ქრისტიანული ეკოსოციალიზმი

ევროპელი სოციალ-დემოკრატებისა და მწვანეების შეხედულებების მნიშვნელოვანი თანხვედრა და მათი თანამშრომლობა კარგად არის ცნობილი.

როგორია ქრისტიან-სოციალისტების ხედვა დღეისთვის ესოდენ აქტუალურ ეკოლოგიურ საკითხებზე, კრიზისის მიზეზებზე, პრობლემების გადაწყვეტაზე? პირველ რიგში, შევეცადოთ, გავარკვიოთ, როგორია ბუნების, გარემოს ქრისტიანული აღქმა და როგორია ბუნების ქრისტიანული თეოლოგია.

გასული საუკუნის 70-იან წლებში გაჩნდა აზრი, რომ თანამედროვე ეკოლოგიური კრიზისის ისტორიული საფუძვლები სწორედ ქრისტიანობაშია (რასაც, გარკვეულწილად, იზიარებენ დასავლელი მწვანეებიც). ამ შეხედულების საფუძვლები მომდინარეობს ბიბლიის ინტერპრეტაციიდან, ქრისტიანობის დასავლეთევროპული ტრადიციებიდან გამომდინარე. კერძოდ, ამაში გულისხმობენ ძირითადად სამ იდეას:

პირველი: კაცი უნდა ბატონობდეს (უნდა იყოს დომინანტი) დანარჩენ შექმნილზე, რომ ყველაფერი ადამიანისთვის და მის მიერ სარგებლობისთვის, მოხმარებისთვის არის შექმნილი (დაბ.: თავები 1, 2);

მეორე: ბუნება დაცლილია ყოველგვარი მისტიკურისა და წმინდისაგან, რომ მას გამოცლილი აქვს საკრალური ბუნება/ხასიათი და მიღებული აქვს დემონური. ღმერთი ტრანსცენდენტულია – გამოყოფილია მისი შექმნილი სამყაროდან და არ ერევა მის არაჰუმანურ ელემენტებში.

მესამე: ბუნების სამყარო – ეს სიბნელის, ქაოსისა და პროფანაციის (ამ შემთხვევაში – გაუწმინდურების) სფეროა, რაც გამომდინარეობს ტრადიციული დუალისტური განსხვავებებიდან მატერიასა და სულს შორის, აგრეთვე ცოდვით დაცემის სპეციფიკური დოქტრინიდან.

 დაცემამ წაახდინა ურთიერთობა არა მხოლოდ კაცსა და ღმერთს შორის, არამედ კაცსა და დანარჩენ შექმნილს შორისაც. როცა კაცი დაშორდა მის შემქმნელს, ყოველივე შექმნილიც დაიწყევლა  („წყეული იყოს მიწა შენი საქმეებით“ იხ. შექმნა: 3, 17-18) და იქცა მის მტრად და მოწინააღმდეგედ.

სწორედ ასეთმა აზროვნებამ გამოიწვია მტრული, მომხმარებლური, ექსპლუატაციური დამოკიდებულება ბუნებისადმი და მიგვიყვანა ეკოლოგიურ კრიზისამდე.

თანამედროვე თეოლოგების აზრით, მოხდა ბიბლიური ტექსტის თავდაპირველი მნიშვნელობის, მისი შეტყობინების დამახინჯება. სინამდვილეში კი ქრისტიანობა ყველაზე მეტად – სხვა რელიგიებს შორის – წუხს და ზრუნავს ადამიანურ და არაადამიანურ ქმნილებებზე. მხოლოდ ის ლაპარაკობს, რომ ღმერთი არის განსხეულებეული(ინკარნირებული) ფიზიკურ მატერიაში და გზავნის თავის ძეს, როგორც კოსმიურ ქრისტეს, რომელიც გამოისყიდის და აღადგენს მთელს სამყაროს მამის სიდიადეში. ბუნების ახალი თეოლოგია მოუწოდებს მიბრუნებისკენ თავდაპირველი გზავნილისაკენ ბიბლიაში და იმისკენ, რაც იქადაგებოდა ადრინდელ ეკლესიაში, რაც არის „ქმნილებაცენტრული“ სულიერება ძველი აღქმისა და ადრინდელი მამებისა, საპირისპიროდ დასავლური, ანთროპოცენტრული ტრადიციისა(5).

ამ გაგებით, ღმერთმა,  შექმნა რა ადამიანი თავის ხატად და მსგავსად, დაადგინა იგი თავის წარმომამადგენლად და მმართველად, გამცილებლად ყოველივე მისი შექმნილისა და არა მასზე მებატონედ. „დაბადების“ ახალ ქართულ თარგმანში ნახმარია სიტყვა „მთავრობდეს“ – იხ.(2), 1:26; ბიბლიის 1989 წლის გამოცემაში ნახმარია სიტყვა “პატრონობდეს“, ხოლო ბიბლიის ახალ საერთაშორისო ვერსიაში –„rule over“(9). თეოლოგები ხაზს უსვამენ იმასაც, რომ ყოველი ქმნილება ღმერთმა ადამიანზე ადრე შექმნა და მოიწონა („კარგია ძლიერ“ შექმნა, 31). ჩვენი აზრით, აგრეთვე უმნიშვნელოვანესია ისიც, რომ „გამოსახა ღმერთმა კაცი მიწის მტვრისგან და შთაბერა მის პირს სიცოცხლის სული“ (შექმნა, 2:7) და „დაადგინა იგი შვების სამოთხეში მის დასამუშავებლად და დასაცავად“ (შექმნა, 2:15). ჩნდება კითხვა: დასაცავად ვისგან? იქნებ თავად ადამიანისგან? ბიბლიის ახალ საერთაშორისო ვერსიაში ნახმარია სიტყვა take care – მოსავლელად, საზრუნველად(9). ბიბლიის ძველ აღთქმაში მრავლადაა ადგილები ყოველივე შექმნილის ღმერთთან ცოცხალ კავშირზე, მისდამი დაქვემდებარებაზე, მათ თავისთავად ღირებულებაზე, ყოველივეში ღვთის განგებულების არსებობის შესახებ. ამისათვის წინასწარმეტყველნი მთელ სამყაროს, ყოველივე შექმნილსა თუ დაბადებულს მოუწოდებენ ღვთისადმი ქების შესხმისაკენ(მაგ. იხ. ფსალმუნი 96,103,148; დანიელი 59–81). “რამეთუ ყოველივე შეიქმნა მის სადიდებლად და ჩუენისა სახმარებისათვის“(იოანე ოქროპირი).

პავლე მოციქული ამბობს: „ქრისტე ყველაფერია და ის ყველაფერშია“ (კოლ., 3:11) ანუ, ღვთისმეტყველთა განმარტებით, ღმერთი სამყაროს მიმართ ერთდროულად ტრანსცენდენტულიც(მიღმური) არის და იმანენტურიც(შინაგანი). ღმერთი მუდმივად აქტიურია ბუნების სივრცეში – მუდმივად ქმნის ახალ სიცოცხლეს და ინარჩუნებს მასში ყოფნას. თანამედროვე ბიოლოგია ადგენს ღრმა ერთიანობასა და ჰარმონიას ყველა არსების ძირებში. ამავე დროს ქვანტურმა ფიზიკამ გამოამჟღავნა, რომ სამყარო უფრო თავისუფალი და გახსნილია, ვიდრე დეტერმინისტული მანქანა, დახატული ნიუტონის მიერ – ღმერთი აღარ უნდა წარმოვიდგინოთ როგორც განშორებული მესაათე ცაში, რომელმაც დაქოქა მექანიზმი და უყურებს შორიდან. თანამედროვე მეცნიერება ქმნის სახეს შემქმნელისა და შემკავებლის, რომელიც მუდმივად აქტიურია ქვეყანაზე და რომელიც მუდმივად სთავაზობს ახალ შესაძლებლობებს მისი შექმნილის ყველა ნაწილს(5). ეპისკოპოსი კალისტე კი ამბობს:  „მართებულია იმაზე საუბარი, რომ ღმერთი სამყაროს შექმნის პროცესშია, ხოლო ჩვენ ვმონაწილეობთ ამ პროცესში აქ და ახლა, ამ წუთას და ყოველთვის“.(4)

 

დასავლური ქრისტიანობის წიაღში  „აღმოსავლურად“ წოდებული, ანუ ორთოდოქსული, მართლმადიდებლური ტრადიციით, ქრისტე ყოველთვის განიხილებოდა კოსმიური ცნებით, რომელმაც თავისი ცხოვრებით, ჯვარცმითა და აღდგომით განწმინდა მთელი მატერიალური სამყარო და  აჰყავს მთელი შექმნილი ღმერთთან.

როგორც სახარებიდან ვიცით, ქრისტეს ჰქონდა  – კომუნიკაციის უნიკალური უნარი და ძალა არაადამიანურ სამყაროსთან– ცხოველებთან, მცენარეებთან, ქართან, ტალღებთან… ქრისტე სრულ ჰარმონიაშია ბუნებასთან, მისი სიკვდილის დროს მიწა იძრა და მზე დაბნელდა.  ქრისტეს მნიშვნელობა, როგორც მეორე ადამისა, არის არა მხოლოდ ადამიანთა მოდგმის  სრულყოფა, არამედ ჰარმონიის აღდგენა ადამიანებსა და ბუნებას შორის და მთელი შექმნილის აყვანა ღმერთამდე.  მისი მისია არის არა მხოლოდ ინდივიდუალური, არამედ უნივერსალური(5). უფალი ბრძანებს–„მე ვარ ანი და ჰოე, დასაბამი და დასასრული“( გამოცხ.21,6 ). როგორც დიდი ფრანგი თეოლოგი შარდენი განმარტავს– არსებობს წერტილი ომეგა, რომლისკენაც ყველა საგანი მიისწრაფვის და რომელშიც ყველა ერთიანდება.

ზემოთთქმულიდან გამომდინარე, რას გვთავაზობს ქრისტიანობა? როგორი უნდა იყოს სწორი ურთიერთობა ადამიანსა და დანარჩენ ქმნილებებს შორის? როგორც ვნახეთ, ადამიანს ღმერთის მიერ მინიჭებული აქვს ნათელი თანამისია, „ფლობდეს“  და „იცავდეს“ („უვლიდეს“)  დანარჩენ ქმნილებებს. „ადამიანს იმიტომ მიენიჭა ეს უპირატესობა, რომ იგი ღვთის ხატის მიხედვითაა შექმნილი. ამდენად,  ადამიანის დიდამიწაზე ბატონობა ქრისტეს მორჩილების ფონზე უნდა გავიაზროთ… რადგანაც ძე ღვთისამ საკუთარი ძალა განახორციელა კენოზისის [ საკუთარი თავის შეგნებული დამდაბლება დ. ა.] გზით, თავის „წარმოცალიერებით“, სიკვდილისა და ჯვრის მიღებით (ფილიპ. 2:7-8), ბუნებაზე ჩვენს „ბატონობასაც“ კენოზისური ხასიათი უნდა ჰქონდეს: თავმდაბლური, თანაგრძნობითი, მსხვერპლად მიტანილი“.(4)

შეწირვის პრინციპი არის ფუნდამენტური ადამიანური და არაადამიანური სიცოცხლისთვის. ევქარისტული ზეიმით ჩვენ ვუკავშირებთ ჩვენს თავს მისტიურ შეწირვას, რაც ქრისტემ გააკეთა მთელი მსოფლიოსთვის. ამასთან, „ადამიანი ღმერთს უბრუნებს სამყაროს არა იმავე სახით, როგორითაც იგი მას მიეცა, არამედ შრომის შედეგად გარდაქმნილს. ევქარისტიის დროს ადამიანი ღმერთს სთავაზობს დედამიწის ნაყოფს არა პირველადი სახით, ვთქვათ, ხორბლის მარცვალსა და ყურძნის მტევანს, არამედ პურსა და ღვინოს“(4). კაცის წინაშე მდგარი ამოცანის სირთულე და მისი პასუხისმგებლობაც სწორედ ამაშია – „ღვთის ხატად შექმნილი ადამიანი, რომელსაც არჩევანის თავისუფლება აქვს მინიჭებული, უზარმაზარი საფრთხის წინაშეა, მას შეუძლია შემოქმედებითი ძალის გამოყენება როგორც სასიკეთოდ, ასევე საზიანოდ: მას შეუძლია, ერთის მხრივ, სამყაროში სინათლე შემოიტანოს და გარდაქმნას იგი, ხოლო, მეორეს მხრივ, დაანგრიოს“ .(4)

ჩვენ გვწამს, რომ მოხდება ამქვეყნიური არასრულყოფილების დასრულება საყოველთაო აღდგომით (ხელახლა დაბადებით ახალ სამოთხეში, როცა ქრისტეს მეორედ მოსვლის შემდეგ ახალი ცა და ახალი დედამიწა შეიქმნება (Толковая Библия, т. 3, Стокгольм, 1987)(3). მანამდე კი გვჯერა, რომ ჩვენი და ბუნების გადარჩენა ფრუსტრაციასა და წამებისგან მჭიდრო ურთიერთკავშირშია, რომ ღმერთი სწუხს მთელს მის შექმნილზე და გვიხმობს, ჩვენც გავიზიაროთ ეს წუხილი.

უფრო პრაქტიკულად რომ ვილაპარაკოთ – ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ ღვთის წინაშე, თუ როგორ ვუძღვებით ქვეყანას, ვიდრე ამ ქვეყნად ვართ.

უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც გონიერმა მსოფლიომ გაიაზრა, რომ აუცილებელია ბუნებაზე ბატონობის, მასზე დომინირების კონცეპტი შეიცვალოს მისი დაცვისა და გაძღოლის კონცეპტით. ეს გამოხატულებას ჰპოვებს სხვადასხვა მეცნიერულ-ეკოლოგიურ მიმართულებებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობებში. ეკოლოგიური პრობლემატიკა უაქტუალურესია როგორც სამთავრობო პოლიტიკების, ასევე არასამთავრობო და საერთაშორისო დონეებზე.

მიუხედავად ამისა, ეკოლოგიური კრიზისი არათუ არ არის დაძლეული, ის თანდათან უფრო ღრმავდება. ჩვენ ვიზიარებთ აზრს, რომ ამის მნიშვნელოვანი მიზეზი არის ახლანდელი მიდგომების სეკულარული ანთროპოცენტრული სტერილურობა(5).

„მწვანე კონსიუმერისტები“, „ტექნოკრატიული ენვირომენტალისტები“, „მეინსტრიმული ეკონომისტები“ იმედს ამყარებენ ტექნოლოგიების განვითარებაზე, ენერგოეფექტურობაზე თანამედროვე საბაზრო-კაპიტალისტური სიტემის პირობებში. ისინი უგულებელყოფენ ფუნდამენტურ წარმოებით და საზოგადოებრივი ურთიერთობების ხასიათს („წარმოებისა და მოგების ღმერთები“, „მომხმარებლური საზოგადოება“). ამასთან, არის მიდგომები, რომლებიც უფრო ღრმად აცნობიერებენ პრობლემას და ესმით ეკოლოგიური და სოციალური კრიზისების ღრმა ურთიერთკავშირი. ისინი მდგომარეობას ახასიათებენ ისეთი ტერმინებით და ფრაზებით, როგორებიც არის: „შეუკავებელი ინდუსტრიალიზაცია“;   „სოციალური კრიზისი – იმპერიალიზმის ფორმა – სახელად გლობალიზაცია“; „მსოფლიო კაპიტალისტური ექსპანსია“; „რესურსების გაბაზრება“; „ადამიანი, როგორც მხოლოდ მუშა-ხელი ან გამოუსადეგარი და ხელისშემშლელი“; „კონსუმერიზმის მასობრივი კულტურა“; „დეპოლიტიზაცია“; „სიმდიდრესა და ძალაუფლების ფლობაში უთანაბრობის უპრეცედენტო გაზრდა“ და ა. შ.(6). მათი შეხედულებებით, პრობლემის გადაჭრის გზები უნდა ვეძებოთ ეკოსოციალისტურ და ეკოსოციალურ მიდგომებში – საზოგადოებრივ კონტროლში წარმოების საშუალებებზე, დემოკრატიულ დაგეგმვაში, ფასების რეგულირებაში სოციალურ-პოლიტიკურ-ეკოლოგიურო კრიტერიუმებით, „ცხოვრების სტრანდარტის“ შეცვალში „ცხოვრების წესით“, ნამდვილ საჭიროებათა დაკმაყოფილებაში, ორიენტირში ხარისხზე და არა რაოდენობაზე, პოლიტიკებში, რომლებიც შედეგად მოიტანს „შერჩევით ზრდას“ (მაგალითად, მზის ენერგეტიკა, ორგანულ საწვავზე მომუშავე საზოგადოებრივი ტრანსპორტი) და „შერჩევით ვარდნას“( მაგ. CO2-ის გამომყოფი სათბობის მოხმარება, გარკვეული ქიმიური წარმოებები). 

ასეთ მექანიზმებს და პოლიტიკებს უხვად გვთავაზობენ „,მწვანე ეკონომისტები“, „ახალი ეკონომიკის“ („სასიცოცხლო ეკონომიკის“ ) მიმდევრები, „მწვანე ბიზნესის“ სპეციალისტები,  ასეთ მიდგომებს იზიარებენ და გარკვეულ მხარდაჭრასაც პოულობენ  მემარცხენე მწვანეთა პარტიები ევროპაში.

ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მისაღები და გასაზიარებელია ბევრი ზემოთ თქმული შეხედულება იხ.(7) და(8). თუმცა, ხშირად ეს არის გადარჩენის მცდელობები მსხვერპლის გარეშე, ზოგჯერ რეალური ცვლილებების გარეშეც კი. ამიტომ შედეგი ვერ იქნება არსებითი, თუ ადამიანი ვერ იპოვის ამქვეყნიური ცხოვრების უფრო  სერიოზულ ღირებულებათა ერთობას და მათ პატივისცემას –შესაბამის ცხოვრების წესს და მეურნეობას.

 „ადამიანს მოეთხოვება თვითშეზღუდვა ბუნებრივი რესურსების მოხმარებაში, ცოდნა იმისა, თუ რა გვჭირდება, რა არის აუცილებელი და ამის გამიჯვნა იმისგან, რაც გვსურს. თვითუარყოფით, მარხვით, უარის თქმით ადამიანი სამყაროში თავის ჭეშმარიტ ადგილს მიაგნებს და ამით სამყაროს საკრალურ ძალას გამოააშკარავებს. ადამიანებმა არ უნდა დაივიწყონ „ზიარება და ასკეტური სულისკვეთება“, მადლიერების განცდა და არაეგოისტული სიყვარული… ჩვენს გარშემო არსებული ეკოლოგიური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი სიყვარული გახლავთ, რადგან ადამიანს იმის გადარჩენა შეუძლია, რაც უყვარს, ხოლო საკუთარი თავის გარკვეულწილად მსხვერპლად მიტანის გარეშე სიყვარული არ არსებობს“.(4)

ჩვენთვის, ქრისტიან-სოციალისტებისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია ზემოთ მოყვანილი ანალიზი და ქრისტიანული ხედვები პრობლემის პოლიტიკური გადაწყვეტის შემუშავებისთვის.

ლიტერატურა:

(1)ბიბლია. საქართველოს საპატრიარქო. თბილისი, 1989

(2)წიგნი შექმნისა. ძველი აღთქმა. საქართველოს საპატრიარქო,2006.

 (3)ვახტანგ კობალაძე, „მართლმადიდებლობა და ეკოლოგია“

(4)ეპისკოპოსი კალისტე (უეარი), „მართლმადიდებლობა და ეკოლოგიური კრიზისი“

(5)Ian  Bradley.God is Green, Ecology for Christians. Image Books, 1992.

(6)Экосоциалистический Манифест,Свободное маркситское издательство.

(7)საქართველოს მდგრადი განვითარების კონცეფციისთვის, ავტორთა ჯგუფი, ჟურნალი „ეკონომისტი“ #12, 1992, #1, 1993

(8)მწვანე ეკონომიკური დოქტრინისთვის(თეზისები), გაზეთი „დედამიწა“, სექტემბერი, 1990, https://european.ge/208/

(9)The Holy Bible ,New International Vertion.International Bible Society, 1984

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ