როგორც მოგეხსენებათ სულ ახლახანს გამოქვეყნდა ირაკლი კაკაბაძის უაღრესად საინტერესო სტატია საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ. სტატიაში ზედმიწევნითი სიზუსტითაა ახსნილი ოპოზიციური პარტიების კრიზისისა და მოსახლეობის პესიმისტური დამოკიდებულების მიზეზები. ავტორი სამართლიანად აკრიტიკებს პოლიტიკური პარტიებისაგან სოციალური პრობლემატიკისა და თანამედროვე გლობალური ტენდენციების იგნორირებას და ხაზს უსვამს იმ მცირე გამონაკლისების არსებობაზე, რომელთა აქტიურობაც საკმარისად არ მიაჩნია.
აღნიშნული სტატიით შთაგონებულს საჭიროდ მივიჩნევ გამოვეხმაურო ირაკლის და საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია ჩვენს ქვეყანაში უკვე მოქმედი სრულიად ახალი და ფუნდამენტურად განსხვავებული პოლიტიკური სტილისა და მსოფლმხედველობის მქონე პარტიის შესახებ. ესაა „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“.
დღეს საქართველოში ერთობ სავალალო ვითარებაა შექმნილი. ქვეყანა უმძიმეს ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ და მენტალურ კრიზისშია. მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა მოკლებულია ღირსეული ცხოვრებისათვის საჭირო პირობებს. ხალხს არა აქვს სამუშაო, ნორმალური განათლებისა და ჯანდაცვის მიღების შესაძლებლობა. იმ ხალხსაც კი ვისაც შედარებით გაუმართლა და დასაქმებულია, უმძიმეს პირობებში უწევთ საარსებო სახსრების მოპოვება.
ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს საზოგადოების პოლიტიკური პოლარიზაცია. მოსახლეობის უმრავლესობა სრულიად მოკლებულია ქვეყნის მართვაში, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის შანს. პოლიტიკა თითქოსდა სპეციალურად პოლიტიკისათვის დაბადებული “რჩეული ადამიანების საქმეა”, სხვა ყველა დანარჩენი კი მხოლოდ ამ “გამორჩეულთა” მოიმედეა. ამის შედეგად ვიღებთ ვითარებას, როდესაც ჩვენი ცხოვრების გაუმჯობესება დამოკიდებულია მხოლოდ ჩვენს იღბალზე, თუ რამდენად გაგვიმართლებენ იმედებს ეს “რჩეული” ადამიანები. ხოლო თუ ამ მხრივ არ გაგვიმართლა სხვა გზა არაა ისევ “კეთილი” ადამიანების გამოჩენას უნდა დავუცადოთ.
ამგვარი სავალალო ვითარება კიდევ უფრო მტკიცდება ეგრეთწოდებული გაბატონებული ექსპერტული აზრის მიერ. წარმართული პოლიტიკის ავკარგიანობა ფასდება არა მისი შინაარსის სიღრმისეული ანალიზისა და ალტერნატიული პოლიტიკების გააზრების საფუძველზე, არამედ ისევ იგივე პოლიტიკური დისკურსის ფარგლებში უკეთესი მეთოდებისა და ხშირად უბრალოდ უკეთესი ადამიანების ძიების ხარჯზე. ყოველივე ეს კი ქმნის პესიმისტურ განწყობას, რომ არსებულ ტენდენციებს სინამდვილეში რეალური და ფუნდამენტურად განსხვავებული ალტერნატივა არა აქვს და ჩვენ ყველანი განწირულნი ვართ, რომ მგლური კანონებით ვიცხოვროთ, ყოველდღიურად ვიბრძოლოთ გადარჩენისათვის, არ ვიფიქროთ არაფერზე გარდა პირადი მერკანტილური ინტერესებისა და საბოლოო ჯამში ვიყოთ ფარული მტრები (კონკურენტები) ერთმანეთისა.
დისკურსის საკუთარ თავში ჩაკეტილობას აძლიერებს ქართული მედია სივრცეც, რომელიც, შეგნებულად თუ შეუგნებლად, მხოლოდ ერთი და იგივე სამთავრობო თუ ოპოზიციური ისტებლიშმენტის მუდმივ გაშუქებას ახდენს. მოსახლეობას უჩნდება განწყობა, რომ ამ ქვეყანაში სხვა, განსხვავებულად მოაზროვნე ხალხი არ არსებობს. სინამდვილეში ყოველივე ეს სიმართლე არაა.
ქართული საზოგადოების განწყობები და ინტერესები ფუნდამენტურად განსხვავდება იმ დღის წესრიგისაგან, რასაც ეს ჩაკეტილი საჯარო დისკურსი გვთავაზობს. არსებობენ ადამიანებიც, რომელთა ხედვაც ამ რეალური განწყობების ადეკვატურია. ზოგადი პოლიტიკური ხედვა, რომლითაც ადამიანთა ეს ჯგუფი ყოველთვის განსხვავდებოდა და განსხვავდება ქართულ პოლიტიკაში მოღვაწე ყველა სხვა ძალისა თუ პიროვნებისაგან, გახლდათ პოლიტიკის პრიორიტეტების ადამიანებისათვის ყველაზე მტკივნეული და საჭირბოროტო პრობლემატიკაზე დაფუძნება. ეს პრობლემები კი უპირველეს ყოვლისა სოციალური პრობლემებია.
უფრო კოკრეტულად:
• აუცილებელია სახელმწიფომ აიღოს პასუხისმგებლობა მისი მოქალაქეების ბედზე.
• აუცილებელია ყველა მოქალაქეს ქონდეს თანასწორი და ღირსეული ცხოვრების პირობები.
• აუცილებელია ბაზრის ფუნქციონირება მიზნად ისახავდეს არა მარტო ბიზნესმენთა ინტერესების გათვალისწინებას, არამედ საზოგადოებრივ ინტერესებსაც, რომ ბაზარი უნდა იყოს პასუხისმგებლობიანი.
• აუცილებელია ქვეყნის ყველა მოქალაქეს ხელი მიუწვდებოდეს თანამედროვე განათლებასა და ჯანდაცვაზე, რადგან განვითარება შეუძლებელია ჯანმრთელი და განათლებული ხალხის გარეშე.
• აუცილებელია ადამიანს ჰქონდეს სამუშაო და ამ უფლების რეალიზება მხოლოდ მის მარიფათსა და გამართლებაზე კი არაა დამოკიდებული, არამედ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაცაა.
ეს და მრავალი სხვა, ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტისათვის რევოლუციური იდეები მთელს განვითარებულ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ევროპაში, უკვე მრავალი წელია განხორციელებულია და სოციალ-დემოკრატიული იდეების სახელითაა ცნობილი. სწორედ სოციალ-დემოკრატიაა ის გზა, რომელმაც შექმნა დღეისათვის ცნობილი ყველაზე წარმატებული, სამართლიანი და ჰუმანური პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მოდელები. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი სოციალ-დემოკრატიული მოდელისა, რომელსაც სხვანაირად საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო ქვია, თანამედროვე სკანდინავიასა და ჩრდილოეთ ევროპაშია. ეს ის ქვეყნებია სადაც მთელს მსოფლიოში ყველაზე მეტად არის დაძლეული სიღარიბე, გაუნათლებლობა, უმუშევრობა, ავადმყოფობა და ა.შ.
სოციალ-დემოკრატიული ხედვისა და პოლიტიკის უალტერნატივობის თვალსაჩინო დასტურია მსოფლიოს ფინანსური კრიზისი და დღეს მიმდინარე გლობალური ცვლილებები. თითქმის ყველა წამყვანი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ანალიტიკოსი აცნობიერებს, რომ ფინანსური კრიზისი სწორედ უპასუხისმგებლო და ჯუნგლების კანონებზე ორიენტირებულმა ნეოლიბერალურმა კაპიტალიზმმა გამოიწვია და რომ გამოსავალი სწორედ სოციალ-დემოკრატიული მიმართულების გაძლიერებაშია. ყოველივე ეს თვალნათლივ აისახება თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაზე. პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია თავისი წინამორბედის პოლიტიკისაგან სრულიად განსხვავებულ კურსს ატარებს და მას ხშირად სოციალ-დემოკრატსაც კი უწოდებენ (სხვათაშორის სწორედ სკანდინავიის სოციალ-დემოკრატიულმა ქვეყნებმა შეძლეს ფინანსური კრიზისის შედარებით უმტკივნეულოდ გადატანა).
ამ იდეების აქტუალურობა და უალტერნატივობა განსაკუთრებით ცხადია საქართველოში, სადაც ამ მხრივ არსებული პრობლემები განსაკუთრებით თვალსაჩინოა. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად და ქართული სოციალ-დემოკრატიის განსახორციელებლად მოქმედებს ზემოთ აღნიშნული ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც ქართული საზოგადოებისა და საერთაშორისო აკადემიური წრეებისათვის კარგად ცნობილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, გია ჟორჟოლიანის გარშემო შემოიკრიბა. ისინი გახლავან სხვა და სხვა დარგის პროფესიონალი, იდეური და განათლებული ადამიანები. დაფუძნდა პარტია “სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის”. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ესაა საქართველოში პირველი პოლიტიკური პარტია, რომელსაც გააჩნია მკვეთრად ჩამოყალიბებული და კონკრეტული პოლიტიკური მრწამსი და პლატფორმა, რომელიც ემყარება იდეებს და არა პირად ამბიციებს. ესაა პარტია, რომლის პროგრამაც და სამოქმედო თეზისებიც (16 თეზისი) მხოლოდ ფორმალობისა და მოვალეობის მოხდის მიზნით კი არაა შექმნილი, არამედ რეალურად გააზრებულ და სტრუქტურირებულ პოლიტიკურ განაცხადს წარმოადგენს, ესაა ერთადერთი პარტია, რომლის საქმიანობაშიც ადამიანები (განსაკუთრებით კი ახალგაზრდები) ერთვებიან ენთუზიაზმისა და იდეების ერთგულების გამო და არა ფინანსური, მოკლევადიანი კარიერისტული ინტერესებისა და გამორჩენის მოლოდინით. და რაც მთავარია ესაა პარტია, რომელიც, განსხვავებით ყველა სხვა პოლიტიკური ჯგუფისაგან, პოლიტიკის მცოდნე “რჩეულთა ჯგუფი” კი არაა, არამედ მცდელობაა საზოგადოების ფართო ფენები დაუბრუნოს აქტიურ პოლიტიკას!
სოციალ-დემოკრატები სულ რაღაც წელიწად ნახევარია არსებობენ, მაგრამ ამ დროის მანძილზე ისინი აქტიურ მუშაობას ეწეოდნენ. მუდმივად მიმდინარეობდა შეხვედრები მოსახლეობის ფართო ფენებთან სოფლებსა თუ სამეზობლოებში, იმართებოდა ლექციები, დისკუსიები და სემინარები უნივერსიტეტებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებში. პროფესიონალთა ჯგუფები აქტიურად მუშაობდნენ სხვა და სხვა პრიორიტეტული დარგების შესაბამისი კონკრეტული განვითარების პროგრამებისა და პოლიტიკების შესამუშავებლად (ასეთი პრიორიტეტული დარგებია მაგალითად სოფლის მეურნეობა, დასაქმება, განათლება, ჯანდაცვა და ა.შ.). პარტია მჭიდროდ თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სოციალ-დემოკრატიულ ძალებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თუ სხვა უცხოელ პარტნიორებთან.
დღეისათვის შეიძლება ითქვას, რომ ‘სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის” წარმოადგენენ ერთადერთ შინაარსობრივ და თვისობრივ ალტერნატივას იმ პოლიტიკური ძალების, თამაშის წესების თუ პოლიტიკის ლოგიკისა, რომლებიც ოცი წელია ჩვენს ქვეყანაში ბატონობს და მუდამ ერთი და იგივე ჩაკეტილ წრეში აბრუნებს ქვეყანას!
დღეს მსოფლიო რადიკალურ ცვლილებებს განიცდის, რადიკალური ცვლილებებია საჭირო საქართველოშიც. ეს ცვლილებები გულისხმობს პოლიტიკის მიზნების, პრიორიტეტების, მეთოდების, პოლიტიკური აზროვნებისა და თვით პოლიტიკოსების (!) რადიკალურ ცვლილებას.