როგორია საზოგადოება სადაც სიკეთე პრივატიზებულია? დააკვირდი საქართველოს და დაინახავ. საჯარო სიკეთის გაქრობის და სახელმწიფო ინსტიტუტების მხოლოდ ერთი ჯგუფის ინტერესებზე მორგების შედეგად, საქართველოში ადამიანები მხოლოდ ერთმანეთის გულმოწყალების და ქველმოქმედების იმედზე არიან. გადით ქუჩაში, გადაშალეთ გაზეთები, ჩართეთ ტელევიზორი, მოუსმინეთ რადიოს ანდა შედით სოციალურ ქსელებში. ყველგან წააწყდებით ავადმყოფ, მშიერ, მიუსაფარ ადამიანთა ღაღადს. ისინი თავიანთ მეზობლებს, ბიძაშვილებს და თანამოქალაქეებ სთხოვენ უკანასკნელ დახმარებას. სახელმწიფო კი, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს საზოგადოებრივ სიკეთეს, გამქრალია. ის შეყუჟულია ძვირადღირებულ რესტორნებში და იმალება ჯიპების ჩაბნელებული ფანჯრების უკან. არადა, არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ჯერ კიდევ ის სახელმწიფოა, რომლის კონსტიტუციის პრეამბულა საამაყოდ აცხადებს, რომ ის “სოციალურია.”
პრივატიზებული სიკეთე ჩანს გაზეთში, სადაც ორ შვილიანი დედა, რომელსაც სიმსივნე ჭირს, ოპერაციის გაკეთების სახსრები არ აქვს შვილების უპატრონოდ დარჩენაზე დარდობს და დახმარებას მკითხველისაგან თხოვს.
პრივატიზებულია სიკეთე ქუჩაში, მეტროს გადასასვლელში, სადაც ახალგაზრდა დედა სანთლების გაყიდვით ცდილობს სამკურნალო თანხები შეაგროვოს შვილისათვის და სადაც თავზე დამტყდარ მღვდლის რისხვას მხოლოდ ქუჩაში გამვლელი თანამოქალაქეების დახმარებით უმკლავდება. არადა, ეს იმ ქვეყანაში ხდება იმ ქვეყანაში, სადაც მანქანის არასწორად დაყენებისათვის არცერთი პოლიციელი დაგზარდება დიდ ჯარიმის გამოწერას. (http://liberali.ge/blog/paata-shamugia/mghvdelo)
პრივატიზებულია სიკეთე მარი დორეულის რადიო დღიურებში. დედის, რომელიც უსახლკაროდ დარჩენის შიშით მძიმე გრაფიკით ტაქსის მძღოლად მუშაობს და რომელიც თავის ვაჟიშვილს მარტოდ ზრდის. (http://www.tavisupleba.org/content/article/24536125.html)
პრივატიზებულია სიკეთე სახალხო დამცველის უკანასკნელ ანგარიშში ასახული 30 ბავშვთა სახლის მაცხოვრებლებისათვის, რომელთაც ცემენ, სკამებს ურტყავენ და ამათხოვრებენ და ვისთვისაც არ არსებობს სახელმწიფო ინსტიტუტი, რომლის იმედიც შეიძლება ჰქონდეთ. (http://liberali.ge/statia/zurab-vardiashvili/tskepl)
სიკეთე პრივატიზებულია იმ ათობით ბავშვისათვის, რომლის მშობლები ყოველ დღე სხვადასხვა ოპერაციისათვის დახმარებას ინტერნეტით ითხოვენ. და ბოლოს, სიკეთე პრივატიზებულია იმ ათასობით ოჯახისათვის, რომლებიც ყოველთვე უცხოეთში გადახვეწილი ოჯახის წევრებისაგან ელის საზრდოს.
ჩვენ განვიცდით გვედზე მყოფი ადამიანების გაჭირვებას. გვტკივა, ვწუხვართ და ვცდილობთ რაიმე გავაკეთოთ, შევეწიოთ, დავეხმაროთ ან და უბრალოდ ამ ადამიანების შესახებ ერთმანეთს შევახსენოთ. კარგია, რომ ეს შფოთვა საზოგადოებაში არსებობს, რომ ჩვენ ერთმანეთი მაინც გვადარდებს და გვიყვარს.
თუმცა, პირველ რიგში, ასეთი თითოეული ამბავის უკან უნდა დავინახოთ, მოვიკითხოთ, და მოვითხოვოთ ის, რაც თვალსა და ხელს შუა გაქრა. პრივატიზებულ სიკეთემდე უნდა იყოს საჯარო სიკეთე და ამ სიკეთის უზრუნველმყოფი სახელმწიფო. სახელმწიფო, რომელიც განკერძოების შედეგად შექმნილ ვაკუუმამდე არსებობდა და რომელიც ხელიდან გაგვისხლტა.