ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობა კარგ ნიადაგს აჩენს საპროტესტო აქციებისთვის, რის გამოყენებასაც ოპოზიცია სისტემატურად ცდილობს და შედეგად ყოველი წლის გაზაფხულზე ახალ-ახალი, საპროტესტო აქციების მომსწრენი და მონაწილენი ვხვდებით, რომელიც საპროტესტოდ განწყობილ ხალხს რევოლუციასა და სააკაშვილის ხელისუფლების დასრულებას პირდება. თუმცა უკვე ტრადიციად იქცა, ისიც რომ ამ დაპირების შესრულებას ოპოზიცია ვერ ახერხებს. ეს პერმანენტული წარუმატებლობა, კი უარყოფითად მოქმედებს საზოგადოების განწყობაზე, რაც პოლიტიკური ლიდერებისადმი უნდობლობასა და ზოგადად სოციალური და პოლიტიკური პროტესტისადმი ნიჰილისტურ დამოკიდებულებაში აისახება.
სამწუხაროდ მიმდინარე აქციაც ამ სცენარით მიმდინარეობს და ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობ სურათს ვიღებთ: ოპოზიცია არასწორ აქცენტებს აკეთებს და მცდარი მიმართულებით წარმართავს საზოგადოებრივ პროტესტს, საზოგადოება ვერ ახერხებს თვითორგანიზებასა და დისკრედიტირებული პოლიტიკოსებისგან ავტონომიური საპროტესტო ქმედებების განხორციელებას. რასაც მორიგ ფიასკომდე და სახელისუფლებო ბიუროკრატიისა და რეპრესიული აპარატის მოჩვენებით გაძლიერებამდე მივყავართ.
რა არის იმის მიზეზი, რომ ოპოზიციის ხმამაღალი და ხმაურიანი დაპირებები დაპირებებადვე რჩება და ვერასდროს ვერ სრულდება? კრიტიკულ სიტუაციებში მიხეილ სააკაშვილი გაცილებით უფრო რაციონალურად და სწორად მოქმედებს ვიდრე ჩვეულებრივ რეჟიმში, მაგრამ შორს ვარ იმ აზრისგან რომ ოპოზიციის წარუმატებლობა მმარველი გუნდის სიძლიერეს ან პოლიციისა და ვანო მერაბიშვილის სიდიადეს დავაბრალო. პრობლემა თავად ოპოზიციაში, მის სტრუქტურაში, ლიდერებში, გზავნილების შინაარსსა და მოქმედების ფორმებშია. სწორედ ამ პრობლემებზე ვაპირებ ქვემოთ ვისაუბრო:
ოპოზიციის არასწორ სტრუქტურაში პირველ რიგში იმას ვგულისხმობ, რომ ქართული ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა ერთგვარ ჩაკეტილ წრედ არის ქცეული სადაც წამყვანი ადგილი და ლიდერის პოზიციები ან გაცვეთილ მორალურ ავტორიტეტებს უჭირავთ ან არცთუ ისე კარგი რეპუტაციის მქონე პოლიტიკოსებს, რომლებიც არცთუ ისე დიდი ხნის წინ თავად იყვნენ იმ ხელისუფლების ნაწილი, რომელსაც ახლა ებრძვიან. ერთი სიტყვით სახეზეა მკაცრი იერარქიზირება, რაც შეუძლებელს ხდის ხალხიდან გამოსული ლიდერების წარმოჩენას და პოლიტიკას ერთგვარ ელიტარულ კლუბად აქცევს, სადაც შეღწევა ყველას არ შეუძლია და მხოლოდ გაბატონებული ჯგუფების ექსკლუზიური სფეროა.
სწორედ ამის შედეგია, რომ ოპოზიციის გზავნილები და რიტორიკა ხალხის მოთხოვნებთან და საჭიროებებთან აცდენილია, გამოკვეთილად კონსერვატიული ღირებულებებითაა გაჯერებული და ღირსების, ეროვნულობისა და აბსტრაქტული ტრადიციებისა და თემების ირგვლივ ტრიალებს, მაშინ როდესაც ხალხის პროტესტის მიზეზი დიამეტრალურად განსხვავებულია. საპროტესტოდ განწყობილ ხალხს უპირველეს ყოვლისა სიღარიბე, უთანასწორობა, უსამართლობა, უმუშევრობა აწუხებს და ოპოზიციისგან პასუხისმგებლობიან სახელმწიფოს ითხოვს და არა ეგზოტიკური ნაციონალიზმის ფორმების ილუსტრირებასა და მეთერთმეტე საუკუნის საქართველოში დაბრუნებას.
ოპოზიციის ნაწილის აქცენტები და გაჟღერებული გზავნილები არ პასუხობს ხალხის რეალურ საჭიროებებს, მაგალითად: კომიკურად ჟღერს საუბრები სამართლიან სასამართლოზე, როდესაც სისტემის ფუნდამენტი ანუ სოციალურ-ეკონომიკური კურსი უსამართლოა; არაადეკვატური, ფაშიზმი და ჰომოფობიაა იმაზე საუბარი, რომ მცირერიცხოვანი შავკანიანი ან ჩინელი მიგრანტები ან სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები თურმე მომაკვდინებელი საფრთხეა საქართველოსთვის. ხალხს ეს საკითხები კი არა, უპირველეს ყოვლისა საკუთარი ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესება, დასაქმება და ღირსეული შრომის პირობები უნდა და სწორედ ეს უნდა იყოს ამ აქციების მთავარი მიზანი და მამოძრავებელი მოტივაცია და არა ლიცემერული მორალისტობა, ანდაც რომელიმე პოლიტიკოსის დაკარგული პრივილეგიებისა და ძალაუფლების აღდგენა.
ამის განსახორციელებლად კი აუცილებელია ძირეულად შეიცვალოს ქართული ოპოზიციის სტრუქტურა, შემადგენლობა და იდეოლოგიური მიმართულება. პოლიტიკური პარტიები უნდა მოქმედებდნენ კონკრეტული იდეოლოგიის ფარგლებში და გამოხატავდნენ კონკრეტული საზოგაოდებრივი ჯგუფების ინტერესებს. პოლიტიკაში უნდა მოვიდნენ სუფთა წარსულის მქონე ახალი სახეები და აქტიურ პროტესტანთთა საშუალო ასაკი უფრო გაახალგაზრდავდეს, დღეს ახალგაზრდობის უმრავლესობაში არის პროტესტი სააკაშვილის ნეოლიბერალური ოლიგარქიულ-ავტორიტარული რეჟიმის მიმართ, რომელიც მათ არ აძლევს ხარისხიანი განათლების მიღების, დასაქმებისა და სრულყოფილად რეალიზების საშუალებას. მაგრამ მიუხედავად ამისა ეს ახალგაზრდობა ინდეფერენტულია ამ საპროტესტო აქციების მიმართ, იმიტომ რომ იქ არავინ არ საუბრობს მათ წინაშე მდგარ პრობლემებზე და მისი გადაჭრის გზებზე.
როგორ უნდა გადაიჭრას დღესდღეობით არსებული ის მთავარი პრობლემები(სიღარიბე, უმუშევრობა), რომელიც ყველაზე მეტად აწუხებს ქართულ საზოგადოებას? ამის ყველაზე ეფექტური გზა ავთენტური სახალხო პროტესტია, რომელიც სოციალური პრობლემების გადაჭრის მიმართ იქნება მიმართული. საქართველომ უკვე გაიარა ’ფერადი რევოლუციების’ პერიოდი, რაც არსებითად მმართველი ელიტის ერთი ჯგუფის მეორეთი ჩანაცვლებას გულიხმობს და შორს დგას ყველანაირი სოციალური რევოლუციისგან. ახლა ჩვენ ნამდვილი ’არაბული გაზაფხულის’ მსგავსი სოციალური რევოლუცია გვჭირდება, რომელიც ქართულ პოლიტიკურ მეინსტრიმში მემარცხენე ძალასა და დისკურსს დააბრუნებს და ერთხელ და სამუდამოდ მიანიჭებს ძალუფლებას ერთადერთ სუვერენს ხალხს.