ზოგადი დასკვნები

–    საქართველოს სოფლის მეურნეობა და მთლიანად სოფელი ღრმა კრიზისში იმყოფება. ეს განპირობებულია როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური და ინსტიტუციური მიზეზებით.
–    დღემდე არ არსებობს სოფლისა და აგროსამრეწველო დარგის განვითარების სტრატეგია. ყველა გარდაქმნა, რომელიც დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ამ სფეროში განხორციელდა, ქაოტური და არათანამიმდევრული იყო.
–    -მიწის  პრივატიზაცია ჩატარდა იმდაგვარად, რომ მთლიანობაში მან ვერ უზრუნველყო აგროსამრეწველო წარმოებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა.
–    ფერმერულ მეურნეობაში არ არსებობს შიდა დაგროვების წყაროები, ამიტომ ვერ ხერხდება წარმოებაში სახსრების ინვესტირება
–    ფერმერებისათვის ძალზე გაძნელებულია კრედიტებით სარგებლობა, თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობის შექმნა. ამის გამო არ ხდება სოფლის მეურნეობის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება.
–    ფერმერულ მეურნეობებს არ უწევენ აგრონომიულ, ვეტერინარულ, საკონსულტაციო მომსახურებას.
–    სოფლის მეურნეობაში არ ხდება ქონების, წარმოებისა და სხვა რისკების დაზღვევა.
–    საქართველოს ხელისუფლებამ სოფლების სოციალური სივრცის მართვა რეალურად თვით ამ სოფლების მოსახლეობას გადააბარა ისე, რომ არ შექმნა ამისთვის აუცილებელი ინსტიტუციური და ფინანსური პირობები.
მიგვაჩნია, რომ საქართველოს სოფლისა და აგროსამრეწველო მეურნეობის კრიზისიდან გამოსაყვანად აუცილებელია სიღრმისეული, კომპლექსური ღონისძიებების გატარება. კერძოდ, უნდა შეიქმნას ამ სფეროს განვითარების სტრატეგია და ამაზე დაყრდნობით გატარდეს შემდეგი ღონისძიებები:
–    უნდა აღდგეს 2004 წელს გაუქმებული მიწის საკადასტრო სამსახური იმისთვის რომ მოხდეს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დღევანდელი რაოდენობის, იურიდიული სტატუსის და სხვ. ზუსტი აღნუსხვა, შემუშავდეს მიწის მართვის სწორი პოლიტიკა.
–    ბიუჯეტიდან სოფლის მეურნეობის დაფინანსების წილი უნდა გაიზარდოს მინიმუმ 4-4,5%-მდე. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სასოფლო-სამეურნეო კვლევების დაფინანსების საკითხს.
–    სოფლის მეურნეობის სფეროში უნდა აღდგეს კვლევითი სტრუქტურები, შეიქმნას კვლევის, საინფორმაციო უზრუნველყოფისა და კონსულტაციური მომსახურების დაფინანსების სისტემა.
– შემუშავდეს კერძო სექტორში სასოფლო-სამეურნეო და კვების მრეწველობის სფეროს კვლევის სტიმულირების ღონისძიებათა გეგმა.
–    სახელმწიფოს მონაწილეობით უნდა შეიქმნას სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში არსებული რისკების დაზღვევის ეფექტური სისტემა.
–    სახელმწიფომ უნდა იზრუნოს  დარგის დაფინანსების  სისტემის შექმნაზე. (დაბალპროცენტიანი, გრძელვადიანი კრედიტები, სპეციალური ფონდები და სხვ.).
–    უნდა ჩამოყალიბდეს საკონტრაქტო ურთიერთობების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სასურსათო პროდუქტებზე სახელმწიფო დაკვეთებს და ფერმერული პროდუქციის გარანტირებულ შესყიდვას.
–    განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ორგანული მიწათმოქმედების განვითარებას.
–    უნდა აღდგეს და თანამედროვე დონეზე მოეწყოს აგრარულ პროფესიათა  სახელობო სასწავლებლების სისტემა.
–    ხელისუფლებამ რეალურად უნდა შეუწყოს ხელი სოფლად ფერმერული მეურნეობის, კოოპერატივებისა და ასოციაციების შექმნა-განვითარებას.
–     უნდა წაახალისოს სოფლის სოციალური მდგომარეობის ყოველმხრივი მეცნიერული კვლევა და ამ კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შექმნას გრძელვადიანი პროგრამები.
დასასრულს გავიმეორებთ, რომ სოფლის და აგრომრეწველობის გადარჩენა -განვითარებას საგანგებო როლი აქვს ქვეყნის განვითარებისა და თავისთავადობის შენარჩუნების საქმეში.

გამოყენებულია  learning.ge და kvemokartli.ge-ზე გამოქვეყნებული სურათები

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ