უკვე ორი ათეული წელია საქართველოში ძალზე მწვავედ დგას მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პრობლემა. ჩატარებული კვლევების მიხედვით, იგი მუდამ შედიოდა საზოგადოებისთვის ყველაზე მტკივნეულ საკითხთა სამეულში. საბჭოთა კავშირის დაშლიდან დღემდე საქართველომ ვერ მიაღწია არათუ საბჭოურ ნიშნულებზე მაღალ მაჩვენებლებს, არამედ სოციალური უზრონველყოფის იმდროინდელ დონესაც კი. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ საზოგადოებაში ხელისუფლების მიმართ არსებულ პრეტენზიათა შორის სოციალური მოთხოვნები კვლავ პირველ ადგილზეა. უდაოა, რომ დღეს ამ მხრივ უკეთესი ვითარებაა, ვიდრე 90-იანი წლებში; მაშინ სახელმწიფო ვერ ახერხებდა ხელფასების, პენსიებისა და შემწეობების გაცემას. დავალიანება გროვდებოდა თვეების და ზოგჯერ წლების განმავლობაში, ხოლო თავად პენსიები და დახმარებები სიმბოლური იყო. დღეს ხელისუფლება ახერხებს თავისი ვალდებულებების დროულ შესრულებას, თუმცა თავად ვალდებულებები, ისევე როგორც მთლიანად სოციალური უზრუნველყოფის ფორმები და მოცულობა, კვლავ ინარჩუნებს სიმბოლურ და, ხშირ შემთხვევაში, დამამცირებელ ხასიათს.
საარსებო მინიმუმი და ხელფასი
სოცუზრუნველყოფის ეფექტური სისტემის შექმნა შეუძლებელია ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესწავლისა და ღრმა გააზრების გარეშე. იქ, სადაც პოლიტიკური კონიუქტურა მართავს სტატისტიკას, ვერ მოხერხდება ადამინთა ყოფის ნამდვილი სურათის დახატვა და მოქმედების სწორი გეგმის შემუშავება.
რეალური საარსებო მინიმუმის განსაზღვრა სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის ამოსავალი და საფუძველია. აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ოფიციალურად გაცხადებული ეს მონაცემი არ შეეფერება სინამდვილეს, მაგრამ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ჭეშმარიტების რანგში ავიყვანთ, აშკარა გახდება, რომ საარსებო მინიმუმი, როგორც სოცუზრუნველყოფის სისტემის ეფექტურობის ერთერთი უმთავრესი კრიტერიუმი, დღეს სრულიად უგულვებელყოფილია. ამაში ადვილად დავრწმუნდებით, თუ მას მინიმალურ ხელფასსა და პენსიას შევუდარებთ.
საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემებით, საარსებო მინიმუმმა 2010 წლის დეკემბერში 149.6 ლარი შეადგინა. ანუ ერთმა შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცმა ერთი თვის განმავლობაში უნდა იმყოფინოს დაახლოებით 150 ლარი. საშუალო, სამსულიან ოჯახს, ასევე 2010 წლის დეკემბრის მონაცემებით, საარსებო მინიმუმად განსაზღვრული აქვს 238.5 ლარი, რაც იმავე პერიოდის შარშანდელ მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 40 ლარით არის გაზრდილი. საყურადღებოა, რომ მეზობელ რუსეთში, სადაც გადასახადებიც და პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასებიც საქართველოზე დაბალია, საარსებო მინიმუმი ბევრად დიდი თანხითაა განსაზღვრული. საქართველოს საარსებო მინიმუმი რუსეთის საარსებო მინიმუმის მხოლოდ 43.3%-ს შეადგენს.
ახლა გადავხედოთ ხელფასებს. ოფიციალურად საქართველოში (2010 წლის მესამე კვარტალში) საშუალო ხელფასი 609,5 ლარი იყო. სამწუხაროდ, საქსტატი არ განმარტავს. თუ რა კრიტერიუმებით ითვლის საშუალო ხელფასს ქვეყანაში, სადაც დასაქმებულად ითვლება უმუშევრობის გამო „სატაქსაოდ“ გასული ადამიანიც, ორი ქათმის მეპატრონე მარტოხელა გლეხის ქალიც და ასევე უმუშევრობის გამო ბანანებით მოვაჭრე ინჟინერიც. ფაქტია, რომ ხელისუფლება ცდილობს ხელოვნურად დასწიოს საარსებო მინიმუმიც და უმუშევართა რეალური ციფრიც, პარალელურად კი გაზარდოს დასაქმებულთა რაოდენობა და საშუალო ხელფასის ოდენობა. მაგალითად, ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში დასაქმებულთა 60%-ზე მეტი სოფლის მეურნეობაში შრომობს. მაგრამ, ყველასთვის ცნობილია, რომ დღეს ქართული სოფელი ცხოვრობს არა ფერმერობითა და პლანტატორობით, არამედ პენსიით, რადგანაც იქ რეალურად დარჩენილი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სწორედ საპენსიო ასაკშია. სოფლის მეურნეობა ამ გლეხებს შესაძლოა დაეხმაროს მხოლოდ იმაში, რომ პროდუქტის გაყიდვით საარსებო მონიმუმამდე შეივსონ თანხა, რომელსაც პენსიის სახით იღებენ. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში პენსია მერყეობს 55-დან 80 ლარამდე (სპეცპენსიების გარდა), შეიძლება მარტივად დავასკვნათ, რომ მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისათვის ( 838.5 ათასი პენსიონერისათვის) ამ თანხებით დამოუკიდებელი არსებობა შეუძლებელია. თუ საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 132 ლარია, ხოლო მარტოხელა პენსიონერი თვეში იღებს მხოლოდ 80 ლარს (საარსებო მინიმუმის 67%), ის ან მხოლოდ პურით იკვებება, ან მას ეხმარებიან ახლობლები, ( ე. ი. ამ ახლობლებსაც აკლდებათ შემოსავლის ნაწილი). სხვაობა საარსებო მინიმუმსა და საშუალო პენსიას შორის, ბოლო პერიოდში განუწყვეტლივ და სწრაფად იზრდება. პენსიის ოდენობა არ იცვლება, ხოლო ინფლაციამ კი ოფიციალური მონაცემებითაც კი 11%-ს გადააჭარბა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ კვლავ გაიზრდება საარსებო მინიმუმის ციფრიც. საინტერესოა, რომ იმავე რუსეთში საშუალო პენსიით იფარება საარსებო მინიმუმის 165 პროცენტი.
დავუბრუნდეთ კვლავ საშუალო ხელფასს, მის ყველაზე ,,დათვლად“ ნაწილს – 300ათასი საჯარო მოხელის გასამრჯელოს. იგი, ბოლო მონაცემებით, დაახლოებით 582.5 ლარს შეადგენს. მაგრამ აქაც გასაშუალოებული რიცხვები ცოტას რასმე თუ გვეუბნებიან, რადგან არსებობს უდიდესი სხვაობა ჩვეულებრივი მუშაკის შემოსავალსა და ხელისუფლებაში მყოფი მაღალჩინოსნის შემოსავალს შორის. მაგალითად, ფინანსთა მინისტრის თვიური ხელფასი შეადგენს 8838.5 ლარს, რაც უდრის 110 პენსიონერის გაერთიანებულ თვიურ პენსიას.
საპენსიო სისტემა
საქართველოში რეალურად მოქმედებს მხოლოდ სახელმწიფო საპენსიო სისტემა. რამდენიმე წელია გამოჩნდნენ კერძო კომპანიები, რომლებიც გამოთქვამენ მზადყოფნას საფუძველი ჩაუყარონ კერძო საპენსიო სისტემის შექმნას, მაგრამ ეს ინიციატივა ჯერჯერობით ჩანასახოვან მდგომარეობაშია. დღეს პენსიებს განსაზღვრავს და გასცემს მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტი. ამჟამად მინიმალური სახელმწიფო პენსია 55 ლარია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა – 70- 80 ლარი, ასაკობრივი პენსია კი 80 ლარი.
2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, სახელმწიფო პენსიებზე გამოყოფილია 932,3 მილიონი ლარი (ბიუჯეტის 13,1%). ერთი შეხედვით ეს თანხა საკმაოდ სოლიდურია, მაგრამ აშკარაა, რომ პენსია ახლოც ვერ მიდის საარსებო მინიმუმთან, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ეს საპენსიო სისტემა რეალურად ვერ ასრულებს თავის დანიშნულებს _ ვერ უზრუნველყოფს ადამიანების ფიზიკურ გადარჩენასაც კი.
მიუხედავად იმისა, რომ 2003 წელთან შედარებით 2010 წლისთვის საშუალო პენსიის სიდიდე გაზრდილია 6.1-ჯერ, მისი მსყიდველობითი უნარიანობა მხოლოდ 3.0–ჯერ გაიზარდა, რადგან ამავე პერიოდში მოიმატა ფასებმა პირველადი მოხმარების პროდუქტებზეც. ბოლო წლებში სურსათზე ფასების ზრდა მნიშვნელოვნად უსწრებდა ფასების საერთო ზრდას. 2003-დან 2010 წლამდე საქართველოში სურსათზე ფასებმა მოიმატა 220.4 პროცენტით. იმავე პერიოდში ბუნებრივი აირის ფასი გაიზარდა თითქმის 4-ჯერ, ხოლო ელექტროენერგიისა – 1.6-ჯერ. შესაბამისად, 2010 წლის დეკემბრის პენსიის მსყიდველობით უნარიანობა 2003 წლის დეკემბრის ფასებით მხოლოდ 40–42 ლარის ეკვივალენტურია. ამჟამინდელი პენსია პროცენტებში საშუალო ნეტო ხელფასთან (საშუალო დარიცხულ ხელფასს გამოკლებული საშემოსავლო გადასახადი) 1990 წლის მაჩვენებელს თითქმის 2-ჯერ ჩამორჩება (1990 წ. – 36.7%; 2010 წ. – 17.5%). ამჟამინდელი საშუალო პენსია თავისი მსყიდველობითი უნარიანობით ორი ათეული წლის წინანდელი მინიმალური პენსიის დაახლოებით 45 პროცენტის ექვივალენტურია და ფაქტობრივად, მხოლოდ სოციალური დახმარების ფუნქციის მატარებელია. ამჟამინდელი პენსია ადამიანის ოფიციალური საარსებო მინიმუმის დონეზე არსებობისთვისაც კი “საკმარისია” თვეში მხოლოდ არასრული ოცი დღის განმავლობაში. შესაბამისად, ყოველი თვის ერთი დეკადის მანძილზე პენსიონერთა ფიზიკური არსებობა მთლიანად მათსავე “მარიფათსა” და ახლობლების დახმარებაზეა დამოკიდებული.
რამდენადაც გასაოცრად უნდა მოეჩვენოს ხელისუფლების მიერ გამოცხადებული აღმშენებლობის წარმატებებით მოხიბლულ ობივატელს, დღეს საქართველოში, ყოფილ სსრკ-ის ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე დაბალი საშუალო პენსია და ყველაზე მაღალი საპენსიო ასაკობრივი თამასა არსებობს..
სომხეთში საშუალო პენსია დაახლოებით 65 დოლარია, აზერბაიჯანში -125 , ხოლო რუსეთის ფედერაციაში – 240. ამასთან, საშუალო ხელფასთან საშუალო პენსიის თანაფარდობითაც ჩვენ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით ზემოჩამოთვლილ ქვეყნებს: საქართველო – 14.0%, სომხეთი – 20.1%, აზერბაიჯანი – 33.2%, რუსეთის ფედერაცია – 36.6%.
ამ სტატისტიკის უბრალო გადახედვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ საქართველოში მოქმედი საპენსიო სისტემა არაეფექტურად და უსუსურად ჩაითვალოს. თუ გავითვალისწინებთ, რომ გაეროს ანგარიშების თანახმად, საქართველო შედის ,,დემოგრაფიულად მომაკვდავ” ქვეყნების რიცხვში, ე.ი ერის დაბერების პროცესი გრძელდება, ასევე, თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ ქვეყანაში რეალურად დასაქმებული მოსახლეობის რაოდენობა, ყველაზე ოპტიმისტური გათვლებითაც კი, ძლივს უტოლდება პენსიონერთა რაოდენობას, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ არსებული საპენსიო სისტემა არა მარტო უსუსური და არაეფექტურია, არამედ გაუმართლებელია ეკონომიკური თვალსაზრისითაც. ამგვარი სისტემის არსებობის პირობებში, ხელისუფლება მალე ვეღარ შეძლებს პენსიების გაცემას.
აბსოლუტურად გაურკვეველია, თუ რა პრინციპით მოხდება სარგოს განსაზღვრა დღეს დასაქმებული ადამიანებისთვის, რომლებიც ახლო მომავალში პენსიონერები გახდებიან. ამჟამად სოციალური გადასახადი გაუქმებულია და გაერთიანებულია საშემოსავლო გადასახადთან, შესაბამისად, გაურკვეველია როგორ გამოითვლება ხვალინდელი პენსია და ადამიანთა ნამსახურეობა. ნებისმიერ შემთხვევაში აშკარაა, რომ ქვეყანაში ამჟამად დასაქმებული მოსახლეობა, სოციალური გადასახადის არსებობის შემთხვევაშიც კი, ვერ მოახერხებს იმ ოდენობის თანხის აკუმულირებას ბიუჯეტში, რომელიც საკმარისი იქნება თუნდაც დღევანდელი სიმბოლური პენსებისთვის, რადგან პენსიონერთა ხვედრითი წილი საზოგადოებაში იზრდება და უახლოეს მომავალში ეს ტენდენცია არ შეიცვლება.
სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესებისთვის საჭიროა ამ სფეროში პოლიტიკის ძირეული შეცვლა. სახელმწიფომ უარი უნდა თქვას ლიბერტარიანულ ეკონომიკურ გარდაქმნებზე და სოციალურად ორიენტირებული გახდეს. აშკარაა, რომ დღევანდელი პრიორიტეტების (თავდაცვა, უშიშროება) ფონზე ბიუჯეტი ვერ შეძლებს უზრუნველყოს მასშტაბური სოციალური პროგრამების დაფინანსება. საჭიროა რომ ადამიანთა კეთილდღეობის საკითხები იქცეს პრიორიტეტად.
– უნდა შემუშავდეს ახალი, დაბალანსებული შრომის კოდექსი, შემოღებულ იქნას პროგრესული გადასახადი, მკვეთრად შეიზღუდოს ხელისუფლების მაღალჩინოსანთა ხელფასები და პრემიები და დამყარდეს წინასწარ განსაზღვრული ჯერადი რანგირებული დამოკიდებულება საჯარო მოხელეთა შორის ანაზღაურებისა საარსებო მინიმუმის სიდიდესთან, გაიზარდოს სახელმწიფოს მონაწილეობა ეკონომიკის მართვაში, დაინერგოს საკუთრების შერეული ფორმები და, ამასთან ერთად. დაიწყოს რეფორმები სოცუზრუნველყოფის სისტემაში.
– საქართველოში შექმნილი დემოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ორსულობის, მშობიარობის და მშობიარობის შემდგომი პერიოდის სოციალური უზრუნველყოფის სისტემას. სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს სამედიცინო მომსახურება მშობიარობამდე, თვით მშობიარობა და ექვსთვიანი სოციალური დახმარება. ნახევარწლიანი დეკრეტული შვებულების მიცემა კანონით სავალდებულო უნდა გახდეს დამქირავებლისათვის. სამედიცინო მომსახურება ბავშვებისთვის დაბადებიდან 6 წლამდე უნდა იყოს უფასო ყველა სამედიცინო დაწესებულებაში, 16 წლამდე კი უფასო სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებში.
– შრომის ახალმა კოდექსმა უნდა განსაზღვროს კერძო საპენსიო სისტემის მუშაობის საფუძვლები, დამქირავებლის ვალდებულებები დაქირავებულის მიმართ, მისი პენსიაზე გასვლის პირობების დადგენის ჩათვლით.
– სახელმწიფო საპენსიო სისტემის მოდელი უნდა დაეყრდნოს შრომის ახალ კოდექსს. მინიმალური პენსია უნდა განისაზღვროს რეალური საარსებო მინიმუმის საფუძველზე, კანონით უნდა აიკრძალოს საარსებო მინიმუმზე ნაკლები პენსიის დანიშვნა. უნდა გაუქმდეს სპეციალური პენსიები ყოფილი სახელმწიფო მოხელეებისთვის. პენსიების მომსახურების უფლება უნდა მიეცეს ყველა მოქმედ ბანკს, ბანკებსვე უნდა მიეცეთ შესაძლებლობა შესთავაზონ ალტერნატიული და კონკურენტუნარიანი კერძო საპენსიო მომსახურება დასაქმებულ და თვითდასაქმებულ მოსახლეობას.
-საპენსიო სისტემა უნდა დაიყოს რამდენიმე საფეხურად:
პირველი საფეხური – გარანტირებული პენსია, რომელიც განისაზღვრება საარსებო მინიმუმით +ნამსახურეობა ( ნამსახურეობის ერთი წელი- საარსებო მინიმუმის 5%)
მეორე საფეხური – დაგროვებითი პენსია. (ხელფასის 5% გადაირიცხება სახელმწიფო საპენსიო ფონდში, რომელიც კაპიტალის რეინვესტირებით დაიწყებს პენსიის გადახდას მოქალაქისთვის საპენსიო ასაკის მიღწევისთანავე).
მესამე საფეხური – ნებაყოფილებითი პენსია. (მოქალაქე ირჩევს სახელმწიფო ან კერძო საპენსიო ფონდს და მისთვის ხელსაყრელი პირობებით აფორმებს ხელშეკრულებას.
-უნდა განისაზღვროს სოციალური შემწეობების პრიორიტეტები:
I პრიორიტეტი – მრავალშვილიანი ოჯახები.
II პრიორიტეტი – ინვალიდები.
III პრიორიტეტი – უმწეონი
IV პრიორიტეტი – მოსწავლეები და სტუდენტები
– მინიმალური ხელფასი უნდა განისაზღვროს ორმაგი საარსებო მინიმუმის ოდენობით მაინც და დაუბეგრავი უნდა იყოს. ხუთმაგი საარსებო მინიმუმის და მეტი ოდენობის ხელფასი უნდა დაიბეგროს პროგრესული სოციალური გადასახადით იმისათვის, რომ საზოგადოების შეძლებულმა ნაწილმა შედარებით ნაკლებშეძლებული თანამოქალაქეების გადარჩენისა და უკეთესი სოციალური ადპტაციის პირობები უზრუნველყოს.