საფრანგეთი მოდის

მაშ ასე, გაეროს უშიშროების საბჭოსა და  არაბული ქვეყნების მხარდაჭერით საფრანგეთმა წამოიწყო სამხედრო ოპერაცია ლიბიაში, ფრანგულმა ავიაციამ, ბრიტანული, ამერიკული და კანდური შეიარაღებული ძალების მხარდაჭრით დაიწყო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის შესრულება, უკვე განადგურებულია კადაფის არმისს რამდენიმე საბრძოლო მანქანა, საფრანგეთი პარტნიორებთან ერთად აღკვეთს ლიბიის ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობაზე ძალის გამოყენების ყოველგვარ მცდელობას.Николя Саркози. Фото ©AFP

ლიბიის სამოქალაქო ომში საფრანგეთის აქტიური ჩართვა მხოლოდ საფრანგეთის პრეზიდენტ სარკოზის მუამარ კადაფისადმი პირადი ანტიპატიებით არ არის განპირობებული. საფრანგეთი, როგორც ევროკავშირის ერთ ერთი უმთავრესი მოთამაშე იწყებს საკუთარი ინტერესების აქტიურ გატარებას მსოფლიოში. საფრანგეთს აქვს ამის პრეტენზიაც და საშუალებაც, თუმცა მთავარი ეს არაა, ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი თავად ლიბია და მაღრიბის რეგიონია, რომელშიც ევროპა და განსაკუთრებით საფრანგეთი ბოლო საუკუნეების განმავლობაში მუდმივად აქტიურობდა. ჩრდილოეთ აფრიკის უმრავლეს სახელმწიფოებში საფრანგეთს და ფრანგულ ენას დღესაც დიდი გავლენა აქვს, მეორეს მხრივ ლიბიის, ტუნისის, მაროკოს და ალჟირის კულტურები დღეს საფრანგეთის კულტურის ნაწილია. საფრანგეთმა უნდა და საფრანგეთს უნდა ითამაშოს ამ კულტურების მოედანზე, რათა ერთის მხრივ შეინარჩუნოს შიდაპოლიტიკური სიმყარე და მეორეს მხრივ საგარეოპოლიტიკური, და რაც მთავარია, აქტიური აქტორის როლი. უდაოა, რომ პარიზის დღევანდელ პოლიტიკას განსაზღვრავს სარკოზის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტის ნატურა. 2008 წელს, საფრანგეთმა, როგორც მაშინდელი ევროკავშირის მოთავე ქვეყანამ ითამაშა ერთ ერთი მთავარი როლი რუსეთ-საქართველოს ომის შეჩერებაში. მაშინ სარკოზიმ მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ საფრანგეთი არ კმაყოფილდება ევროკავშირის პასიური როლით და მითუმეტეს, არ აპირებს თავად იყოს პასიური ევროკავშირის სამეზობლოში მიმდინარე პროცესებისადმი, მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ევროკავშირი არ არის ისევე აქტიურად ინტეგრირებული როგორც იმავე მაღრიბის ქვეყნებში. შესაბამისად, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ლიბიაში მიმდინარე პროცესებისადმი საფრანგეთმა ფლაგმანის როლი აიღო.

Файл:EU27-2008-Union for the Mediterranean.svg

აქ გასათვალისწინებელია აშშ-ს ფაქტორიც. ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში სწორედ აშშ იყო ის ქვეყანა, რომელიც პირველი დგებოდა რიგში ამა თუ იმ რეგიონში „მშვიდობის“, „წესრიგის“, „სამართლიანობის“, და „დემოკრატიის“ დასამყარებლად. მსოფლიო ჰეგემონის მანტია, სუპერსახელმწიფოს ამბიცია და ამერიკელი ნეოკონების იმპერიალისტური ოცნებები  ვაშინგტონს არ აძლევდნენ სხვაგვარად მოქცევის შანსს. ან უნდა ყოფილიყო ხისტი ამერიკა, ან ამერიკა აღარ იქნებოდა მსოფლიო ჟანდარმის ტიტულის მატარებელი. ამგვარმა ამბიციებმა ვაშიგტონი კისრამდე ჩაფლა მსოფლიოს სხვადასხვა კონფლიქტებში, საიდანაც ის დღემდე ვერ გამოვიდა ვერც გამარჯვებულად და ვერც ფიზიკურად. დღეს ამერიკას აღარ შესწევს ძალა მეტი ტვირთი აიკიდოს, ის უბრალოდ ჩაიხრჩობა საკუთარ ამბიციებში. გარდა ამისა, თავის როლს თამაშობს ობამას ფაქტორიც. აშშ-ს ახალი პრეზიდენტი ძველისგან განსხვავებით რეალისტია და ობიექტურად საზღვრავს მისი ქვეყნის პრიორიტეტებს და შესაძლებლობებს. საკმარისი იყო ვაშინგტონს არ ეცლია საფრანგეთისთვის და თავისებურად დაეწყო ლიბიაში „მშვიდობის“ ან „დემოკრატიის“ დამყარება, რომ ის უმალ აღმოჩნდებოდა ჩართული უსასრულობამდე გაგრძელებულ სამოქალაქო ომში. დღეს არაბულ სამყაროში ვის მხარესაც იდგება ამერიკა, მის წინააღმდეგ იბრძოლებენ არაბი ექსტრემისტები. და პრობლემა მხოლოდ ომში ჩაფლობით არ ამოიწურებოდა. არც საფრანგეთი და არც  ევროკავშირი ტაშს არ დაუკრავდა აშშ-ს ევროკავშირის ინტერესების სფეროში შეჭრისთვის. ჯერ კიდევ 1995 წელს ჩაეყარა საფუძველი „ბარსელონის პროცესს“( ევრო-ხმელთაშუაზღვისპირული პარტნიორობა) რომლითაც ევროკავშირმა დააფიქსირა მისი განსაკუთრებული ინტერესები მაღრიბის რეგიონისადმი. ამ პარტნიორობიდან მხოლოდ 13 წლის შემდეგ, 2008 წელს გადაწყვიტა ევროკავშირმა აღმოსავლეთით(საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდოვა, ბელორუსია) დაინტერესება და შექმნა „აღმოსავლეთის პარტნიორობა“. იმავე 2008-ში ევროკავშირმა დაინახა, რომ სამხრეთ კავკასიაში მის გარდა და მასზე ძლიერად იყვნენ ფეხმოკიდებულნი ამერიკა და რუსეთი, თუმცა ამის მიუხედავად, საფრანგეთმა სუსტად მაგრამ მაინც შეძლო საკუთარი ინტერესების წარმოჩენა. მაღრიბის რეგიონში კი ამ ინტერესების წარმოჩენის მეტი შესაძლებლობა გამოჩნდა, მითუმეტეს, რომ ამ პერიოდისთვის ვაშინგტონშიც სხვა ვითარება იყო.

რატომ საფრანგეთი და არა მაგალითად გერმანია (გერმანიამ, ბრაზილიამ, რუსეთმა და ინდოეთმა თავი შეიკავეს გაეროს უშიშროებსი საბჭოს სანქციებსი მხარდაჭერისგან)? პასუხი წერილის დასაწყისშია, _ საფრანგეთი გერმანიისგან განსხავებით, ისტორიულად, კულტურულად და პოლიტიკურად არის დაკავშირებული ამ რეგიონთან, მას პასუხისმგებლობა აქვს საკუთარი მრავალეთნიკური ფრანგი ერის და მაღრიბის ქვეყნების მოსახლეობის მიმართ. შესაძლოა ეს ნაწილობრივ მიზეზია პარიზის პოლიტიკური ამბიციების ასახსნელად, მაგრამ რა ზიანს მოუტანს მსოფლიოს საფრანგეთის ან საერთოდ ევროკავშირის გააქტიურება? ცივი ომის დასრულების შემდეგ დამყარებულმა უნიპოლარულმა წესრიგმა  პოლიპოლარული კონფლიქტების სახე მიიღო. ჭრელი კულტურების მქონე კაცობრიობა ვერ ეგუება ერთმმართველობაში ცხოვრებას, ამიტომაც რეალობა ითხოვს ახალი, პროგრესული ცენტრების გაჩენას. ამ შემთხვევაში მომავალ ცენტრად შეგვიძლია ვიგულისხმოდ არა საფრანგეთი როგორც ქვეყანა, არამედ საფრანგეთი, როგორც ევროკავშირის _ ერთა გაერთიანების ერთ ერთი წევრი. დღეს არც საფრანგეთი და მითუმეტეს არც ევროკავშირი არაა გაიგივებული „მსოფლიო ჟანდარმთან“, პირიქით, ევროკავშირმა არსებობით დაადასტურა, რომ შესაძლებელია სხვადასხვა ეთნოსთა და კულტურათა თანამშორომლობა და სოლიდარობა საყოველთაო კეთილდღეობის მისაღწევად. მაგრამ სანამ ასეთი, ადამიანის უფლებების პრიმატით გამყარებული დემოკრატიულ პრინციპებზე აგებული და სოციალურად ორიენტირებული გაერთიანება მსოფლიოში უნიკალურია, მას მოუწევს საკუთარი ინტერესების დაცვა მსოფლიო ჰეგემონობაზე მეოცნებე სხვადასხვა კვაზიიმპერიებისგან.

რეალურად, საფრანგეთის გააქტიურება ლიბიაში შეიძლება ჩაითვალოს არა მარტო კონკრეტული პრობლემისადმი საფრანგეთის განსაკუთრებული სენსიტიურობის გამოვლინებად, არამედ ღია განაცხადად მსოფლიოს ძირითადი მოთამაშეებისადმი _ საფრანგეთი სულ უფრო აქტიურ როლს ითამაშებს მსოფლიოში, რაც თავის მხრივ დააჩქარებს შესაბამისი განწყობების გაჩენას ევროკავშირის სხვა ძლიერ, ხოლო შემდგომში არაძლიერ წევრ სახელმწიფოებში. არც საფრანგეთს და არც ევროკავშირს სხვა გამოსავალი არა აქვს, ევროკავშირის პასიურობა სხვა, არადემოკრატიული ძლიერი აქტორებისთვის აქამდე აღიქმებოდა როგორც მწვანე შუქი ევრაზიის კონტინენტზე (და საერთოდ, მსოფლიოში) საკუთარი გავლენის სფეროების გაფართოებისა და დამორჩილებებისთვის, რაც საბოლოოდ ევროკავშირს მოაქცევდა კვაზიიმპერიების ალყაში, რის შემდეგაც ამ იმპერიებს ძალის გამოყენების გარეშეც, ეკონომიკის დახმარებით შეეძლებოდათ ისედაც პრობლემების მქონე ევროკავშირის დაშლა მარტივ მამრავლებად.

საფრანგეთის დღევანდელი თამაში რისკია, თუ სამხედრო აქციამ შედეგად მოიტანა კადაფის რეჟიმის სწრაფი დამხობა, მაშინ პარიზს შეუძლია იზეიმოს, ის აღმოჩნდება ევროკავშირის პოლიტიკური ფლაგმანი, გააძლიერებს გავლენას მაღრიბის რეგიონში, გააქტიურებს პარტნიორობას არაბულ სახელმწიფოთა ლიგასთან, მისცემს სტიმულს ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებს გააქტიურებისკენ და აიძულებს სხვა მსოფლიო აქტორებს, ჯერ იფიქრონ, სანამ ევროკავშირის ინტერესების ზონებს შეეხებიან. ეს ეხება რუსეთსაც. თუ სამოქალაქო ომი კვლავ გაგრძელდა, მაშინ სარკოზის აქტიურობა დაემსგავსება აქტიურობას საქართველო-რუსეთის ომში. ანუ აქტიურობას აქტიურობისთვის და არა შედეგისთვის. ყველა შემთხვევაში ამგავარი მოქმედება უნდა დაწყებულიყო, სხვა შემთხვევაში ევროკავშირი როგორც მსოფლიოში ერთადერთი და საუკეთესო ინსტიტუცია ადამიანების თანაცხოვრებისა, განწირულია.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ