ჩემთვის (და ალბათ სხვებისთვისაც) არსებობს მაგიური სახელები, რომელთა წარმოთმისას, მოსმენისას თუ წაკითხვისას კონკრეტული ემოცია მეუფლება. ეს მაგიური სახელები ერთსა და იმავე დროს იმდენ მოცემულობას აერთიანებენ, რომ თავბრუ გეხვევა და ყველა მათგანის სათითაოდ გამოთქმა გინდება, რათა სხვებსაც გადადო შენი ემოციები. საბოლოოდ რომ ვერბალური კომუნიკაციის რაღაც უგვანი მცდელობა გამოდის ხოლმე, მერე ხვდები რომ ასეთ მაგიურ სახელებთან შეხებისას წესით ჯობს ოლიმპიელის სიმშვიდე აღიბეჭდო და მოწყალედ გაიღიმო. ეს დაგაზღვევს სულელად გამოჩენისგან მაგრამ, სავარაუდოდ, ვერსად წაუხვალ საკუთარი მოთვალთმაქცე დეგენერატობის შეგრძნებას… მოკლედ, როგორც არ უნდა ჯობდეს, ნიკო ნიკოლაძე ჩემთვის ერთ–ერთია ასეთ მაგიურ სახელთაგან.
ნიკო ნიკოლაძე _ შეყვარებულის სახელის წერასავით მსიამოვნების მისი აკრეფა, გამეორება, გამუქება… იმიტომ რომ: _ ძალიან ბევრი იმიტომ არსებობს, ყველას აღსაწერად თვენახევარი ქრონიკული პოსტვა დამჭირდება. მხოლოდ ორიოდეს გამოთქმას შევეცდები:
ნიკო ნიკოლაძე დიდი, ნათელი გონებაა მკვეთრად გამოხატული ჰუმანისტური პრინციპებით. ის ცრურწმენებისგან თავისუფალია _ ახალი ეპოქის ადამიანია.
დღეს, 2010 წლის 5 დეკემბერს, როცა ეკლესიური დისკურსები ახალშობილ ბავშვს ჯერ კიდევ ადამის ცოდვაზე პასუხისმგებლად მიჩნევენ და რიტუალური ნათლობის საშუალებით განწმენდის გარეშე ცოდვილად აღიქვამენ, რამდენ ადამიანს აქვს გაცნობიერებული ის რასაც ნიკო ნიკოლაძე 1866 წელს ამბობდა და წერდა?! _ ის, რომ არ არსებობს დაბადებითვე დამნაშავე ადამიანი, რომ ,,ადამიანის პიროვნებას უნდა ვაფასებდეთ დამნაშავეშიც, რომელიც სხვა არა არის რა, თუ არა საზოგადოებრივი ცხოვრების მოუწყობლობის და კანონების უსამართლობის მსხვერპლი”. _ თუ ეს ჩვენ დღეს ნამდვილად გააზრებული გვაქვს, მაშნ როგორ ხდება რომ არსებობს ,,სასჯელაღსრულებითი” და არა სარეაბილიტაციო დაწესებულებები, როგორ ხდება რომ ჩვენ ციხეებში უამრავი ,,დამნაშავე”(სადავოა, რამდენად დამნაშავე) ადამიანური ღირსებისთვის შეუფერებელ პირობებში იმყოფება და ამ ,,სასჯელაღსრულების” ღირსეულად გამძღოლი შაშკინი (გინათუ დიმიტრაკულა) განათლების მინისტრობამდე დააწინაურეს? როგორ ხდება რომ ჩვენ, ასეთი ღრმადმოაზროვნე და ნათელმოსილი ხალხი ვეგუებით მმართველი ელიტის პოლიტიკას, რომელიც ჩვენს პრიორიტეტს_ადამიანს და მის ღირსებას არაფრად აგდებს? (ან ჩვენ არ გვაქვს ეს პრიორიტეტი და ვერ ვიაზრებთ იმას, რასაც ნიკო 1886 წელს, იაზრებდა კი არა და, ქადაგებდა და ან… ან არ უნდა შევეგუოთ).
ნიკომ იცოდა, რომ საზოგადოების ეკონომიკური წყობა აიძულებს ადამიანს, ჩაიდინოს დანაშაული _ ეს წყობა დღეს ისევ არსებობს, საქართველოშიც და მთელ პლანეტაზეც. და უამრავი ადამიანი და ინსტიტუტი დასაქმებულია იმით, რომ ,,მეცნიერული” და იურიდიული გამართლება შეუნარჩუნონ ამ წყობას. შედეგად _ ჩვენ ვღებულობთ მსხვერპლს მრავალ განზომილებაში: დანაშაულის მსხვერპლი, დანაშაულის ჩამდენი,რომელიც ასევე მსხვერპლია და სისტემის მუშაკები, რომლებიც ასევე მსხვერპლები არიან, რამდენადაც იძულებული არიან დაემორჩილონ არსებული წყობისთვის მიღებულ ნორმატიულ ლოგიკას საკუთარი სურვილებისა და ინტერესების მიუხედავად.
ნიკო ნიკოლაძე პირველი ადამიანია, ვინც ქართველი ქალები ევროპულ განათლებას აზიარა. ალბათ, პირველი ქართველი მამაკაცი, რომელსაც ქალიც ისეთსავე ადამიანად მიაჩნია, როგორადაც მამაკაცი და ამიტომაც ყველა ფასად თვლის საჭიროდ ქალებმაც მიიღონ ის, რისი მიღების საშუალება მამაკაცების პრეროგატივაა. მან 70–იანების დასაწყისში მთავრობის აკრძალვის მიუხედავად, ქუთაისის ქალთა გიმნაზიის საუკეთესო მოსწავლეები დიდი თავგამოდების ფასად გააგზავნა შვეიცარიაში სასწავლებლად (მათ შორის, მისი ორივე მომავალი ცოლი _ ოლღა და ბოგუმელა). ნიკო არც კანონდარღვევებს მორიდებია _ თავისი მომავალი საყვარელი ქალი, მაშინ, ჯერ კიდევ, რიგითი გიმნაზიელი ოლღა გოგონას მშობლების ჩუმადაც კი გააპარა ყალბი პასპორტით. ასეთი სითამამისა და თავგამოდების გამოჩენა მაშინ შეუძლია ადამიანს, როცა ქალების ინტელექტუალურ პოტენციალს და იმ სიკეს აღიქვამს, რომლსაც საზოგადოებას ქალთა განათლება მოუტანს.
საქართველოში მრეწველობის განვითარებაში რომ ნიკოლაძეს დიდი წვლილი მიუძღვის, ეს ფაქტიც, რატომღაც არ არის სათანადოდ აღიარებული. ის, რომ ჭიათურის მარგანეცის ამბები აკაკის კი არა ნიკოს დამსახურებაა, ჩემთვის დიდი აღმოჩენა იყო. ამას გარდა ქუთაისი, ფოთი, ბათუმი, ზესტაფონი _ მთელი ინდუსტრიული დასავლეთ საქართველო _ ნიკოლაძის ნათელი გონების მუშაობის შედეგია.( ეგ კი არა და, ნიკოლაძეს მთელი პლანეტის წინაშე რომ აქვს დამსახურება ელექტროენერგიის სადენებით გადაცემის აღმოჩენა–დანერგვაში, ეგ ცალკე პოსტის თემაა)
რაც მთავარია – ნიკო ნიკოლაძე სოციალისტია! სტუდენტობისას ის უტოპისტი სოციალისტია, შემდეგ უტოპიზმის განხორციელებას კი უარყოფს, მაგრამ ფანატიკურად სწამს,რომ კაცობრიობა ოდესმე მაინც მიაღწევს სასურველ მომავალს, როცა ადამიანებს შორის ერთმანეთზე ძალადობა აღმოფხვრილი იქნება.
პეტერბურგში, სტუდენტობის დროს ნიკო ნიკოლაძე აქტიურად მონაწილეობდა პეტერბურგის სოციალისტურ მღელვარებაში და მთელი არსებით უჭერდა მხარს რევოლუციას, რის გამოც პირველსავე წელს გამორიცხეს უნივერსიტეტიდან. ,,როგორ წავსულიყავი, როცა უჩემოდ რევოლუცია შეიძლება მომხდარიყო” _ წერს ის. ჰოდა, ადგა, საბუთებიდან ამოეწერა, თითქოს სამშობლოში დაბრუნდა და არალეგალურად დარჩა პეტერბურგში. ამ არალეგალური ცხოვრებისას გაიცნო რევოლუციონერი ფილოსოფოსი ჩერნიშევსკი, რომლის იდეებიც ნიკოს მთელი ცხოვრების მანძილზე გაყვა. და ისე გაყვა, რომ თავად კარლ მარქსმა შესთავაზა კავკასიაში ინტერნაციონალის ხელმძღვანელობა. ის დროც იყო, ნიკო ნიკოლაძეს რომ ,,მისთვის მიჩენილი საცხოვრებელი ადგილიდან” გასვლა აუკრძალეს _ მას მერე, ჩხრეკისას ევროპიდან ჩამოტანილი აკრძალული სოციალისტური ლიტერატურა და ლითოგრაფიული დაზგა რომ უპოვეს…
მოკლედ, ნიკო თავის ეპოქის საქართველოში ყველაზე ნათელი ფიგურაა, ყველაზე პროგრესული აზრებით. ცხადია ეს ჩემი მოსაზრებაა, მაგრამ ბლოგის ფორმატი იძლევა იძლევა საშუალებას ხმამაღლა განაცხადო რასაც ფიქრობ: დიახ, ნიკო ნიკოლაძე უმნიშვნელოვანესი მოვლენაა და შეუსაბამოა ილიას ცადატაცების პარალელურად მისი მუზეუმში მტვერდასადებად გამეტება. შეიძლება ბავშურად მოგეჩვენოთ ,,ილია მოერევა თუ ნიკო” დისკურსი, მაგრამ როცა ერთის ღვაწლი და ,,სინათლე” დაფასებული და წარმოჩენილია და მისი ხატები ეკლესიებში ასვენია, მეორის სახელს კიდე ყურმოკვრით იცნობენ, უნდა არსებობდეს ფაქტორები, რომელთა ზემოქმედებითაც აიხსნება მსგავსი შეუსაბამობის არსებობა. ჩემი აზრით, ეს ფაქტორები არის იდეოლოგიური პრიორიტეტები!
,,ილია მოერევა თუ ნიკო” იმიტომ არ მიხსენებია, დუელი რომ უნდა გაემართათ _ ისინი განსხვავებული იდეური მიმართულების მოაზროვნეები იყვნენ!