მიმტმასნებლობა და გადამგდებობა

ტყუილია რომ დემოკრატიას ქმნის კონსტიტუცია და საარჩევნო კოდექსი. ერთიც მნიშვნელოვანია და მეორეც, მაგრამ დემოკრატია მაინც ვერ იქნება, თუკი მას აკლია კიდევ ერთი, საკმაოდ ბუნდოვანი, მაგრამ არანაკლებ არსებითი კომპონენტი – პოლიტიკური ქცევის ეთიკა.

ყველამ ვიცით, რომ პოლიტიკა არის შესაძლებლის ხელოვნება – მუდმივი ბალანსირება განუხორციელებელ იდეალებსა და ამ იდეალებისგან მეტად შორს მდგარ რეალობას შორის. თუკი ვერ იტან კომპრომისებს და იწუნებ ყველა ნაბიჯს, რომელიც არსებულ რეალობას ითვალისწინებს, არა მარტო უპასუხისმგებლო იდეალისტის რეპუტაციას იძენ, არამედ ვერაფერსაც ვერ აღწევ. ხოლო თუკი იდეალებს განზე სწევ და მხოლოდ რეალობიდან გამომდინარე მოქმედებ, ცინიკოსი ხდები და ძალაუფლების მიღწევის შემთხვევაში არასასურველ რეალობას არამც თუ ცვლი, არამედ მისი ნაწილი ხდები. უკომპრომისო იდეალიზმი და კონფორმისტული ცინიზმი ის ორი პოლუსია, რომელთა შორის სივრცეს ქცევის ეთიკა უნდა ავსებდეს. როდესაც ამგვარი ეთიკა სტაბილურად არსებობს, საზოგადოება ცხოვრობს “პოლიტიკურად”. ხოლო თუკი არა, ვითარება არამდგრადია და პოლიტიკური სისტემა მუდმივად ქანქარებს ქაოსსა და ავტორიტარიზმს შორის.

იდეალისტები და ცინიკოსები ყველგან არსებობენ, მაგრამ როდესაც მათ შორის სივრცე ცარიელია, ხდება სელექცია – დროთა განმავლობაში უკომპრომისო იდეალისტები ფსკერზე ილექება, ხოლო უპრინციპო ცინიკოსები ხელისუფლების უზურპირებას ახდენენ.

სურათი ნაცნობი ჩანს, თუმცა უნდა ითქვას რომ განვლილი წლების განმავლობაში იდეალისტებსა და ცინიკოსებს შორის შუა სივრცის შევსების არაერთი მცდელობა იყო, და არაერთ პოლიტიკოსს ვიცნობ, ვინც არც ერთია, არც მეორე. მაგრამ ასევე სულ ერთიდაიგივე ტენდენცია მინახავს – არჩევანი ცინიზმის სასარებლოდ პოლიტიკაში დარჩენის მიზნით. სწორედ ამ არჩევანის ერთ-ერთ სახეობაზე მინდა გავამახვილო ყურადღება – მიტმასნება და გადაგდება.

მიტმასნებაში და გადაგდებაში მე ვგულისხმობ შემდეგ სამოქმედო პრინციპს:  ჯერ ძალაუფლება, მერე იდეალები. მოდი ვიქნები რეალისტი, ფიქრობს პიროვნება, მივეტმასნები ძლიერ მხარეს, მოვერგები არსებულ რეალობას, თუნდაც თვალთმაქცურად. ხოლო შემდეგ, როდესაც ეს ძლიერი მხარე გამქაჩავს, გამაძლიერებს, ძალაუფლებაში მომიყვანს, მე მას გადავუდგები, გადავაგდებ, ვუღალატებ და ისე მოვიქცევი და იმას გავაკეთებ, რაც მე მიმაჩნია საჭიროდ.

მიტმასნება რომ ტრადიციული ქცევაა და ახალი გამოგონილი არ არის, ეს გასაგებია. საბჭოთა დროს მიტმასნების გარდა სხვა არჩევანიც არ არსებობდა, გარდა დისიდენტობისა. დემოკრატიზაციის პერიოდში მიტმასნებისა და გადაგდების არაერთი დიდი და პატარა მაგალითი გვინახავს. ყველა ახალი ოპოზიცია არსებული ხელისუფლების წიაღში მწიფდებოდა. ეს არცაა გასაკვირი. იქ, სადაც პოლიტიკაში ჭარბობს მიტმასნება და გადაგდება, ასევე იკვეთება ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი გზა: ახალი ძლიერი პოლიტიკური ძალები იქმნება მხოლოდდამხოლოდ განხეთქილებით მმართველ ელიტაში. თუკი გინდა გახდე ძლიერი ოპოზიცია, უკვე უნდა იყო ჩაწერილი სისტემაში. გარედან მოსული ძალა ელიტას ვერ შეცვლის.

გარდა ამისა, საზოგადოება მუდმივად ცდილობს რომ მიეტმასნოს ძლიერ ლიდერებს და მუდმივად ზარალდება ამისგან. ამომრჩევლები ყველანი ერთად მუდმივად გადაგდებულები ვართ ყველა არჩეული მთავრობის მიერ, ვინაიდან თუკი თვალს გადაავლებთ წინასაარჩევნო დაპირებებსა და არჩევნების შემდეგ განხორციელებულ პოლიტიკას, ცხადი ხდება რომ წინასაარჩევნო დაპირებების ერთადერთი დანიშნულებაა ამომრჩევლებზე მიტმასნება და მერე ამ ამომრჩევლების გადაგდება.

სიმართლეს თვალი რომ გავუსწოროთ, დავინახავთ, რომ დღესდღეობით დემოკრატიის დამკვიდრებას ხელს უშლის არა იმდენად საარჩევნო კოდექსი და კონსტიტუცია, რამდენადაც საზოგადოების გულგატეხილობა და უიმედობა არჩევნებთან მიმართებაში. მრავალჯერადად გადაგდებული ამომრჩევლის განწყობები ცალსახაა –  რატომ უნდა წავიდე რისკზე და დავუპირისპირდე საშიშ და ავტორიტარულ ხელისუფლებას, თუკი არა მაქვს იმედი რომ ახალიც არ გადამაგდებს?

ამდენად შეიძლება ითქვას რომ დემოკრატია დამკვიდრდება მაშინ, როდესაც შეიცვლება დამკვიდრებული სამოქმედო ლოგიკა: ჯერ ძალაუფლება, მერე იდეალები, საპირისპირო მიმდევრობით: ჯერ იდეალები, მერე ძალაუფლება.

ჯერ იდეალები მერე ძალაუფლება სასარგებლო რჩევა იქნებოდა პოლიტიკური ლიდერებისთვის თუკი ვიფიქრებდი რომ ისინი დამიჯერებენ. მაგრამ იმ ვითარებაში, როდესაც სრულიად აშკარაა რომ გადაგდებები გარდაუვალია, აზრი არა აქვს. საკითხი არ დგას – იქნება თუ არა გადაგდება; საკითხი დგას ვინ ვის უფრო ადრე გადააგდებს, და ეს თანაბრად ეხება როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას.

საკითხი სხვანაირად უნდა დაისვას: მივეტმასნოთ თუ არა ივანიშვილს, როგორც ახალ პოლიტიკურ ძალას. მიმაჩნია, რომ არ ღირს, ვინაიდან გადაგდებას მაინც ვერ შევძლებთ, ვინაიდან თუკი ჩვენი დახმარებით გაიმარჯვა, მერე ის უფრო შეძლებს ჩვენს გადაგდებას ვიდრე ჩვენ მისას. ამიტომ მეორე ვარიანტი უფრო გვაწყობს: მიმდევრობითობის შეცვლისთვის ვიბრძოლოთ.

მიმდევრობითობის შეცვლა კი ნიშნავს იმას, რომ სანამ ხმებს მივცემდეთ, საზოგადოებრივი კონტრაქტი უნდა შედგეს. არჩევნების შემდეგ არანაირი გავლენა არ გვექნება, თუკი ამ გავლენას არჩევნებამდე ვერ მოვიპოვებთ. თუკი საზოგადოება პასიურად დაელოდება თუ როდის შეკრებს ივანიშვილი გუნდს და განსაზღვრავს თავის პოლიტიკურ პლატფორმას, მერწმუნეთ, ბოლოს სრულიად დამსახურებულად მიიღებს გადაგდებას.

არათავისუფალ ქვეყნებში ეთიკის ერთ-ერთი ნორმაა ის რომ დისკრიმინირებული ოპოზიცია არ უნდა აკრიტიკო – ამგვარი კრიტიკა ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. ამიტომაც საზოგადოება დღეს ზის გასუსული და ხმას არ იღებს იმაზე, რაც ოპოზიციურ ბანაკში არ მოსწონს. არც მე არ გთავაზოვთ კრიტიკას – გთავაზობთ პოზიტიურ აქტიურობას, ოღონდ ისეთს, რომელიც ურთიერთვალდებულებებზე იქნება დამყარებული, და არა ცალმხრივ მხარდაჭერაზე. სოციალური კონტრაქტი არ იქმნება დაპირისპირებით – მას ქმნის გაზიარებული პასუხისმგებლობა და თითოეულის მოგება, უფლებები და არა პრივილეგიები.

რაც მაშინებს ყველაზე მეტად დღეს ეს არის გაჩუმებული საზოგადოება. რას ველოდებით?

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ