ქართული ნეოლიბერალიზმი _ კრიმინალური მონოპოლიების ბუდე

გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისიდან, ჩრდილოეთ ამერიკისა და დასავლეთ ევროპის წამყვან კაპიტალისტურ ქვეყნებში ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკისა და ინსტიტუციური ცვლილებების გატარების პროცესი იწყება. პერიფერიულმა ქვეყნებმაც აღმოსავლეთ ევროპაში, ლათინურ ამერიკაში, აფრიკასა და აზიაში წამყვანი კაპიტალისტური ქვეყნებისა(განსაკუთრებით აშშ) და საერთაშორისო მონეტარული ინსტიტუტების(საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი) ზეწოლითა და ზეგავლენით გაიზიარეს ეს იდეები და განახორციელეს ე.წ. ’სტრუქტურული ცვლილებები’, ’შოკური თერაპია’ და/ან ’ეკონომიკური რეფორმები’ იმისათვის რომ მოეხდინათ საკუთარი ეკონომიკის რესტრუქტურიზაცია და მისი ნეოლიბერალური ეკონომიკის საჭიროებებთან შესაბამისობაში მოყვანა.

ნეოლიბერალური დღის წესრიგისათვის(იგივე ‘ვაშინგტონის კონსესუსი’) დამახასიათებელია მონეტარული პოლიტიკის წარმოება დაბალი ინფლაციის შესანარჩუნებლად, დაბალანსებული ბიუჯეტის მხარდაჭერა,(რაც ხშირად სახელმწიფოს სოციალური  ხარჯების გაუქმების მეშვეობით ხერხდება) ’მოქნილი’ შრომის ბაზარი(რაც შრომის ბაზარზე არსებული რეგულაციების გაუქმებასა და სოციალური უზრუნველყოფის შეკვეცას გულისხმობს), პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ფინანსური ლიბერალიზაცია, მცირე მთავრობა, დერეგულაცია და პრივატიზაცია. ეს პოლისები არის მმართველი ფინანსური ელიტების შეტევა მშრომელ ხალხსა და ზოგადად დაქირავებულ მუშახელზე. რაც სოციალური პროგრესისა და განვითარების შეფერხებასა და შემოსავლებისა და კეთილდღეობის თვალსაზრისით გლობალური უთანასწორობის დონის უპრეცენდენტო ზრდას იწვევს.

გაეროს  Human Development Report-ის მიხედვით, მსოფლიოში უმდიდრესი 1 % იმდენივე შემოსავალს იღებს რამდენსაც უღარიბესი 57 %. შემოსავლებში სხვაობა  მსოფლიოს უმდიდრეს 20 %-სა და უღარიბეს 20 %-ს შორის 30:1 დან რომელიც ფიქსირებული იყო 1960 წელს, გაიზარდა 60:1-მდე 1990 წელს, 74:1-მდე 1999 წელს და ვარაუდობენ რომ 100:1 მიაღწევს 2015 წლისათვის.

ნეოლიბერალიზმის პროპაგანდისტები გვპირდებიან, რომ ნეოლიბერალური ’რეფორმები’ და ’სტრუქტურული ცვლილებები’ მიგვიყვანს უპრეცენდენტო ეკონომიკური ზრდის, ტექნიკური პროგრესის, ცხოვრების დონის ამაღლებისა და მატერიალური კეთილდღეობის ერამდე. თუმცა რეალურად მსოფლიო ეკონომიკა ნეოლიბერალური ეპოქის დროს სტაგნაციის მდგომარეობაში აღმოჩნდა. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის საშუალო ტემპი 1950-1973 წლების 4.9 პროცენტიდან. 3 %-მდე შემცირდა 1973-1992 წლებს შორის, ხოლო 1990-2001 წლებში 2.7 %-მდე. ამასთან ყველა ’განვითარებად ქვეყანაში’, მათ შორის ’ეკონომიკური ტრანზიციის’ ქვეყნებში დაეცა მთლიანი შიდა პროდუქტის  რეალური შემოსავალი ერთ მოქალაქეზე(per capita GDP).

საქართველოც როგორც ყოფილი პოსტ-საბჭოთა და ’ეკონომიკური ტრანზიციის’ ქვეყანა, გლობალური ნეოლიბერალური ტრენდის გავლენის ქვეშ აღმოჩნდა, რამაც კიდევ უფრო გაართულა საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის ისედაც ურთულესი პროცესი. ნაჩქარევი და რადიკალური რეფორმების შედეგად განხორციელებულმა ეკონომიკურმა ტრანსფორმაციამ, პირველ რიგში ქვეყნის უბრალო მოქალაქეებზე იმოქმედა უარყოფითად და ქვეყანაში მილიონობით დაუსაქმებელი და ღარიბი ადამიანის გაჩენა გამოიწვია. პრივატიზაციისა და ეკონომიკური ლიბერალიზაციის პროცესის მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩატარებამ, ბუნებრივად გამოიწვია სპეკულაციური დანაშაულები, დაქირავებული მუშახელის უფლებების მნიშვნელოვანი გაუარესება და ფინანსური ელიტებისა და ოლიგარქიული ჯგუფების ჩამოყალიბება.

კერძო ინიციატივასა და ბაზრის უზენაესობაზე დაფუძნებული ეკონომიკა, ქართულ პირობებში. საოცრად უწყობს ხელს ახალი ტიპის ნახევრად კრიმინალური მონოპოლიებისა და ოლიგოპოლიების შექმნას. ამდენად ეკონომიკური განვითარების ეს დღეისთვის დომინანტური მოდელი საქართველოსთვის არაეფექტურია. ამ შემთხვევაში ქვეყანას ჰაერივით ჭირდება ნეო-კლასიკური სინთეზის ქართულ რეალობაზე მორგებული ადაპტირებული ვერსია, ქეინზიანური ექსპანსიური ფისკალური პოლიტიკითა და აქტიური სოციალური პროგრამებით, რომელიც დააბალანსებს ნეოლიბერალურ მიდგომებს, რადგან როგორც რადიკალურად მოთხოვნის, ასევე მიწოდების ეკონომიკა ვერ იქნება ოპტიმალური გამოსავალი საქართველოსთვის.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ