ეგზორციზმის მოლოდინში


ორმა პარტიამ დაახლოებით ერთსა და იმავე პერიოდში დააანონსა რევოლუცია და სააკაშვილის მმართველობის დასასრული. ორივე თითქმის 6 თვე ემზადებოდა გადამწყვეტი ბრძოლისთვის. მაისიც დადგა, აქციები 1 თითქმის კვირაა მიმდინარეობს, მაგრამ ხალხში რევოლუციური განწყობის ნიშანი არ ჩანს. თუმცა ხალხის რა ბრალია, როცა გადამწყვეტ ბრძოლაში ჩართული 10-მდე პოლიტიკური ორგანიზაცია ვერ ახერხებს მიტინგებზე არათუ ხალხის, საკუთარი მხარდამჭერების მოყვანასაც, რაც ამყარებს ეჭვს, რომ ამ ორგანიზაციებს არ ყავთ არც წევრები, არც მხარდამჭერები… უფრო მეტიც, ეს ორგანიზაციები თავად არ არსებობენ და არც არავის წარმოადგენენ, არიან უბრალოდ ცნობილი სახეები, ყოფილი ჩინოსნები და კანდიდატები, ვისაც ძალიან უნდა ხელისუფლებაში. თუმცა ფაქტია, რომ ქართული მედიის დიდი დამსახურებით სწორედ ამ ორგანიზაციამობმული, ცნობილი სახეებით იქმნება საქართველოში პოლიტიკური პარტიების, პოლიტიკური ცხოვრების ილუზია და ხალხშიც რომ იკითხო რომელ ოპოზიციურ პარტიებს იცნობენ, იწყება არა პარტიების, არამედ ამ ცნობილი სახეების ჩამოთვლა _ ბურჯანაძის პარტია, გრეჩიხას პარტია, თარგამაძის პარტია, ოქრუაშვილის პარტია, პადოშას პარტია და ა.შ. რატომ არიან ეს ადამიანები პარტიები, რითი განსხვავდება მათი ხედვები ერთმანეთისგან, რა იდეოლოგიებზე არიან ბაზირებულნი, ყველაფერი ეს უღრანი ტყეა. არა მარტო იმიტომ, რომ ამ კითხვებზე პასუხები არ გააჩნიათ. არა, იმიტომ, რომ თავად ეს ცნობადი სახეებიც და მედიაც თვლის, რომ ეს იდეოლოგია და განსვავებები  უბრალო დანამატია, აი როგორც სავიზიტო ბარათი, ისე, ყოველი შემთხვევისთვის… საბოლოოდ კი ამგვარი არხეინობის შედეგია, რომ ქართული ოპოზიცია დღეს ასოცირებულია მოუსვენარ ზომბებთან, რომლებშიც პერმანენტულად სახლდება ძალაუფლების სული.

 

20 წლიანი დამოუკიდებელი არსებობის განმავლობაში საქართველოში არ არსებობს არათუ პოლიტიკური კულტურა, არამედ არ არსებობს ამ კულტურის შექმნის სურვილი, არც ხელისუფლებაში, არც გაპიარებულ ოპოზიციაში, არც მედიაში და შესაბამისად არც საზოგადოებაში. სანამ ეს სურვილი არ იქნება გააზრებული ჯერ ზემოთჩამოთვლილი შემადგენელი კომპონენტებისგან და შემდგომ მთლიანად საზოგადოებისგან, მანამ საქართველოში სულ იქნება ოხვრა და მოთქმა მტარვალ ხელისუფლებასა და იმპოტენტ ოპოზიციაზე. რასაკვირველია უდიდესი მნიშვნელობა აქვს სახელისუფლებო რეპრესიებისადმი შიშის ფაქტორს, მაგრამ არანაკლები შემაჩერებელი ფაქტორია კონტაქტის არარსებობა პარტიებსა და ხალხს შორის. დღეს საქართველოში პარტიები თავისთვის არიან და ხალხი თავისთვის. ხალხი ვერ ხედავს, რომ ესა თუ ის პარტია გამოხატავს ამ ხალხის ინტერესებს.

ისიც აშკარაა რომ არც ხელისუფლება და არც არსებული ოპოზიცია არ აპირებს არაფრის გადაააზრებას. ხელისუფლებას სჭირდება დღეს არსებული ოპოზიცია ისეთი, როგორიც ის არის _ ბუტაფორიული, უიდეოლოგიო, უწევრო, ეგოისტი, უპრინციპო, მოქიშპე და ორიენტირებული არა სისტემურ, არამედ პერსონალურ ცვლილებებზე. ასეთ ჯგუფებს არც დღეს ყავთ გამოკვეთილი მხარდამჭერები და არც ხვალ ეყოლებათ, რაც ასევე ხელისუფლების ინტერესებშია. ბოლოდროინდელმა აქციებმა გამოაჩინა რომ არათუ სუსტ და უფულო პარტიებს, არამედ სააკაშვილის ყოფილი თანამებრძოლების გარშემო შეკრებილ მდიდარ პოლიტიკურ ჯგუფებსაც არ ყავთ მხარდამჭერები და თანამოაზრეები, თუნდაც 2-3 ათასი ადამიანის ოდენობით. რა უფლება აქვს პოლიტიკურ ჯგუფს, რომელსაც 2 ათასი თანამოაზრეც არ ყავდეს დააანონსოს რევოლუცია? მოდით სიმართლე ვთქვათ, ბოლო დღეებში კოსტავას გამზირზე მყოფი ადამიანების (დღისით მაქსიმუმ 2000-მდე) ნახევარს წარმოადგენს ის ხალხი, რომელიც არის    სასოწარკვეთილთა  ყველაზე აქტიური ნაწილი, შვილმკვდარი მშობლები, უკანონო პატიმრების ნათესავები, ყოფილი პოლიტპატიმრები, უმუშევრები, არსებული კონიუნქტურის მსხვერპლნი, სააკაშვილის იდეური მოწინააღმდეგეები… ეს ის ხალხია, ვისთვისაც არა აქვს მნიშვნელობა, ბურჯანაძეა აქციის ორგანიზატორი თუ ოქრუაშვილი, კუკავა თუ ნათელაშვილი. მათთვის მთავარია სააკაშვილის ხელისუფლების მოშორება და თუ ამას თავის თავზე აიღებს მაგალითად მერაბიშვილი, იმასაც გაჰყვებიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ დაჩაგრული ხალხის მითვლა რომელიმე პარტიის აქტივში არის ან თავის მოტყუება, ან თაღლითობა. ხოლო მათი ჩართვა ისეთ აქციაში, რომელიც განწირულია ჯერ მარცხის, შემდეგ კი მას მოყოლილი ტერორისა და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის _ დანაშაული.

მოკლედ, დღეს მოქმედ და დაპიარებულ ოპოზიციურ პარტიებს რეალურად არ ყავთ კონკრეტულად მათი, როგორც გარკვეული იდეურ პოლიტიკური ღირებულებების მხარდამჭერი ორგანიზაციების მხარდამჭერები. წარმოუდგენელია აქციაზე იმყოფებოდეს რამდენიმე პოლიტიკური ორგანიზაციის გაერთიანება _ ‘სახალხო კრება“, აქციას ესწრებოდეს 2000 კაცი (დავუშვათ რომ ყველა მათგანი კრებაში გაერთიანებული ძალების აქტივია),ამ აქციას შეუერთდეს მეორე, დიდი ამბიციებისა და რესურსების მქონე „ქართული პარტია“ და ამით აქციის მონაწილეთა რიცხვი გაიზარდოს მხოლოდ 15-20 კაცით. ეს ნიშნავს, რომ „ქართულ პარტიას“ არ ყავს თანამოაზრენი და ისიც, როგორც „სახალხო კრება“ დამოკიდებულია მხოლოდ უბრალო ხალხის სურვილზე _ მოაშოროს სააკაშვილი. 

პარტია არ არის მხოლოდ იურიდიული დოკუმენტი და არც მხოლოდ ყოფილი ჩინოსანი, რომელიც გამოვა და იტყვის  _ ხალხო გამოდით ქუჩაში, ხომ არ მოგწონთ ეს ცხოვრება და შევცვალოთ ხელისუფლებაო. არ არის გამორიცხული, რომ ხალხი მართლა გაყვეს, გააჩნია რამდენად ახლოს იყო ის ადრე მეფესთან(იყო ამის არაერთი მაგალითი), მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ პარტიასთან და ამ პარტიის კონკრეტულ ხედვებთან. და ამაში დამნაშავეა როგორც თავად ავანტიურისტი პოლიტიკანი, ასევე ხელისუფლება და მედია. საქართველოში პოლიტიკური კულტურა ვერ შედგება მანამ, სანამ იარსებებს პრინციპი _ თუ ვარ მეფესთან ახლოს, მეფის მონა ვარ, თუ მეფე მიშორებს, მეფის მტერი ვარ. გადახედეთ ბოლო წლების პოლიტიკურ სპექტრს და აღმოაჩენთ, რომ საქართველოში პოლიტიკოსობაზე პრეტენზიის მქონე მუდმივად ერთი და იგივე ხალხია, რომლებიც ვითარებიდან გამომდინარე ხან ხელისუფლებაში არიან, ხან ოპოზიციაში. დღევანდელი ოპოზიციის 70%-ს შეადგენენ „სააკაშვილი-ჟვანია-ბურჯანაძის“ გუნდის ყოფილი წევრები, რომელთა უმრავლესობამ თავ-თავისი პირადი პარტია დააარსა. ამ პარტიებს, როგორც წესი არ ყავთ მხარდამჭერები, მაგრამ იმის გამო რომ ლიდერები არიან მედიისთვის ნაცნობი ადამიანები, მათ აშუქებენ არა როგორც ინდივიდებს, არამედ, როგორც პარტიებს. ეს არის არაოფიციალური პაქტი მედიასა და ცნობილ სახეებს შორის. მედია წარმოაჩენს მაგალითად თორთლაძეს როგორც „დემოკრატიული პარტიის“ ლიდერს, მაშინ როცა რეალურად პარტია თავისი გაგებით არ არსებობს, ხოლო თორთლაძე, „პარტიის“ სახით აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებსა და კომენტარებს, რაც ქმნის იმის ილუზიას ხალხში, რომ რაღაც პარტიას თურმე რაღაცაზე უფიქრია, უმსჯელია და ბოლოს აი ასეთი სიბრძნე გამოუცხვია, ამას ემატება ხელისუფლების რამე განცხადება და ასე იქმნება რაღაც თითიდან გამოწოვილი, დღის წესრიგები, პოლიტიკები.

საქართველოში თითქმის არ არსებობს პარტიები, რომლებიც გამოხატავენ ამა თუ იმ ფენის ინტერესებს. მაგალითად მშრომელების, უმუშევრების, გლეხების, ფერმერების, წვრილი, ბურჟუაზიის, მსხვილი ბურჟუაზიის(მათი ინტერესების გამომხატველი დღეს მხოლოდ ხელისუფლებაა), ტერიტორიების ძალით ან მშვიდობით დამბრუნებლების… და ა.შ. ამგვარი ინტერესთა დაყოფის არარსებობის გამო ქართული საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია რას ნიშნავს მემარცხენეობა და მემარჯვენეობა,  სოციალ-დემოკრატია, ქრისტიან-დემოკრატია, კონსერვატიზმი, ნეოლიბერალიზმი, ლიბერტარიანიზმი… ანუ ის მიმდინარეობები, რომელთა პოზიციები ხალხის ამა თუ იმ ფენის პრობლემების გადაჭრისადმი უნდა იწვევდეს ხალხისთვის საინტერესო ჭიდილს და ქმნიდეს დისკურსებს, რომელთა მიმართ მოქალაქეთა დამოკიდებულება შემდეგ განსაზღვრავს მომავალი არჩევნების შედეგებს.

ახალი პოლიტიკის შესაქმნელად პირველ რიგში უნდა მოემზადოს საქართველოში მოქმედი თავისუფალი მედია, როგორც ხიდი პარტიებსა და საზოგადოებას შორის და როგორც ამ საქმის ერთადერთი პოტენციური შემსრულებელი.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ჯერ არ არსებობენ ევროპული გაგების პოლიტიკური ძალები, რომლებიც რეალურად გამოხატავენ საზოგადოების სხვადასხვა ფენების ინტერესებს და ემყარებიან გარკვეულ იდეოლოგიურ ბაზისებს. ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ევროპაზე ორიენტირებული, დემოკრატიაზე პრეტენზიის მქონე სახელმწიფო წარმოუდგენელია ევრიპული ტიპის პოლიტიკურ პარტიათა  შორის შეჯიბრებითობის გარეშე. ასევე იმის გათვალისწინებით, რომ დღეს პოლიტიკურ სცენაზე მყოფი პარტიების არსებობა მხოლოდ და მხოლოდ სახელისუფლებო და თავისუფალი მედიის დამსახურებაა, თავისუფალმა მედიამ უნდა შეცვალოს დღის წესრიგი, რაც კონკრეტულ ქმედებებში შემდეგნაირად უნდა გამოიხატოს:

1.      მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს, უკეთესია საერთოდ არ გაშუქდეს პოლიტიკოსობაზე პრეტენზიის მქონე ის პირები ან პირთა ჯგუფები,  რომლებმაც ვერ აჩვენეს  თუ საზოგადოების რომელ ფენებს წარმოადგენენ ისინი.

2.      სრულ საინფორმაციო იგნორში მოექცეს ის ადამიანები, რომელთა პოლიტიკოსობა გამოიხატება მხოლოდ ბიოგრაფიაში არსებული პოლიტიკური აქტივობის გრაფით, მიმდინარე მოვლენების კომენტირებით და არა ღირებული ალტერნატივების წარმოდგენით.

3.      პოლიტიკის გაშუქებაზე მომუშავე ჟურნალისტებმა უარი უნდა თქვან  პოლიტიკურ პარტიებთან ისეთ ურთიერთობებზე, რომლებიც უშუალოდ არ ეხება პარტიის პოლიტიკას, მის იდეოლოგიას და ინიციატივებს. პარტიული აქტიურობა არ ნიშნავს ცნობადი სახეების დაუსრულებელ კომენტარებს კომენტარებზე, უსაფუძვლო ლოზუნგებს, მუქარებს, ჭორაობას და გარდერობის მიმოხილვას.

4.      უნდა შეიცვალოს საზოგადოებაში არსებული დღის წესრიგები და წინ წამოიწიოს ახალი, დროის შესაფერისი დისკურსები. დღეს არსებული ხალხს დაშორებული, ავტონომიური და შიდაელიტური „დისკურსების“ შენარჩუნება შეუძლებელს გახდის საზოგადოებაში პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებას. ამ მოძველებულ, 90-იანი წლების დამახასიათებელ ორღობის პოლიტიკურ ცხოვრებას უნდა ჩაენაცვლოს ისეთი დისკურსები, რომელთა თემები უშუალოდ ეხება ხალხს. სწორედ ეს ჭიდილები უნდა შუქდებოდეს, რასაც გასაგებია, სჭირდება ამ თემებში(შრომა, ჯანდაცვა, სამართალი, სოფელი, განათლება…) გარკვეული ჟურნალისტების არსებობა, რომელთა დეფიციტის აღმოფხვრა მედია საშუალებათა მთავრ მიზნად უნდა იქცეს.

 

5.      საინფორმაციო სივრცეში ლოზუნგიანი პარტიები უნდა ჩანაცვლდეს პროგრამიანი პარტიებით. არ უნდა წახალისდეს  ე.წ. თავკომბალა პარტიები, რომელთა სიცოცხლისუნარიანობა განსაზღვრულია მხოლოდ და მხოლოდ პარტიის ლიდერით და მისი ცნობადობით. ერთ პიროვნებაზე მორგებული პარტია ისეთივე სიმახინჯეა როგორც ერთპიროვნული დიქტატურა.

 

 

6.      თავისუფალმა მედიამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ახალი საზოგადოების მშენებლობაზე, მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკას შეინარჩუნებს სახელისუფლებო მედია. სახელისუფლებო მედია შეეცდება შეინარჩუნოს საზოგადოების ინტერესების არ და ვერგამომხატველი „ოპოზიციური ლანდშაფტი“ რათა მის ფონზე უკეთეს ალტერნატივად წარმოაჩინოს ხელისუფლება.  ამიტომ თავისუფალი მედია დგას ორი ალტერნატივის წინაშე _ ან გაჰყვეს ძლიერი სახელისუფლო მედიის დღის წესრიგებსს და გააგრძელოს იმპოტენტი პოლიტიკური ჯგუფების პერიპეტიების გაშუქება ან უარი თქვას ამაზე.

 

თავისუფალ მედიას არ აქვს უფლება იყოს მხოლოდ სეირის მაყურებელი და გამშუქებელი, რადგან ეს არასერიოზული და არაფრისმომტანი „ჭიქის ქარიშხლები“ არასოლიდარულ და დაბნეულ საზოგადოებაში აჩენს აზრს, რომ სწორედ არსებული სახის პარტიებია ნორმალური პარტიები, არსებული რეჟიმია დემოკრატია, არსებული უსამართლობაა ბედისწერა. ეს შეკრული წრე უნდა გაწყდეს და პირველი ნაბიჯი თავისუფალმა მედიამ უნდა გადადგას, რასაკვირველია საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით.

 

არსებული, მოძველებული და ცარიელი პარტიები ვერ ააშენებენ უკეთეს ცხოვრებას, მათ რომც მოახერხონ სხვადასხვა მეთოდით სააკაშვილის ხელისუფლების მოშორება, ეს არ მოაშორებს სისტემურ პრობლემებს და ხალხს მოუწევს კვლავ ელოდოს ახალი „განმათავისუფლებელი გმირების“ დაბადებას, რომლებიც ყველა შემთხვევაში აუცილებლად გადაიქცევიან ჯერ ტირანებად, შემდეგ რეინკარნირებულ მხსნელებად და მერე მომაბეზრებელ ზომბებად.

 

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ