რატომ არ იმუშავებს რუსეთში დემოკრატია

ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ლიტვურ პორტალზე (“Lithuanian Tribune”), გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც მან განავრცო „Русский Глубинный народ»-ის კრიტიკის დაუშვებლობის იდეა, რადგან თურმე არსებობს ბევრი მაგალითი იმის, თუ როგორ იქცნენ დემოკრატიებად წარსულში არადემოკრატიული  საზოგადოებები (მაგალითად მან მონღოლეთის და ტაივანის ნიმუშები მოიხმარია) და ამიტომ კუბილიუსის აზრით, დასავლეთი უნდა დაეხმაროს რუსეთს დემოკრატიზაციაში, ისევე, როგორც თავის დროზე  დაეხმარა პოსტნაცისტურ გერმანიას.

კუბილიუსი აშკარად თვალთმაქცობს. მან, როგორც დიდი გამოცდილების მქონე პროდასავლურმა პოლიტიკოსმა, კარგად იცის, რომ საფრთხე მოდის არა იმდენად პუტინის, «Единая Россия»-ს ან რუსული სამხედრო წრეებისგან, არამედ რუსულ საზოგადოებაში ღრმად გამჯდარი იმპერიული ტოტალიტარიზმისგან, რომელსაც საფუძველი ჯერ კიდევ პეტრე პირველის ეპოქაში ჩაეყარა, დღემდე თაობიდან თაობას გადაეცემა და სულ უფრო აგრესიული და საშიში ხდება როგორც მსოფლიოს დემოკრატიებისთვის, ასევე მშვიდობის ბალანსისა და გაეროს მომავლისთვის.

კუბილიუსის მხრიდან რუსეთის მონღოლეთთან ასოციაციები შეუსაბამოა. ჩინგიზ ხანის იმპერიის დაშლის შემდეგ, მონღოლებს არ უცდიათი  მისი აღდგენა, ისევე როგორც არც დღეს არსებობს მსგავსი რევანშისტული მისწრაფებები. იგივე მდგომარეობაა მატერიკულ და კუნძულოვან ჩინელებშიც.  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოსახლეობა თავისი მთავრობისგან არ ითხოვს ახალი მიწების შემოერთებას, მიუხედავად იმისა, რომ პეკინს აქვს ყველა რესურსი საინფორმაციო ველის გასაკონტროლებლად. არც ჩინეთი, არც მონღოლეთი, არც ტაივანი არ ჰგავს რუსეთს.

რუსეთის იმპერიის ისტორიის მანძილზე ის ყოველთვის ირჩევდა მეზობლებისადმი აგრესიულ მიდგომას და ყოველთვის ჰქონდა თავისი საზოგადოების მხარდაჭერა. 300 წლის განმავლობაში კრემლმა წამოიწყო 50-მდე ომი მეზობელ სახელმწიფოებთან, მოაწყო ჩერქეზების გენოციდი და უკრაინელების „გოლოდომორი“, დაიმონა შუა აზიის ერები და დაიპყრო უზარმაზარი ტერიტორიები, სადაც უამრავი  არა სლავი ხალხები იყვნენ დასახლებული. ბოლშევიკურმა რუსეთის მიერ მეზობელი რესპუბლიკების ხელში ჩაგდება ასევე მხარდაჭერილი იყო დამარცხებული იმპერიის მოსახლეობის უმრავლესობისგან. სტალინმა განაგრძო იმპერიის აღდგენა ნაცისტურ გერმანიასთან ალიანსით რათა ხელში ჩაეგდო ყოფილი კოლონია _ პოლონეთი. „ვარშავის პაქტის“ შექმნა იყო თვალსაჩინო სიგნალი მსოფლიოსთვის, რომ საბჭოთა რუსული იმპერიის  მიზანი იყო არა ჩაგრული ხალხების დაცვა, არამედ კონტინენტზე კრემლის გეოპოლიტიკური დომინირების დაბრუნება და გაძლიერება. დასავლეთი მხოლოდ სიტყვით აპროტესტებდა კრემლის მხრიდან უნგრეთის და ჩეხოსლოვაკიის ტანკებით დატერორებას, კონკრეტულ კრიზისებს ითმენდა და ათწლეულების განმავლობაში  მომავალ თაობებს გადასცემდა აგრესიული რუსეთის პრობლემის მოგვარებას. ამავე ათწლეულების განმავლობაში, რუსულ საზოგადოებაში კი თაობიდან თაობაში გადადიოდა და იზრდებოდა რუსების რწმენა საკუთარ გამორჩეულობასა და განსაკუთრებულ მისიაში. ამ ტენდენციას უნებლიედ ეხმარებოდა დასავლეთიც, რომელიც სსრკ-ს ყველა მცხოვრებს “რუსად” თვლიდა და მოიხსენიებდა. რეალურად, დასავლეთი არ იყო დაინტერესებული იმპერიის  დაშლით, სსრკ-ს კრიზისის დროსაც კი.  პირიქით, ბირთვული იარაღის უკონტროლო გავრცელების შიშით, დასავლეთი ცდილობდა შეენარჩუნებინა იმპერია მის საზღვრებში  და ყველანაირად უშლიდა ხელს ოკუპირებულ რესპუბლიკებს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. მხოლოდ სსრკ-ს საბოლოო, იურიდიული დაშლის შემდეგ დაიწყო დასავლეთმა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სუვერენიტეტების აღიარება. და ამის შემდეგაც  ამ რესპუბლიკების უმეტესობას მოსკოვის გავლენის ზონად მიიჩნევდა.

სსრკ-ს დაშლამ რუსული საზოგადოება კვლავ დეპრესიაში ჩააგდო და კვლავ რევანშის სურვილი გაუღვიძა.  და როგორც რეაქცია, რუსულმა საზოგადოებამ მხარი დაუჭირა ყოფილ საბჭოთა კოლონიებში ეთნიკური კონფლიქტების გაღვივებას, ჩეჩენი ხალხის გენოციდს და მოსკოვის შემდგომ შემოსევებს საქართველოსა და უკრაინაში. უფრო მეტიც, რუსულ მოსახლეობაში(«Глубинный русский народ») დღემდე იკვეთება დაუფარავი აგრესია არა მარტო მეზობლების, არამედ რუსეთის ფედერაციის საზღვრებში მყოფი არარუსი ხალხების, ე.წ.”ჩურკების”, “მაიმუნების”, “შავების” მიმართ.

რატომ არ ახსენებს კუბილიუსი ამ რეალობას? რატომ არ ადარებს „ღრმა რუსი ხალხის“ ამჟამინდელ „რაშიზმს“ 1933-44 წლების გერმანელების „ფაშიზმთან“? კუბილიუსი ცდილობს შექმნას ასოციაციები გერმანელ და რუს ხალხებს შორის მხოლოდ პოსტჰიტლერული გერმანიის დემოკრატიზაციის პრიზმაში და მიდის დასკვნამდე, რომ რუსული საზოგადოება დემოკრატიზაციას საჭიროებს. მაგრამ გერმანელები ხომ დემოკრატიას მხოლოდ მესამე რაიხის მარცხისა და რაიხსტაგის აღების შემდეგ დაუბრუნდნენ?

იმ შემთხვევაშიც კი, თუ კუბილიუსს გულუბრყვილოდ სჯერა, რომ დღევანდელი დასავლეთს აქვს მზაობა _ მიაღწიოს კრემლის კედლებს და დაამხოს პუტინი, კვლავ რჩება კითხვა, მზად იქნება თუ არა რუსი, ისევე როგორც 1945 წლის გერმანელი, აღიაროს შეცდომა და დამარცხება და დაიწყოს შვილების სხვა ღირებულებებით აღზრდა?

გერმანელებისთვის ფაშიზმის სიგიჟე გაგრძელდა ერთი ათწლეულის განმავლობაში, თუმცა მათ ჰქონდათ „რეფორმაციიდან“ მოყოლებული დემოკრატიის მყარი საფუძვლები.  რუსულ საზოგადოებაში კი “რაშიზმი” სხვადასხვა ფორმით მაგრამ უწყვეტად არსებობს მე-17 საუკუნიდან დღემდე.  რუსეთის იმპერიის მოსახლეობა ათობით თაობის განმავლობაში ცხოვრობდა იმპერიალიზმითა და საყოფაცხოვრებო რასიზმით, რაც ხშირად გამოსჭვივის რუსი კლასიკოსების ნაწარმოებებშიც კი. ამ ფაქტების მიზეზი არის არა  რუსული იმპერიალიზმის დაუსჯელობა. გერმანელებმა დაავადების დაძლევა და დემოკრატიისკენ დაბრუნება მხოლოდ დასჯის და მონანიების შემდეგ შეძლეს, მოსკოვისგან კი არათუ დასჯა, მონანიებაც არავის მოუთხოვია. რუსულ «глубинный народ»-ში დემოკრატია როგორც ცხოვრების ფორმა არა მხოლოდ უცნობი, არამედ კონცეპტუალურად მიუღებელიცაა. მიუღებელია არა პუტინისთვის, არამედ ღრმა რუსი ხალხის  უმრავლესობისთვის. ეს თეზისი ჯერ კიდევ გაუგებარია დასავლური დემოკრატიის ლიდერებისთვის, რომლებიც თვლიან, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ „არადემოკრატიულ საზოგადოებებზე“ საუბარიც კი მიუღებელი და არაეთიკურია. შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ლიდერებს ჯერ კიდევ სჯერათ, რომ განსხვავებული, კარგი, დემოკრატიული მმართველის პირობებში რუსი ხალხი გათავისუფლდება დიქტატურისგან და დაიწყებს დემოკრატიული საზოგადოებისა და სახელმწიფოს შექმნას, რომელიც ევროპის მსგავსად დამშვიდდება და გადაერთვება პროგრესზე.  

ვერც ერთი ოპოზიციონერი, ვერცერთი „ნავალნი“ ვერ მიიღებს ლეგიტიმაციას რუსული ამომრჩევლისგან, თუ ლოზუნგად აირჩევს Великая Держава-ს დემოკრატიად ტრანსფორმაციას .

პუტინის ნებისმიერმა ალტერნატივამ უნდა უპასუხოს მარტივ კითხვებს: ვისი ყირიმი? ვის ეკუთვნის დონბასი, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, კურილები თუ ჩრდილოეთ ყაზახეთი.

თუ რომელიმე ოპოზიციონერი „ნავალნი“ იტყვის, რომ ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში უნდა იყოს, მაშინ მას და პუტინს შორის განსხვავება არ არის. და თუ ის იტყვის, რომ ყირიმი უკრაინის ნაწილია, მას რუსები არ აირჩევენ და არ შეეგუებიან. რუსეთის ამომრჩევლის ასეთ განწყობას არაფერი აქვს საერთო კრემლის რეპრესიებისადმი შიშთან. რუსებს რეალურად სურთ ყირიმიც, აფხაზეთიც, დონბასიც, მთლიანი უკრაინაც, აზერბაიჯანიც, სომხეთიც, ბელორუსიც, ყაზახეთიც, პოლონეთიც და ბალტიის ქვეყნებიც რუსეთის საზღვრებში, რადგან ისინი ამ მიწებს თვლიან რუსეთის იმპერიის ნაწილებად, ისევე როგორც  თვლიან რუსეთის ტერიტორიებად თათარსტანს, უდმურტეთსა და ბურიატიას. ღრმა რუსული საზოგადოებისთვის ეს ხედვა გამყარებულია საუკუნეების განმავლობაში. კუბილიუსი და პრინციპში  მთელი „დასავლეთი“ არ ცნობს ამ რეალობას, ვინაიდან ამ შემთხვევაში მას, როგორც რუსეთის ფედერაციის მომიჯნავეს, დასჭირდება სამოქმედო გეგმა.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელი ომის პირობებშიც კი, დასავლეთი ჩუმად ოცნებობს ზავზე Status Quo-ს შენარჩუნების პრინციპით და ჩვეულ კომფორტული პოლიტიკაზე, რომელიც შემოიფარგლება „რუსეთის დაგმობის“ და „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის“ შესახებ გაკეთებული განცხადებებით, „შეშფოთებებით“ და „“აღშფოთებებით. ზუსტად ისევე, როგორც  მოქმედებდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 20% წაართვა.  2008 წელს დასავლეთმა თავისი უმოქმედობით აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ახალ სუდეტის ოლქად (1938 წ.) აქცია.

დღესაც, დასავლეთი გაუბედავი მხარდაჭერით, კვლავ ცდილობს პრობლემის შორეულ ყუთში გადატანას, იმ იმედით, რომ მოსკოვი დაიღლება და აღარ შევა უკრაინის სიღრმეში, დაკმაყოფილდება მეზობელი ტერიტორიების მიტაცებით და შემდეგ, ოდესღაც  კრემლს ხელისუფლებაში დემოკრატები მოვლენ…

დასავლეთის ამ ღრმად მცდარი და უკვე ტრადიციული შეხედულების საფასურს დღემდე ძვირად იხდიან რუსეთის მეზობლები, რომელთაგან ზოგი საოკუპაციო რეჟიმშია, ზოგი კი კრემლის იძულებით ვასალობაში.

დასავლელ ლიდერებს აქვთ პრობლემა არა პუტინთან და მის რეჟიმთან, არამედ მოსახლეობის უზარმაზარ მასასთან, რომელსაც სჯერა, რომ რუსეთს აქვს გაფართოების უფლება, რადგან მას აქვს ბირთვული იარაღი და არის ბიზანტიის, რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა იმპერიის სამართალმემკვიდრე.

მსოფლიოში ჯერ კიდევ ბევრი ტირანია და დიქტატურაა, მაგრამ მათ შორის ცოტაა ისეთი სახელმწიფო, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა არა მხოლოდ მხარს უჭერს დიქტატორს, არამედ არცერთ სხვა ლიდერს არ გუობს, გარდა „თვითმყრობელისა“ , რომელიც ვალდებულია გააძლიეროს და გააფართოოს იმპერია. და ამ ქვეყნებიდან არც ერთს, გარდა რუსეთისა, არ ეკუთვნის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის ადგილი.

რუსეთსა და დემოკრატიულ სამყაროს შორის მზარდი და დაუფარავი დაპირისპირების დინამიკა არ ტოვებს პრობლემის გაერო-ს ფარგლებში  გადაჭრის, ან თუნდაც ოპტიმალური კონსერვაციის შანსებს და პერსპექტივას. მოსკოვი არ აპირებს მიდგომის შეცვლას, ხოლო დასავლურ საზოგადოებას არ აქვს რეალური გავლენა და რესურსი შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.

გაეროს უშიშროების საბჭოს მოუქნელობა, ამორფული ევროკავშირის დიპლომატიური კაკოფონია, ძლიერი დასავლური ქვეყნების პოლიტიკური გაურკვევლობა და ფსევდო ეკონომიკური ემბარგო არა მხოლოდ არ აჩერებს მოსკოვს, არამედ აძლევს მას ანტიდასავლური ალიანსის შექმნისა საფუძველს. მოსკოვი ცდილობს გადაიქცეს ყველა იმ პოლიტიკური ძალის დედაქალაქად, რომელიც საფრთხეს ხედავს დემოკრატიაში. კრემლი, როგორც ფენტეზიური „მორდორი“, ღიად მოუწოდებს ავტორიტარული რეჟიმების, ტოტალიტარული სახელმწიფოების, სეპარატისტული მოძრაობებისა და არალეგალური მსოფლიო ეკონომიკის ლიდერებს, გაერთიანდნენ დასავლური, ე.წ. „ანგლო-საქსური“ სამყაროს წინააღმდეგ. ეს არ არის უაზრო და ფორმალური მოწოდება.

  მოსკოვი შეგნებულად ქმნის ალტერნატიულ მსოფლიო წესრიგს, რომელშიც ადამიანის უფლებებს საფუძვლად დაედება არა  საერთაშორისო კონვენციები, არამედ კონკრეტული სახელმწიფოების მმართველი წრეების ნება და ინტერესები.

დღევანდელი პოლიტიკური რეალობა ნათლად აჩვენებს არა მხოლოდ საფრთხის რეალობას, არამედ დემოკრატიული სამყაროს რიცხობრივ სისუსტესაც ამ საფრთხის წინაშე. გაეროს მიერ აღიარებული ქვეყნების სიაში სრულფასოვანი დემოკრატიული სახელმწიფოების რაოდენობა მხოლოდ 12,6%-ია (21 სახელმწიფო). ხოლო სრული დემოკრატიის ქვეყნებში მოსახლეობა გლობალური მოსახლეობის მხოლოდ 6,4%-ს შეადგენს. მსოფლიოს 59 სახელმწიფოში არის სრულიად ავტორიტარული რეჟიმები, რომლებიც აკონტროლებენ მსოფლიოს მოსახლეობის 37,1%-ს. მსოფლიოს დანარჩენ 87 სახელმწიფოში, ჰიბრიდულ რეჟიმები  ან დეფექტურ დემოკრატიებია. მსოფლიოში მიმდინარე შეუქცევადი ცვლილებების პირობებში  ამ 87 სახელმწიფოს მმართველი წრეები ან პასიურები იქნებიან, ან მათი მმართველობისთვის ოდნავი საფრთხის შემთხვევაში დაიწყებენ მოსკოვთან დაახლოებას და გადასვლას მოსკოვის ახალ, ალტერნატიულ სამართლებრივ ველში.  მნიშვნელოვანია დანახვა, რომ კრემლს  ახალი სამართლებრივი  ველი სჭირდება არა ვინმეს წინაშე თავის გასამართლებლად, არამედ  ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნისთვის.

ანტიდემოკრატიული ცენტრის სტატუსი არც კრემლს და არც რუსეთის საზოგადოებას არ შეუქმნის არანაირ უხერხულობას, პირიქით, რაც უფრო ხშირად იქნება მოხსენიებული მოსკოვი ბოროტი და კანიბალური რეჟიმების ცენტრად, მით უფრო მეტად იამაყებს „ღრმა რუსი ხალხი“ თავისი იმპერიალიზმით.

დასავლური ცნებები სიკეთისა და ბოროტების შესახებ რუსეთში არ მუშაობს, მეტიც, მოსკოვი ალტერნატიული ალიანისთვის ქმნის ალტერნატიულ ადამიანურ ღირებულებებსაც.

კრემლის ახალი საინფორმაციო ფორმულის მიხედვით, დასავლეთი არის მსოფლიოს ბოროტება (გარყვნილება, ფული, უღმერთობა), ამ დასავლეთის ყველა მოწინააღმდეგე კი შესაბამისად _სიკეთის ძალებია. დასავლეთი სატანაა, ანტიდასავლელები კი „სინათლის რაინდები“. ფორმულა პრიმიტიულია, მაგრამ უნივერსალური, როგორც ქრისტიანული, ასევე მუსლიმური სამყაროსთვის, ის ერთდროულად მარტივი აღსაქმელი აღმოჩნდება რუსეთშიც, ირანშიც, აფიკაშიც და ლათინურ ამერიკაშიც. რატომ აირჩია რუსეთმა ეს „სიბნელის და სინათლის ომის“  პრიმიტიული ფორმულა? იმიტომ რომ დასავლეთი არ არის მზად ასეთი მიდგომისთვის.

დასავლეთს სჯეროდა, რომ დასავლური სამყაროს „საყოველთაო კეთილდღეობის“ ფონზე მსოფლიოში არსებული დიქტატურები თავისთავად დაიშლებოდა, რადგან მათი მოსახლეობა ფოკუსირებულ იქნებოდა  მხოლოდ მშვიდ, ჯანსაღ, განათლებულ და უზრუნველყოფილ ცხოვრებაზე, ორიენტირებული იქნებოდა ევროკავშირზე, ავსტრალიასა და იაპონიაზე, სინგაპურსა და ბრიტანეთზე, რომ მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაცია დააახლოვებდა პლანეტის დიდ ქვეყნებს და რომ იმპერიების დრო უკვე წასულია…

მაგრამ ნახევრად მშიერი და დაუცველი სამყაროთი გარშემორტყმული მდიდარი დასავლეთი უმცირესობაშია. ამ სამყაროდან მხოლოდ მცირე ნაწილი ახერხებს გადასახლებას დასავლეთის ქვეყნებში, ხოლო დარჩენილი ასეულობით მილიონი რჩება შეშლილი და მანიაკალური რეჟიმების ხელში.  დასავლეთმა უარი თქვა დემოკრატიის ექსპანსიაზე, თავის ციხესიმაგრეში გამაგრდა და შეატოვა დანარჩენი სამყარო უუნარო „საერთაშორისო სამართალსა“ და ასეთივე ფორმალურ და უუნარო გაეროს. მკაცრ დღევანდელობაში მსოფლიო არ იმართება არანაირი საერთაშორისო კანონით. პუტინმა, უკვე მერამდენედ თავზე გადაახია მსოფლიოს ეს საერთაშორისო სამართალი.

თვითკმაყოფილმა დასავლეთს ჯერ არ განელებია აფრიკის დეკოლონიზაციით თვითკმაყოფილება, რომ იმავე აფრიკაში უკვე ათი წელია ყვავის რუსული, ჩინური და ირანული ნეოკოლონიაზმი.აფრიკის ზოგიერთ ქვეყანას კი, არათუ სახელმწიფო, არამედ სახელმწიფოსთან აფილირებული კერძო სამხედრო კომპანია მართავს (მაგალითად, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას აკონტროლებს «Вагнер»-ი).

დაუსჯელი ძალადობის ფაქტორი და ძალის პრიმატი დღესაც ისევე მუშაობს, როგორც მე-17 საუკუნეში. დღესაც სხვადასხვა ხალხებს, კვლავ ემუქრებათ მოსპობა  უფრო ძლიერი ხალხებისა და ქვეყნების მხრიდან, რადგან რუსეთის პერმანენტული დაუსჯელობის ფაქტორს აქვს დომინოს პრინციპი და რაც მთავარია, გასაგებია მისი არქაული ლოგიკით _ ძლიერები არ ისჯებიან.

რუსეთი, როგორც იმპერია დღემდე შემორჩა მხოლოდ დასავლეთის ნებითა და შეუთანხმობლობის გამო და არა მისი ბირთვული იარაღისადმი შიშით. დასავლეთს ჰქონდა შანსი 90-იან წლებში დაესრულებინა იმპერიების ეპოქა მსოფლიოში, მაგრამ ეს შანსი ხელიდან გაუშვა. რუსეთი იქცა „რაშიზმად“, ტოტალიტარული იმპერიალიზმის იდეოლოგიის მქონე ქვეყანად, რომელსაც სრულად უჭერს მხარს მოსახლეობის უმრავლესობა. უკეთესი დროების მოლოდინი იმ იმედით, რომ „რაშიზმი“ დასრულდება, არაა  მხოლოდ გულუბრყვილობა ან შეცდომა.  სირაქლემას პოზის შენარჩუნება, ძველი შეცდომების გამეორება იქნება დასავლეთის მიერ ჩადენილი დანაშაული რუსეთის მეზობელი ხალხების მიმართ. დღეს სხვა ტაქტიკაა ასარჩევი.

უკრაინაში რუსეთი, როგორც ზესახელმწიფო, უნდა დასრულდეს. უნდა დაინგრეს არა მხოლოდ  „დაუსჯელი ძალაუფლების“, არამედ რუსეთის „სიდიადის“ მითი. ეს მითი უნდა დაირღვეს არა იმდენად მსოფლიო საზოგადოებაში, რამდენადაც რუსეთის მოსახლეობაში, განსაკუთრებით კი კრემლის მიერ დამონებულ ავტოქტონ ხალხებში, რომელთაც საუკუნეებია ასწავლიდნენ „რუსი ერის განსაკუთრებულობას“, რომელთაც მუდმივად ახსენებდნენ „მეორეხარისხოვნობას“ და პარალელურად იყენებდნენ ამ ხალხების მიწებზე არსებულ ბუნებრივ რესურსებს. რუსეთში მოქცეულმა ბევრმა ხალხმა პირველად  „მეორე ყარაბაღის ომის“ დროს გაიგო, რომ თურმე არა რუსეთის, არამედ იმ „დიდი თურანის“ ნაწილია, რომელსაც აქტიურად აკრიტიკებდა რუსული პროპაგანდა. რუსულმა პროპაგანდამ მისდა უნებურად გაუღვიძა რუსეთის თურქუეროვან ავტოქტონურ ერებს თვითიდენტიფიკაცისა და დამოუკიდებლობის მიღწევის მკრთალი იმედი.

„რუსეთის სიდიადის“ მითის მსხვრევა რაშიზმისადმი წინააღმდეგობას წაახალისებს ალტაის, ურალის, ჩრ.კავკასიის, კარელიის, ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის ხალხებში. თითოეულ ამ ავტოქტონურ ეთნოსს აქვს მდიდარი კულტურა, ზოგიერთ მათგანს საკუთარი ანბანიც კი, მაგრამ მათ შესახებ მსოფლიომ თითქმის არაფერი იცის. დასავლეთი უნდა დაეხმაროს ამ იდენტობის შენარჩუნებას. ევროპელისთვის, თურქისთვის, ჩინელის, ფინელის ან იაპონელისთვის არ არის აუცილებელი რუსეთში ფიზიკურად ყოფნა, რომ რუსეთის ავტოქტონმა ხალხებმა იგრძნონ გარედან მხარდაჭერა. მსოფლიომ უნდა შეიტანოს წვლილი ამ ხალხების თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და წახალისებაში და აღარ გააგრძელოს რუსეთში მცხოვრები ყველა ხალხის გაერთიანება საერთო სახელწოდებით „რუსები“. ეს შეურაცხმყოფელია მრავალი ეთნოსისთვის, რომლებიც ამაყობენ თავიანთი ეროვნებით და „რაშიზმის“ მიუხედავად, ცდილობენ ბავშვებს ფარულად ასწავლონ ენა და იდენტობა.  იმ ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ ისინი არიან არა „ჩამოთრეულები“, არამედ თავიანთი მიწების მკვიდრი, ისტორიული მესაკუთრეები.

რუსეთის დამონებულმა ხალხებმა დღეს ნათლად უნდა დაინახონ დამოუკიდებლობის, მსოფლიო აღიარებისა და კეთილდღეობის პერსპექტივა, მით უმეტეს, რომ ძირითადი ბუნებრივი რესურსები ამ ავტოქტონური ხალხების ტერიტორიაზეა განლაგებული. დასავლეთმა უნდა მისცეს იმედი ამ ხალხს და არ გაიმეოროს ძველი შეცდომები. რასაკვირველია, კრემლი ელის, რომ მისი დასუსტების შემთხვევაში ბუმერანგი „ხალხთა თვითგამორკვევის უფლების“ სახით, ქარიშხალივით დაატყდება მას და ამიტომ, რათქმაუნდა იმოქმედებს დაუნდობლად, მაგრამ დასავლეთი კვლავ არ უნდა გადგეს გვერდზე.

მაგრამ ეს არ არის ერთადერთი, რაც დასავლეთმა უნდა გააკეთოს საკუთარი შეცდომების გამოსასწორებლად. რუსეთის იმპერიის მორალური დეკონსტრუქციისთვის დასავლეთმა უნდა დაიწყოს გაეროს რეფორმა, გააფართოვოს ან მთლიანად გააუქმოს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსი, შექმნას საერთაშორისო პოლიცია და გააუმჯობესოს საწესდებო დოკუმენტები ისე, რომ ლიბერალური თავისუფლებებს და კონსერვატიული პრინციპებს მშვიდობიანად თანაარსებობის სივრცე ჰქონდეთ სხვადასხვა კულტურასა და საზოგადოებაში. ამ ინიციატივების მიზანი უნდა იყოს ორივე მიმართულებაში რადიკალიზმის მაქსიმალური შემცირება რათა ერთეულ სახელმწიფოებს მომავალში აღარ ჰქონდეთ სპეკულაციების, მანიპულაციებისა და შანტაჟის შესაძლებლობა.

კუბილიუსის სტატიის მიზეზად, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ჩაითვალოს რუსეთის დემოკრატიზაციის სურვილი. მისი სტატიის მოტივი გაცილებით ღრმაა _ კუბილიუსი ხედავს ლიბერალებსა და კონსერვატორებს შორის ორმხრივი კომპრომისების პერსპექტივის შეუქცევადობას, რომ დასავლეთი, პუტინის გეგმების მოსასპობად ხელს შეუწყობს ევროპაში ანტირაშისტ კონსერვატორთა პოზიციების გაძლიერებას რაც თავისთავად დაასრულებს ულტრალიბერალთა ხანგრძლივ მონოპოლიას. სწორედ ულტრა-ლიბერალების და ნეო-კონსერვატორების აგრესიულობამ შექმნა დასავლეთის სიღრმეში ევროსკეპტიკოსებისა და ნაციონალისტების მოძრაობა, რომლებიც რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე კრემლს თავიანთ მოკავშირედ და მომავალ ლიდერად ხედავდნენ „ახალ ევროპა“-ში.

გლობალური ინიციატივების გარეშე დასავლეთს გაუჭირდება პლანეტაზე მშვიდობის შენარჩუნება. „დემოკრატიის ექსპანსიის“ გარეშე დასავლეთი ვერ შეძლებს თავის დაცვას, რაც შეუქცევად ჩააგდებს პლანეტას ახალ მსოფლიო ომში, რომელშიც სიკეთემ შეიძლება ვერ გაიმარჯვოს. მაგრამ მანამდე დასავლეთს სჭირდება კრემლის დამარცხება უკრაინაში, აუცილებელია რაშისტული იმპერიალიზმის დასრულება და ევრაზიის დამონებული ხალხების „მორდორისგან“ გათავისუფლება.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ