იურგენ ჰაბერმასის პოსტ-სეკულარული საზოგადოების მოდელი

ბოლო რამოდენიმე დღის განმავლობაში ქრისტიანული სოციალიზმის ირგვლივ გამართულმა დისკუსიამ, დამარწმუნა, რომ შესაძლოა სეკულარული ფუნდამენტალიზმი საზოგადოების განვითარებისა და სამოქალაქო უფლებების სრულყოფილი რეალიზებისთვის რელიგიურ ფუნდამენტალიზმზე არანაკლებ საფრთხეს წარმოადგენდეს. ამის ნათელი ილუსტრაციაა ნეო კორსერვატორების მიერ მხარდაჭერილი სეკულარული ავტოკრატიები არაბულ სამყაროში, რომელთა დამხობამ დაამსხვრია ნეო კონური მითი იმის შესახებ, რომ ჯერ სეკულარიზმის ექსპორტია საჭირო და უკვე შემდგომ დემოკრატიის.
ლოგიკურად მივდივართ იურგენ ჰაბერმასის მიერ დამკვიდრებულ ტერმინ ‘პოსტ-სეკულარიზმთან’. ჰაბერმასი ერთ-ერთი ყველაზე აღიარებულ და გავლენიან ფიგურად ითვლება ევროპელ ფილოსოფოსებს შორის და საჯაროდ ცნობილია როგორც სეკულარული ათეისტი. აგრეთვე ჰაბერმასი ითვლება ერთ-ერთ უმთავრეს აკადემიურ ფიგურად ვინც შექმნა სისტემა და იდეათა კრებული, რომელიც გახდა საფუძველი სოციალ-დემოკრატიისა, როგორც გერმანიაში ისე მთლიანად ევროპაში.
ჰაბერმასი წერდა: ’სუვერენული მოსამართლე იმისა თუ რა არის ჭეშმარიტება და რა არა, რა არის სწორი და რა არასწორი… არის მხოლოდ დემოკრატიული,  პროგრესული, კოსმოპოლიტური და სეკულარული კონსტიტუციონალიზმი’. ჰაბერმასმა თავისი აკადემიური კარიერის უდიდესი ნაწილი საზოგადოებრივ სივრცეში ’რელიგიურად გაჯერებული მორალური არგუმენტის’ წინააღმდეგ დისკუსიაში გაატარა, მაგრამ მოგვიანებით რადიკალურად გადაახალისა საკუთარი შეხედულებები. ის დარწმუნდა, რომ სეკულარული სახელმწიფოს იდეალები – ძირითადი სიკეთეები, ღირსება და თანასწორობა ადამიანური არსებისა – აღებულია ქრისტიანობიდან.
თუმცა სეკულარიზაციის პროცესში რელიგია გაქრა საზოგადოებრივი სფეროდან და პირად საქმედ იქცა. დღეს რელიგია ბრუნდება საზოგადოებრივ სფეროში და რელიგიის ამ დაბრუნებას(საზოგადოებრივ სფეროში) ჰაბერმასი პოსტ-სეკულარიზმს უწოდებს.
‘რელიგია აძლიერებს საკუთარ გავლენას არა მხოლოდ მსოფლიო მასშტაბით, არამედ აგრეთვე ნაციონალურ საზოგადოებრივ სფეროშიც. მე მხედველობაში მაქვს ის ფაქტი, რომ ეკლესიები და რელიგიური ორგანიზაციები, სულ უფრო ხშირად ირგებენ  ავტორიტეტულ როლს სეკულარული საზოგადოებების საზოგადოებრივ არენაზე. მათ შეუძლიათ დაამყარონ გავლენა საზოგადოებრივ აზრზსა და განათლებაზე, მიიღონ მონაწილეობა საპასუხისმგებლო საკითხების გადაწყვეტაში, მიუხედავად იმისა, მათი პოზიცია დამაჯერებელია თუ საკამათო’.

 

თუმცა ჰაბერმასი ამ ყველაფერს ‘თეოკრატიულ’ სახელმწიფოს არ უწოდებს.
ჰაბერმასის მიდგომა პოლიტიკისა და რელიგიის შესახებ დისკუსიაში დაკავშირებულია, მის ადრეულ ნამუშევრებთან, რომელიც კომუნიკაციურ მოქმედებებსა და დელიბერაციულ დემოკრატიას ეხება. ამ მიდგომისთვის დამახასიათებელია აქცენტის უნივერსალიზმზე გაკეთება, როგორც პოლიტიკური ფილოსოფიის აუცილებელ კატეგორიაზე. ჰაბერმასის აპელაციას უნივერსალიზმზე განსხვავებული ასპექტები აქვს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ვგულისხმობთ ’ყველაში’ და გამოხატულებაში ’ყველასთვის მოქმედი პრინციპები’. ამ ’ყველაში’ იგულისხმებიან დემოკრატიული კონსტიტუციური სახელმწიფოს წევრები. მის რიგებში კი აუცილებლად შედიან როგორც სეკულარული, ისე რელიგიური მრწამსის მატარებელი  მოქალაქეები. თუკი ნორმატიულ შეხედულებას მივმართავთ რომლის თანახმადაც  მხოლოდ თანასწორუფლებიან და დემოკრატიულ განხილვას მივყავართ პოლიტიკური ეთიკის უნივერსალურ თანხმობამდე, რაც კონსტიტუციური დემოკრატიის მახასიათებლად ითვლება, სრულიად ლოგიკურად მივდივართ იმ აზრამდე, რომ დიალოგი რელიგიურ და არარელიგიურ(სეკულარულ) მოქალაქეებს შორის თანასწორუფლებიან სივრცეში უნდა მიმდინარეობდეს. თუმცა ამგვარი თანასწორობა საფრთხის ქვეშ დგება, როდესაც ნათელი ხდება, რომ სეკულარული საზოგადოებრივი დისკურსი რელიგიურ მოქალაქეებს არ აძლევს იმის საშუალებას, რომ მათი აზრი სრულყოფილად იქნას მოსმენილი.
ჰაბერმასი წერს, რომ ამ მიმართულებით პრინციპულად პრობლემატური მიდგომები არსებობს ფრანგული სეკულარიზმის ტრადიციაში(რაც გულისხმობს სეკულარიზმის ძალიან მკაცრ ინტერპრეტირებას). ფრანგული ტრადიციის მიხედვით, რელიგია არის ვირუსი და რელიგია გამოყოფილი უნდა იქნას საზოგადოებრივი სფეროდან, მანამდეც კი სანამ დაიწყება განსჯა დემოკრატიის პერსპექტივების შესახებ. არსებითად მუბარაქიც და ბენ ალიც გულმოდგინედ მიყვებოდნენ ამ პრინციპს, თავიანთ ქვეყნებში რელიგიური პარტიების და რელიგიური ჯგუფების მიმართ ლოიალურად განწყობილი პარტიების აკრძალვისა და მარგინალიზირების  გზით.  ეს იყო ლოგიკური შედეგი ფრანგული სეკულარიზმის იდეისა და ნეო კონსერვატორული გავლენით, სეკულარული ელიტიზმის გავრცელებისა.
პოსტ სეკულარიზმი არის პასუხი ამ საკმაოდ სპეციფიურ პრობლემაზე. ჰაბერმასის აზრით პოსტ-სეკულარიზმის პირობებში ყველა მოქალაქე თანასწორია და შეუძლიათ ერთმანეთთან კომუნიკაცია  საზოგადოებრივ სივრცეში როგორც სეკულარული ისე რელიგიური არგუმენტებით. სახელმწიფო კი რელიგიური ინსტიტუტებისგან კვლავ დამოუკიდებელი რჩება.

ჰაბერმასის ნამუშევარი შეიძლება შეფასდეს როგორც ‘მეთოდოლოგიური ათეიზმი’ . რომლის უფრო კონკტრეტულად განმარტვა ასე შეიძლება: პოსტ-სეკულარულ სახელმწიფოში მხარდაჭერილია გაყოფა რელიგიურ და პოლიტიკურ ინსტიტუტებს შორის, მაგრამ საზოგადოებრივი სფერო(განსხვავებით სახელმწიფოსგან) ღია უნდა იყოს ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის იმ მოქალაქეთათვისაც, რომლებიც იყენებენ და იზიარებენ რელიგიურ იდეებს, რელიგიურ სიმბოლოებსა და ფილოსოფიას უმრავლეს საკითხებთან მიმართებაში. ჰაბერმასი შენიშნავს რომ:
დემოკრატიულმა სახელმწიფომ წინასწარ არ უნდა შეამციროს პოლიფონიური სირთულე სხვადასხვა საზოგადოებრივი ხმებისა’.
სწორედ ამგვარი პლურალისტური დ უნივერსალისტური მიდგომაა საჭირო საქართველოშიც და განსხვავებული რელიგიური მრწამსის ადამიანების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში თანასწორუფლებიანი მონაწილეობის უფლებით აღჭურვის გარანტირება. ნაცვლად ელიტისტური და ფუნდამენტალისტური სეკულარიზმისა ერთის მხრივ და გამოკვეთილად კლერიკალური ფორმის რელიგიური ფუნდამენტალიზმისა მეორეს მხრივ.
საჭიროა დაბალანსებული ალტერნატივის შექმნა, რომელიც სახელმწიფოს დონეზე, სეკულარული პრინციპებით იხელმძღვანელებს, ხოლო საზოგადოებრივი სფერო ფართოდ იქნება გახსნილი რელიგიური მოქალაქეების თვითგამოხატვისათვის. ეს არის ქართული საზოგადოებისა და პოლიტიკური სივრცისთვის სრულიად ახალი პოსტ-სეკულარული მოდელი, რომლის პრაქტიკაში რეალიზებასაც დიდი იმედი მაქვს, რომ წარმატებით მოახერხებს სოციალ-დემოკრატების შიდა ფრაქციული დაჯგუფება ქრისტიან-სოციალისტების სახით.
კიდევ ერთი პრინციპული სიახლე ქართული პოლიტიკური სივრცისთვის არის ის რომ სოციალ დემოკრატებს განსხვავებით სხვა ყველა ქართული პოლიტიკური პარტიისგან რელიგიური თემატიკა არ აქვს მიჩნეული და გამოყენებული ოფიციალურ და ძირითად მიმართულებად და მას მხოლოდ ფრაქციული სტატუსი აქვს მინიჭებული. რაც საკმაოდ მსგავსია პოსტ-სეკულარულ მოდელისა, რომელიც მკაფიოდ მიჯნავს ერთმანეთისგან პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სფეროებს.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ