► რეზი ქოიავა გახლავთ პოლიტიკის მეცნიერებათა მაგისტრი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის რუსეთისმცოდნეობის მიმართულების დოქტორანტი. მისი ინტერესის სფეროებია რუსულ-ქართული ურთიერთობები, რეგიონული კონფლიქტები, ნაციონალიზმი და იდენტობის საკითხები, ისტორიული სოციოლოგია, ხელოვნების თეორიები. 2016-2017 წლებში, მუშაობდა “კავკასიურ სახლში”, 2017 წლიდან არის საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკოსი.
ნობელის პრემიის წლევანდელმა დაჯილდოებამ ლიტერატურის დარგში სკანდალების გარეშე ჩაიარა. მსგავსი რამ ხშირად არ ხდება, თუმცა ლაურეატის რანგში იაპონური წარმოშობის ინგლისელი მწერლის, კაძუო ისიგუროს დასახელებაში რთულია რაიმე პოლიტიკური ქვეტექსტები ვიპოვოთ. ლიტერატურული თვალსაზრისითაც, ეს არავითარი სენსაცია არ არის – დამსახურებული ავტორი, რომელიც მრავალი ადამიანის აზრით იმსახურებს პრემიას. მიუხედავად ამისა, ამჟამინდელი ლაურეატის არჩევა უფრო მეტად აქტუალური და მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
დასახელებამდე ერთი კვირით ადრე, მსოფლიო ტრადიციულად თვალყურს ადევნებდა რეიტინგებს ბუქმეიქერთა საიტებზე. იქ ქვეყნდებოდა შესაძლო ფავორიტთა სიები შესაბამისი კოეფიციენტით. ბუქმეიქერები ზოგჯერ სწორ პროგნოზებს აკეთებენ, ხშირად კი ცდებიან, თუმცა მათთვის თვალყურის დევნება ყოველთვის საინტერესოა. ეს, რაღაცნაირად, ლიტერატურას სპორტთან აახლოვებს.
რეიტინგებში ტრადიციულად ლიდერობდა იაპონელი ჰარუკი მურაკამი და კენიელი ნგუგი ვა ტხიონგო. თუ პრემიას მურაკამის გადასცემდნენ, სწრაფად გაჩნდებოდა ბრალდებები მასობრივი ლიტერატურის მხარდაჭერისა, მაშინ, როდესაც ყველამ იცის, რომ პრემიის დაუწერელი ფუნქცია იმ ავტორების მხარდაჭერაა, რომელთაც დახმარება სჭირდებათ და ვინც საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია.
თუ კენიელს გადასცემდნენ, შვედ აკადემიკოსებს ლიბერალიზმის ბავშვურ დაავადებაში დაადანაშაულებდნენ. აფრიკელ ავტორს პრემია მხოლოდ პოლიტკორექტულობის გამო შეიძლება მისცენ, რაც ასევე ყველასთვის ცნობილია, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც ნგუგი ვა ტხიონგოს ერთი წინადადებაც კი არ წაუკითხავს. თუ ჩინელ ია ლიანკეს გადასცემდნენ, მაშინ გადაწყვეტილება კომუნისტური ჩინეთის საწინააღმდეგოდ მიმართულად ჩაითვლებოდა, რადგან ლიანკე ცნობილი დისიდენტია და ასე შემდეგ.
ჩანს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება კრიტიკას ან ეჭვებს გამოიწვევდა გადაწყვეტილების მიმღებთა მოტივაციისა და ფარული განზრახვების მიმართ. თუმცა, ნობელის პრემიამ წელს მოახერხა ამ ინსინუაციების თავიდან აცილება. კონსპიროლოგიური ქვეტექსტების მონახვა კაძუო ისიგუროსთვის პრემიის გადაცემაში, რა თქმა უნდა, შეიძლება, თუმცა ისინი ძალზე არარეალურად გამოიყურება. იაპონური წარმოშობის ინგლისელი მწერალი პოლიტიკისგან შორს დგას და თავის გამონათქვამებშიც ფრთხილია. მოკლედ, მოსაწყენად იდეალური გამარჯვებულია, რასაც კოლეგების აღფრთოვანებაც ადასტურებს: ნილ გეიმანი აღფრთოვანებულია, თუმცა აღნიშნავს, რომ პრემიის საკითხი ისიგუროს მწერლობისგან დიდხანს ჩამოაშორებს. სალმან რუშდი კი, რომელსაც ბუქმეიქერები ასევე პერიოდულად „ანიჭებენ“ ნობელის პრემიას, ულოცავს რა თავის „ძველ მეგობარს“ The Guardian-ის გვერდებზე, აღნიშნავს, რომ ისიგურო „გიტარაზე უკრავს და სიმღერებს წერს. მან ამაშიც კი აჯობა ბობ დილანს“.
თუ ყველა კმაყოფილია, მაშინ ადვილია ვივარაუდოთ, რომ ისიგუროსთვის პრემიის გადაცემა კომპრომისული ვარიანტი იყო. ნობელის პრემია დაიღალა სკანდალებისგან, პოლიტიზირებულობაში ბრალდებებისგან, იმისგან, რომ პრემიას გადასცემს არა ლიტერატორებს, არამედ გაუგებარია ვის და გადაწყვიტა დაისვენოს, გადასცეს პრემია საყოველთაოდ აღიარებულ კარგ მწერალს. ერთი შეხედვით ჩანს, რომ სტოკჰოლმში ურნაში ჩაყარეს ცნობილი, პოლიტიკისგან შორს მდგომი ავტორების სახელთა ბურთულები და პირველივე ამოსულს გადასცეს პრემია. არავითარი ლოგიკა. ამიტომაც აღმოჩნდნენ ბუქმეიქერები იმედგაცრუებულნი, ისიგურო ფავორიტთა ტოპ-50-შიც კი არ შედიოდა.
თუმცა, რეალურად ყველაფერი უფრო რთულადაა და ისიგუროსთვის ნობელის პრემიის გადაცემა გათვლილი, ლოგიკური და აქტუალურია. შვედი აკადემიის წევრები ეძებენ ახალ ტენდენციებს, როგორც ლიტერატურაში, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში. მათ შეიძლება იპოვონ აქტუალური ჟანრები, ლიტერატურის აქტუალური სახე, აქტუალური თემა ან აქტუალური მიდგომა. რატომ არის ისიგურო აქტუალური 2017 წელს? იმიტომ, რომ იგი წარმოადგენს ცოცხალ მტკიცებულებას იმისა, რომ სამყარო უკეთესობისკენ იცვლება და ერთიანი ხდება; რომ ერთ ქვეყანაში დაბადებული მწერალი შეიძლება გახდეს სხვა ქვეყნის ეროვნული სიამაყე.
ისიგურო დაიბადა იაპონიაში, ექვსი წლის ასაკში გადავიდა ინგლისში, სადაც იმდენად შეიგრძნო ახალი სამშობლოს სული, რომ იქცა რომანების ავტორად, რომლებიც ძალზე ინგლისურად გამოიყურება, მაგალითად, ამჟამინდელი ლაურეატის ყველაზე ცნობილი რომანი „დღის ნარჩენები“, რომელიც 1989 წელს გამოვიდა და მაშინ ბუკერის პრემია დაიმსახურა. რა უნდა იყოს უფრო ინგლისური, ვიდრე პატიოსანი ბრიტანელი კარისკაცის ცხოვრების ტრაგიკული ისტორია?
სხვა საქმეა, რომ ეს ინგლისურობა ან ბრიტანულობა გარკვეულწილად მაცდურია. ისიგურო არის ადამიანი, რომელმაც ღრმად გაიგო იმ ქვეყნის კულტურა, რომელშიც ცხოვრობს, ისწავლა მისი წარმოება ისე, რომ შეუძლებელია ნამდვილისგან გარჩევა. თუმცა ისიგურომ თავის შემოქმედებაში ბევრი აიღო სხვა ქვეყნების ლიტერატურისგანაც – ფსიქოლოგიზმი, ყურადღება ადამიანისადმი და სევდა რუსული ლიტერატურისაგან, სიუჟეტები, ენა, ტრადიციები და სახეები, ინგლისურისაგან, ყოველდღიურობის გამოხატვის უნარი კი თანამედროვე იაპონური მწერლობისაგან.
ისიგურო არის ადამიანი, რომელიც კულტურათა შერწყმის ზღვარზე იმყოფება და ეს გადაწყვეტილების მიმღებთა აზრით მნიშვნელოვანია სამყაროსთვის, სადაც სხვადასხვა კულტურების გაერთიანების შესაძლებლობა სულ უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს. გარკვეულწილად, წლევანდელი ნობელის პრემიის არჩევანი, რომელიც არაპოლიტიკურად გამოიყურება, რეალურად მაქსიმუმამდე პოლიტიზირებულია. ნობელის კომიტეტის აზრით კულტურული გაცვლა შესაძლებელია. კულტურული ურთიერთგაგება შესაძლებელია და ამისგან ყველას ცხოვრება მხოლოდ გაუმჯობესდება. ცხადია, შეიძლება ითქვას, რომ იაპონელი მეცნიერის შვილი არ არის აფრიკელი გლეხის შვილი. თუმცა 150 წლის წინ ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელი იყო.
გლობლიზაციის დასაცავად – აი რატომ გადასცეს ნობელის პრემია კაძუო ისიგუროს.