შვედეთი
შვედეთის წამყვან პოლიტიკურ პარტიებს მიეკუთვნებიან:
· სოციალ-დემოკრატიული პარტია (იდეოლოგია – სოციალ-დემოკრატია; დემოკრატიული სოციალიზმი)
· ზომიერთა პარტია (იდეოლოგია – ლიბერალური კონსერვატიზმი, სოციალ-ლიბერალიზმი, პრო-ევროპულობა)
· ლიბერალური სახალხო პარტია (იდეოლოგია – ლიბერალიზმი, პრო-ევროპულობა)
· მემარცხენე პარტია (იდეოლოგია – სოციალიზმი, ფემინიზმი)
· ცენტრისტული პარტია (იდეოლოგია – ცენტრიზმი, სოციალ-ლიბერალიზმი)
· მწვანე პარტია (იდეოლოგია – მწვანე პოლიტიკა; ევროსკეპტიციზმი)
· შვედეთის დემოკრატები (იდეოლოგია – შვედური ნაციონალიზმი, ევროსკეპტიციზმი, სოციალ-კონსერვატიზმი)
· ქრისტიან-დემოკრატიული პარტია (იდეოლოგია – ქრისტიანული დემოკრატია, სოციალ-კონსერვატიზმი)
ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს (2010 წ.) აღნიშნულ პარტიებს შორის საპარლამენტო მანდატები ასე გადანაწილდა:
· სოციალ-დემოკრატიული პარტია – 112
· ზომიერთა პარტია – 107
· მწვანე პარტია – 25
· ლიბერალური სახალხო პარტია – 24
· ცენტრისტული პარტია – 23
· შვედეთის დემოკრატები – 20
· მემარცხენე პარტია – 19
· ქრისტიან-დემოკრატიული პარტია – 19
შვედეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში ტრადიციულად დომინირებს 7 წამყვანი პარტია. 2010 წელს მათ დაემატა მერვე – შვედეთის დემოკრატები. 20 მანდატით შვედურმა ნაციონალიზმმა შეაბიჯა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და ამით, ბუნებრივია, გამოიწვია ტრადიციულად დომინანტი პარტიების პროპორციული დასუსტება.
მიუხედავად ნაციონალისტური ტენდენციების ზრდისა, შვედეთის სოციალ-დემოკრატიული პარტია კვლავაც ინარჩუნებს წამყვან პოზიციას შვედურ პოლიტიკაში. 1920 წლიდან დღემდე შვედეთს 7 სოციალ-დემოკრატი პრემიერ-მინისტრი ყავდა, რომელთაგან ზოგს ეს თანამდებობა არაერთი ვადით ეკავა. ასეთი შედეგი არც ერთ ცალკე აღებულ სხვა პარტიას არ ქონია, ეს კი ცალსახად მიანიშნებს სოციალ-დემოკრატიის, როგორც იდეოლოგიის წამყვან როლზე ამ ქვეყანაში.
შვედეთის სოციალ-დემოკრატიული პარტია ყველაზე ხალხმრავალი და ამავე დროს ყველაზე დიდი ისტორიის მქონე პარტიაა შვედეთში (დაარსებულია 1889 წელს). ამ დროიდან მოყოლებული, იგი აქტიურად არის ჩართული სახელმწიფოს მართვაში და ის, რასაც დღეს განვითარების შვედური (სკანდინავიური) მოდელის სახელით ვიცნობთ, დიდწილად სწორედ ამ პარტიის მიერ იქნა ჩამოყალიბებული და განხორციელებული.
მოამზადა ზვიად ავალიანმა

