პოსტმოდერნი ნელ-ნელა გუშინდელი მიმართულება ხდება. მოდერნი კი გუშინწინდელი. იოლად ამოსაცნობი თეზაა. თუმცა საქართველოში პოსტმოდერნი რიგიანად არც არის დამკვიდრებული. მხოლოდ ახლა იწყებენ ლაპარაკს ენდი უორჰოლზე, რობერტ მეიპლთორპს ჯერ ჩუმად თუ ახსენებენ სამზარეულოში. მსოფლიო კი წინ მიდის. დღეს უკვე ბევრი პოსტმოდერნული ღირებულება მოძველებულია.
მოდერნს ახასიათებდა დოგმატური ერთსულოვნებისა და ერთნაირობის ძიება – სადაც დაჟინებით და ძალისმიერად გვეუბნებოდნენ რომ ერთადერთი საკითხი კლასობრივი ბრძოლაა და ჩვენს ან ბურჟუაზიის მხარეს უნდა ვმდგარიყავით ანაც პროლეტარიატის. ბოლოს აღმოჩნდა რომ ღარიბი ადამიანების უმრავლესობა არ იყო პროლეტარი – მას არასდროს უმუშავია დიდ ურბანულ სივრცეებში და საერთოდაც არ ჰქონია ასეთი ადგილი ნანახი. აღმოჩნდა რომ სიტყვა პროლეტარი არ იყო რეალობის ადექვატური.
ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 70-იან წლებში ნოამ ჩომსკიმ სიტყვა პროლეტარს Drop-ი გაუკეთა. დაახლოებით იმავე დროს მიშელ ფუკომ აღმოაჩინა რომ ალი შარიათის მოძღვრება არანაკლებ რევოლუციური იყო ვიდრე ლენინის ან მითუმეტეს სტალინის ტომები და ირანში დატრიალებულ ამბებს 'სულიერი რევოლუცია' უწოდა. პოსტმოდერნი ერთგვარი ხიდი იყო მოდერნის კრახსა და ახალ სინამდვილეს შორის, რომელიც კარგა ხანს გაგრძელდა. მაგრამ უსასრულო არაფერია.
პოსტმოდერნმა ბევრი სასარგებლო დაგვანახა. მეც პოსტმოდერნის დროს გავიზარდე, ისევე როგორც ყველა ჩემი თანატოლი. მამაჩემიც, საკუთარი ცხოვრებით თუ ფილოსოფიით პოსტდმოდერნს ეკუთვნოდა – მისი კოლეგები და მეგობრებიც: თამაზ ბუაჩიძე, მერაბ მამარდაშვილი და სხვები. მათგან ბევრი საინტერესო ვისწავლე – შემიძლია ვთქვა რომ მათ ჩემთვის მოდერნს მიწა მიაყარეს და ეს სასარგებლოც იყო. ის მოდერნი, რომელიც 1970-იან წლებში გოგმანებდა ჩვენში უკვე აღარ იყო სიცოცხლის ღირსი. მარქსის კაპიტალის საბჭოთა 'ინტერპრეტაცია' სრული სისულელე იყო – ამას არცერთი სერიოზული მარქსისტი მეცნიერიც კი სერიოზულად არ იღებდა. სწორედ ამიტომ, პოსტმოდერნი საჭირო და აუცილებელიც იყო – აუცილებელი იყო ის კრიტიკული თვალი, რომელიც ძველ მოდერნს დეკონსტრუქციას გაუკეთებდა – დაშლიდა – სწორედ იმისათვის რომ ახლიდან აეწყო ის.
საბჭოთა იდეოლოგიის მთავარი სისულელე ის იყო, რომ ის სრულიად უაზროდ გვიმტკიცებდა რომ ცნობიერება და სულიერება ან აბსოლუტურად არ არსებობს ანაც მთლად მეორეხარისხოვანია. დიახაც, მე იმ დროს გავიზარდე როდესაც მატერიალიზმს ასე იდიოტურად ასწავლიდნენ – და მიხარია. მიხარია, იმ მიზეზის გამო, რომ სწორედ ამიტომ გამიჩნდა პროტესტი მატერიალიზმის მიმართ და ჩუმად დავიწყე აკრძალული ხილის ჭამა: ეკლესიაში სიარული, მერე კი დავეწაფე ხელოვნებას – 'დეკადენტურ ხელოვნებას' – 'ყალბი სულიერების' კიდევ ერთ წყაროს.
ის, რაც საბჭოთა კავშირში ასეთი სრულებით იდიოტური წესით ლამისაა ძალმომრეობით ისწავლებოდა – დასავლეთში ცხოვრების სტილი იყო. კაპიტალიზმში მატერიალიზმი ჩვეულებრივი რამაა – აქ თვით ეკლესიების უმრავლესობაც მატერიალისტურია. როგორც კირკეგორმა დიდი ხნის წინ დაწერა – ეკლესია ერთ-ერთი ბიზნესია, რომლის მთავარი მიზანი შემოსავლის მოტანაა. ეს სისტემა ყველაფრის მიმართ მომხმარებლურ დამოკიდებულებაზე დგას. ანუ აქ ნამდვილი ღმერთი არის ნივთი – ის რისი შეძენაც შეიძლება – და რაღა თქმა უნდა ფული – სიმდიდრის მთავარი ნიშანი. 'წარმატებული' აქ იმას ჰქვია ვინც მეტი ფული ნიშანი დააგროვა – არა აქვს მნიშვნელობა ეს ფული იარაღის ან ნარკოტიკის ვაჭრობით აქვს მიღებული, მონური შრომის ექსპლუატაციით თუ უბრალო კომივოიაჟეწრობის წყალობით. საბჭოთა იდიოტური მატერიალიზმი ვერც კი წარმოიდგენდა იმ სიმაღლეებს, რომელსაც კაპიტალისტურმა მომხმარებლობამ მიაღწია. იქ, სადაც ომიც ბიზნესია, სექსიც, ჭამაც, მეგობრობაც, სიტბოც, სიყვარულიც, ძალაუფლებაც და უუფლებობაც – მატერიალიზმი და მერკანტილიზმი ძალიან ჭკვიანურად მოქმედებენ. ეს სისტემა ამას პირდაპირი ძალადობით არავის ასწავლის – აქ ძალადობა ბევრად უფრო უხილავია – ის სტრუქტურულიცაა და კულტურულიც. ჩემთვის დაუვიწყარია ერთი ჩემი ღრმად მორწმუნე ევანგელისტი მეგობრის ფრაზა, რომელიც მან საკუთარი შვილის აღზრდის პროცესზე მითხრა: 3 წლიდან ვასწავლით ბავშვს ლოცვას და ფულის მენეჯმენტსო! ეს ლოცვაც ფულის მენეჯმენტს უკავშირდება. ალბათ ეს არის მაქს ვებერის პროტესტანტული ეთიკა. კაპიტალიზმი საოცარი ნიჭიერებით იგონებს მატერიალიზმის და ნივთმოყვარეობის გავრცელების საშუალებებს. ამას არანაირი მეცნიერული კომუნიზმის წიგნები და დოგმატური ლექტორები არ სჭირდება – ამას სისტემა თვითონ აკეთებს. აკეთებს ისე კარგად რომ 'ფულის მენეჯმენტი" (რაც ხშირად სხვა ადამიანის დამონებასაც ნიშნავს, რასაც ჯონ სტაინბეკი ირონიულად Sound Business-საც უწოდებდა) ლოცვის ნაწილი ხდება – ან პირიქით ლოცვა ხდება "ფულის მენეჯმენტის' ნაწილი.
სწორედ, ამაშია რომ დოგმატური მარქსიზმ-ლენინიზმი ცდებოდა – ცნობიერება არ არის მეორეხარისხოვანი. მარქსის ნაწერების კარგი ანალიზი არ არის საკმარისი რომ საჭირო ჰერმანევტიკა გამოვიტანოთ მისი ესქატოლოგიიდან. სწორედ პოსტმოდერნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფილოსოფოსს, ჟაკ დერიდას ეკუთვნის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ნაშრომი მარქსზე. 1993 წელს, როდესაც უკვე საბჭოთა კავშირის პანაშვიდიც და დასაფლავებაც გადახდილი იყო და 40-მაც და წლისთავმაც კი ჩაიარა, დერიდამ დანიშნა თავის წიგნის პრეზენტაცია ირვაინის უნივერსიტეტში კალიფორნიაში, სადაც ის ლექციებს კითხულობდა. 'მარქსის აჩრდილების' პრეზენტაციას ბევრი ელოდა – პროგრესულიც და კონსერვატორიც. დერიდასგან, რომელიც დეკონსტრუქციისა და 'დიფერანსის' მამა იყო, და რომელიც ხშირ შემთხვევაში ეპაექრებოდა კრიტიკული თეორიის, ფრანკფურტის სკოლის და სხვა მარქსისტ ფილოსოფოსებს, ყველა ელოდა საკუთარ ძალებში დარწმუნებულ ტრიუმფალურ გამარჯვების ჰიმნს მსოფლიო კომუნიზმის დამარცხებასთან დაკავშირებით. კონსერვატორები, რომლებმაც პოსტმოდერნის მიერ დოგმატური მარქსიზმის კრიტიკა თავის სახეიროდ გამოიყენეს ლამისაა რეიგანის განდიდებას ელოდნენ დეკონსტრუქციის მამისგან. და ამ დროს დერიდა გამოდის თავის გენიალური აჩრდილებით. მარქსის დეკონსტრუქცია, რომელიც დერიდამ გააკეთა, მსოფლიოს პოლიტიკური ფილოსოფიის ისტორიაში ერთ-ერთი უბრწყინვალესი ნაშრომია. არსად ასე ცხადად და ნათლად არ გამოუთქვამს დეკონსტრუქციის მამას თავისი ფილოსოფიური მრწამსი. სწორედ ის იყო პირველი, ვინც შექსპირის ჰამლეტთან მიდის, (ამის შემდეგ ტერი იგლტონი ამას ბევრჯერ გააკეთებს და შექსპირის სხვა პერსონაჟებსაც გააცოცხლებს მარქსთან მიმართებაში). სწორედ აქ აცხადებს დერიდა პირველად რომ მარქსმა მოახდინა "გაუცხადებელის გაცხადება' (apparition of in-apparent) ანუ მან დაინახა მარქსის ლანდი მეტაფიზიკურ ტერიტორიაზე. მან სწორედ ის დაინახა, რაც იქამდეც ცხადი უნდა ყოფილიყო. ადამიანი, რომელმაც მთელი საკუთარი ცხოვრება ღარიბებზე და მიტოვებულებზე ფიქრს და მუშაობას მიუძღვნა, შეუძლებელია რომ ბოლო სულიერების გარეშე ყოფილიყო. მიუხედავად იმსია რომ მარქსი, ცნობიერებას მეორადად მიიჩნევდა – ის თვითონ ქმნიდა ცნობიერებას – ის თვითონ იყო ჰეგელიანური ცნობიერების მემკვიდრე. მისი დიალექტური მატერიალიზმი არსებული რეალობისადმი მწვავე პროვოკაციული პროტესტი უფრო იყო, ვიდრე მისი ნამდვილი სულიერი მდგომარეობა.
დერიდამ მარქსში, ისევე როგორც ფროიდში, კაფკაში ამოიცნო 'აჩრდილი' ან სულაც სული. დიახ, მარქსში იყო სული და ამ სულს ეკუთვნის მომავალი. საერთოდ, მომავალი 'სულებს' ან 'აჩრდილებს' ეკუთვნის. ის რაც გაიცხადებელია, გაცხადდება. დერიდამ ბრძნულად იწინასწარმეტყველა სატელეკომუნიკაციო რევოლუცია. ახლა ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთის ხილულ 'სულებს' ათასობით კილომეტრზე ველაპარაკოთ კომპიუტერის საშუალებით. ახლა უკვე ტელეფონშიაც არის ჩამონტაჟებული კამერა, რომელიც ჩვენს 'სულს' იღებს და გადასცემს, ატვიტერებს, აფეისბუქებს, აგუგლებს და ასე შემდეგ. ჩვენი 'ლანდები' სხვადასხვა ინტერნეტ სივრცეებში დახეტიალობენ. და აქ, ჩვენს გვერდზეა 'კომუნიზმის აჩრდილი'. ის არსად არ დაკარგულა – ის კვლავაც ჩვენთან არის. ოღონდ ის სხვა ფორმით არის განსხეულებული – მას ფსევდო-მატერიალური და მეტაფიზიკური ფორმა აქვს. მისი დისკურსი ჰამლეტის მამის საუბარს ჰგავს – ის გვახსენებს რომ ამ ქვეყანაში რაღაც არ არის რიგზე.
{youtube}0nmu3uwqzbI{/youtube}
დერიდამ, სწორედ საბჭოთა კავშირის 'დასაფლავების' შემდგომ დაინახა მარქსში და მის აჩრდილებში სულიერება. სხვანაირად გამორიცხულია რომ დაწერილიყო 'მანიფესტო'. ამას ინტუიტურად ბევრი მეცნიერი გრძნობდა და წერდა კიდეც ალბათ. ჰერბერტ მარკუზეც, ვალტერ ბენიამინიც, ადორნოც, ალთუსერიც, მაგრამ დერიდამ ეს საუკეთესოდ ჩამოაყალიბა. დიახ, მარქსმა მოახდინა 'გაუცხადებლის გაცხადება', რითაც საკუთარი გზა ნახა თავისუფლების მეტაფიზიკაში.
სულიერება თანაგრძნობის დიდი ნაწილია. სხვა ადამიანის სიცოცხლით ცხოვრება წარმოუდგენელია სულიეების და ცნობიერების გარეშე. სხვადასხვა ადამიანში ეს სულიერება სხვდასხვანაირად ვლინდება. შესაძლებელია, მისი გამოჩენა ხელოვნების საშუალებით მოხდეს – შეიძლება მეცნიერებით – შეიძლება უბრალოდ სხვა ადამიანების სიყვარულით, რაც ალბათ ყველაზე დიდი ნიჭია. დღეს, ჩვენ ნათლად ვხედავთ რომ ცნობიერება ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია – ხშირად სწორედ ცნობიერებაა, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს ყოფას.
ისიც უნდა ვთქვათ რომ დღევანდელი კაპიტალიზმის იმ უზომო ძლიერებას პირველ რიგში სწორედაც რომ ცნობიერება განსაზღვრავს. რა თქმა უნდა ცნობიერების ამ ფორმას მე სულიერებას ვერ დავარქმევ, ისევე როგორც მიშელ ფუკო. მიშელ ფუკო 'ბურჟუა მენტალიტეტზე' ზემოთ აყენებდა პრაქტიკულად ყველა ალტერნატივას – სწორედ ამიტომაც იყო, რომ ირანის რევოლუციის მხარდამჭერი აღმოჩნდა. სიკვდილამდე, ანუ 1984 წლამდე, ფუკო არ თქვა რომ ისლამური რესპუბლიკა 'ბურჟუა მენტალიტეტზე' უარესია. ძალიან საინტერესოა, რომ ისევე როგორც დერიდასთვის ფუკოსთვისაც ცნობიერება იყო მთავარი განმსაზღვრელი ყოფიერების. სწორედ ამიტომაც იყო, რომ ის გამოდიოდა 60 წლებში აქტივისტად სარტრთან და სხვა მარქსისტებთან ერთად.
რა არის ბურჟუა (ან ბიურგერულ) ცნობიერებაში ისეთი, რაც ასეთ პროტესტს იწვევდა ფუკოში, დერიდაში, სარტრში, ალთუსერში, მერლუ პონტიში და ბევრ სხვა მოაზროვნეში? რატომ არის რომ ეს ცნობიერება, რომელიც თითქოს ყოფიერებას ეყრდნობა, ასეთი გამაღიზიანებელია ბევრი დიდი მოაზროვნისათვის.
{youtube}USsUQUTpYyA{/youtube}
სწორედ ეს არის მთავარი საკითხი.
ცხადია, რესურსების უკმარისობა კაცობრიობის ისტორიის გარკვეულ ეტაპებზე ბუნებრივი მდგომარეობა იყო. მაგრამ ამასთან ერთად არსებობდა სიუხვის პრეცენდენტები. ადამიანის კრეატიულობა მშვიდობიან დროს ახერხებს იმას რომ საზოგადოება გადალახავს რესურსების სიმწირეს და ქმნის იმხელა დოვლათს, რომ ეს ყველასთვის საკმარისია. ანუ სიუხვე მატერიალურად მიუწვდომელი არ არის. სწორედაც რომ ცნობიერებაა ის, რომელიც ბლოკავს და აკავებს ამ კრეატიულ სიუხვეს. ამ ცნობიერებას მოკლედ შეიძლება ანტი-სულიერებაც დავარქვათ. სწორედ ამ ცნობიერების გამოა რომ ბურჟუა კლასი, ფუკოს თანახმად, რეპრესიულ აპარატს ქმნის, რომლის ნაწილია არა მარტო პოლიცია და ჯარი, არამედ ფსიქიატრების არმიაც, რომელიც არასასურველ ადამიანებს 'გიჟებად' აცხადებს და ფსიქიატრიულ ციხეებში უკრავს თავს ანკი სრულ მარგინალიზებას უკეთებს საზოგადოების თვალში.
ბურჟუა საზოგადოებამ შექმნა დიდი რეპრესიული მექანიზმები განმანათლებლობის ეპოქაში. მან გადაწყვიტა დაემორჩილებინა აჯანყებული აზრი სხვადასხვა რეპრესიული მექანიზმებით. შეიქმნა ღარიბების ჩაგვრის ისნტრუმენტები. და ნეოლიბერალურმა პროპაგანდამ ყველაფერი ეს ადამიანის 'ბოროტ ბუნებას' დააბრალა.
{youtube}WveI_vgmPz8{/youtube}
არის თუ არა სიტუაცია გამოუსწორებელი? ფუკო თვლიდა რომ უკლასო საზოგადოებაში უკვე სულ სხვა ტიპის პრობლემები წარმოიშობა და თავისთავად სამართალიც დაკარგავს აზრს. ადამიანის ბუნებაც სრულებით გაუგებარი ფენომენია – ანუ ის დამოკიდებულია გარემოებებზე. ბურჟუა საზოგადოებამ კი შექმნა ის პოლიციური მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს მის არა მხოლოდ ბატონობას, არამედ მისი ბიოპოლიტიკური ინტერესების გატარებასაც კი. ეს სისტემა უკვე ყოველი ჩვენთაგანის სახლშია შემოჭრილი და ყველა ჩვენს მოძრაობას აკონტრილებს. ამ შემთხვევაში უკვე ეს სისტემა ადამიანებზე ძლიერია. ის თავისით შობს ელიტზიმს და ექსკლუზივიზმს. მაგრამ, ფუკოს ამ არგუმენტს მშვენივრად პასუხობს ანარქისტი ჩომსკი, რომელიც კიდევ ერთხელ იშველიებს ადამიანის სულიერ თვისებებს იმისათვის, რომ მას დაუტოვოს სამართლიანობის იმედი.
{youtube}S0SaqrxgJvw{/youtube}
მეოცე საუკუნის 70-იან წლებში ბევრი საინტერესო დებატი გაიმართა ამ საკითხებზე. ამ საუბრებში გამოიკვეთა მთავარი საკითხი: კლასობრივი პრობლემის გადაწყვეტა სულიერების გარეშე შეუძლებელია.
ცხადია, გამოსავალი არ არის კლასობრივი საკითხის იგნორირებაში, როგორც ამას ლიბერალები აკეთებენ. ცხადია, არა. მაგრამ, მატერიალიზმი – დიალექტიკური თუ ერთსახოვანი – ყველა შემთხვევაში ბურჟუა ცნობიერების მოკავშირე უფროა, ვიდრე რევოლუციურის – ეს დაამტკიცა პოსტმოდერნმა თავისი მრავალფეროვნებით. ცხადია, ნამდვილ სულიერებას და აღმატებულ ცნობიერებას არაფერი აქვს საერთო ბნელ ფუნდამენტალიზმთან.
ადამიანის სიხარბეს უკმარისობის შიში იწვევს – სწორედ ეს შიში არის ბურჟუა ცნობიერების სათავე. ეს შიში აყალიბებს ნეოლიბერალურ სისტემას, რომელიც სწორედ რესურსების ხელოვნური უკმარისობის წყალობით არსებობს. ეს არ ნიშნავს იმას რომ ეს ადამიანები დაბადებიდან ბოროტები არიან. უბრალოდ მათი ცდომილებაა ძალაუფლების და რესურსების უკმარისობა, რომლის შიში მათს ცნობიერებას კვებავს.
ბურჟუა ცნობიერება უკმარისობის მუდმივი შიშია – ამ ცნობიერების ელემენტები ყოველ ადამიანშია. მისგან სრულებით თავისუფალი არავინაა. ცხოვრება კი მუდმივი ბრძოლაა პირველ რიგში საკუთარ ბნელ ინსტიქტებთან, რომლებიც ადამიანის გონებას სიხარბეს და ძალაუფლებას უმორჩილებენ.
მსოფლიოს ყველა სულიერი სწავლება ამ უკმარისობის შიშის გადალახვაა.
მსოფლიოს ყველა დიდი ხელოვანიც ამ უკმარისობის შიშზე ზემოთ იდგა.
მსოფლიოს ყველა დიდი მეცნიერიც შიშს ებრძოდა.
მსოფლიოში ყველაზე კარგი გრძნობა – სიყვარულიც – ამ შიშის გადალახვის მცდელობაა.
ასე რომ ბურჟუა ცნობიერების გადალახვა შესაძლებელია ნამდვილი სულიერებით.
ახლა უკვე პოსტმოდერნის შემდგომი პერიოდი დადგა. ამ დროს ჯერ სახელი არა აქვს. ადრე თუ გვიან ამ დროსაც რამეს დაარქმევენ. ახლა უკვე წამოიზარდა თაობა, რომელსაც არც ცივი ომი ახსოვს და არც მარქსიზმ-ლენინიზმი. ეს ის თაობაა, რომელიც მთლიანად 'ვაშინგტონის კონსესუსის' ჩრდილშია გაზრდილი. ეს ის თაობაა, რომელსაც 'უკმარისობის და სიმწირის მენეჯმენტს' ბავშვობიდან ასწავლიან. სხვა თაობების მსგავსად, ეს ის თაობაა, რომელსაც უჩნდება პროტესტი იმის მიმართ, რასაც დოგმად მიაწოდებენ.
ახალ თაობას ნეოლიბერალიზმს დოგმად მიაწოდებენ – ეს არის ბოლო 20 წლის 'მამაო ჩვენო'. ის რომ მდიდარს და ღარიბს ვერაფერი გაასწორებს, ისევე როგორც მთას და ბარს, იმას რომ 'წარმატებული' ყაჩაღები მუდმივად ჩვენი ბატონები უნდა იყვნენ. იმას რომ უბრალოდ ადამიანი არაფერს წყვეტს – იმასაც რომ ყველაფერი ფულზე იყიდება. ეს ახალი თაობა ამ ღირებულებებზეა გაზრდილი – უფრო სწორად ანტი-ღირებულებებზე.
ახალ თაობას ეუბნებიან რომ ომში და ძალადობაში მილიარდობით დოლარი უნდა დაიხარჯოს – და ღარიბებს დახმარება არ ეკუთვნით იმიტომ რომ ისინი 'ზარმაცები' არიან. ესეც ხომ ბურჟუა ცნობიერების ერთ-ერთი მითია – ყველა ღარიბი ზარმაცია – და ყველა მდიდარი მშრომელი. ამ სიყალბეს დღეს სიმართლედ ასაღებენ. ყველა ხედავს ვინც არის 'წარმატებული' და მდიდარი დღეს – ყველამ იცის როგორ მოიპოვება ეს სიმდიდრე – მაგრამ ჩვენ გვეუბნებიან რომ ეს არიან "საუკეთესო" და "წარმატებული" ადამიანები.
ახალ თაობას არწმუნებენ რომ პოლიციის მოსასმენ აპარატურაში და მის ფუნქციონირებაში ასეული მილიონები უნდა დაიხარჯოს და ქალაქებში და სოფლებში ამდენი გაჭირვებული დადის.
დღეს ეკონომიკური ლიბერალიზმი დოგმაა.
ყოველთვის არის იმედი რომ ახალი თაობა არ მიიღებს ანტი-ღირებულებებს.
პოსტმოდერნმა ჩაიარა – ახლა ახალი დრო დგება.