დემოკრატიის კრიზისი, მსოფლიო „დიადი 30 წლეულის“ მოლოდინში

უტა ბიწაძე

არავინ იცის კარგია ეს თუ ცუდი, მაგრამ ცხადია, რომ მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტები მასიურმა დესტაბილიზაციამ შეარყია.  დღესაც  30–იანი წლების მსგავსად მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს ებრძვის, რაც ნეოლიბერალიზმისა და ნეოკონსერვატიზმის შედეგია.

ისევე, როგორც 70 წლის წინ დღესაც დემოკრატია კრიზისს განიცდის, მაშინ სახელმწიფოებმა შეძლეს არსებული წესრიგის ტრანსფორმაცია და მსოფლიო დემოკრატიის გადასარჩენად  „საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოები“ შექმნეს; რისი გამეორებაც აუცილებელია და რაზეც ფიქრობენ კიდეც პოლიტიკურ, ფინანსურ თუ სამეცნიერო სფეროში მოღვაწე მსოფლიო ლიდერები.

1929 წელს, დაწყებული მასიური ეკონომიკური ვარდნა, რამაც 1933 წელს პიკს მიაღწია; ეკონომიკის თეორეტიკოსების აზრით გამოწვეული იყო მონეტარული პოლიტიკის არასწორი მართვით. უამრავი ადამიანი, რომელიც ჩვეულებრივ ცხოვრობდა, ჰქონდა სამუშაო და ეწეოდა აქტიურ ცხოვრებას, დეპრესიის წლებმა, ეს ხალხი უეცრად  „ბოგანოებად“ და მაწანწალებად აქცია.

მარქსი წერდა, რომ კაპიტალიზმის დიდი კრიზისი გარდაუვალია.  ის ამბობდა, რომ კაპიტალიზმმა ჩაანაცვლა ფეოდალიზმი და სჯეროდა, რომ სოციალიზმი ჩაანაცვლებდა მე–16 მე–19 საუკუნეში დამკვიდრებულ დომინანტურ ეკონომიკურ სისტემას, რომელიც თანამედროვე სახელწოდებით, კაპიტალიზმის სახელით არის ცნობილი.

მარქსის „წინასწარმეტყველება“ ინტერნაციონალური, ორგანიზებული მოძრაობის შესახებ, შეიძლება ითქვას რომ მთელ მსოფლიოში გამართლდა. როგორც ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, მეორე მსოფლი ომის შემდეგ ფართო საზოგადოებრივი კონსესუსით, სოციალური კონტრაქტით, მსოფლიომ აღიარა „საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს“ სისტემის მნიშვნელობა. ის არსებობდა მსოფლიო ომის შემდგომ 30 წლის განმავლობაში,  რაც „დიადი 30 წლეულის“ სახელით არის ცნობილი.

ის, რომ იდეოლოგიების სტაბილურობას წლები ცვლის, ნათლად გამოჩნდა 1970 წლის ბოლოს, როცა „დიადი 30 წლეული“ დასრულდა. 1980–იანი წლების შემდეგ მსოფლიოში ნეოლიბერაული წესრიგი მკვიდრდება, რომელმაც 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დადგომით ამოწურა თავის შესაძლებლობები.

დღეს მსოფლიოში დაწყებული მოძრაობები, რომლებიც სხვადასხვა ფორმებით ხასიათდება, არის საშუალო კლასის მოძრაობები. თუმცა ამ პროცესში შეიძლება აღმოვაჩინოთ მცირედი განსხვავება, დასავლეთსა და იმ არაბულ ქვეყნებს შორის, სადაც დემონსტრაციები რევოლუციით დაგვირგვინდა.

ორივე შემთხვევაში საწყისი დემოკრატიის ძიება იყო. ერთგან არ არსებულის დაკანონება, მეორეგან არსებულის კრიზისი; მაგრამ დასავლეთის პროტესტი გამოიწვია უმნიშვნელოდ დაწყებულმა ეკონომიკურმა რყევამ, რომელიც მათ პირად ჯიბეზე აისახა; მოსახლეობა ცხოვრობდა კარგად, თუმცა ერთ დღეს, სირთულეები შეექმნათ ჩვეული ცხოვრების გაგრძელებაში. ხოლო არაბულ ქვეყნებში რევოლუციის მთავარი მიზანი დემოკრატიის მოპოვება გახდა. ამ ქვეყნებში პურზე მეტად ადამიანებს შელახული ღირსების და დაკარგული ღირებულებებისა და ფასეულობების  დაბრუნება ჰქონდათ განზრახული.

და ბოლოს, მე–XX საუკუნის 30–იან წლებსა და დღევანდელ ვითარებას შორის პარალელების გავლება შესაძლებელია. ისევე, როგორც მაშინ დღესაც მსოფლიოში არსებული ვითარება გასცდა ეკონომიკურ კრიზის, რომელმაც მოიცვა საზოგადოებრივი და პოლიტიკური სფეროც.

დღეს მსგავსად 30–იანი წლებისა, მასიურმა დესტაბილიზაციამ შეარყია სახელმწიფო ინსტიტუტები და არსებული წესრიგის ლეგიტიმურობა. ნეოლიბერალური წესრიგის დასასრულს არა მარტო ის ადამიანები ხედავენ, რომლებიც ქუჩაში გამოდიან თავიანთი უფლებების დასაცავად, არამედ ისინიც, რომლებიც წლების განმავლობაში ქმნიდნენ დღევანდელ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სივრცეს. (მაგალითები შეიძლება ვეძიოთ ამერიკის, საფრანგეთის გერმანიის სახელმწიფო მეთაურების გადაწყვეტილებებში. ასევე იმ ბიზნეს ელიტებში, რომლებიც ძირითად რგოლს წარმოადგენენ დღევანდელი კაპიტალიზმისას.  უორენ ბაფეტი, ბილ გეითსი, ჯორჯ სოროსი და სხვები.)

ექსპერტების აზრით დღეს ორი გზაა აქვთ წამყვან სახელმწიფო მეთაურებს: ხალხს შეუქმნან ეკონომიკური „კეთილდღება, მაგრამ გარიყონ ისინი პოლიტიკური ცხოვრებიდან, ან მთავრობამ და ხალხმა (ბიზნეს ელიტების წარმომადგენლებმა) გადაინაწილონ პასუხისმგებლობა, სადაც მთავრობამ უნდა შექმნას  პირობები და აღასრულოს დემოკრატიის მთავარი პრინციპი; ხალხი იღებს გადაწყვეტილებებს და ერთვება პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ აქტივიზაციაში.

სოკრატე ამბობდა „მშვენიერება არ არის იქ, სადაც, არც სიკეთეა და, არც სარგებელი”. დღევანდელი მსოფლიო წესრიგი სწორედ ამისთვის იმსახურებს აუცილებელ ცვლას. დღეს მსოფლიო ახალი „დიადი 30 წლეულის“ მოლოდინშია, რომლის მიღწევის შემდეგ მნიშვნელოვანია მისი, უფრო დიდხანს შენარჩუნება. 

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ