რეჟიმის ახალი ფაზა

ეს სტუდენტთა თვითორგანიზებული ჯგუფის, ლაბორატორია 1918–ის მიერ ორგანიზებული გუშინდელი საპროტესტო აქციის სურათებია, რომელზეც 26 მაისის ღამეს სპეცრაზმის მიერ რუსთაველზე შეკრებილი საპროტესტო აქციის ვანდალური დარბევა გავაპროტესტეთ.


დაახლოებით ორი კვირის წინ პოლიტიკის სოციოლოგიაში დავალებად მქონდა გამეანალიზებინა ძალაუფლების ფენომენი, მისი დარეგულირების საშუალებები და ქართული რეალობა ამ კუთხით. ესეში დიდი ამბით ვაანალიზებდი, რომ ძალაუფლების უზურპირება ერთი პირისა თუ სტრუქტურის ხელში საკმაოდ შრომატევადი და რთულადორგანიზებადი ამბავია და უამრავ რესურსს მოითხოვს რომ დიქტატურულმა რეჟიმმა თავისი არსებობა გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოს. მერე ასეთი დასკვნა–შეხედულებაც მოვაყოლე, საქართველოში 2005 წლიდან მოყოლებული ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბების მკაფიო ნიშნები იკვეთება, სასამართლო და საპარლამენტო ხელისუფლება ნომინალური გახდა, მოქალაქეთა პროტესტი ტერორიზირებულია და ძალაუფლების მკაცრი ვერტიკალის კონტროლი ამ ვერტიკალის სათავეში მოქცეული რამოდენიმე ადამიანის მეტს არავის შეუძლია, მაგრამ ჯერჯერობით, არაა ჩამოყალიბებული იმგვარი ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც საკუთარ გრძელვადიან არსებობას უზრუნველყოფდამეთქი.
26 მაისის ღამეს სახალხო კრების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის სადამსჯელო დარბევა კი ჩემთვის ცალსახად გაიშიფრა, როგორც ხელისუფლების მპყრობელი ჯგუფის განაცხადი გრძელვადიან ავტორიტარულ რეჟიმზე. ეს დიქტატურის ახალი ფაზის პრეზენტაცია იყო. შორს ვარ სახალხო კრების იდეალებისა და გრეჩიხა–ბურჯანაძის პოლიტიკური პლატფორმისგან (პირიქით, მიმაჩნია რომ ისინი ნამდვილი, ხალხის წინაშე არსებული პრობლემების ნაცვლად ფეოდალურ–კონსერვატორული მორალისთვის დამახასიათებელი ულტიმატუმებით საუბრობენ და ეცადნენ ხალხის მასებში დაგროვილი უკმაყოფილება საკუთარი ძალაუფლების მოპოვებისათვის გამოეყენებინათ), მაგრამ ამას ამ შემთხვევაში არ აქვს რაიმე მნიშვნელობა… ამ მიტინგზე მისული იყვნენ ადამიანები, რომლებიც ცუდად არიან, რომლებსაც შიათ, სცივათ, რომლებსაც წამლებისა და მკურნალობის ფული არ აქვთ, რომლებსაც მეტად აღარ შეუძლიათ ასეთი ცხოვრების ატანა ელემენტარული ადამიანური მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლად… ხელისუფლება, კი რომელიც ამ ადამიანების წინაშეა პასუხისმგებელი, მათი მოსმენისა და მათი პრობლემების მოგვარების ნაცვლად სადამსჯელო რაზმს უსევს ადამიანებს, რაკი მათ საკუთარ გასაჭირზე ხმის ამოღება გაბედეს. ხალხის დატერორება, გამხეცებული სპეცრაზმელების მიერ სასტიკი ცემა, გაუპატიურება, მკვლელობა, კადრები სადაც 8 სპეცრაზმელი ერთ, ადამიანს სცემს, რომელიც ხელით სთხოვს აღარ სცემონ…

{youtube}LmWYO57Bvww{/youtube}

კადრები, სადაც სპეცრაზმელთა ჯგუფი ბავშვს სცემს…
 {youtube}AyBwpvkZOs0{/youtube}

ეს არაა აქციის დაშლა, ეს არის სადამსჯელო ტერორისტული ოპერაცია. სპეცრაზმს არ უცდია აქციის დაშლა _ მათ ხალხს ყველა მხრიდან შემოარტყეს ალყა და წასვლის საშუალება არ მისცეს. აქცის დაშლა კი ნიშნავს მოქალაქეთა იძულებას, რომ მათ ტერიტორია დატოვონ. აქციის დაშლისთვის არსებობს საერთაშორისო სტანდარტები. პოლიციამ უნდა გაიყვანოს ხალხი ერთი მხრიდან (ყოველგვარი ძალადობის გარეშე)_ სხვა მხარეები თავისუფალი უნდა იყოს, რომ ხალხმა წასვლა შეძლოს. თუ აქცია არ იშლება, პოლიციას შეუძლია გამოიყენოს წყლის ჭავლი და, უკიდურეს შემთხვევაში, დაშვებული დოზით გაუშვას ცრემლსადენი გაზი. ხელკეტებისა და რეზინის ტყვიების გამოყენების უფლება სამართალდამცევებს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ დემონსტრანტები თავს ესხმიან. არავის აქვს უფლება ისე მოექცეს საკუთარ (ან სხვა ქვეყნის) მოქალაქეებს, როგორც 26 მაისი ღამით მოხდა. ვანდალური დარბევის შემდეგ გარდაცვლილია 4(ამ დროისთვის ჩემთვის ცნობილი ინფორმაციით) ადამიანი და ამ დრომდე უგზოუკვლოდ დაკარგულია 40–მდე ადამიანი.
მაგრამ ამ ყველაფერში არაფერი ყოფილა არც ახალი და ორიგინალური და არც საოცარი _ ეს ავტორიტარული რეჟიმის სპეციფიკაა _ წაართვა ადამიანებს აქტივიზმის უფლება და სამაგალითოდ დასაჯო ისინი, ვინც გაბედავს შეწინააღმდეგებას. ხელისუფლების ხელში იმყოფება ქვეყნის მასშტაბით მაუწყებელი მედიასაშუალებები და მოსახლეობას აქციების დარბევაზეც კი არა აქვს სრულყოფილი ინფორმაცია. ტელევიზიები (მაესტროსა და კავკასიას თუ არ ჩავთვლით) აქტიურად ეწევიან ხელისუფალთა მიერ განხორციელებული ტერორისა და ძალადობის ლეგიტიმაციას და ან გასართობ შოეუბს სთავაზობენ მაყურებელს, ან ისეთ სტუმრებს იწვევენ სტუდიაში, რომლებიც ცალსახად გაამართლებენ ხელისუფლების ნებისმიერ ნაბიჯს. მაგალითად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, დავით პაიჭაძის გადაცემაში გიგი თევზაძემ დიდი ამბით განაცხადა ამ აქციის დარბევით ქართული სახელმწიფო შედგაო. არ ვიცი გიგი თევზაძეს როგორ ესმის სიტყვა სახელმწიფო (პრეზიდენტის ხელისუფლება, რომელიც ტერორს ეფუძნება?!) მაგრამ ეს იმდენად ამორალური და ცინიკური განცხადებაა რომ გული მერევა. თუ სა–ხელმწიფოს გაგებით ვიტყვით, პრინციპში ჩვენი გიგი მართალია, ხელმწიფის ხელისუფლებას რაღაცით გავს ძალაუფლების განაწილების ამგვარი მოდელი, მაგრამ დღევანდელი საქართველო არაა რესპუბლიკა, არაა ადამიანების მიერ შექმნილი სახელმწიფო, რომლის ღირებულება და მიზნებიც ამ მოქალაქეების ინტერესთა განხორციელება იქნებოდა. ეს არის დესპოტია, სადაც ხელისუფალმა ტანკების გაგრუხუნებისა და ჭრელი ბუშტების ჟინის გამო საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს შორის ხოცვაჟლეტა გამართა.
პირადად მე არ მესმის რა სხვაობა თემურ ლენგსა და საკუთარი ქვეყნის სასტიკ ხელისუფალს შორის, ან რუსეთის რატომღა მეშინოდეს თუ საკუთარი ხელისუფლება უფრო სასტიკად გამისწორდება.
ხელისუფალთა ერთადერთი და ურყევი არგუმენტი კი რუსეთია. ამ არგუმენტს ამოფარებულები, ისინი თავს პრაქტიკულად ყოველგვარი ცოდვის ჩადენის უფლებას აძლევენ. _ დემოკრატია კარგია, მაგრამ თქვენ რომ აქ მიტინგები აწყოთ ეს ვის უხარია? _ბაბაია რუსეთს. სოციალური რეფორმები კარგია მაგრამ რუსეთის ფონზე მაგისთვის არ გვცალია, სიტყვის თავისუფლებაც კარგია მაგრამ აგერ, რუსეთი გვყავს, დიდი, მტრულად განწყობილი მეზობელი და… რუსეთი უახლოესი რამდენიმე ასწლეული რუკიდან არ გაქრება და სულ იქნება ჩვენი მეზობელი… თუ ქვეყანაში არავითარ ცვლილებებსა და დემოკრატიულ პროცესებს არ მივეცით გასაქანი რუსეთის შიშით, რუსეთის ჩაურევლად აღვიგვებით პირისაგან მიწისა… მაგრამ რუსეთისგან უნიკალური მტრის ხატს (შოუს ელემენტებთ) ძალიან საპატიო და პრაქტიკული დანიშნულება აქვს ხელისუფლებისთვის _ ჯერ კიდევ პლატონი (ძვ.წ IV-V ს–ები) წერს თავის ,,სახელმწიფოში”, რომ დესპოტი მმართველი, რომელსაც მთელი ძალაუფლება საკუთარი სურვილებისა და ინტერესებისთის მიუმართავს და სრულებით აღარ ზრუნავს ხალხის საჭიროებებზე, უთუოდ დგება საკუთარი ძალაუფლების ლეგიტიმაციის საფრთხის წინაშე. ხალხში თანდათან მატულობს უკმაყოფილება და მათ სურთ დესპოტი მმართველის შეცვლა. ასეთ დროს დესპოტი მმართველი საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებისთვის ხშირად იწყებს საგარეო ომებს, ან ქმნის მეზობელი სახელმწიფოსგან მტრის ხატს, რათა საკუთარი მოქალაქეები დაარწმუნოს საკუთარ საჭიროებაში და საფრთხის წყარო საკუთარი თავიდან სხვა რაიმეზე გადაიტანოს. ამას გარდა, საომარი მდგომარეობა ან პოტენციური ომის საფრთხე კიდევ უფრო ზრდის მის ძალაუფლებას და ერთგვარ ხელშეუხებლობას ანიჭებს. ჩვენ რეალობაში თუ გადმოვიტანთ პლატონის ნააზრევს, კიდევ ერთი დამატებითი სარგებელი ,,ბაბაია რუსეთისგან” ისაა, რომ ხელისუფლებას უფლება აქვს გაძვალტყავებული სახელმწიფოს პირობაზე უპრეცენდენტო თანხები მიმართოს სამხედრო სფეროზე, ტანკებისა და საომარი ტექნიკის შეძენაზე (და ამ ტექნიკის შეძენა ფულის მოტეხვის ყველაზე კარგი და გაუმჭვირვალე სფეროა ისე მთელ მსოფლიოში), ჯარისა და პოლიციის წვრთნაზე, რომლითაც, მართლია რუსეთის შემოტევას კი ვერ მოიგერიებს სინამდვილეში (და ეს ჩვენ უკვე ვნახეთ აგვისტოს ომის დროს), მაგრამ მისი მეშვეობით კიდევ უფრო განიმტკიცებს ძალაუფლებას. საჭიროების შემთხვევაში კი საკუთარსავე მოქალაქეებს შეუსევს ჯარს, რომელიც მათი ჯიბიდან ამოღებული ბოლო კაპიკებით დააფინანსა (წუხანდელი მაგალითი). ასე რომ, შემთხვევითი არაა, რომ ხელისუფლება თითქმის არ აფინანსებს სოციალურ სფეროს და უზარმაზარ თანხებს მილიტარიზმზე მიმართავს. მილიტარიზმი მისი ხანგრძლივი ბაირამობის გარანტიაა.
ამიტომაც, არა მილიტარიზმსა და ძალადობას. არავის არაფერში სჭირდება ტანკები (რომლითაც იმ საძაგელი უტუტუტუ რუსეთის პირველ შემოტევასაც კი ვერ მოვიგერიებთ, სულ ტანკებით რომ დავფაროთ ჩვენი ერთი ციდა სამშობლო). არ გვჭირდება 22 ჯარისკაცი 1 მოქალაქეზე. ჩვენ გვჭირდება განათლება, მეცნიერება, ხელოვნება, ეთიკური პოლიცია, მოქმედი პარლამენტი და დამოუკიდებელი სასამართლო, ღირსეული სამუშაო პირობები და ანაზღაურება, განვითარების შესაძლებლობა, სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფო სადაც ყოველი ადამიანი თანასწორი იქნება და ღირსეული ცხოვრების საშუალება ექნება… და ამ სახელმწიფოს სპეცრაზმელები და აღლუმები ვერ ააშენებს.

 

 პინგვინთა კუნძული

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ