უცხოური ინვესტიციები – საგზური „მესამე სამყაროში“

ალექსეი ბლიუმინოვი

პოსტსაბჭოთა უკრაინის ერთ–ერთ ყველაზე მყარ და სიცოცხლისუნარიან მითს წარმოადგენს მითი  იმის შესახებ, რომ თითქოს უკრაინა მოწოდებულია შევიდეს მსოფლიოს ყველაზე განვითარებული სახელმწიფოების რიცხვში.

ამ თეზისს, როგორც გამოხრულ ძვალს  მშიერი ძაღლის ცხვირწინ, ატრიალებდა ყველა მთავრობა და პრეზიდენტი 1991 წლიდან.

იდეა სიცოცხლისუნარიანი გამოდგა და ყბადაღებულ ევროინტეგრაციასთან ერთად გადაიქცა ერთგვარ სამოქალაქო რელიგიად უკრაინული სახელმწიფოსთვის. დიდი ხნის განმავლობაში იგი აერთიანებდა როგორც საბჭოთა ეპოქაში შექმნილი სამრეწველო და სამეცნიერო პოტენციალის ძარცვის ხარჯზე მუდმივად გამდიდრებად ელიტას, ასევე (ამავე მიზეზით) მუდმივად გაღატაკებად მასას რაღაც ქიმერულ „ნაციონალურ ერთობაში“.

მხოლოდ ყველაზე აშკარა პოლიტიკური მარგინალები ინტერესდებოდნენ ლოგიკური კითხვით – რა კონკრეტული გზით გვაახლოებს საოცნებო დანიშნულების პუნქტს დეინდუსტრიალიზაცია, ფუნდამენტური მეცნიერების ლიკვიდაცია, ინფრასტრუქტურისა და განათლების დეგრადაცია, საზოგადოებრივი ურთიერთობებისა და სოციალური პრაქტიკის არქაიზაცია და ამ ყველაფერთან ერთად რელიგიური ცრურწმენების პროგრესირებადი სიმსივნე?

სანამ უკრაინის მოქალაქეები ოცნებობდნენ „პირველ სამყაროზე“, ელიტებს თავინთი რეალური ქმედებით წარმატებით შეყავდათ ქვეყანა „მესამე სამყაროში“, უჭრიდნენ რა მას გვიანი პერესტროიკის წლებში განსაზღვრული კურსისგან გადახვევის ნებისმიერ შესაძლებლობას. დღეს უკვე შეიძლება იმ ფაქტის კონსტატირება, რომ ეს დამთრგუნველი პროცესი უკვე შეუქცევადი გახდა, თუმცა, რამდენად საოცარიც არ უნდა იყოს, ამას არ შეუშლია ხელი პათეტიკური მსჯელობებისთვის „ნაციონალური გარღვევის“ შესახებ.

რომ შევაჯამოთ ყველაფერი, რასაც პარლამენტის ტრიბუნებიდან, სამეცნიერო კონფერენციებიდან, ტელევიზორის ეკრანიდან და გაზეთების ფურცლებიდან ჩვენ გვეუბნებიან უკრაინის მსოფლიო კაპიტალისტურ სისტემაში (დამოკიდებული და ჩამორჩენილი პერიფერიის რანგში) ჩაშენების აპოლოგეტები, მივიღებთ რამდენიმე თეზისისგან შემდგარ კრებულს.

პირველი. ჩვენი ტექნოლოგიური და სოციალური ჩამორჩენის ძირითადი მიზეზი ეკონომიკაში სტრუქტურული რეფორმების არ არსებობაა, რომლებიც ხელს შეუწყობდნენ „ქვეყნის ჩაშენებას შრომის დანაწილების მსოფლიო ბაზარში“. ადამიანურ ენაზე რომ ვთარგმნოთ ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკა, მიუხედავად მიზანმიმართული ნგრევის 20 წლიანი პერიოდისა, ჯერ კიდევ მიმართულია იმ ამოცანებისა და მიზნებისკენ, რომლებიც გამომდინარეობენ მოქალაქეების საციცოცხლო მოთხოვნილებების უზრუნველყოფისგან;  ასევე, ადრე არსებული რთული და მაღალტექნოლოგიური გეგმიური წარმოების შიგნით არსებული კოოპერაციული კავშირების უზრუნველსაყოფად.

რასაკვირველია, ეკონომიკის მთელი დარგები ზედმეტი აღმოჩნდა ბაზრის პირობებში. პირველ რიგში ლიკვიდაციას დაექვემდებარა პრაქტიკულად ყველაფერი, რაც უკავშირდებოდა კოსმოსს, თვითმფრინავმშენებლობას, თბომავალმშენებლობას, ჩარხმშენებლობას და ა.შ. კერძო ავიაკომპანიებისთვის გაცილებით მომგებიანი და იაფია ლიზინგით შეიძინონ ჩამოწერილი „ბოინგები“, ვიდრე ჩადონ ფული სამამულო მოდელების შემუშავებაში. სამამულო საკონსტრუქტორო ბიურო „ანტონოვისა“ და ქარხანა „ავიანტის“ საბრალო არსებობა ამ ფაქტის საუკეთესო დადასტურებაა.  არავის ჭირდება თბომავლების ის რაოდენობა, რასაც ყოველთვიურად უშვებდა „ლუგანსკტეპლოვოზი“ საბჭოთა პერიოდში – უკრაინის რკინიგზის მოთხოვნილებები გაცილებით ადვილია დააკმაყოფილო კორეისთვის მიცემული შეკვეთებით. ზუსტად ამის გამო, დღეს ლუგანსკის ფლაგმანში დასაქმებულია არა 38 ათასი, როგორც  ადრე, არამედ 6 ათასამდე ადამიანი. ამასთანავე, მნიშვნელოვანია იმის გაგებაც, რომ ამ დარგების გაქრობა მხოლოდ მცირედ არის ცალკეული ჩინოვნიკების „ბოროტი ნების“ ბრალი. დიდწილად ეს არის ქვეყნის განვითარების არჩეული კურსის პირდაპირი შედეგი.

მაღალტექნიკური წარმოების განადგურება ლოგიკურად იწვევს „ბალასტის“ ლიკვიდაციასაც ფუნდამენტური მეცნიერების სახით. ტრანსნაციონალური კორპორაციების განყოფილებად ქცეული და გლობალურ წარმოების ჯაჭვში ჩაბმული საწარმოების ლოკალური საჭიროებებისთვის გამოყენებითი მეცნიერებაც სრულიად საკმარისია. ყველაფერი, ნედლეულიდან დაწყებული ახალ ტექნოლოგიურ ხაზებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ჩათვლით შემოდის მეტროპოლიიდან, დასავლელი მფლობელებისგან შეძენილი ლიცენზიებითა და პატენტებით. ამავე პრონციპით მუშაობს ჩვენი ფარმაკოლოგიური სფეროც, რომელიც გადაქცეულია ბანალურ დამფასოებელ–შემფუთავ საამქროდ იმპორტულ ნედლეულზე და (მცირე გამონაკლისების გარდა) იმპორტული რეცეპტურით დამზადებული პრეპარატებისთვის. რა რჩება? რჩება წამლების სახელწოდებებისა და მათი ანოტაციების თარგმნა ჩვენი პატრიოტების გულთან განსაკუთრებით ახლოს მყოფ უკრაინულ ენაზე.

ამ ლოგიკის ყველაზე კარგი ილუსტრირება შესაძლებელია სამამულო ავტომშენებლობის მწარე ბედით. საბჭოთა კავშირისგან უკრაინამ მემკვიდრეობით მიიღო ქარხანა, რომელიც უშვებდა ცნობილ „ზაპოროჟეცებს“ (შემდგომში – „ტავრიებს“). შეიძლება ბევრი ირონიზირება ამ მანქანების შესახებ, მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ ამ მანქანებზე მასიური მოთხოვნა იყო არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მათ ხალისით ყიდულობდნენ საზღვარგარეთაც. ზუსტად ისე, როგორც მაგალითად იუგოსლავური მსუბუქი ავტო „იუგო“, რომელიც 80–იან წლებში ჯერ კიევ პოპულარული იყო აშშ–ში, სადაც მას ქონდა საიმედო და ეკონომიური მანქანის რეპუტაცია.

თუმცა საბჭოთა კავშირი დაიშალა. გეგმიური ეკონომიკის ადგილი დაიკავა ბაზარმა და აქ გამოჩნდა, რომ კერძო კაპიტალს არ ჭირდება ავტომობილის ნაციონალური მარკა.   გაცილებით იოლია „ჩაჯდე“ ერთ–ერთი წამყვანი ტრანსნაციონალური კორპორაციის სისტემაში სუბაგენტის სტატუსით – და აი ზაპოროჟული ავტოგიგანტი გადაიქცა ბანალურ ამწყობ საამქროდ კორეული მანქანებისთვის. რიგში „ფორდი“ დგას.

პერიფერიულ ქვეყანას არ შეუძლია საკუთარ თავს მისცეს უფლება ქონდეს საკუთარი ავტომობილი. შესაძლოა რამდენიც გვინდა ვიფანტაზიოროთ იმის შესახებ, რომ ოდესღაც ჩვენც გავავსებთ მსოფლიო ბაზრებს სამამულო წარმოების, იაფი და ხარისხიანი ავტომობილებით, მაგრამ რეალობა ისეთია, რომ ჩვენ ამ „მსოფლიოს“ ვჭირდებით მხოლოდ როგორც უცხოური პროდუქციის ამწყობი საამქრო.

აქედან გამომდინარეობს მნიშვნელოვანი დასკვნა. შრომის საერთაშორისო დანაწილებაში ჩაჯდომა შეიძლება მხოლოდ იმ სტატუსით, რომლითაც დაინტერესებულნი არიან მსოფლიო ბაზრის მოთამაშეები. ანუ, ან უნდა ფლობდე ნედლეულს და სასარგებლო წიაღისეულს, ან უნდა შეუქმნა ტრანსნაციონალურ კორპორაციებს მომგებიანი პირობები იმ წარმოების განსათავსებლად, რომელიც იდევნება პირველი სამყაროდან – იდევნება იქედან, სადაც არსებობს განვითარებული შრომითი კანონმდებლობა, მოქმედებენ ძლიერი პროფკავშირები და ყურადღება ექცევა გარემოს დაცვის მკაცრ ნორმებს – და იდევნება იქ, სადაც ეს ყველაფერი არ არსებობს.

აქ ჩვენ ვუახლოვდებით ჩვენი „რეფორმატორების“ მეორე და მთავარ თეზისს. ის შემდეგნაერად ჟღერს: პარამეტრთა უმრავლესობით უკრაინის ეკონომიკა არაკონკურენტუნარიანია. იმის გამო, რომ არც სახელმწიფოს და არც კერძო კაპიტალს არ გააჩნია მისი მოდერნიზაციისთვის საჭირო სახსრები, ზრდის უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ უცხოური ინვესტიციების მოზიდვით.

რასაკვირველია, თავისთავად ეს ინვესტიციები არ მოვლენ. ისინი უნდა მოიზიდო და პერიფერიული კაპიტალიზმის ჩვენი აპოლოგეტებიც ამტკიცებენ: აუცილებელია ინვესტორებს შევუქმნათ მიმზიდველი გარემო. აუცილებელია „შევარბილოთ“ უკრაინული კანონმდებლობა ისე, რომ გავხადოთ იგი ტრანსნაციონალური კორპორაციებისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი, დაწყებული კაპიტალის გატანის შესაძლებლობითა და მისი გარანტიით, დამთავრებული უკვე ხსენებული შრომითი, ბუნების დაცვითი თუ საგადასახადო რეგულაციებით. ლაპარაკი მიდის ბიზნესის წარმოების სპეციალური, განსაკუთრებული პირობების შექმნაზე უცხოელი ინვესტორებისთვის – რომელიც განსხვავებული იქნება იმისგან, რომელ პირობებშიც მუშაობენ სახელმწიფო სექტორის საწარმოები და თვით „ნაციონალური“ კერძო კაპიტალის წარმომადგენელთა უმრავლესობაც.

ბევრი უკრაინელი გულწრფელად იმედოვნებს, რომ დასავლური ინვესტიციების შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში გააუმჯობესებს მათ ცხოვრებას. ამასთან, გლობალიზმის ტკბილხმოვანი სირინოზები მაგალითის სახით გვიხატავენ დასავლეთ ევროპის ქვეყნებს, სადაც მშრომელები დაცულები არიან კანონმდებლობით, პროფკავშირებით, აქვთ უამრავი სოციალური გარანტია, რომლებიც უკრაინის მოქალაქეებს არც დაესიზმრებათ.

მაგრამ ვინ თქვა, რომ ჩვენი ქვეყანა გახდება საფრანგეთი ან გერმანია, როცა მისი ადგილი შრომის მსოფლიო დანაწილებაში ფილიპინებსა და ჰონდურასს შორისაა? პირიქით – ჩვენ უნდა გადავხედოთ ამ და მესამე სამყაროს სხვა ქვეყნების გამოცდილებას, რომლებმაც ჩვენზე ადრე გაიარეს ეს გზა – იქამდე, სანამ უცხოელ ინვესტორებს ნებისმიერი მათთვის სასურველი პირობებით გავუხსნით საკუთარი ქვეყნის კარს.

პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ასეთ „კონკურენტუნარიანობის ამაღლებას“ მოაქვს არა ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობა, არა ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესება, არამედ სრულიად ამის საპირისპირო – ზეექსპლუატაცია, შრომის ქანცგამწყვეტი სისტემა, მშრომელთა შრომითი უფლებების შევიწროება და საწარმოს ადმინისტრაციის უფლებების გაფართოება, შრომის დაცვის ნორმების საყოველთაო უგულვებელყოფა, აკრძალვა პროფკავშირის შექმნასა და ფუნქციონირებაზე უცხოური ინვესტიციებით შექმნილ საწარმოში, გარემოს დამაბინძურებელი ტექნოლოგიების გამოყენება პროდუქციის გაიაფებისთვის. აი ის „ჯენტლმენური სია“, რომელიც თან ახლავს უცხოური ინვესტორების შესვლას დედამიწის ნებისმიერ კუთხეში – მექსიკისა და ჰონდურასის მაკილადორესებიდან – სპეციალურ ეკონომიკურ ზონებამდე ფილიპინებში, Nike – სა და Adidas-ის ფაბრიკებამდე ვიეტნამსა და ინდონეზიაში და Walt Disney Company–ს საწარმოებამდე ჰაიტიზე.

გლობალიზაციისა და ღია ბაზრების ეპოქაში ინვესტორების კეთილგანწყობის მოსაპოვებელი თითქმის ერთადერთი არგუმენტი ხდება სამუშაო ძალის დაბალი ფასი. ნაომი კლაინის ზუსტი შენიშვნის მიხედვით, პროგრესირებადად გაღატაკებად პერიფერიულ ქვეყნებში „მთავრობებს აუქციონზე გამოყავთ საკუთარი ხალხები, დასწრებაზე სთავაზობენ ხელფასის ყველაზე დაბალ ნორმებს და ნებას იძლევიან, რომ მშრომელებს გადაუხადონ ცხოვრების რეალურ ღირებულებაზე დაბლა“.

თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჰონდურასი და ბანგლადეში შორსაა და უკრაინა რამე გამონაკლისს წარმოადგებს საერთო კანონიდან, მწარედ ცდება. თვითონ დასავლელი პოლიტიკოსები არ გვიტოვებენ არავითარ ილუზიებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის მათი აზრით ჩვენი ქვეყნის მთავარი კონკურენტული უპირატესობა. მაგალითისთვის, ფინეთის ელჩმა უკრაინაში, კრისტერ მიკელსონმა, ვინიცის ოლქის ხელმძღვანელებთან შეხვედრის დროს სრულიად აუღელვებლად განაცხადა, რომ ზუსტად იაფი უკრაინული მუშახელი შეიძლება გახდეს უცხოური ინვესტიციების წინაპირობა. ელჩმა „აღფრთოვანება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში „ჭკვიანი მოსახლეობაა“, ხოლო „სამუშაო ძალის ფასი ძალიან დაბალია“. „იმისთვის, რათა მიიღოთ ინვესტიციები და კონკურენცია გაუწიოთ სხვა ქვეყნებს, ბიზნესის პირობებიც ისეთი უნდა იყოს, რომ ისინი დაინტერესდნენ“ – გულღიად განაცხადა ფინელმა ჩინოვნიკმა.

სახელმწიფო სტატისტიკური კომიტეტის თანახმად, უკრაინელების 80%–ზე მეტი თვეში იღებს 3000 გრივნას და ნაკლებს – ესე იგი, 400 აშშ დოლარს. შედარებისთვის, ვიეტნამელი ან კამბოჯელი მუშა დღეს იღებს 60–120 დოლარს თვეში. ახლა კი გამოიცანით, რა უნდა გააკეთოს უკრაინის ხელისუფლებამ იმისთვის, რომ დასავლელი ინვესტორი დაარწმუნოს უკრაინაში ფულის ჩადების რენტაბელურობაში – უკრაინაში, მისი ცივი კლიმატით და კაპიტალური შენობების აუცილებლობით ტროპიკებისთვის დამახასიათებელი ასაწყობი კონსტრუქციებისგან განსხვავებით, რომელთა გადატანა რამდენიმე დღეში არის შესაძლებელი პლანეტის სხვა ნებისმიერ წერტილში?

თავისთავად ცხადია, რომ უცხოელი ინვესტორისთვის ბრძოლა მსოლფლიო ნეოლიბერალური მოდელის ფარგლებში უკრაინელი მშრომელებისთვის დამთავრდება ხელფასების შემცირებით, შრომის პირობების გაუარესებით, ტრავმებისა და სხვა „სიამოვნებების“ გახშირებით. უკრაინელი პოლიტიკოსები და ექსპერტები, რომლებიც არაფერს ამბობენ ამაზე, ან არაკომპენენტურები არიან, ან უბრალოდ იტყუებიან.

ასეთი პოლიტიკის გამართლებისთვის ხანდახან გვთავაზობენ „სიმდიდრის ზემოდან ქვემოთ ჩამოჟონვის“ თეორიას. ამ ლოგიკის თანახმად. უცხოურმა ინვესტიციებმა ქვეყანაში უნდა შექმნას სამუშაო ადგილები, ამით მოსახლეობა მიიღებს სტაბილურ შემოსავალს, ეს გაზრდის შიდა მოთხოვნილებას – შედეგად კი მივიღებთ ადგილობრივი ეკონომიკის საგრძნობ ზრდას.

თუმცა სამხეთ აღმოსავლეთ აზიისა და ლათინური ამერიკის გამოცდილებამ დაადასტურა ამ პოსტულატების სიყალბე. ამ ქვეყნებში, ტრანსნაციონალური კორპორაციების საწარმოებში ხელფასი  იმდენად მცირე რჩება, რომ მუშებს მისი უდიდესი ნაწილი საცხოვრებელსა და ტრანსპორტში ეხარჯებათ; რაც რჩება, ძლივს ყოფნის მაკარონსა და ბრინჯს – ესეც – საუკეთესო შემთხვევაში, რადგან ჰაიტიზე დისნეის ფაბრიკის თანამშრომლები იძულებულნი არიან ტალახიანი ორცხობილებიც კი ჭამონ. მათ იმაზე ოცნებაც კი არ შეუძლიათ, რომ საკუთარი ხელფასით საკუთარ თავს მათივე გამოშვებული პროდუქციის ყიდვის უფლება მისცენ. ინვესტორების დაკარგვის შიში აიძულებს ხელისუფლებას თვალები დახუჭოს თუნდაც უცხოური კორპორაციების მოთხოვნებით „შემსუბუქებული“ შრომითი ნორმების დაუცველობაზე. იმ ადამიანთა უფლებებს, რომლებიც ოფლში იწურებიან „ინვესტორებისთვის“ იმ დონეზეა იგნორირებული, რომ მათ საკუთარი თავის გამოკვებაც კი არ შეუძლიათ ყოველთვის. ქვეყნის რამე განვითარებაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

ნაომი კლაინი ახსენებს პატარა ფილიპინური ქალაქის, როზარიოს მაგალითს, რომელსაც „წილად ხვდა ბედნიერება“ გამხდარიყო ერთ–ერთი „თავისუფალი ეკონომიკური ზონის“ ცენტრი. როსარიოს აქვს ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით ფილიპინებზე ყველაზე მაღალი ინვესტიციის მაჩვენებლები. ამის მიუხედავად, ადგილობრივ ბიუჯეტს თანხები არ გააჩნია იმისთვისაც კი, რომ ქალაქი ნაგვისგან გაწმინდოს. გზები საშინელ მდგომარეობაშია, სასმელი წყალი არ არის საკმარისი, ქუჩები ნაგვითაა სავსე, საწარმოო ნარჩენები ატმოსფეროს წამლავს. ფილიპინების მთავრობის შეფასებით, ქალაქში განლაგებული 207 ფაბრიკა–ქარხნიდან მხოლოდ 30% იხდის ბიუჯეტში რამე გადასახადს მაინც – თუმცა ამ მიზერულ ციფრებშიც კი ეჭვი შეაქვთ. საქმე იმაშია, რომ ბევრ კომპანიას უხანგრძლივებენ „საგადასახადო არდადეგებს“, ან ისინი იხურებიან იმისთვის, რომ თავიდან გაიხსნან სხვა სახელით და თავიდან მიიღონ შეღვათები.

„ისინი ახვევენ თავიანთ ბადეს „საგადასახადო არდადეგების“ დამთავრებისთანავე და შემდეგ რეგისტრირდებიან როგორც ახალი კომპანია, რომ არ გადაიხადონ გადასახადები. მუნიციპალიტეტს ისინი აბსოლუტურად არაფერს არ უხდიან, ასე რომ ამჟამად ჩვენ ძალიან მძიმე სიტუაციაში ვართ – ამბობს ქალაქის მერი ხოსე რიკაფრენტე. – ჩვენ არ შეგვიძლია ადამიანებს გავუწიოთ ყველაზე ელემენტარული მომსახურებებიც კი, რომელთა მოთხოვნის უფლებაც მათ აქვთ. ჩვენ გვჭირდება წყალი, გვჭირდება გზები, სამედიცინო მომსახურება, განათლება“.

ნიშანდობლივია, რომ ეს ფილიპინური გამოცდილება სულაც არ არის გამონაკლისი „ინვესტორების“ საერთო კანონებისგან. არანაკლებ თვალსაჩინოა შრი-ლანკას მაგალითი, სადაც ხანგრძლივი „საგადასახადო არდადეგების“ გამო ქალაქები თავისუფალ ეკონომიკურ ზონებში მუშებს ვერ უზრუნველყოფენ საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც კი. გზები, რომლებითაც ისინი მიდიან სამსახურში და ბრუნდებიან იქედან ბნელი და საშიშია – არ არის მათი განათებისთვის საჭირო თანხა.

უკრაინაში უყვართ ახსენონ უპრეტენზიო და შრომისმოყვარე ჩინელი მუშები, უპირისპირებენ რა მათ „განებივრებულ“ და „ზარმაც“ უკრაინელებს. ამასთან, არავინ ამბობს იმას, რომ „შრომისმოყვარე“ ჩინელები ამავდროულად არიან უსასტიკესი ექსპლუატაციის ობიექტები, რაზეც არ დათანხმდება უკრაინელი მუშა. შანჰაის თავისუფალი ეკონომიკური ზონები ცნობილია ხელფასთან დაკავშირებული ცინიკური აფიორებით.

მაგალითისთვის, თუ გერმანელ და ამერიკელ ტექსტილის მუშას უხდიან 10 და 18,5 დოლარს საათში, კრიზისამდელი „ეკონომიკური ბუმის“ მომენტში ჩინელი მუშის საარსებო მინიმუმი, რომელიც იგივე სფეროში იყო დასაქმებული, შეადგენდა 87 ცენტს საათში. თუმცა მსოფლიოში ცნობილი ბრენდების საქონელწარმოების 1998 წელს ჩატარებულმა კვლევამ ჩინეთის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონებში აჩვენა, რომ უმსხვილესი მსოფლიო ბრენდების უმრავლესობა მუშებს იმ დროისთვის საერთოდ 13 ცენტს უხდიდა.

ხარისხისა და ფასის შესანიშნავი კომბინაციაა, არა?

მაგრამ დავუბრუნდეთ დნეპრის ნაპირებს. მსო–ში ეროვნული ეკონომიკისთვის ძალიან წამგებიანი პირობებით შესვლის შემდეგ, უკრაინა გახდა გლობალური ბაზრის ნაწილი და ამჟამად გააჩნია საგარეო ინვესტორებისთვის მიმზიდველი ერთადერთი პოტენციური უპირატესობა – იაფი და ჯერ კიდევ შედარებით განათლებული სამუშაო ძალა. თუმცა დამოკიდებული და პერიფერიული ქვეყანა დიდხანს ვერ აიტანს ბიუჯეტის ისეთ დამამძიმებელ „ფუფუნებას“, როგორიცაა საბჭოთა კავშირისგან მემკვიდრეობით მიღებული განათლების სისტემა. იმისთვის, რათა ეს სისტემა შესაბამისობაში იქნას მოყვანილი ნეოკოლონიური ეკონომიკის მოთხოვნილებებთან, ამჟამად იწყება განათლების რეფორმა. დემოგრაფიულ კრიზისთან ერთად ეს რეფორმა გამოიწვევს იმას, რომ უკრაინისთვის საშუალოვადიან პერსპექტივაში შეუძლებელი გახდება მაღალკვალიფიციური მუშახელის კვლავწარმოება. უკვე დღეს რიგი ექსპერტები პროგნოზირებენ მუშახელის შემოყვანას იმ ქვეყნებიდან, სადაც იგი ჭარბადაა, ხოლო ფასი კიდევ უფრო დაბალია, ვიდრე უკრაინაში. ეს კი აუცილებლად გამოიწვევს ადგილობრივი სამუშაო ძალის ღირებულების შემცირებასაც: დამსაქმებლები ორიენტაციას იღებენ არა ზედა, არამედ ქვედა ზღვარზე, ხოლო „უკრაინის საინვესტიციო კლიმატის გამაუმჯობესებელი ახალი შრომის კოდექსი“ საშუალებას მისცემს მათ დიდად არ იცერემონიონ ამ იაფ სამუშაო ძალასთან. ამასთან, „ადგილობრივი“ ბურჟუაზია ამ პროცესში თავისი ტრანსნაციონალური „კოლეგების“ მიმართ სოლიდარული იქნება.

არავითარი საფუძველი არ გვაქვს ვივარაუდოთ, რომ უკრაინის ახლანდელ ბურჟუაზიულ ელიტებს შეუძლიათ მსოფლიო პოლიტიკურ-ეკონომიკურ სისტემაში ინტეგრაციის ზემოთაღწერილი პროექტის ალტერნატივა შეიმუშაონ. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენ გველოდება მესამე სამყაროში გადაცოცების პროგნოზირებადი პროცესი, მისგან გამომდინარე ყველა შედეგით ქვეყნის მილიონობით მოქალაქისთვის. პროცესი შეუქცევადი გახდება, როცა შემოიღებენ მიწის „სრულფასოვან“ ბაზარს და ამ ბაზარზე შემოვლენ მსხვილი უცხოელი ლატიფუნდისტები  – ეს საბოლოოდ გააფორმებს უკრაინის „პროფილს“ შრომის საერთაშორისო დანაწილებაში ძალიან დიდი ხნით.

რუსულიდან თარგმნა ზვიად ავალიანმა

წყარო: skepsis.ru

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ