ამ წერილის დაწერა ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციის ირგვლივ ატეხილმა
აჟიოტაჟმა გადამაწყვეტინა. ამ აჟიოტაჟის პათოსი მრალური რელატივიზმისა
და მორალური იმპერატივის ჭიდილს მაგონებს.
მორალური რელატივიზმის მიხედვით არ არსებობს უნივერსალური მორალური ფასეულობები და
ყველა მოქმედებს იმ გარემოებების მიხედვით, რომლებიც მის ქმედებას განაპირობებებენ.
მორალური იმპერატივის მიხედვით, ადამიანებს მართებთ იმ მორალურ ფასეულობებზე სწორება,
რომლებზეც ყველა თანხმდება და რომლებიც დატვირთულნი არიან ვალდებულებით, ერთი მოექცეს
სხვას ისე, როგორც მას არ უნდა რომ სხვა ექცეოდეს მიუხედავად გარემოებებისა. ბოდიშს მოვიხდი ამ ფუნდამენტური ფილოსოფიური კატეგორიების
ასეთი ზედაპირული გადმოცემისთვის. წერილი სულ
სხვა მიზანს ემსახურება. უბრალოდ ვიმოდოვნებ რომ, მათი თუნდაც ამ სახით დასახელება ნათელს მოჰფენს წერილის შინაარს.
პრესკონფერენციის შემდეგ ნაციონალური არხების ჟურნალისტების კრიტიკა მათი
ზნეობის, ტენდენციურობისა და პროფესიონალიზმის გაკიცხვით შემოიფარგლებოდა. მაგრამ ფაქტია,
რომ არც „დამოუკიდებელი“ მედიასაშუალებების ჟურნალისტები გამოირჩეოდნენ საკითხის სიღრმისეული
ცოდნით. მგონი აქ პროფესიონალიზმის გაგების დამახინჯებულ ფორმასთან გვაქვს საქმე. ქართულ
მედიასივრცეში პროფესიონალიზმი ან მაქსიმალურად ინტრიგანული სიუჟეტის მომზადების, ან
ასეთივე შინაარსის მკვირცხლი ენით ბეჭდურად გადმოცემის უნართან, ან კიდევ, უკეთეს შემთხვევაში, მიუკერძოებლობასთან
ასოცირდება.
ჟურნალისტების მიერ კონტროლირებული საჯარო სივრცე, გაჯერებულია პოლიტიკოსების პერსონების განდიდებით,
ან მათზე ქილიკით რაც შინაარს აცლის პოლიტიკას, ხოლო ხალხი და მათი ავთენტური მოთხოვნილებები
და პრობლემები არის სამწუხაროდ იგნორირებული.
ჩვენი ჟურნალისტები სამ ძირიტად
კატეგორიაში თავსდებიან. ყოველ ახალ პოლიტიკურ ეპოქას ასპარეზზე ახალი ელიტების გამოყვანა
ახასიათებს. ვარდების რევოლუციამაც წარმოქმნა ახალი დომინანტი ჟურნალისთა ჯგუფი, რომელიც
სამართლიანად თუ უსამართლოდ თავს უფლებას აძლევს მენტორული ტონით შეაფასოს სხვათა ჟურნალისტური
საქმიანობა. ამ ჯგუფს დომინირებს პირველი კატეგორია მორალისტი „ობიექტურობის ფეტიშისტები“.
ისინი ყოველთვის ჟურნალისტურ ეთიკაზე აპელირებენ, ხელმძღვანელობენ უდანაშაულობის პრეზუმფციის
პრინციპით და უნივერსალურ მორალურ კატეგორიებს
„ემსახურებიან“. მათ კრედოს მორალური იმპერატივი წარმოადგენს. მეორე კატეგორიას მორალისტი „ოპოზიციონერ-ტენდენციურები“ განეკუთვნებიან,
რომლებიც არ თაკილობენ ტენდენციურობას და არაფრად
აგდებენ „უდანაშაულობის“ პრეზუმფციას, რომელსაც კუთხეში მიყენებული ხელისუფლების მესვეურები
იშველიებენ. მათაც მორალურ იმპერატივისტებს მივაკუთნებდი. ჩემდა გასაკვირად ისინი მსუბუქი
მოწიწებით ეპყრობიან პირველი კატეგორიის წარმომადგენლებს, ზოგიერთ შემთხვევაში ცდილობენ
კიდეც ადგილი დაიმკვიდრონ „მენტორთა“ ჯგუფში,
მაგრამ ეს ჯგუფი საოცრად ჩაკეტილია. ისინი კბილებით იცავენ მოპოვებულ სოციალურ სტატუსს
და მიუხედავად პროფესიული უნარების მსგავსებისა, არ აძლევენ სხვებს მათთან დაახლოების საშუალებას. მესამე ჯგუფს ნაციონალური ტელევიზიის
ჟურნალისტები წარმოადგენენ, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავებული ინტენსივობით გვიმტკიცებენ, რომ შავი თეთრია და
დიდი მონდომებით ცდილობენ ხელისუფლების მიერ დადგმულ კარიერულ კიბეზე აძრომას. შესაბამისად
ისინი ზემოთ ხსენებული ორი ჯგუფის მწვავე კრიტიკის ობიექტს წარმოადგენენ. ეს ბოლო ჯგუფიც
შეიძლება დავყოთ ორ ნაწილად. ერთნი, რომელთაც არაფერი სმენიათ საერთოდ მორალზე და მაქსიმალურად
ხეირობენ თავიანთი პოზიციით ქვეშემდომური ერთგულების სანაცვლოდ და მეორე ჯგუფი (ვფიქრობ
ეს ჯგუფი უმრავლესობას წარმოადგენს) რომელთა ქმედებების ორიენტირი ის მორალური ფასეულობებია,
რასაც მათი სოციალური მდგომარეობა განაპირობებს (მარტო არჩენს ოჯახს, ბინა აქვს კრედიტით
ნაყიდი, სამი მცირეწლოვანი ბავშვი ყავს და ასე შემდეგ). ზოგიერთი მათგანი კი ცდილობს გადმოვიდეს „მორალური იმპერატივისტების“ მხარეს,
მაგრამ ხშირ შემთხვევაში არ უმართლებს.
რა თქმა უნდა საზოგადოების პატივისცემას პირველი ორი მთავარი ჯგუფი იმსახურებს.
მე უპირატესობას მეორე ჯგუფს მივანიჭებდი, რადგან მიმაჩნია, რომ ასეთი პოლარიზების
პირობებში, სადაც საზოგადოების კრიტიკული ნაწილი ერთ მხარეს არის და მეორე მხარეს ხელისუფლება,
ჟურნალისტურ ეთიკაზე აპელირება და მიუკერძოებლობა ცოტა არ იყოს უადგილოა და ყალბი.
სამწუხაროდ სამივე ჯგუფს საერთო რამ აერთიანებთ. საზოგადოების ავთენტური
პრობლემების უგულვებელყოფა. ეს რეიტინგებზე
დევნით, თუ საკითხების სიღრმისეული გაშუქების უუნარობით არის გამოწვეული, ძნელია სათქმელია.
არსებობს ჟურნალისტების ძალიან პატარა ჯგუფი, რომელიც მუდმივად ცდილობს საზოგადოების
ინტერესები და მოთხოვნილებები გაითვალისწინოს , მაგრამ ეს ჯგუფი სამწუხაროდ ვერ ცვლის
საერთო სურათს. იქნებ ამ რეალობის გააზრების ფონზე მაინც ვცადოთ და მოვუსმინოთ ხალხს,
გავიგოთ და გავაშუქოთ თუ რა ტკივათ მათ ნამდვილად. ვფიქრობ, მხოლოდ ამის შემდეგ გავხდებით
მაღალი მორალისა და ჟურნალისტური ეთიკის ერთგული პროფესიონალები და გვექნება უფლება
სხვა გავაკრტიკოთ.