შერჩევითი ქსენოფობია და საყოფაცხოვრებო ფაშიზმი საქართველოში

 



ერთი კვირაა, რაც საქართველოში მთავრი თემა რობერტ სტურუაა. კულტურის მინისტრმა (რა ირონიაა) _ ნიკა რურუამ სტურუა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხემძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა ერთ ერთ ინტერვიუში სააკაშვილზე ნათქვამი სიტყვებისთვის _ „სომეხია და რა ვქნათ… ეს ხომ არ არის დამალული“. ამ „ეთნიკურ მეტაფორებში“ კულტურის მინისტრმა ქსენოფობია აღმოაჩინა. "სახელმწიფო, რომელიც მოცემულობით არის მულტიეთნიკური და მულტიკულტურული, ვერ შეეგუება და ვერ დააფინანსებს ქსენოფობიას. ქსენოფობიაში იგულისხმება ის გამონათქვამები, ეთნიკური მეტაფორები, რომელსაც სტურუა იყენებდა მრავალრიცხოვანი ინტერვიუების დროს", – განაცხადა ნიკა რურუამ.
ერთი კვირაც არ იყო გასული სტურუას ქსენოფობია-არმენოფობიაში მხილებიდან, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, უმაღლესმა საჯარო მოხელემ, პირველმა პოლიტიკურმა ფიგურამ _ მიხეილ სააკაშვილმა ანაკლიაში სტუმრობისას განაცხადა ”იქით(რუსეთში) არიან ბარბაროსები, აქეთ კი ცივილიზაცია, იქით – მონღოლოიდური გადმონაშთები და იდეოლოგია, ხოლო აქ ნამდვილი, უძველესი კოლხური ევროპა, უძველესი ცივილიზცია, უძველესი სიყვარული, უძველესი ნიჭიერება”. სააკაშვილის აზრით მონღოლოიდური გადმონაშთები და იდეოლოგია ცუდია, ხოლო ნამდვილი კოლხური ევროპა კარგი. აი ჰიტლერი კი ფიქრობდა, რომ ებრაული გადმონაშთები და იდეოლოგია ცუდი იყო, ხოლო არიული ევროპა კარგი. პრობლემა არაა, სააკაშვილს უფლება აქვს თავისი აზრი ქონდეს მონღოლოდურ რასაზე, მათ გადმონაშთებსა და იდეოლოგიაზე, მაგრამ თუ რურუას დავუჯერებთ და თუ საქართველო მოცემულობით არის მულტიეთნიკური და მულტიკულტურული, რატომ უნდა შეეგუოს მინისტრი რურუა და მთელი საქართველო პრეზიდენტის ქსენოფობიას? რატომ უნდა დააფინანსოს მულტიკულტურულმა საქართველომ სააკაშვილი მისი რასისტული მეტაფორებისთვის? 2010 წლის ივლისში სააკაშვილის გამოსვლაში  დაფიქსირდა „მულტიეთნიკური და მულტიკულტურული საქართველოსთვის“ შეუფერებელი ფრაზა _ „ჩვენ რა ზანგები ვართ? მაშინ რატომ ვიქცევით ველურებივით“. სად იყო მაშინ რურუა ან საჯარო მოხელეთათვის ახალი „სტანდარტების შემოტანით“ სტურუას მოხნის ტაშისმკვრელი „დემოკრატი“ გია ნოდია? ან მთელი ის მულტიკულტურალ-ჰომოფილ  კლუბურ ლიბერალთა ბომონდი? მაშინ ხელისუფლების ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ სააკაშილი საკმაოდ ორიგინალურად გაამართლა: „(ჩვენ რა, ზანგები ვართ?) სინამდვილეში მართლაც იდიომატური გამონათქვამია და რომელიც ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება წამოცდეს. საერთოდ,  შეიძლება ადამიანებს ყველაფერი წამოცდეთ და პრეზიდენტიც ადამიანია…რა თქმა უნდა, პრეზიდენტი რასისტი არ არის, უფრო მეტიც, თუ საქართველოში ვინმე არ არის რასისტი, ეს, პირველ რიგში, სააკაშვილია.“
ცოტა უფრო ადრე, 2004 წელს სააკაშვილი ქართულ დემოკრატიასა და კულტურაზე საუბრისას ხშირად ადარებდა საქართველოს თურქმენეთს, როგორც ველური ავტორიტარიზმის მაგალითს. პრინციპში, თურქმენეთში ავტორიტარიზმი დღესაც არანაკლებია, მაგრამ მულტიკულტურული ქვეყნის პრეზიდენტს ასეთი ნაცისტური, უკაცრავად, „იდომატური“ გამონათქვამები მთლად ვერ უნდა ჯდებოდეს დემოკრატიის შუქურის პარამეტრებში. თუმცა მაშინ ხალხი ბნელი იყო, კულტურის მინისტრად ნიკა რურუა არ ყოლია და არ იცოდა, რომ ჩვენ დემოკრატიულ, კანონმორჩილ, მულტიკულტურულ და მულტიეთნიკურ ქვეყანაში ვცხოვრობთ. 1999 წელს, როცა ჟვანია-სააკაშვილის გუნდმა კაკო ჩხაიძის ფულით საქართველოში მოიწვია რუსული პიარ ჯგუფი „იმიჯ კონტაქტი“, მას დავალებული ქონდა აბაშიძის წარმოჩენა არაქართველად, ქურთად ან თურქად. თვითონაც არ სჯეროდათ, მაგრამ პიარისთვის ეფექტური იყო. მოგვიანებით, რევოლუციის წინა დღეებში, საკრებულოს აივანზე დგომისას სააკაშვილი აბაშიძეს „ასლან იბრაგიმის ძედ“ იხსენიებდა, რათა აქცენტი გაკეთებულიყო მამის არაქართულ სახელზე. არც ეს იყო ანტითურქულობა ან ანტიისლამიზმი, მაშინაც იდიომა იყო, ზუსტად ისეთი, როგორიც იხმარა სტურუამ.
სააკაშვილი რომ პრეზიდენტი არ ყოფილიყო და ყოფილიყო მაგალითად ბესო ჯუღელი მისი „მიკირტუფობიით“ ან გივი თარგამაძე მისი „ურია-ფობიით“, კიდევ შეიძლებოდა თვალის დახუჭვა, მაგრამ ქვეყნის პრეზიდენტი როცა გამოდის და ველურებად ნათლავს ჯერ თურქმენებს, შემდეგ შავკანიან მოსახლეობას და ბოლოს მონღოლოიდურ რასას, ეს მართლა აღარაა რასიზმი, ეს რეაქტიული ანტროპოფობიაა და ფსიქიატრიის საკითხია.
თუმცა, სიმართლე უნდა ითქვას _ სააკაშვილიც, თარგამაძეც და ჯუღელიც ქართული საზოგადოების სიმახინჯის პროდუქტებს წარმოადგენენ. პრეზიდენტის რასისტული, თუნდაც „იდიომატური“ გამონათქვამები მიანიშნებს, რომ სააკაშვილი ჩვეულებრივი ჰომოსოვეტიკუსია და არანაირი დემოკრატი. გაიხსენეთ 80-იანი წლების საქართველო. საქართველოში ქართველობა პრივილეგია იყო, სომხის „საპოჟნიკობა“, რუსის „ბოზობა“, ქურთის „დვორნიკობა“ და „თათრის“ მემწვანილეობა კი არსებული კანონზომიერება.
საყოფაცხოვრებო ფაშიზმი გამჯდარი იყო საზოგადოების ცხოვრებაში ისევე, როგორც სუფრული პატრიოტიზმი. მოხდა 9 აპრილის მომიტინგეთა დარბევა რუსთაველზე. მთელი საზოგადოება საუბრობდა, რომ 9 აპრილს რუსმა სამხედროებმა დახოცეს ქართველი ქალები და ბავშვები. ანტირუსული განწყობები მარტივად ჩაჯდა მაშინდელ ბავშვებში. მართალია, მაშინ ჯერ კიდევ არ იყო დამკვიდრებული რუსების „ღორებად“ ან „ღრუსებად“ (სააკაშვილის ფანკლუბის მიგნება) მოხსენიება, მაგრამ ამ ერისადმი დამოკიდებულება მომავალ თაობაში უკვე სუბიექტური იყო. აგვისტოს ომის შემდეგ კი დასაშვები და  სავალდებულოცაა.  შესაბამისად, სააკაშვილის საქართველოში ანტირუსობა ქსენოფობიად არ ითვლება, ანტირუსობა ყველა პატრიოტის ვალია. თუ არ ხარ ანტირუსი, მაშინ ხარ პრორუსი, თუ ხარ პრორუსი, ხარ ქართველების მტერი, თუ მტერი ხარ, ციხეში!
 გავიხსენოთ 9 აპრილამდე გამართული აქციების შინაარსი _ აფხაზები და ოსები თურმე პრობლემებს უქმნიდნენ საქართველოს. ეს უკვე მოგვიანებით გამოჩნდა საქართველოს დამოუკიდებლობის მომთხოვნი ლოზუნგები, რომელთა გამო რუსებმა დარბიეს აქცია. მაგრამ ყველაფერი ხომ აფხაზებიტ და ოსებით დაიწყო? შესაბამისად აფხაზებიც და ოსებიც უფო მეტი მტრები გახდნენ. იმავე პერიოდში საქართველოში გამოდიოდა არაფორმალური გაზეთები, რომელთა შორის იყო „ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის“  გამოცემა, სადაც გამოქვეყნებული იყო  ქვემო ქართლის იმ აზერბაიჯანელთა სია, რომლებსაც „არასახელმწიფოებრივი შეხედულებები ჰქონიათ“.
 მაშინდელი დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკა ეწყობოდა საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული საყოფაცხოვრებო ფაშიზმის საფუძვლებზე. ქართველების განსაკუთრებულობის შეგრძნებას პოლიტიკოსები აღვივებდნენ საკუთარი თავის პოპულარიზაციისა და საკუთარი უუნარობის გამართლებისთვის. რატომ ვერ შედგა სახელმწიფო? იმიტომ რომ არსებობენ „კრემლის აგენტები“ და რუსების მონები. ვისი ბრალია ტერიტორიული პრობლემები? აფხაზების და ოსების! რატომ არის ესა თუ ის პოლიტიკოსი ანტიეროვნული? იმიტომ რომ სომეხია!  სოციალ-ეკონომიკური პრობლემების გამძაფრების პარალელურად ქართული საყოფაცხოვრებო ფაშიზმი ნელ-ნელა მინელდა, ხალხი გაერკვა, რომ კორუფცია, გაჭირვება, უდენობა და უგზოობა არ იყო არც აფხაზების, არც ოსების და არც რუსების ბრალი. გაირკვა, რომ არც ქართველთა პრივილეგირებულობა და სხვა ერთა მორჩილებაა ღვთისნაბოძები კანონზომიერება.
ხელისუფლებაში მოსვლისთანავე სააკაშვილმა, საკუთარი მმართველობის გასამყარებლად დაიწყო ურაპატრიოტული განცხადებებით თამაში, რათა საზოგადოებაში მიძინებული, მაგრამ მისთვის აუცილებელი ქსენოფობია და რევანშიზმი გაეღვიძებინა და ამის ფონზე თვითონ „ერის მამად“ წარმოჩენილიყო. დაიწყო სამაჩაბლოს ოსების შევიწროება, მაშინ როცა ქართულ-ოსური კონფლიქტი ფაქტიურად ამოწურული იყო. შემდეგ 2004 წლის სამხედრო ავანტიურა, შემდეგ კი 2008 წლის ომი, რითაც წყალში გადაიყარა ყველაფერი. ამას მოჰყვა ანტირუსული ისტერია, აიკრძალა რუსული ფილმები, რუსული მუსიკა, ნაციონალი დეპუტატი ნუგზარ წიკლაური პუშკინის ბიუსტსაც გადაწვდა. და ბოლოს, მიმდინარე ზაფხულში ხელისუფლებამ წამოიწყო ახალი პროვოკაციები, რომელთა შედეგს იდიოტიც კი გათვლიდა. საიდუმლო ვითარებაში მირებულ იქნა კანონი, რომელიც შეთანხმებული უნდა ყოფილიყო მართლმადიდებლურ ეკლესიასთან, რადგან საქმე ეხებოდა სომხური ეკლესიის პრეტენზიებს ქართულ ეკლესიებზე. კანონპროექტის მიჩუმათებას შედეგად მოჰყვა 100000-იანი მსვლელობა. საკმარისი იყო ხალხი წამოგებოდა პროვოკაციას, რომ ქართულ-სომხური კონფლიქტი გაღვივებული იქნებოდა, მითუმეტეს რომ პროვოკაციები რუსეთის მხრიდან აშკარად იგრძნობოდა. იმ სკანდალიდან ერთ თვეში კი კულტურის მინისტრმა თანამდებობიდან გაათავისუფლა სტურუა და ამჯერადაც საქმე სომხებს ეხებოდათ…
სააკაშვილი და მისი გუნდი აგდებით და არასერიოზულად ეკიდება მულტიკულტურასაც, მულტიეთნიკურობასაც და ქართულ ეთნიკურობასაც. სააკაშვილისთვის ერთი გადაფურთხებაა ზანგი, თურქმენი, მონღოლი, ქართველი… ის არ დებს აზრს ამ სიტყვებში, რადგან არ თვლის მათ მნიშვნელოვნად, არსებითად. ის ლიბერტარიანელია, მას არ ადარდებს და არ სჭირდება ეთნიკური და კულტურული კუთვნილება, მას სჭირდება მხოლოდ ძალაუფლება.

  შესაბამისად მულტიეთნიკურობა და ქსენოფობია არანაირ კავშირში არაა სტურუას გათავისუფლებასთან, იმიტომ რომ მულტიეთნიკურობა და ქსენოფობია კავშირში არაა ქვეყანაში არსებული ხელისუფლების პოლიტიკასთან, ეს ღირებულებები არაა მნიშვნელოვანი ამ ხელისუფლებისთვის. საქართველოში ანტირუსობა ქსენოფობიად არ ითვლება, ოპზიციონერი რეჟისორი კი არმენოფობად ინათლება, სააკაშვილი სამი რასიდან ორს ველურებად რომ ნათლავს ის რასიზმი არაა, ოპოზიციონერს რომ ეთქვა, მაშინ რასიზმი იქნებოდა. უნდოდა სტურუას მოშორება და მოიშორა როგორც ქსენოფობი. მერე რა რომ სააკაშვილის რასისტული, ქსენოფობიური, დამამცირებელი და ბრიყვული გამონათქვამები არ ისჯება? უსამართლოა? მერე რა რომ უსამართლოა? ვინ მოსთხოვს პასუხს უსამართლობისთვის? ქართველი ხალხი?

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ