ნეოლიბერალური "წარმატების ისტორია" – ჩილე და ისრაელი

პოლიტიკურ ეკონომიკაში და სოციოლოგიაში ხშირად გამეორებადი კლიშე არსებობს, რომ როგორც წესი ეკონომიკურ კრიზისებს სოციალურ მღელვარებამდე მივყავართ. როგორც იურგენ ჰაბერმასი წერდა თავის ეპოქალურ ტექსტში ’კრიზისის ლეგიტიმაცია’ კაპიტალიზმის კრიზისი, სწრაფადვე გადაიზრდება წარმომადგენლობითი დემოკრატიის კრიზისში. უკანასკნელი პერიოდის მანძილძე ჩვენ მსგავსი სცენარი ესპანეთსა და საბერძნეთში ვიხილეთ. სადაც მილიონობით ხალხი გამოვიდა თავისი არჩეული პოლიტიკური წარმომადგენლების წინაღმდეგ და მათ ნაცვლად პირდაპირ დემოკრატიას ითხოვდა.
 
თუმცა მიმდინარე მგზნებარე მასობრივი დემონსტრაციები ჩილესა და ისრაელში სრულიად სხვა სიტუაციას გვიხატავენ. განსხვავებით ესპანეთისა და საბერძნეთისგან სადაც ეკონომიკა სტაგნაციის მდგომარეობაში იმყოფება და უმუშევრობის პროცენტული რაოდენობა დასაშვებ ზღვარს მნიშვნელოვანდ გადასცდა, ჩილესა და ისრაელში ეკონომიკის მდგრადი ზრდა და უმუშევრების დაბალი დონე შეინიშნება. მიუხედავად ამისა, ამ ქვეყნებში ცხოვრება უმრავლესობისათვის, ანუ დაბალი და საშუალო კლასის წარმომადგენლებისთვის სულ უფრო მეტად გაუსაძლისი ხდება.
 
შედეგად. ეგრეთ წოდებული ნეოლიბერალური ’წარმატების ისტორია’ დღესდღეობით უპრეცენდენტო სოციალური პროტესტების სამიზნე ხდება. ნეტანიაჰუსა(ისრაელის პრემიერი) და პინერას(ჩილეს პრეზიდენტი) პოპულარობა იმსხვრევა და ისეთი მოცემულო იხატება, რომ 2011 წელი შეიძლება გარდამტეხი აღმოჩნდეს ამ ქვეყნების ბრძოლაში, სოციალური სამართლიანობისათვის.
 
ჩილეს სტუდენტური პროტესტი
 
’თუკი ’არაბული გაზაფხულის ყვავილობის პერიოდმა ჩაიარა, მსოფლიოს სხვა წერტილში, მცხოვრებმა ხალხმა პროტესტის ახალი კერა შექმნეს, რომელსაც ზოგიერთმა კომენტატორმა  ’ჩილეს ზამთარი’  უწოდა. საზოგადოების იმ სეგმენტებმა, რომლებიც რამოდენიმე წლის წინ პოლიტიკურად აპათიურად განიხილებოდნენ, განსაკუთრებით ახალგაზრდობამ არაჩვეულებრივად კონფრონტაციული პოზიცია დაიჭირა ხელისუფლებისა და ბიზნეს ელიტის წინააღმდეგ და  რადიკალური ცვლილებები მოითხოვა განათლების, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში’.
 (ალექსეი ბარიონუევო New York Times 5 აგვისტო 2011)

 
100 000-ზე მეტი სტუდენტი, მასწავლებელი, მშობელი და მათი მოთხოვნების მიმართ სოლიდარულად განწყობილი აქტივისტი, სანტიაგოს ქუჩებში ბოლო ორი თვის განმავლობაში ხუთჯერ გამოვიდა, რათა რადიკალური ცვლილებები მოეთხოვა ქვეყნის განათლების სისტემასა და კონსტიტუციაში. კოლეჯების დაკავებით, საპროტესტო აქციის მსვლელობისას შემთხვევითი კოცნის მომხიბვლელი  სცენებითა და პროტესტის სხვა ინოვაციური საშუალებებით, გაბრაზებული სტუდენტები განათლების  ხელმიუწვდომლად მაღალ  ღირებულებასა და ქვეყანაში არსებულ უმაღლესი განათლების დაბალ ხარისხს აპროტესტებდნენ.
 
ის ფაქტი, რომ ეს საპროტესტი მოძრაობა ჩილეში მიმდინარეობს, მას კიდევ უფრო მართებულს ხდის. პინოჩეტის სასტიკი სამხედრო დიქტატურის დროს(1973-1990) ჩილე მსოფლიოს მთავარ ნეოლიბერალურ ლაბორატორიად ითვლებოდა. სალვადორ ალიენდეს დემოკრატიულად არჩეული სოციალისტური მთავრობის წინააღმდეგ, აშშ-ის მხარდაჭერით განხორციელებული სისხლიანი გადატრიალების შემდეგ, ნეოლიბერალური ჩიკაგოს სკოლის ნათლიმამა მილტონ ფრიდმანი, ჩილეს ესტუმრა და პინოჩეტის ეკონომიკური მრჩევლის ფუნქციები შეითავსა.
 
ამის შემდეგ მალევე გამოჩნდნენ ამერიკაში მომზადებული ჩილელი ეკონომისტები, ცნობილნი როგორც ’ჩიკაგოს ბიჭები’, რომლებმაც ერთ-ერთი ყველაზე უფრო შორს მიმავალი და რადიკალური ნეოლიბერალური რეფორმები განახორციელეს, რომელიც კი მსოფლიოში როდესმე მომხდარა. რეჟიმის მოწინააღმდეგე ძალებს  კი სისტემატურად სასტიკად უსწორდებოდნენ.  3000-ზე მეტი ადამიანი მოკლული,  ხოლო 29000-ზე მეტი კი ნაწამები იქნა. საბოლოოდ რეფორმების შედეგად მემარცხენე ჩილე, იძულებით იქცა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უფრო საბაზრო ორიენტაციის მქონე ქვეყნად.
 
გარდიანის მტკიცებით საპროტესტო მოძრაობა არის შედეგი იმისა რომ, ’დიდი ხნის მთვლემარე ჩილელი ახალგაზრდობა აღსდგა, მემარჯვენე თავისუფალი ბაზრის იდეოლოგიიის წინააღმდეგ, რომელიც ჩილეს ყოველდღიურ ცხოვრებაში დომინირებს. უკანასკნელ წლებში ამის ნათელი მაგალითი იყო წესი კერძო ჰოსპიტალებში, სადაც 100%-ით მეტი დამატებითი გადასახადია დაწესებული არასამუსაო დროს დაბადებულ თითოეულ ახალშობილ ბავშვზე.’ სწორედ ამგვარივე აუტისტური ნეოლიბერალური იდეაა, რომ განათლება და ჯანდაცვა ჩვეულებრივ სამომხმარებლო სერვისებად ითვლება და არა საზოგადოებრივ სიკეთედ, რომლის გარანტორი სახელმწიფო უნდა იყოს. სწორედ ამას აპროტესტებენ ახალგაზრდა ჩილელი მეამბოხეები.
 
იმავე გარდიანის რეპორტაჟის თანახმად ’(პრეზიდენტმა) პინერამ, რომელიც ხელისუფლებაში წლინახევრის წინ მოვიდა შექმნა კაბინეტი, რომელიც ტექნოკრატებით იყო შევსებული და შეეცადა მთავრობა ისეთივე მეთოდებითა და ლოგიკით ემუშავებინა როგორც ბიზნესი, მისმა ამგვარმა პოლიტიკამ ჩილელთა უმრავლესობის უკმაყოფილება გამოიწვია’. პინერას რეიტინგი 26 %-მდე დაეცა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ხელისუფლებისათვის 1990 წლის შემდეგ, ამის საპირისპიროდ სტუდენტებს მოსახლეობის უმრავლესობა 71 % უჭერს მხარს.
 
ისრაელის საბინაო პროტესტი
 
ჩანს, რომ ისრაელელებმა საბოლოოდ დაიწყეს გაცნობიერება იმისა, რომ მათი ჯანმრთელობის, სიცოცხლის შანსებისა და მომავლისთვის მთავარ მუქარას პალესტინელები კი არ წარმოადგენენ ღაზა სექტორში ან ჯენინში, არამედ კორპორატიზირებული კლანური კაპიტალიზმი, რომელიც დღესდღეობით დომინირებს ისრაელის ეკონომიკურ და პოლიტიკურ სისტემაში.’
 (მარკ ლევინი  Al Jazeera 10 აგვისტო 2011)

 
14 ივლისს ახალგაზრდა ისრაელელმა ქალმა სახელად დეფნი ლეეფმა თელ ავივში როტშილდის ბულვარზე კარავი გაშალა, მის ქვეყანაში საბინაო უზრუნველყოფის ხელმიუწვდომლად მაღალი ღირებულების მიმართ პროტესტის ნიშნად. დეფნიმ საკუთარი საცხოვრებელი სახლი დაკარგა და მისთვის ხელმისაწვდომი საცხოვრებელი ფართის პოვნა ვერ შეძლო. მან ფეისბუქის მეშვეობით მოახერხა მხარდამჭერებისა და მსგავსი პრობლემის მქონე სხვა ადამიანების მობილიზება და რამოდენიმე დღეში მას რამოდენიმე ათასი ისრაელის მოქალაქე შეუერთდა. საპროტესტო ბანაკები მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გავრცელდა და ამ მოძრაობის ქვეშ სწრაფადვე გაერთიანდა სხვა პროგრესივისტული საკითხებიც.
 
30 ივლისს 150 000 ადამიანი გამოვიდა ისრაელის ქუჩებში სოციალური სამართლიანობის მოთხოვნით, რომელიც Haaretz-მა(ისრაელის უძველესი ყოველდღიური გაზეთი) ’საშუალო კლასის ამბოხებად’ შეაფასა. როგორც ერთ-ერთი სტუდენტური ლიდერი აცხადებდა ეს არის ფართომასშტაბიანი პროტესტი ’უკანასანკნელი სამი ათწლეულის მანძილზე არსებული უკიდურესი ეკონომიკურ ნეოლიბერალიზმის მიმართ’. ამ პერიოდის მანძილზე ქვეყნის ეკონომიკური ზრდის შედეგად დაგროვებული რესურსების მიმართ სულ უფრო მცირდებოდა მოსახლეობის ფართო ფენების ხელმისაწვდომობა და მთელი ეს სიმდიდრე ულტრა მდიდარი ოლიგარქიული ელიტის ჯიბისკენ მიემართებოდა.
 
შემდეგ, 6 აგვისტოს ისრაელის ისტორიაში უდიდესი საპროტესტო აქცია დაფიქსირდა, როდესაც 300 000 ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და უპრეცენდენტო სახალხო უკმაყოფილება გამოხატა არსებული სტატუს-კვოს მიმართ. საზოგადოების 87 % მხარს საპროტესტო მოძრაობას უჭერდა, ხოლო პრემიერ მინისტრის ნეტანიაჰუს რეიტინგი კი კატასტროფულად ეცემოდა. სიტუაცია ისრაელში ჩილეს, ესპანეთსა და საბერძნეთს გვახსენებს სადაც აქტივისტებმა ასევე მნიშვნელოვნად გაუსწრეს თავიანთ ნეოლიბერალ პოლიტიკოსებს პოპულარობის თვალსაზრისით.
 
როგორც ვაშინგტონ პოსტი აღნიშნავს ’ისრაელის ყოფილი ეკონომიკური კურსი საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს მოდელის იყო, სახელმწიფოს ეკონომიკაში ძლიერი მონაწილეობით და მხვილი კომპანიების დიდი ნაწილის სახელმწიფო მფლობელობით. მოგვიანებით მთავრობამ აქტივების პრივატიზირება დაიწყო… მთავარი სახელმწიფო აქტივები, მცირე რაოდენობის კერძო პირების ხელში აღმოჩნდა.’. უკანასკნელ წლებში ნეტანიაჰუს მთავრობამ კიდევ უფრო გააღრმავა ეს პროცესი მემარჯვენე საბაზრო რეფორმების კიდევ უფრო წინა პლანზე წამოწევით.
 
წლების წინ ყოფილმა პრეზიდენტმა შიმონ პერესმა უკვე გააფრთხილა პრემიერი ნეტანიაჰუ, რომ მისი ეკონომიკური პოლიტიკა  მას ’6000 მილიონერის და 6 მილიონი ღარიბის’ ქვეყნამდე მიიყვანდა. ეს პროცესი კარგად აღწერს ეკონომიკური დივერგენციის პროცესს, რომელმაც ახლა უკვე მყარად გაიდგა ფესვი ისრაელის ეკონომიკურ ლექსიკონში ’გაუმაძღარი კაპიტალიზმის’(Piggish Capitalism) სახელით. ასეთი გაუმაძღარი კაპიტალიზმის შედეგად ერთ დროს ეგალიტარული ისრაელი, დღესდღეობით მეორე ყველაზე უფრო მეტად უთანასწორო ქვეყნად იქცა განვითარებულ სამყაროში და მხოლოდ მცირედითღა ჩამორჩება  აშშ-ს.
 
როდესაც მილიონერები მდიდრულ სანაპიროებზე სახლებს ყიდულობენ, რომელიც წელიწადის უდიდესი ნაწილის მანძილზე ცარიელია, საშუალო კლასს, სულ უფრო მეტად უჭირს და ეხშობა შესაძლებლობა, რომ ხელი მიუწდებოდეს საბინაო უზრუნველყოფაზე. ფასები 35 %-ით გაიზარდა 2008-დან 2010 წლამდე პერიოდში და ეს იმ პირობებში როდესაც ამ დროის მანძილზე ხელფასების რაოდენობა უცვლელი დარჩა. ბევრი ოჯახი უბრალოდ იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლები. 30-დან 40 წლამდე ასაკის ხალხი ძველებურად იძულებულია, რომ დამოკიდებული იყოს მშობლების ფინანსურ მხარდაჭერაზე, მათ შორის ისინიც ვინც სრულფასოვანი სამუშაო დროით მუშაობს.
 
’ეს არ არის კრიზისი –  ეს სისტემაა!’
 
ისრაელისა და ჩილეს საპროტესტო მოძრაობები გვაჩვენებს, რომ გლობალური კაპიტალიზმის კრიზისი იმაზე უფრო მეტია ვიდრე ფისკალურ-ფინანსური კრიზისი, რომელმაც დღესდღეობით მთლიანად მოიცვა ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა. ნამდვილად, როგორც ჯო სტიგლიცმა შენიშნა კაპიტალიზმი იდეოლოგიურ კრიზისს უახლოვდება. პროტესტები ისრაელსა და ჩილეში ფანტავს უიმედო რწმენას trickle-down ეკონომიკისა და ბაზრის თვითრეგულირებადი ბუნების შესახებ, ზრდისა და დაბალი უმუშევრობის პირობებშიც კი.
 
ეს ყველაფერი ადასტურებს, ესპანეთში 15M მოძრაობის საკვანძო ლოზუნგს – ’ეს არ არის კრიზისი –  ეს სისტემაა’. ნამდვილად შესაძლოა კამათი თანამედროვე კაპიტალის ლოგიკაზე და კაპიტალიზმის კრიზისზე, მაგრამ მსოფლიოს ჩვეულებრივი მოქალაქეებისათვის კაპიტალიზმი კრიზისში არ არის, რადგან მათთვის თავად კაპიტალიზმია კრიზისი.
 
ნეოლიბერალური საბაზრო ფუნდამენტალიზმის პრობლემა მხოლოდ ის არ არის, რომ მას ფინანსურ კრიზისამდე და ეკონომიკურ რეცესიამდე მივყავართ, მისi შედეგია აგრეთვე შემოსავლების ძალზედ არათანაბარი რედისტრიბუცია და სიმდიდრის კონცენტრირება სულ უფრო მცირე ჯგუფების ხელში. ასეთ ვითარებაში დაბალი და საშუალო კლასის წარმომადგენლები, მუდმივი კრიზისის მდგომარეობაში იმყოფებიან, მაშინაც კი როდესაც ძირითადი მაკრო ეკონომიკური მაჩვენებლები (ზრდა,  GDP per capita და უმუშევრობა ) ზომიერ ფარგლებში მერყეობს.
 
საპროტესტო აქციები ისრაელსა და ჩილეში მძლავრ სიგნალს უგზავნიან რეფორმისტულ სოციალ დემოკრატიულ პარტიებს ევროპაში და ჩრდილოეთ ამერიკაში, რომელთა ნაწილს კვლავ ჯერა, რომ მას შემდეგ რაც ზრდა განახლდება ყველაფერი ნორმალურ რიტმში დაბრუნდება. გასულ თვეში, როგორც ბრიტანეთის ქუჩებში მიმდინარე არეულობებმა გვიჩვენა ნეოლიბერალური კაპიტალიზმი სტრუქტურული პრობლემების მთელი რიგის წინაშე დგას, რომელიც შეუძლებელია გადაწყდეს, უბრალოდ კეინზიანური დეფიციტური ხარჯებისა და ზრდის განახლების მეშვეობით.
 
ამგვარად გამოწვევა მთელი მსოფლიოსათვის მდგომარეობს არა მხოლოდ არსებული ფისკალურ-ფინანსური კრიზისიდან გამოსვლაში არამედ იმაში, რომ კრიზისიდან გამოვიდეთ, როგორც ახალი, ტრანსფორმირებული საზოგადოება, საზოგადოება სადაც პოლიტიკოსები გააცნობიერებენ, რომ მათი მანდატი ერთადერთ მოვალეობას ფართო საზოგადოებრივ კეთილდღეობზე ზრუნვას შეიცავს. ასეთი იდეოლოგიური ტრანსფორმაციიის გარეშე კი ყველა ლიდერი რისკის ქვეს დგას, რომ ნეტანიაჰუსა და პინერას ბედი გაიზიაროს.
გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ