ბოლო რამდენიმე კვირა საქართველოს პოლიტიკურ და პოლიტიზირებულ წრეებში აჟიოტაჟი, მოლოდინი და მითქმა–მოთქმა იყო საქართველოსა და აშშ–ის პრეზიდენტების 30 იანვრის შეხვედრის გამო. ნაციონალების საზეიმო განცხადებების მიღმა სიფრთხილე და ერთგვარი შიშიც იგრძნობოდა, ხოლო ნაციონალების მოწინააღმდეგეთა თავშეკავებული უკმაყოფილების (თავად შეხვედრის ფაქტის გამო) უკან იმედი გამოსჭვივოდა, რომ სააკაშვილს მიუთითებდნენ პუტინის ცუდ მაგალითზე (ანუ _ მოსთხოვდნენ პოლიტიკიდან წასვლას) და არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისაკემ მიუთითებდნენ.
შეხვედრა შედგა და როგორც მოსალოდნელი იყო ორივე მხარე მიიჩნევს, რომ მათი მოლოდინი გამართლდა.
ჩვენც, სოციალ–დემოკრატები მივიჩნევთ, რომ შეხვედრას დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ სრულიად განსხვავებული მიზეზების გამო.
დღეს ბევრი ფიქრობს, რომ მთავარი სათქმელი კადრს მიღმა ითქვა და იმის „გამოცნობა“ ჩვენ სწორი გზის პოვნისთვის მოქმედების გასაღებს მოგვცემს. ჩემი აზრით, ობამამ მთავარი სათქმელი ტელეკამერების წინ თქვა და პირველ რიგში ქართველი ხალხის გასაგონად და არა სააკაშვილის ან „პროფესიონალი პოლიტიკოსებისა“ და „პროფესიონალი ექსპერტებისათვის“. გვითხრა ის, რაც აქამდეც ცნობილი იყო: ამერიკას აინტერესებს სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოსთან, მაგრამ ქვეყნის განვითარების გეზსა და ლიდერებს თქვენ თვითონვე ირჩევთ; ჩვენ მზად ვიქნებით ვითანამშრომლოთ საქართველოსთან ყველა შემთხვევაში ჩვენი სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებით. სხვანაირად არც შეიძლება იყოს – ყველა სერიოზული მთავრობა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე წარმართავს ურთიერთობას პარტნიორებთან და არა პრაგმატული იდეოლოგიური შეხედულებების შესაბამისად. მაგალითების მოყვანა, ვფიქრობ, ზედმეტია.
სხვანაირად შეუძლებელია აიხსნას ობამას ტექსტი ”ვარდების რევოლუციისა” და სამაგალითო დემოკრატიის და რეფორმების შესახებ. ყოველივე ეს სინამდვილეში, თიტქმის ციტირებაა მისი წინამორბედის, ჯორჯ ბუშის ცნობილი გამონათქვამებისა.
”ვარდების რევოლუცია” და შემდგომი რეფორმები, შეიძლება ითქვას, იყო კვინტენსენცია ბუშის იდეოლოგიისა და სტრატეგიისა ერთდროულად. ”ვარდების საქართველო” ეს იყო გლობალიზაციური რადიკალური ნეოლიბერალიზმის პირმშო, როგორც ტავად ბუში უწოდებდა ”შუქურა”, რომელიც ბუშის პოლიტიკიდან წასვლისთანავე არ ჩაქრა და საქართველოს მტავრობისა და მისი იდეოლოგების სახით უკანასკნელი ბასტიონივით დგას, რომელსაც უკანასკნელი ”მორწმუნეები” თავგამოდებით იცავენ.
დღეს ობამაზე ძლიერი მტერი ამ პოლიტიკას არ ჰყავს. მთელი მისის რიტორიკა და მოქმედება ბუშის პოლიტიკის, გლობალიზაციის ნეოლიბერალური ვერსიის წინააღმდეგ იყო და არის მიმართული. შიდა პოლიტიკაში ის ცდილობს გაატაროს ისეთი ღონისძიებები, რომლებიც ჩვენი იდეოლოგების მიერ კარგა ხანია მონათლულია, როგორც სოციალიზმი შემოსავლების თანაბრობის დაძლევა, ჯანდაცვის საყოველთაო ხელმისაწვდომობა, ეკონომიკის რეალური სექტორის სახელმწიფო მხარდაჭერა, მდიდართა პროგრესული გადასახადით დაბეგვრა და ა.შ, ხოლო მისი ,,გადატვირთვის პოლიტიკა“ კი ხშირად ფასდება, როგორც სისუსტე და ამერიკის ინტერესების ღალატი.
შესაბამისად, თუ ობამასათვის მიუღებელია ბუშის სამყარო, მისთვის ასევე მიუღებელი უნდა იყოს ბუშის პირმშო ,,ვარდების“ რევოლუციის საქართველოს წესრიგიც.
მაშინ როგორ უნდა აიხსნას მის მიერ გამოხატული პოზიტიური დამოკიდებულება საქართველოს მთავრობის პოლიტიკისადმი?
ჩემი აზრით ობამამ გვითხრა; ჩვენ თქვენ შიდა საქმეებში არ ვერევით (განსხვავებით ბუშისაგან), თუ თქვენ მოგწონთ თქვენი მთავრობის პოლიტიკა ,,ვარდების რევოლუცია“ რეფორმები – კი, ბატონო მოიწონეთ. თუ ეს თქვენი დემოკრატიული არჩევანია, მაშ ის ჩვენთვისაც მისაღებია. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს არჩევანს და მზად ვართ ვითანამშრომლოთ ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით.
როგორია დღეს ამ საკითხების მიმართ ჩვენი, რეჟიმის მოწინააღმდეგეთა პოზიცია? კრიტიკულად ვუყურებთ ჩვენ ბუშის პოლიტიკას, “ვარდების რევოლუციას“, მთავრობის საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის ძირითად პრინციპებს? ვთქვით ჩვენ უარი დღეს საყოველთაოდ ყავლგასულ ნეოლიბერალურ (თუ ლიბერტარიანულ) პრინციპებზე, რომლებსაც ისეთი მემარჯვენეებიიც კი აშკარად უარყოფენ, როგორც სარკოზი და მერკელი არიან? არის ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის პრიორიტეტებში შემოსავლების თანაფარდობის პრობლემა, სახელმწიფოს ინდუსტრიული პოლიტიკა, სახელმწიფოს აქტიური როლი ეკონომიკის სტიმულირებაში, ფინანსური სექტორის მოთოკვა, რეგულირების ზრდა, ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა სოციალური სამართლიანობისთვის?
ეს არის ნამდვილი პოლიტიკა, ამ საკითხების გადაწყვეტა უზრუნველყოფს იმ უკიდურესად კრიზისული მდგომარეობის დაძლევას, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით და შექმნის საფუძველს ქვეყნის განვითარებისთვის.
მარტო პერსონალური ცვლილებები არ არის საკმარისი, საჭიროა პოლიტიკის ცვლილება.
ამ ცვლილებებზე ფიქრობს დღეს მთელი მსოფლიო დავოსსა თუ ნიუ–იორკში, პარიზსა თუ ათენში და მრავალ სხვა ქვეყანაში.
ის ვინც დღეს ამ საკითხებზე არ ფიქრობს, მარგინალია, მაჩანჩალა, მას სერიოზული ხალხი სერიოზულად ვერ აღიქვამს.
ჩვენ, არსებული რეჟიმის მოწინააღმდეგეებს, გვინდა რომ ობამა იყოს ჩვენი მეგობარი. მეგობრობა ორმხრივია, ვართ კი ჩვენ მეგობრები? ვართ ჩვენ მოწინააღმდეგენი ბუშისეული გლობალიზაციის ნეოლიბერალური ვერსიისა, რომელთან ბრძოლაც დღეს ობამას და ჩვენი აზრით კაცობრიობრიობის საუკეთესო პროგრესული ნაწილის მთავარი საქმეა? მზად ვართ ჩვენ იმისათვის,რომ ამ ძალიან მძიმე, მაგრამ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მომავალი თაობებისთვის უაღრესად მნიშვნელოვან ბრძოლაში მივიღოთ მონაწილეობა?
ჩვენ, სოციალ–დემოკრატები მზად ვართ; ჩვენ ამ უთანასწორო ბრძოლაში ჩავერთეთ უკვე კარგა ხანია! ჩვენ გვჯერა, რომ ქართველი ხალხის დიდი ნაწილი პროგრესის მხარეზეა! საჭიროა ჩვენმა პოლიტიკურმა და საზოგადოებრივმა ისტებლიშმენტმაც გამოიჩინოს სიფხიზლე, გაერკვეს მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შინაარსში და დადგეს იქ სადაც ქვეყნის და ხალხის მომავალია!