ივანიშვილის ფაქტორის პერსპექტივები

“მე გადავწყვიტე, შევქმნა პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მივიღო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში”_ ეს სიტყვები საქართველოში თითქმის ყველასთვის ცნობილ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.

საქართველო საფრანგეთი ან აშშ რომ ყოფილიყო არავის არ გაუკვირდებოდა რომელიმე მილიარდერის მიერ ნათქვამი ეს ფრაზა, მაგრამ დღევანდელ საქართველოში ერთადერთი ხელისუფლებისგან ვერკონტროლირებადი მილიარდერის პოლიტიკური განცხადება რამდენიმე საათში საზოგადოების მთავარ თემად იქცა. საინფორმაციო სააგენტოები ფაციფუცით ეძებდნენ ხელისუფლებასა და ოპოზიციაში მყოფ ფიგურებს კომენტარებისთვის, სოციალურ ქსელებსა და ფორუმებზე ივანიშვილის თემა ფარავდა ყველა სხვა თემას, მხოლოდ „იმედი“ და „რუსთავი 2“ ინარჩუნებდნენ ბრეჟნევისდროინდელ სიხისტეს და არ ამჩნევდნენ თემას, რომელიც როგორც არ უნდა მალო, მაინც უმთავრესად იქცა საზოგადოებისთვის.
რატომ? იმიტომ, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლა თავდაყირა აყენებს დღემდე არსებულ ხრწნად პოლიტიკურ მოცემულობას. ჯერ კიდევ გუშინ, არათუ საზოგადოება, თავად ცნობილი ოპოზიციური პარტიები იყვნენ ღრმა დეპრესიაში. მიდიოდა ჭინთვა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების, პარტიებს შორის ურთიერთობების, დაბლოკების ან დაპირისპირების გარშემო, თუმცა ეს რეალურად არავის აინტერესებდა. ე.წ. „კონსტრუქციული ოპოზიცია“ მეტნაკლებად აქტიურობდა, რათა ამომრჩევლებს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არ გასჩენოდათ კითხვა თუ საიდან მიიღეს საპარლამენტო ოპოზიციონრებმა ამხელა რაოდენობის ხმები. „ვარდების რევოლუციით“ ხელისუფლებაში მოსული ჩინოსნები „ვარდების მილიარდერებად“ ყალიბდებოდნენ და პრეზიდენტისთვის „აღმშენებლობის“ ანტურაჟს ქმნიდნენ, ოფიციალური ხელისუფლება გუბეში მოცქირალი ნარცისივით ტკბებოდა საკუთარი თავით, პრეზიდენტი რეგიონებში „აღმშენებლობაზე“ საუბრობდა, პრეზიდენტის ჯიბის ტელევიზიები ხალხს სარკო! სარკო!-ს საყვირლად რუსთაველზე ეპატიჟებოდნენ … და უცებ მეხი გავარდა, ერთადერთმა არაკონტროლირებადმა მილიარდერმა ხმა ამოიღო.
რას ველოდოთ? პირველ რიგში 7 ოქტომბერს, როცა ივანიშვილი უფრო დააკონკრეტებს თავის გეგმებს. როგორიც არ უნდა იყოს ეს გეგმები, ნაციონალურ მოძრაობას მოუწევს ყაზარმულ რეჟიმზე  გადასვლა და მომავალი პარლამენტის პარტიული დაკომპლექტების იმ პროექტის  გადახედვა, რომელზე მუშაობაც ჯერ კიდევ ზაფხულში დაასრულა მეგობარ ოპოზიციონერებთან ერთად. ხელისუფლების  მეგობარ ოპოზიციონერებს ყველაზე მეტი სანერვიულო აქვთ. თუ ივანიშვილის პარტია ამოქმედდა, მაშინ ხელისუფლებს ამ პარტიებისთვის დასათმობი 20-30 ადგილი აღარ ექნება და შესაბამისად მათაც მოუწევთ ჩამოყალიბება _ რა გზა აირჩიონ.
თუ 7 ოქტომბერს გაირკვევა, რომ ივანიშვილი გათვლილი გეგმით აპირებს არა მარტო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, არამედ აღმასრულებელი ხელისუფლების აღებასაც, მაშინ უნდა ველოდოთ სრულ ისტერიკას როგორც სააკაშვილის გარემოცვიდან, ასევე ანგაჟირებული ოპოზიციისგან. უკვე ნათელია რა სახე ექნება ივანიშვილის საწინააღმდეგო „შავ პიარს“: შსს ხალხში გაავრცელებს ჭორს, რომ „ივანიშვილი სააკაშვილის თამაშს თამაშობს“, ნაციონალური მოძრაობის სპიკერები გაიხსენებენ რომ „ივანიშვილს ფული რუსეთში აქვს ნაშოვნი“, რომ „ივანიშვილი პუტინის პროექტია“ და რომ „სანამ ხალხი შიმშილობს ივანიშვილი ათობით მილიონებს სურათების ყიდვაში ხარჯავს“. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ამ ადამიანის სტაბილურ პოზიტიურ იმიჯს საზოგადოებაში, ახლო ურთიერთობებს საქართველოს პატრიარქთან, თუ დავუმატებთ ამას საზოგადოებაში არსებულ გაჭირვებას, კვლავ შემორჩენილ ბელადომანიას და სეირის სურვილს, მაშინ დღესვე შეიძლება ითქვას, რომ „შავი პიარი“ არათუ დააზარალებს, არამედ დივიდენდებს მოუტანს ივანიშვილს. თუმცა, ეს არ იქნება საკმარისი მისი წარმატებისთვის. თუ ივანიშვილი დაიწყებს პარტიის დაკომპლექტებას მსახიობებით, მომღერლებითა და გამხმარი ოპოზიციონერებით, თუ მისი პარტიის სახელით დაიწყებენ საუბარს საზოგადოებისთვის უკვე ნაცნობი სახეები, მაშინ სწორედ პარტია გახდება ის სუსტი წერტილი, რომელზეც მიიტანს იერიშს ხელისუფლება. მაგრამ თუ ივანიშვილი საერთოდ არ გამოაჩენს ასეთ გაცვეთილ ფიგურებს  და კონსპირაციული სტილით ნაწილ ნაწილ გაავრცელებს ამა თუ იმ ინფორმაციას, მაშინ მას შეუძლია იფიქროს წარმატებაზე.
მანამ, სანამ ბიძინა ივანიშვილს არ წარმოუდგენია მისი მომავალი პოლიტიკური ძალის პროგრამა, პლატფორმა და ხედვები, იმაზე ფიქრს თუ რა საფრთხე ან სარგებლი შეიძლება მოჰყვეს მის მოსვლას ხელისუფლებაში აზრი არა აქვს. როგორც მინიმუმ, ივანიშვილის შემოსვლა პოლიტიკაში ნიშნავს ხელისუფლების მიერ დალაგებული კარტების აშლას და შესაბამისად სიტუაციის გამოცოცხლებას, რაც ამგვარ კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი საზოგადოებისთვის ცუდი არაა.

გიორგი უძილაური

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ