„როცა ქრისტიანები ჩაერთვებიან სოციალურ რევოლუციაში– ის უძლეველი გახდება“
ჩე გევარა
ქრისტიანული სოციალიზმი ზოგადად შეიძლება განიმარტოს, როგორც ქრისტიანობის რელიგიურ–ეთიკური რწმენისა და სოციალიზმის ფუნდამენტური ღირებულებებისა და მიზნების ერთიანობა– კომბინაცია.
ქრისტიანულ–სოციალისტური მოძრაობა ევროპაში მე–19–ე საუკუნის შუახანებში ჩაისახა, რომელიც ცდილობდა ქრისტიანობის სოციალური პრინციპები გამოეყენებინა მოდერნულ ინდუსტრიულ ცხოვრებაში. ამ ტერმინით ქრისტიანი აქტივისტები მოუწოდებდნენ სოციალური და ეკონომიკურ–პოლიტიკური მოქმედებისკენ Laissez-faire („გაუშვი–აკეთოს“) პრინციპით მოქმედი ბაზრის ძალებისა და ინდივიდუალიზმის საპირისპიროდ. ისინი მიიჩნევდნენ, რომ კონკურენციული ინდივიდუალიზმი შეუფერებელია ქრისტიანულ სულთან. ეს მოძრაობა მარქსამდე არსებობდა და მცირე თუ აქვს საერთო მარქსისტულ სოციალიზმთან.
ინგლისში, მე–19–ე საუკუნის 50–იან წლებში ჩარტისტული მოძრაობის წარუმატებლობის შემდეგ (1848), ფრედერიკ დენისინ მაურისი(„ქრისტეს სამეფო“, 1838), ჩარლზ კინგსლი(„ქრისტიან სოციალისტი“), ადინ ბალოუ(„პრაქტიკული ქრისტიან–სოციალიზმი“), გამოვიდნენ ასპარეზზე ლოზუნგით “ქრისტეს მეუფება ინდუსტრიასა და ვაჭრობაზე“, ხოლო 80–90–იან წლებში ჩამოყალიბდა მრავალი ქრისტიან–სოციალისტური ორგანიზაცია. მაგალითად, ფაბიანური(Fabian–მომლოდინე) საზოგადოება(1884) მიზნად ისახავდა დემოკრატიული სოციალიზმის პრინციპების დანერგვას თანდათანობით, რეფორმისტული მეთოდებით და არა რევოლუციური გზით. ამ მოძრაობასთან ასოცირდება ცნობილი დრამატურგის ბერნარდ შოუს სახელი. მე–20ე საუკუნის 60–იან წლებში კი დიდ ბრიტანეთში დაიწყო ქრისტიან–სოციალისტური მოძრაობის ახალი ტალღა, რომელიც ორგანიზაციულად ძირითადად ლეიბორისტულ პარტიასთანაა აფილირებული.
საფრანგეთში ქრისტიანული სოციალიზმის მამამთავრად ითვლება ჩვენთვის კარგად ცნობილი უტოპისტი ჰენრი სენ სიმონი, რომელმაც გამოაცხადა „ახალი ქრისტიანობა“, როგორც ღარიბებზე მზრუნველი. მისი შეხედულებით სოციალური განვითარება დაკავშირებულია გაერთიანების სულთან, რომელმაც უნდა სძლიოს ეგოიზმის და ანტაგონიზმის სულს საზოგადოებაში. მე–19–ე საუკუნის 40–ან წლებში საფრანგეთში ლამენეს „კათოლიკური სოციალიზმის’’ იდეებმა დიდი გავლენა მოახდინეს მაშინდელ სულიერ და სოციალურ ცხოვრებაზე. მეოცე საუკუნეში კი ქრისტიან სოციალისტური დაჯგუფებები შეუერთდნენ საფრანგეთის სოციალისტურ პარტიას.
ქრისტიანულ–სოციალისტური მოძრაობა სხვადასხვა ფორმით არსებობდა აგრეთვე გერმანიასა და აშშ–ში. აშშ–ში ჰენრი ჯეიმსი ამტკიცებდა ქრისტიანობისა და სოციალიზმის იდენტობას (1948). ქრისტიან–სოციალისტთა საზოგადოება კი ჩამოყალიბდა 1989 წელს. ფრანკლინ სპენსერ სპალგინგი (იუტას შტატი) კი ქადაგებდა კოოპერაციას კონკურენციის ნაცვლად. საუკუნის დასაწყისში აშშ–ში ჩაისახა მოძრაობა „სოციალური სახარება“ (social gospel), რომელიც ხაზს უსვამდა გადარჩენის სოციალურ ასპექტებს. ამჟამად აშშ–ში ფუნქციონირებს „ქრისტიანულ–სოციალისტური პარტია“.
გერმანიაში მე-19-ე საუკუნის ბოლოს ადოლფ სტიკერმა დააფუძნა „ქრისტიან სოციალური მუშათა პარტია“. ამჟამად კი გერმანიის სოციალ–დემოკრატიულ პარტიაში(SPD) ორგანიზებულია ქრისტიანთა ჯგუფი.
ლათინურ ამერიკაში 1960–იან წლებიდან აღმოცენდა გათავისუფლების თეოლოგია (liberation theology), რომელიც ცდილობდა მარქსიზმისა და ქრისტიანობის შეერთებას. ეს მიმდინარეობა დრესაც ძალზედ გავლენიანია მთელს ლათინურ ამერიკაში.
რუსეთში ქრისტიან სოციალისტად თვლიან ლევ ტოლსტოის –ნოველისტს, პაციფისტს, ანარქისტ–სოციალისტს; მამა სერგი ბულგაკოვს(1871–1944) –„ქრისტიანობა და სოციალიზმი“. ამჟამად ცნობილია ნ.ვ. სომინის იდეა–„მართლმადიდებლური სოციალიზმი როგორც რუსეთის მომავალი“(2010). სხვათა შორის დოსტოევსკის ეკუთვნის გამონათქვამი–„მართლმადიდებლობა–ჩვენი სოციალიზმია“.
საქართველოში კი არსებობს აზრი, რომ ილია ჭავჭავაძის პოლიტიკური შეხედულებები იყო ქრისტიანულ– სოციალისტური(იხ. გ.ყორანაშვილის „ილია ჭავჭავაძე“, 2010).
გარდა ზემოთაღნიშნულისა ქრისტიან– სოციალისტებია აგრეთვე კარლ ბარტი–მეოცე საუკუნის დიდი შვეიცარიელი თეოლოგი, კარლ პოლანი– ავსტრო–უნგრელი ეკონომისტი(„დიდი ტრანსფორმაცია“,1944), ჯ.კ როულინგი–ბესტსელერ „ჰარი პოტერის“ ავტორი, ბრაიან მური–2008 წლის აშშ პრეზიდენტობის კანდიდატი, ჰუგო ჩავესი–ვენესუელის პრეზიდენტი, კევინ რუდი–ავსტრალიის ყოფილი პრემიერმინისტრი, გორდონ ბრაუნი და ტონი ბლერი–დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრები. აღსანიშნავია, რომ „ქრისტიან– სოციალისტურ მოძრაობას“(CSM), რომელიც წარმოადგენს ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის აფილირებელ წევრ ორგანიზაციას, ამჟამად თემთა და ლორდთა პალატებში ჰყავთ ორმოცზე მეტი წარმომადგენელი.
დღეს მსოფლიოს ბევრი ქრისტიანულ–სოციალისტური მოძრაობა და პოლიტიკური პარტია ერთიანდება “რელიგიურ სოციალისტთა საერთაშორისო ლიგაში”, რომელიც 21 ქვეყნიდან 200 000–ზე მეტ წევრს ითვლის.
აღსანიშნავია, რომ არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში ქრისტიან– სოციალისტური და ქრისტიან სოციალური გაერთიანებები. ეს უკანასკნელნი ძირითადად მემარჯვენე ქრისტიან–დემოკრატიული ტიპის პოლიტიკური ორგანიზაციებია, უპირატესად გერმანულენოვან სივრცეში.
დამოუკიდებელი ქრისტიან–სოციალისტური პარტიები დღეს სხვადასხვა სახელწოდებით ფუნქციონირებენ ნიდერლანდებში, შვეიცარიაში, ჩილეში, აშშ–ში, ბრაზილიაში, ვენესუელაში, ნორვეგია და სხვ. ხოლო დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, იტალიაში, შვეციაში და სხვა ქვეყნებში ქრისტიან–სოციალისტური ორგანიზაციები არსებობენ მემარცხენე სოციალისტურ და სოციალ–დემოკრატიული ტიპის პარტიებთან.
საქართველოში ქრისტიან–სოციალისტების ჯგუფი წარომოადგენს პოლიტიკურ გაერთიანება „სოციალ– დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის“ ქრისტიანულ ფრთას, რომელიც აერთიანებს პარტიის ქრისტიან წევრებს ქრისტიანული და სოციალისტური ფუნდამენტური ღირებულებების ერთიანობის საფუძველზე. ქრისტიან– სოციალისტები უზრუნველყოფენ პარტიის პოზიციების ჩამოყალიბებისას გარკვეულ საკითხებზე გათვალისწინებულ იქნას მათი სპეციფიკური ხედვები. მოძრაობის ერთ–ერთი მთავარი ამოცანაა ქრისტიანული მრევლის პოლიტიკური გააქტიურება, მათი ჩართვა პოლიტიკურ პროცესებში. მოძრაობის პოლიტიკური მრწამსი და ძირითადი საჯარო განცხადებები შეგიძლიათ იხილოთ საიტზე www.sdd.ge / ჩვენს შესახებ/ ქრისტიან სოციალისტები.