ეგვიპტის რევოლუცია და საქართველო


იმ დროს, როცა საქართველოს პრეზიდენტი, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ _ წლის განმავლობაში ყველზე მნიშვნელოვანი მოხსენებით გამოდიოდა პარლამენტში, ეგვიპტეში პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა ჰოსნი მუბარაკი.

საინტერესოა, რამ გახადა ეგვიპტის მოვლენები საქართველოში იმდენადსაინტერესო, რომ არათუ მოსახლეობა, მედიაც კი ძლივს აკეთებდა არჩევანს სააკაშვილის გამოსვლის კომენტირებასა და მუბარაკის გადადგომის კომენტირებას შორის. შესაძლოა იმიტომ, რომ როგორც სააკაშვილის მომხრეები, ასევე მისი მოწინააღმდეგეები გრძნობენ, რომ ეგვიპტეში მიმდინარე მოვლენები არაპირდაპირ, მაგრამ მაინც იქონიებს გავლენას მსოფლიოზეც და საქართველოზეც.

რა იყო განსაკუთრებული და განსხვავებული ეგვიპტის და ტუნისის რევოლუციებში? პირველ რიგში ის ფაქტი, რომ ეს რევოლუციები მოაწყო არა აშშ-მ, თავისი „დემოკრატიული ექსპანსიის გეგმებით“, არამედ ამ ქვეყნების ადგილობრივმა მოსახლეობამ, უბრალო ხალხმა. აქ უნდა დავაკონკრეტოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი _ ამ მოსახლეობებს, როგორც ტუნისში, ასევე ეგვიპტეში არ ყავდათ ოპოზიციური ბელადები. არ ჩანდნენ პოლიტიკური ან რელიგიური ჯგუფები, რომლებიც მოუწოდებდნენ ან უხელმძღვანელებდნენ ხელისუფლების თავგასულობით უკმაყოფილო ხალხის მასებს. რევოლუციები მოხდა ხალხის მასებიდან რაც აბსოლუტურად განსხვავდება სხვა, აქამდე ცნობილი რევოლუციებისგან. საფრანგეთის რევოლუციას ყავდა ბელადები, სოციალისტურ რევოლუციას რუსეთში ასევე ყავდა ბელადები, ჩინეთის, კუბის და ირანის რევოლუციასაც ყავდა გამოკვეთილი ლიდერები და პოლიტიკური ელიტები, ე.წ. „ფერად რევოლუციებს“ სერბეთში, საქართველოში, უკრაინასა და ყირგიზეთში არა მარტო მართავდნენ პოლიტიკური ჯგუფები ადგილებზე, არამედ სამივეს აერთიანებდა კავშირი აშშ-ს სპეცსამსახურებთან, სამივე იყო იდენტური, ერთი სცენარით დაგეგმილი და ერთი მიზნისთვის _ აშშ-ს ინტერესების გამყარებისთვის განხორციელებული. ყველა ჩამოთვლილ რევოლუციაში, განსაკუთრებით კი „ფერად რევოლუციებში“ ხალხი გამოყენებული იქნა როგორც საშუალება გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების და მათი იდეების გასამარჯვებლად, რათქმაუნდა ყველა მათგანი მიმდინარეობდა ხალხის ინტერესებზე ზრუნვის ლოზუნგით, მაგრამ რეალურად ხალხი არაფერ შუაში იყო, მიზანს წარმოადგენდა კონკრეტული ჯგუფების მოსვლა ხელისუფლებაში.

ტუნისის და ეგვიპტის ხალხმა კარდინალურად შეცვალა სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც რევოლუციას ყოველთვის მართავენ გაბატონების მსურველი მცირე ჯგუფები და საქმით დაამტკიცა, რომ შესაძლებელია ხალხმა რევოლუციით, სახალხო ამბოხით, ყოველგვარი მართვისა და ბელადების გარეშე მოიშოროს მმართველი ჯგუფების დიქტატი. არა აქვს მნიშვნელობა ვის აირჩევს ტუნისელი ან ეგვიპტელი ხალხი _ ფუნდამენტალისტურ თუ დემოკრატიულ მმართველებს, რადგანაც თუ ხალხმა მოახერხა ორგანიზების გარეშე დაესრულებინა არცთუ სუსტი მმართველი ჯგუფი, ის ამას მოახერხებს შემდეგშიც. დემოკრატია პირველ რიგში ნიშნავს არა იდეურ და მორალურ ღირებულებათა ამათუ იმ კომბინაციას(რის გამოც დემოკრატიის ამგვარი გზით ახსნა, მისი მრავალფეროვნების გამო ფაქტიურად შეუძლებელია), არამედ ხალხი მმართველობას, ხალხის ბატონობას სახელმწიფოში. უზნეობაა ხალხის არჩევანის დანახვა საკუთარი, თუნდაც ქვეყნის მასშტაბის ინტერესების პრიზმიდან. დღეს ხშირად გაიგონებთ _ ჩვენ არ გვაწყობს მუბარაკის წასვლა, იმიტომ რომ მის ადგილზე შესაძლოა მოვიდნენ „მუსლიმი ძმები“ რომლებიც შესაძლოა კავშირში არიან ალ-ქაედასთან. _ ისრაელს არ აწყობს მუბარაკის წასვლა, იმიტომ, რომ ფუნდამენტალისტების მოსვლის შემთხვევაში ისრაელი ისლამის ალყაში მოექცევა, _ რომელიმე ადამიანს არ მოსწონს, იმიტომ რომ ეგვიპტეში შეიძლება ვეღარ დაისვენოს იაფად. რამდენი იაფად დასვენების მოსურნე ფიქრობდა ეგვიპტელ ხალხზე, როცა ზღვის პირას ირუჯებოდა? ან რატომ უნდა იდარდოს ეგვიპტელმა ან ტუნისელმა იმაზე, შედის თუ არა მისი მოქმედება ან უმოქმედობა საქართველოს, ისრაელის, ამერიკის ან გონდურასის ინტერესებში? ეგვიპტე ეკუთვნის ეგვიპტის მოსახლეობას და მხოლოდ ამ მოსახლეობის საქმე და პასუხისმგებლობაა მისი მომავალი არჩევანი.

სხვა ქვეყნების ძალით დემოკრატიზაციის გეგმები ათწლეულობით ქონდა მსოფლიოში უძლიერეს სახელმწიფოს _ ამერიკას. აშშ-მ მოაწყო „ფერადი რევოლუციები“ ევროპაში, იარაღით ამყარებდა დემოკრატიას ვიეტნამში, ერაყში, ავღანეთში და ცენტრალურ ამერიკაში, მაგრამ ეს გეგმა ჩაიშალა. დღეს აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია ცდილობს შეცვალოს წინამორბედის პოლიტიკა და არ ერევა ამა თუ იმ ქვეყნის შიდა საქმეებში. შესაძლოა ობამა მიხვდა, რომ შეუძლებელია „ამერიკული დემოკრატიის“ უნიკოდად ქცევა და მისი უცვლელი დანერგვა სხვა კულტურებში. დემოკრატია ვერ იქნება უნიფიცირებული ვერასდროს, ხოლო თუ გაგრძლდება ამის ჯიუტი და ძალისმიერი მცდელობა, მაშინ დემოკრატია გადაიქცევა უნივერსალური ტოტალიტარიზმის მანქანად, რომლის საჭესტან ვერ აღმოჩნდება ვერცერთი დემოსი, მათ შორის აშშ-ს მოსახლეობა. იმ „უნივერსალურ დემოკრატიას“ ეყოლება მმართველი პოლიტიკური ან რელიგიური ჯგუფი, რაც უკვე გამორიცხავს დემოკრატიას. ტუნისმა და ეგვიპტემ დაადასტურეს, რომ მსოფლიოში შესაძლებელია არსებობდეს არამართული, ავტონომიური და არანაკლებ ქმედითი დემოკრატიები.

ვინ იხეირებს და ვინ იზარალებს ეგვიპტის და ტუნისის ნამდვილი, სახალხო რევოლუციებით? ამის თქმა ჯერჯერობით რთულია, უფრო ადვილია იმის ვარაუდი, რომ ამ რევოლუციებში იმედს დაინახავენ სხვა ქვეყნების ხალხები, მათ ექნებათ იმის მაგალითი, რომ არაა აუცილებელი ელოდონ ახალ ბელადებს, მათ გარემოში არსებული სხვის მაგივრად მოფიქრალი ოპოზიციური ჯგუფების გაძლიერებას, წინამძღოლებს და ა.შ. რომ ხალხი ცხვარი არაა, და მას მწყემსი არ სჭირდება, რომ ხალხს, საკუთარი სოლიდარობით შეუძლია მოერიოს ყველაზე ორგანიზებულ და საშიშ ძალასაც კი. ლენინის თეორიის თანახმად რევოლუცია შესაძლებელი იყო მაშინ, როცა მმართველ ჯგუფს აღარ შეუძლია ძველებურად მართვა(ანუ ის დასუსტებულია), ხოლო მართულ ხალხს აღარ უნდა ძველებურად ცხოვრება(ანუ ის ცვლილებებს ითხოვს). ტუნისის და ეგვიპტის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ ლენინის ფორმულა მოძველდა. რევოლუციისთვის საკმარისია ხალხში ცვლილებების მოთხოვნის სოლიდარული გრძნობა და ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის სოლიდარული მოქმედება. შესაბამისად, არ არის აზრს მოკლებული იმის ალბათობა, რომ ტუნისი და ეგვიპტე საფუძველს ჩაუყრის სხვა სახალხო რევოლუციებს სხვა ქვეყნებში. რასაკვირველია ამ საფრთხეს გრძნობენ მსოფლიოს სხვა ქვეყნების მმართველები, განსაკუთრებით ის პოლიტიკური თუ რელიგიური ჯგუფები, რომლებიც ფსევდორევოლუციებით არიან მოსული ხელისუფლებაში, მათ შორის არის საქართველოს ხელისუფლებაც, რომელიც ყველანაირად ცდილობს ან არ გაამახვილოს ყურადღება ეგვიპტეზე, ან თქვას, რომ ის რაც მოხდა ეგვიპტეში ამ დღეებში, არის იგვივე, რაც  მოხდა საქართველოში წლების წინ, „ვარდების რევოლუციის“ სახით. ეს არის სიცრუე. არ არსებობს არანაირი პარალელი ეგვიპტის რევოლუციასა და „ვარდების რევოლუციას“ შირის. „ვარდების რევოლუცია“ იყო ამერიკელი ნეოკონსერვატორების გეგმით განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალება, რომელსაც მეთაურობდა არა ხალხი, არამედ პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ხელისუფლებაში იმყოფება 1995 წლიდან. ამ ჯგუფმა უბრალოდ მოიშორა თავისი ოფიციალური ლიდერი და მოახდინა ხელისუფლების სრული კონცენტრაცია. რაც შეეხება „ვარდების რევოლუციაზე“ ავტობუსებით მიყვანილ და ხშირად ნაყიდ „მასოვკას“, ეს „მასოვკა“ ამ პოლიტიკურ ჯგუფს სჭირდებოდა მხოლოდ რევოლუციის ანტურაჟის შესაქმნელად იმ კონკრეტულ პერიოდში. „ვარდების რევოლუცია“ ხალხს რომ მოეწყო, ეს ხალხი ვერ აიტანდა გადაგდებას ხელისუფლებისგან და არ შეეგუებოდა იმას, რასაც დღეს იძულებულია შეეგუოს. მოკლედ საქართველოში არანაირი რევოლუცია არ მომხდარა. ამიტომაც, საქართველოს, და საქართველოს მსგავსი სხვა ქვეყნების მმართველებისთვის ეგვიპტის და ტუნისის მაგალითი არის საფრთხე, იმდენად გლობალური, რომ საფრთხეს უქმნის მსოფლიო მართვის სისტემას. წარმოიდგინეთ, საუკუნეების განმავლობაში, პოლიტიკური და რელიგიური ჯგუფები სპეკულირებდნენ რელიგიის, ეთნოსის, კლასების, პატრიოტიზმის ცნებებით რათა შეენარჩუნებინათ ფორმულა „უმცირესობისგან უმრავლესობის მორჩილებაში ყოლა“ და დღეს ეს ფორმულა ბზარებს იჩენს. ეს საფრთხე უფრო დიდია, ვიდრე „ვიკილიქსის“ მიერ მსოფლიოსთვის დანახული რეალობა, რომელშიც მმართველი ჯგუფებისთვის მსოფლიო ხალხები არიან სტატისტიკა და საშუალება. შესაძლოა „ვიკილიქსმა“ ხალხს დაანახა მმართველების რეალური განწყობა, მაგრამ ეს ხელს არ უშლის მმართველებს მართონ მართულები. მაგრამ ბოლო რევოლუციები, წარმატებული რ
ევოლუციები უკვე არის სიგნალი _ მართულები შეიძლება აუჯანყდნენ მმართველებს და დაამხონ ისინი.

არაა, გამორიცხული, რომ არსებული წესრიგის შესანარჩუნებლად მსოფლიოს მმართველები შეეცდებიან დასაწყისშივე ჩაკლან ეგვიპტესა და ტუნისში დაწყებული საფრთხე და ყველანაირად შეეცადონ, რომ ეს ორი ქვეყანა უახლოეს მომავალში ჩაეფლოს ქაოსსა და სისხლისღვრაში, რათა დანარჩენმა ხალხებმა არ აიტაცონ მაგალითი და კვლავ იფიქრონ, რომ მათ მაგივრად მმართველების ფიქრი უკეთესია, რომ ისინი თავისუფალი ადამიანები კი არა ცხვრები არიან.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ