გამძვინვარებული დემონსტრანტები, პოლიციის მიერ გამოყენებული ცრემლსადენი გაზი, დამწვარი მაღაზიები და ავტომობილის საბურავები. ასეთი სურათი არადამახასიათებელია ტუნისისთვის – ქვეყნისთვის, რომელიც აქამდე ბევრისთვის ცნობილი იყო, როგორც კურორტული სამოთხე. მსგავსი სიტუაციაა ალჟირშიც: ისევე როგორც ტუნისში აქაც ქუჩაში პირველ რიგში უკმაყოფილო ახალგაზრდობა გამოვიდა. ათობით მოკლული და ასობით დაჭრილი. ასეთია რეზულტატი რამოდენიმე კვირიანი მასობრივი არეულობებისა, მაღრიბის რეგიონის ამ ორ მეზობელ ქვეყანაში.
კონკრეტული მიზეზები, რამაც აიძულა ხალხის მასები ქუჩაში პროტესტით გამოსულიყო ბევრია. თუმცა უკმაყოფილების სიღრმისეული მიზეზი ორია: უმუშევრობა და პესპექტივის არ არსებობა ახალგაზრდობისთვის. ალჟირშიც და ტუნისშიც მოსახლეობის ნახევარზე მეტი 35 წელზე ნაკლები ასაკისაა. ზემოთ აღნიშნული პრობლემები პირველ რიგში არა ყველაზე ღარიბი ოჯახის შვილებს, არამედ უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდებს აწუხებთ. ამიტომაც უწოდეს ტუნისის მოვლენებს ’განათლებული ხალხის ამბოხი’ რაც დიდწილად საფუძველშივე გამორიცხავს ისლამიზმის გავრცელების შესაძლო საფრთხეს. რითიც სპეკულაცია უკვე დაიწყეს ’ისლამური ფუნდამენტალიზმის საფრთხისგან, დასავლური ცივილიზაციის მცველმა ნეო-კონმა რაინდებმა’, მათ შორის საქართველოშიც.
’იმისათვის, რომ სამსახური იშოვნო, აუცილებლად უნდა გადაიხადო ქრთამი ან კარგი კავშირები გქონდეს – ამბობს ახალგაზრდა ტუნისელი – თუკი ფული არ გაქვს ან სასარგებლო ნაცნობები, შენს წინ კარი ყოველთვის დახურული იქნება. ხოლო თუკი რაიმე პრეტენზიები გაგიჩნდება, საერთოდ ციხეში აღმოჩნდები’.
სამუშაოს გარეშე ახალგაზრდობას ნაკლები პერსპექტივები აქვს: ფულის გარეშე ბინის ყიდვას ვერ შეძლებ, ვერ შექმნი ოჯახს და ვერ შეძლებ სამომავლო გეგმების დასახვას. უკვე დიდი ხანია რაც ტუნისში, ალჟირსა და ასევე მეზობელ მაროკოში რკინის წესი მოქმედებს: გინდა მოიწყო საკუთარი ცხოვრება, გაემგზავრე ევროპაში, ლეგალურად ან არალეგალურად.
თუმცა მხოლოდ უმუშევრობამ არ აიძულა ახალგაზრდობა ქუჩაში გამოსულიყო. მნიშვნელოვანი მიზეზია აგრეთვე პოლიტიკური რეპრესიები და სოციალური უსამართლობა. არც ალჟირი და არც ტუნისი არ არიან ღარიბი ქვეყნები. მიახლოებითი გათვლებით გასულ წელს, ამ ქვეყნების მოგებამ ექსპორტისგან დაახლოებით 57 მილიარდი დოლარი შეადგინა. თუმცა მოსახლეობის უმრავლესობას ეს არ უგრძვნია და მათ ცხოვრებაზე პოზიტიურად არ ასახულა. რადგან ეს გიგანტური მოგებები პირდაპირ ელიტების ჯიბეში მიდის ან ფულის არაეფექტური ხარჯვა ხდება: მაგალითად კოლოსალური სახსრები მიდის შეიარაღების შეძენაზე და არა სოციალური სფეროს მოწესრიგებაზე.
ინტერნეტი და სოციალური ქსელები ამბოხებულ ახალგაზრდობას ეხმარება თავი დააღწიოს სახელმწიფო ცენზურას, რომელიც მკაცრად არეგულირებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. ახალი ტექნოლოგიები ბუნებრივი რეალიებია ახალგაზრდა თაობის ცხოვრებაში და ისინი მას წარმატებით იყენებენ საკუთარი მიზნების განსახორციელებლად. ’მე ვუღებ ფოტოებს ქუჩის საპროტესტო გამოსვლებს, ვაკეთებ აუდიოჩანაწერებს ამ მოვლენებში მონაწილე პირების მონაწილეობით და შემდეგ ამ ყველაფერს ჩემი ფეისბუქის გვერდზე ვანთავსებ’- ამბობს ერთ-ერთი ახალგაზრდა აქტივისტი, რომელიც თავისივე განცხადების თანახმად საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოებთანაც თანამშრომლობს
ტუნისის მოვლენების მნიშვნელობა რა თქმა უნდა გამოდის პატარა ქვეყნის ჩარჩოებიდან. ბორის კაგარლიცკი ტუნისზე წერს, რომ სამხრეთ ევროპისა და არაბული სამყაროს გადაკვეთაზე მყოფმა ამ ქვეყანამ მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ აღმოსავლეთი უკვე აღარ არის დაშორებული დასავლეთისგან გადაულახავი კულტურული კედლით და სოციალური ბრძოლა რომელიც ვითარდება ერთ ადგილას ვრცელდება სხვა ქვეყნებშიც. ათასობით ემიგრანტი მაღრიბის რეგიონიდან მონაწილეობას ღებულობდა ახალგაზრდებისა და მუშების საპროტესტო გამოსვლებში საფრანგეთში და ეს მაგალითი გადატანილ იქნა მათ ისტორიულ სამშობლოში – ტუნისსა და ალჟირშიც, საიდანაც საპროტესტო ტალღა უკვე ეგვიპტესა და იორდანიაში გავრცელდა.
ტუნისში მიმდინარე მოვლენებს იგივე კაგარლიცკი ’სამოქალაქო რევოლუციას’ უწოდებს, როდესაც ხალხი ქუჩაში გამოდის და იბრძვის უფლებისთვის, რომ თავად გადაწყვიტოს საკუთარი ბედი და არ დარჩეს ოფიციალური პოლიტიკისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ჩარჩოებში. ამგვარ ბრძოლაში გამარჯვება სოციალურ რევოლუციას ნიშნავს, მაგრამ მარცხის შემთხვევაშიც კი დაბრუნება და მხარდაჭერა ძველი წესრიგის შეუძლებლად მოჩანს, რადგან საზოგადოება იცვლება და ვითარდება. სწორედ ამიტომ კაგარლიცკის აზრით პოლიტიკური ბრძოლის ლოგიკა არ ტოვებს სიტუაციის სტაბილიზაციის შანსებს: ან ეს მოძრაობა გაგრძელდება და გაიმარჯვებს, ან სისხლიანი კატასტროფაა გარდაუვალი.
2011 წელი მასიური გამოსვლებით და ხავერდოვანი სახელმწიფო გადატრიალებით დაიწყო ტუნისში. ეს არის პროტესტი არსებული სისტემის მიმართ, რომელიც შესაძლოა გადაიზარდოს მსოფლიო ამბოხში ნეო-ლიბერალური წესრიგის წინააღმდეგ. საქართველოში ძალიან ბევრი მსგავსების პოვნა შეიძლება თუნდაც იგივე ტუნისთან. ჩვენთანაც არის უმუშევრობის მაღალი დონე, ახალგაზრდების დიდ ნაწილს არ აქვთ პერსპექტივა თვითრეალიზებისათვის(თუ არ ჩავთვლით ნაწილობრივი სოციალური მობილობის დაშვების მინიმალურ შესაძლებლობებს, რაც გულისხმობს ახალგაზრდებში საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონფორმიზმის გავრცელებას და დასაქმებას სხვადასხვა პროპაგანდისტულ გამოცემებში), მოსახლეობის დიდი ნაწილი(მათ შორის ახალგაზრდებიც) საზღვარგარეთ მიდის თავის სარჩენად, შეინიშნება მზარდი სოციალური უსამართლობა და სოციალური პოლარიზაცია, რაც განპირობებულია, ლიბერტარიანიზმის ნიღაბს ამოფარებული პარაზიტული ფინანსური ელიტების არსებობით, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი პირდაპირ არის დაკავშირებული ხელისუფლებასთან და ქმნის ოლიგარქიულ დაჯგუფებებს.
ასეთ ვითარებაში ქართველმა ახალგაზრდობამ და განსაკუთრებით სტუდენტებმა უნდა დაიწყონ არსებული წესრიგის შეცვლისათვის და საკუთარი უფლებებისა და მომავლისთვის ბრძოლა. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნების გამოცდილება და ჩვენთანაც ახალგაზრდობა უნდა გახდეს მთავარი საპროტესტო ძალა, რომელიც აქტიურად იყენებს ინტერნეტს საკუთარი მიზნებისთვის ბრძოლაში. სწორედ ეს ორი კომპონენტი უნდა გახდეს კატალიზატორი სამომავლო მოძრაობისა, რომელსაც მიემხრობა სხვა საზოგადოებრივი ჯგუფებიც, მცირე და საშუალო ბიზნესი, გლეხობა და ა.შ.
’შეცვლა შეგუების ნაცვლად’ ასე შეიძლება ამ პოტენციური და თვისობრივად ახალი მოძრაობის ხასიათისა და შინაარსის გადმოცემა, რომელიც იქნება მაქსიმალურად ნოვატორული, კრეატიული და შემოქმედებითი.
ახალგაზრდობა-ინტერნეტი-ხალხი-მასობრივი დემონსტრაციები-არსებული წესრიგისა და სისტემის ცვლილება/რევოლუცია.
ასეთი იყო მოვლენების განვითარების დინამიკა ტუნისში. ეს ფორმულა რჩება, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია, გაგრძელება იქნება…