რატომ უწყობს ხელს ნეოლიბერალიზმი ეთნო შოვინიზმს

სამოქალაქო ნაციონალიზმის აუცილებელი წინაპირობა, კოლექტიური სოლიდარობის განცდაა, რომლის ფორმირებასაც გარკვეული “საერთოს ქონა” განაპირობებს. თუ პრობლემა იმგვარად დგას, რომ ამგვარი სოლიდარობა მხოლოდ ეთნიკური ნიშნით გაერთიანებული ჯგუფების წიაღში ჩნდება, სასურველია განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობის ადამიანებიც ფლობდნენ “საერთოს”. თუკი საბჭოთა კავშირის არსებობისას ამგვარი “საერთო” კომუნისტური იდეოლოგია გახლდათ, რას შეიძლებოდა შეესრულებინა ეს ფუნქცია კომუნიზმის დელეგიტიმაციის შემდეგ?
 
მოდით ვისაუბროთ ეკონომიკურ, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური ჩამბულობის როლზე, როგორც კოლექტიური სოლიდარობის გამამყარებელ ფაქტორზე. ერთმანეთისაგან გავმიჯნოთ ეკონომიკური და საზოგადოებრივ-პოლიტიკური აქტივობა.
 
წარმოვიდგინოთ, რომ ეკონომიკურ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართულობა, რაც კონკურენციის გარდა, ურთიერთქმედებას, კოოპერირებას და ურთიერთდამოკიდებულებასაც გულისხმობს, სოციალური ინტეგრაციისა და კოლექტიური ინტერესების ჩამოყალიბების საშუალებაა. ამ მხრივ რაც უფრო განვითარებულია ეკონომიკა და მაღალია მოქალაქეთა დასაქმებულობა, მით მეტი შანსია  ინტერეთნიკური სოლიდარობის განმტკიცებისა.
დავუშვათ, რომ ეკონომიკური ურთიერთობები, სადაც მხოლოდ კოკურენციის პრინციპია წამყვანი, და ბაზრის შემადგენელი სუბიექტები მუდმივი შეჯიბრის საფუძველზე ცდილობენ მაქსიმალური სარგებლის მიღებას, სადაც თამაშის წესები მკვეთრად ნულოვან-ჯამოვანია და ერთის წარმატება აუცილებლად ნიშნავს მეორის წარუმატებლობას, კოლექტიური სოლიდარობა შედარებით რთულად ვითარდება, ვიდრე იმგვარი ეკონომიკური ურთიერთობების პირობებში, როდესაც ბაზრის სუბიექტებს შორის კოოპერირებას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. არსებობს საერთო ეკონომიკური მიზნები და ყველას წარმატება ყველასავე ინტერესშია. ამ შემთხვევაში ზეეთნიკური “საერთოს” გაჩენა ბუნებრივია მეტად რეალურია.

თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ საბჭოთა კავშირში. დასაქმების პრობლემა ასე თუ ისე გადაჭრილი გახლდათ და ეკონომიკური მოდელიც კოლექტივიზმის პრინციპებზე დაფუძნებით ფუნქციონირებდა, პრინციპში მივდივართ დასკვნამდე, რომ ეკონომიკური ცხოვრება საბჭოთა კავშირში ინტერეთნიკული სოლიდარობის გაჩენას ხელს ძალიან თუ არ უწყობდა, არ უშლიდა მაინც.

ზოგადად ტოტალიტარულ სისტემებში მოქალაქეთა პოლიტიკური და საზოგადოებრივი აქტივობის შესაძლებლობა დაბალია, საბჭოთა კავშირშიც ამგვარ მოღვაწეობისათვის არეალი უაღრესად შეზღუდული გახლდათ. აქედან გამომდინარე, მოქალაქეობრივი აქტივობა საერთო საზოგადოებრივი ინტერესების განსახორციელებლად ნამდვილად არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ თანამოქალაქეებს შორის ერთობის განცდის გაძლიერებისათვის შეეწყო ხელი. ფრანგული (იაკობინური) ტიპის ნაციონალიზმი (ამ შემთხვევაში უკეთესი იქნება თუ ვიხმართ ტერმინს პატრიოტიზმი) ვერ ყალიბდებოდა მხოლოდ მარქსიზმ-ლენინიზმის იდეალების საფუძველზე. მოქალაქეებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ერთმანეთის, როგორც ერთი საზოგადოების ნაწილების, თანადგომა არ კრავდა.

ჩვენი მსჯელობიდან გამომდინარე მივდივართ დასკვნამდე, რომ დემოკრატიული პროცესები: საერთო ინტერესებით გაერთიანება, თვითორგანიზაცია და, რაც მთავარია, ამ ინტერესების განხორციელების შესაძლებლობა, მოქალაქეებს აერთიანებს და აახლოვებს.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველომ გარკვეული ეტაპები გამოიარა. ერთი საერთო ტენდენცია, რითაც ქვეყნის განვითარების პოსტ-საბჭოთა გამოცდილება შეგვიძლია დავახასიათოთ (ანალოგიურად პოსტ-საბჭოთა სამყაროს თითქმის ყველა ნაწილში) ესაა მოქალაქეთა სოციალურ და ეკონომიკურ ყოფაზე სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ტოტალური უარყოფა და საბაზრო ფუნდამენტალიზმი. ნეოლიბერალური აზროვნება იქცა ისეთივე უეჭველ და ერთადერთ “სწორ” იდეოლოგიად, როგორადაც აქამდე კომუნიზმი გვევლინებოდა. წამყვანი პოლიტიკური დისკურსი გახდა ბაზრის აბსოლუტიზება, კონკურენცია კი პროგრესისა და განვითარების მთავარ განმაპირობებელ ფაქტორად იქნა მიჩნეული. პოლიტიკური კრიტიკა ხელისუფლების წინააღმდეგ ძირითადად მიმდინარეობდა და მიმდინარეობს ისევ ლიბერალური პარადიგმის შიგნით, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ეკონომიკური ჩამორჩენილობა და თითქმის ყველა სხვა პრობლემა (რომლებიც ქვეყანას უხვად აქვს) მთლიანად ხელისუფლების პოლიტიკის არასაკმარისად ლიბერალურობას ბრალდება. მემარჯვენე დისკურსი გაბატონებილია და გადახედვას დღემდე არ ექვემდებარება (განსხვავებით, ბოლო დროს, განსაკუთრებით კი 2008 წლის შემდეგ, შესამჩნევი მსოფლიო ტენდენციისაგან, როდესაც ძირფესვიანად ხდება ნეოლიბერალური პოლიტიკის 25-30 წლიანი დიქტატის გადააზრება). აღნიშნული ტენდენცია საქართველოში განსაკუთრებით გაძლიერდა 2003 წლის “ვარდების რევოლუციის” შემდეგ.

ჩემს პირდაპირ მიზანს ამჯერად არ წარმოადგენს იმის გარკვევა, თუ რამდენად ეფექტურია ნეოლიბერალური საბაზრო ეკონომიკა და რამდენად უზრუნველყოფს იგი ქვეყნის განვითარებას. შევეცდები მხოლოდ იმ დაშვებით შემოვიფარგლო, რომ ქვეყანაში არსებული უკიდურესი სიღარიბისა და უმუშევრობის ფონზე, რადიკალური ინდივიდუალლიზმი და ხშირად სოციალურ-დარვინიზმამდე მისული საბაზრო კონკურენცია, ტოტალურად უგულებელყოფს კოოპერაციისა და ფართომასშტაბიანი საზოგადოერბრივი თანამშრომლობის სტიმულებს. შესაბამისად, კოლექტიური `საერთოც~ რაციონალურ და მოქალაქეობრივ საფუძველს ნაკლებად ეფუძნება. ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით ძლიერდება თვით იდენტიფიკაციის ისეთი სიმბოლური საშუალებები, როგორებიცაა ისტორია, ენა, ეთნოსი და ა.შ. მულტიეთნიკურ საზოგადოებაში, რომელიც ეკონომიკური და სოციალური განხრით ერთ მთლიან, ურთუიერთ დაკავშირებულ და ურთიერთ განმაპირობებელ (ერთმანეთისათვის საჭირო) მთლიანობას არ წარმოადგენს, ძალიან ძნელია ნაციონალიზმისა და პატრიოტიზმის ინსტრუმენტალისტური, ანუ ერის სამოქალაქო და ზეეთნიკური აღქმის ჩამოყალიბებაზე ფიქრიც კი.

20 წლიანი გამოცდილება ყოველივე ზემოთქმულის ნათელი დასტურია. დამოუკიდებლობის საწყის ეტაპებზე წარმართული შოვინისტური იდეოლოგია მალევე ჩაანაცვლა ფორმალურად ტოლერანტულმა და მულტიეთნიკურობის პატივისმცემელმა ლიბერალურმა იდეებმა. მაგრამ ცვლილება არ ასახულა ადამიანების რეალურ თვითაღქმაზე. ეთნიკური მიკუთვნებულობა რჩებოდა და რჩება თვითიდენტიფიკაციის წამყვან საშუალებად. ტოტალური ეკონომიკური ჩამორჩენილობა და ხელისუფლების რევანშისტული რიტორიკა კი კიდევ უფრო აძლიერებს ეთნიკურ ნიადაგზე არსებულ ქსენოფობიას.

ვითარების დამძიმების ნათელი გამოხატულებაა ეკონომიკური ინტერაქციისა და ორმხრივი ინტერესების ნიადაგზე კოოპერირება-თანამშრომლობის ისეთი, ისევე საბაზრო ინსტრუმენტის მოშლა, როგიც სამხრეთ ოსეთთან არსებული ერგნეთის ბაზრობა გახლდათ. ორ ეთნიკურ ჯგუფს შორის შეხებისა და ინტერაქციის ამ ბერკეტის გაქრობამ მკვეთრად გააუარესა ურთიერთობები და გააძლიერა ქსენოფობია, რასაც საბოლოო წერტილი 2008 წლის აგვისტოს ომმა დაუსვა.

ამგვარად ვასკვნით, რომ ეკონომკური ცხოვრების წესი, როგორც სამოქალაქო ინტეგრაციისა და ინტერეთნიკური სოლიდარობის განმაპირობებელი ფაქტორი, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არათუ გაძლიერდა, არამედ შესუსტდა კიდეც (თუ გავითვალისწინებთ უმუშევრობის ფატალურ ზრდას და სოციალური პირობების მკვეთრ გაუარესებას). როგორ შეიცვალა ვითარება საზოგადოებრივი და პოლიტიკური აქტივობის მხრივ?

დამოუკიდებელი საქართველოს განვითარების ყველა სტადიისათვის დემოკრატია გაცხადებულ და უალტერნატივო ორიენტირად მიიჩნეოდა. იქნა მიღებული კონსტიტუცია და დაარსდა დემოკრატიული ინსტიტუტების მთელი სპექტრი. ტარდება არჩევნები და პოლიტიკური ორგანიზაციის ჩამოყალიბებაც ფორმალურად ნებადართულია. ერთი შეხედვით, ის ჩაკეტილი ვითარება, რომელიც ტოტალიტარული სისტემის პირობებში საზოგადობრივი და პოლიტიკური ცხოვრების, როგორც თანამშრომლობისა და სოლიდარობის გამაძლიერებელი ფაქტორის, არსებობის საშუალებას არ იძლეოდა, კარდინარულად შეიცვალა თითქოსდა ღია, დემოკრატიული სისტემით. ჩემს მიერ ზემოთ გაკეთებული დაშვების ლოგიკით ყოველივე ამას ხელი უნდა შეეწყო საზოგადოების წევრებს შორის კოლექტიური ქმედებებისათვის და მოქალაქეობრივი ნაციონალიზმის საფუძველი შეიძლებოდა გამხდაროყო. მოხდა თუ არა ასე?

თემას ძალიან რომ არ გადავუხვიოთ აღნიშნული კითხვა ღიად დავტოვოთ. მაგრამ ანგარიში უნდა გავუწიოთ იმ გაერმოებასაც, რომ საქართველოში დამოუკიდებლობის 20 წლის მანძილზე არც ერთხელ ხელისუფლება არ შეცვლილა არჩევნების გზით. პოლიტიკური პარტიების რაოდენობა იზრდება, მაგარამ კატასტროფულად მცირეა ამა თუ იმ პარტიის მუდმივი მხარდამჭერების რაოდენობა. ზოგადად მოსახლეობის პოლიტიკური აქტივობა დაბალია, რაც გამოიხატება როგორც პარტიათა რეიტინგებით, ასევე არჩევნებში მონაწილეობის სიხშირითაც. სახელისუფლებო პარტიები, რომლებიც შედარებით მაღალი მხარდაჭერით გამოირჩევიან (სამივე ხელისუფლების დროს ასე იყო), ხელისუფლების დაკარგვისთანავე იშლება (ვერ ახერხებს ძალაუფლების გარეშე არსებობის გაგრდძელებას) და მათი მხარდამჭერების დიდი ნაწილი ავტომატურად ხდებიან ახალი სახელისუფლებო პარტიის ამომრჩევლები.

პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრება კვლავ დახურულია მოსახლეობის უდიდესი ნაწილისათვის. ამის მიზეზი ნაწილობრივ უკიდურესად მძიმე ეკონომიკური ყოფაა, რომელიც მოქალაქეთა უდიდეს ნაწილს ყოველდღიურად გადარჩენისათვის ბრძოლას აუძულებს და ამგვარი აქტივობებისათვის არც დროს, არც რესურსებს და არც სტიმულს აღარ უტოვებს. ნაწილობრივ კი ყოველივე განპირობებულია მოქალაქეობრივი აქტივობის დამკვიდრებული, მკვეთრად ელიტისტური, ავანგარდული სტილით. პოლიტიკა, ისევე როგორც ზოგადად ნებისმიერი სახის საზოგადოებრივი აქტივობა, პროფესიონალების და ამა თუ იმ დარგის ექსპერტების ექსკლუზიურ საქმედ მიიჩნევა და არა მოსახლეობის ფართო ფენების სამოღვაწეო ასპარეზად. თამაშის ნულოვან ჯამოვანი პრინციპი (გამარჯვებული იღებს ყველაფერს) და ველური კონკურენცია საზოგადოებრივ ასპარეზზეც წამყვანი ძალაა. კოოპერირება და კონსენსუსის საფუძველზე ყველას ინტერესებისათვის ბრძოლა იგორირებულია. შესაბამისად, ამგვარი ცხოვრებისეული კონკურენციის პირობებში წაგებულთა რაოდენობა სულ უფრო და უფრო იზრდება. ადექვატურად იზრდება აქტიური მოქალაქეობრივ ცხოვრებას ჩამოცილებული და გარიყული ადამიანების რაოდენობაც, რომლებიც ადვილად ხდებიან მედია მანიპულაციებისა და სტერეოტიპული მითების მსხვერპლნი.

რაც მთავარია, ეთნოკონფლიქტებთან და ზოგადად ნაციოლიზმთან მიმართებაში, სიტუაციას უკიდურესად ამძიმებს პოლიტიკურ ელიტების მანიპულაციური რიტორიკა, რომელიც რევანშიზმის გაღვივებასა და ზედაპირული პატრიოტიზმის საფუძველზე სხვადასხვა პოლიტიკური მიზნების მიღწევაზეა ორიენტირებული. ქსენოფიბია სულ უფრო და უფრო ღრმავდება და სამოქალაქო ნაციონალიზმიც, როგორც ინტერეთნიკური ჰარმონიული თანაარსებობისა და განვითარების საფუძველი, სულ უფრო და უფრო შორეულ პერსპექტივად იქცევა.

ერთი საერთო მახასიათებელი, რომელიც ყველა ამ, ერთი შეხედვით მრავალფეროვან ტენდენციას უდევს საფუძვლად, სწორედ ნეოლიბერალიზმია! ნეოლიბელალიზმია ჩვენს ქვეყანაში არსებული ეთნო შოვინიზმის მიზეზიც!

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ