რატომ ვარ სოციალისტი

 
  საწყისი განმარტება : სოციალიზმი, თავისი თანამედროვე დასავლური მნიშვნელობით, ნამდვილად არ არის ის, რაზე მოგონებებიც საბჭოთა წარსულიდან შემოგვრჩენია. ის არ არის რადიკალური იდეოლოგია, რომელიც ეკონომიკისა თუ სოციალური ცხოვრების სხვა ასპექტების მთლიანად სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მოქცევით საზოგადოების რევოლუციურად გარდაქმნას ისახავს მიზნად. არ არის ავტორიტარულიც : არ ემხრობა ერთპარტიული მმართველობის სისტემას, უპირველეს პრიორიტეტად მიიჩნევს ადამიანის უფლებათა, რწმენის, გამოხატვის, პოლიტიკური თავისუფლების დაცვას. მეტიც, ის არც კაპიტალისტური, საბაზრო ურთიერთობების წინააღმდეგ გამოდის, თუმცა,  მიზანშეწონილად მიიჩნევს ეკონომიკაში სახელმწიფოს ნაწილობრივ ჩარევას, სხვადასხვა რეგულაციების შემოღებას, სოციალური პროგრამების განხორციელებას. სოციალისტები აქცენტს აკეთებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დოვლათის სამართლიანად გადანაწილება, განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, მშრომელების, საზოგადოების ქვედა ფენების, მარგინალური და დისკრიმინირებული ჯგუფების უფლებების დაცვა, პროფკავშირების, თვითმმართველობების და სხვა დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერება. საზოგადოებრივი მოწყობის სოციალისტური, ან, რომ დავაზუსტოთ, სოციალ-დემოკრატიული, ე.წ. „კეთილდღეობის სახელმწიფოს“ მოდელი დომინანტური იყო დასავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 1980-იანი წლების დასაწყისამდე. დღესდღეობით  ეს მოდელი ნაწილობრივ მაინც არის შემორჩენილი თითქმის მთელ ევროპაში, ავსტრალიაში, კანადაში და ლათინური ამერიკის რამდენიმე ქვეყანაში, თვით შეერთებულ შტატებშიც კი.
სოციალისტი ვარ რამეთუ :  
 
სოციალიზმი ამპარტავნულია
სოციალისტებს ადამიანები, ძლიერ ჭკვიანები ჰგონიათ. არამხოლოდ ღირსეულები, არამედ სწორედაც რომ ჭკვიანები. თვლიან, რომ მათ შეუძლიათ პოზიტიური ცვლილებები შეიტანონ თავიანთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. შეუძლიათ, საკვების გაყიდვით ფული ისე იშოვონ, რომ სხვები უვარგისი პროდუქტებით არ დაწამლონ; რესურსები ისე მოიპოვონ და გამოიყენონ, რომ თავს წარღვნა არ დაიტეხონ; წარმატებული ეკონომიკა ისე ააწყონ, რომ საზოგადოების დიდი  ნაწილი განათლებისა და ჯანდაცვის ვერმიღებისთვის არ გაწირონ.
თუმცა, სოციალისტების აზრით, ამგვარი ცვლილები „სპონტანური წესრიგის“ სიკეეთებისადმი ბრმა რწმენას ვერ დაემყარება. სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობისას დაგროვილი გამოცდილება, სოციალური თუ ზუსტი მეცნიერებების მიერ მოპოვებული ცოდნა, მათი გამოყენება სოციალური თუ პოლიტიკური სისტემების შემუშავებისას, ყოველთვის იყო და მომავალშიც უნდა გახდეს საზოგადოების განვითარების, მის სხვადასხვა მანკიერებათა აღმოფხვრის საფუძველი.
 
სოციალიზმი მორალურია
ოპონენტები სოციალიზმს ამორალურობას, ძირითადად, იმიტომ უკიჟინებენ, რომ ის დოვლათის გადანაწილებას ემხრობა. მიიჩნევს, რომ თქვენ მიერ გადასახადებში გადახდილი ფულის ნაწილი სხვების სამედიცინო მომსახურებას, განათლებას , სოციალურ დაცვას უნდა მოხმარდეს. რაკი ფული=დროს, ამბობენ ოპონენტები, დროს, რომელსაც მის გამომუშავებაში ხარჯავთ, გამოდის თქვენ თავისუფლებას გიზღუდავენ : გაიძულებენ, თქვენი დროის ნაწილი სხვებისთვის შრომაზე დახარჯოთ. მეორე მხრივ, ის რომ საერთოდ გაქვთ შრომის და ფულის გამომუშავების საშუალება, ნაწილობრივ, სხვების დამსახურებაც არის. ბევრი თქვენგანი, ალბათ, სახელმწიფოში სკოლაში თუ უნივერსიტეტში სწავლობდა. ასევე სავარაუდოა,  რომ საქმიანობისას  სახელმწიფო ბიბლიოთეკებს იყენებდით და იყენებთ. უეჭველია, რომ – სახელმწიფო გზებს, რომელთა დაგებაზე, შეკეთებაზე, მათზე მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ასევე სახელმწიფო სამსახურები ზრუნავენ. დოვლათის დაგროვებაში გეხმარებათ ყბადაღებული „ინფრასტრუქტურაც“, რომლის განვითარებაც სახელმწიფომ იდო თავს. თქვენს საქმიანობა შესაძლებელს ხდის, იცავს სახელმწიფოს მიერ შემუშავებული საკანონმდებლობა ბაზა და სახელმწიფო  ძალოვანი სტრუქტურები. ეს  მნიშვნელოვნად ზრდის თქვენს თავისუფლებას : ფანტაზიის დაძაბვაც კი არ დაგჭირდებათ იმის წარმოსადგენად, თუ რამდენად შეგზღუდავდათ მოწესრიგებული სატრანსპორტო სისტემის ან სამართალდამცავი ორგანოების არარსებობა. საკმარისია, რომელიმე ვესტერნი გაიხსენოთ.   გაჭირვებულ ოჯახში რომ გაზრდილიყავით, ალბათ ამჯობინებდით, ახლა გადასახადები გეხადათ, ვიდრე თავის დროზე განათლება ვერ მიგეღოთ.
ამ ყველაფერში ფულს, ისევ და ისევ გადასახების სახით, სხვებიც იხდიან. ამას კი ბევრად უკეთესად მოახერხებენ, თუკი კარგი ჯანდაცვის, განათლების მიღებას შეძლებენ, წარმატების მისაღწევად პერსპექტივა შეექმნებათ.  სოციალური პროგრამებიც, რომლებიც ამისთვის შემუშავდება, თქვენ  და თქვენი ოჯახის წევრებსაც წაგადგებათ. თანამშრომლობა, გაზიარება, საბოლოო ჯამში,  ყველას თავისუფლებას ზრდის. ამორალური კი სწორედ ის იქნება, პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა სისტემამ ამის შედეგად წარმოქმნილი რეალური, ცხოვრებისეული შესაძლებლობები მოგისპოთ, მიზეზად კი აბსტრაქტული პრინციპებისადმი ერთგულება მოიყვანოს.
რაც მთავარია, დოვლათის გადანაწილებას მხოლოდ სოციალისტები როდი ემხრობიან. საქართველოს მაგალითზე, იმავე იდეას სოციალიზმის ისეთი თავგადაკლული მოწინააღმდეგებიც კი იზიარებენ, როგორიც მიშა თავხელიძეა. „ტაბულაში“ გამოქვეყნებულ  სტატიაში „დავეწიოთ ისრაელს“ ის სახელმწიფოს ურჩევს, სამხედრო ინდუსტრიის განვითარებაზე იზრუნოს. სურს ჩვენ მიერ გადასახადებში გადახდილი ფულით „პროექტის მენეჯერები, ინჟინრები, პროგრამისტები, ქიმიკოსები, ელექტრონული ინჟინრები, ფიზიკოსები, მათემატიკოსები, მარკეტინგის სპეციალისტები, იურისტები, ფინანსისტები და ა.შ…“ .  აღზარდოს. ბატონი თავხელიძე საყოველთაო, სავალდებულო სამხედრო რეზერვის სისტემის დიდი მხარდამჭერიც გახლავთ. მისაღებად მიაჩნია, ჩვენი შრომის ნაყოფი ჯერ ამ სისტემის შესაქმნელად გამოყენონ, მერე კი მასში სამსახურიც გვაიძულონ, თუნდაც ჩვენი რელიგიური და პოლიტიკური შეხედულებების უგულვებელყოფის ხარჯზე.
ბატონი თავხელიძე არც  პირველია და არც უკანასკნელი. მოსაზრება, რომ საზოგადოების წევრებს ერთმანეთის მიმართ ვალდებულებები აკისრიათ ან, სულაც, სახელმწიფოსგან უნდა ეკისრებოდეთ,  პოლიტიკურ აზროვნებასთან ერთად გაჩნდა. მორალის საკითხად უფრო  ის რჩება, კონკრეტულად რას უნდა გულისხმობდეს ეს ვალდებულებები, რას უნდა მოხმარდეს ჩვენ მიერ ერთმანეთისთვის გაზიარებული დოვლათი : მავანთა მილიტარისტული ვნებების დაკმაყოფილებას თუ განათლების სისტემას, უგემოვნო მონუმენტებს თუ დევნილებისთვის ადამიანური საცხოვრებელი პირობების შექმნას, საახალწლო კონცერტებს თუ ნორმალური კულტურული პოლიტიკის შემუშავებას.
 
სოციალიზმი ეფექტურია
შეკითხვით უნდა დავიწყოთ : საერთოდ რას ნიშნავს პოლიტიკური სისტემის ეფექტურობა? რა კრიტერიუმით უნდა განვსაზღვროთ, ის ასეთი არის თუ არა? მაგალითად, ეფექტურია სისტემა, თუკი ის ეკონომიკურ ზრდას კი უზრუნველყოფს, მაგრამ კრიმინალის მაღალ მაჩვენებელს წარმოშობს? თუ პირიქით ხდება?
სოციალისტები აცნობიერებენ სოციალური, პოლიტიკური ცხოვრების სირთულეს, მის წინაშე წამოჭრილ პრობლემათა მრავალგვარობას. თვლიან რომ მათ შორის პრიორიტეტების გადანაწილებაც კი სათუო საქმეა, არათუ რომელიმე მათგანის ერთადერთ საზრუნავად გამოცხადება.  ასეთ მიდგომას უეჭველად მივყავართ უტოპისტურ დაპირებამდე, რომ ამ პრობლემის მოგვარება ყველა დანარჩენს დაუყოვნებლივ, უჩინარი ხელის ერთი დაკვრით გადაჭრის. აი ისეთ პრიმიტიულ ფორმულირებებამდე, როგორსაც კახა ბენდუქიძე გვთავაზობს :  თუკი ეკონომიკა წელიწადში 10%-ით გაიზრდება ძალიან მაგრები ვიქნებით, თუკი შედარებით ნაკლებით – ბანძები.
ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში ძლიერდება, სულ უფრო გავლენიანი ხდება ბენდუქიძის იდეების (და ფინანსების) გარშემო გაერთიანებული ჯგუფი, რომელიც თავს „ლიბერტარიანელებს“ უწოდებს. ჯგუფის წევრებს სახელმწიფო პოლიტიკის ერთადერთ მიზნად მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა ესახებათ, ამის მისაღწევად კი კვლავაც ერთადერთი საშუალება ეგულებათ : ყველგან და ყველაფერში სახელმწიფოს როლის შემცირება : სოციალურ პროგრამებზე უარის თქმა, კულტურული დაწესებულებების პრივატიზება, განათლების სისტემის კერძო სექტორისთვის მინდობა.
რაკი მიზანი ერთია, დიადი და ნათელი, დრო აღარც ეთიკური მოსაზრებებისთვის რჩებათ და აღარც იმათ მოსასმენად, ვინც ამ მიზანს არ იზიარებს. ლოგიკა, არსებითად, ბოლშევიკურია : ელიტარულ ჯგუფს ჰგონია, რომ ხელთ აბსოლუტური ჭეშმარიტება უპყრია, ყველაზე საზოგადოებრივი პრობლემის მოგვარების უებარი საშუალება და ვერ გრძნობს ვალდებულებას, საპირისპირო აზრს მოუსმინოს. რიგითი სტალინისტისთვის ისინი, ვინც პარტიის გეგმებს არ ეთანხმებოდა, „პროლეტარულ ცნობიერებას მოკლებულნი“ და „ბურჟუაზიული გადმონაშთები“ იყვნენ. რიგით ქართველ ლიბერტარიანელს ისინი, ვინც სწუხან, რომ სტატისტიკურად დადასტურებული მიღწევები მათ პირად კეთილდღეობაზე არ აისახება, „თავისუფლებისთვის მზად არ მყოფები“ ჰგონია და თვლის, რომ მათ, უსაქმურებს, სურთ თავიანთი წარუმატებლობა სხვებს გადააბრალონ.
ყველაზე ირონიული ალბათ მაინც ის არის, რომ არავითარი პირდაპირი კავშირის მთლიანი შიდა პროდუქტის მატებას, ეკონომიკის ზრდასა და სახელმწიფოსგან აბსოლუტუ
რად თავისუფალ ბაზარს შორის არ არსებობს. თუნდაც უკანასკნელი წლების მაგალითზე, კრიზისის პერიოდში სტაბილურობის შენარჩუნება და შემდგომი ეკონომიკური ზრდის მიღწევა ძალიან კარგად შესძლეს იმ ქვეყნებმა (გერმანიამ, სკანდინავიის სახელმწიფოებმა, არგენტინამ, ბრაზილიამ, ურუგვაიმ, ჩინეთმა, კანადამ, თურქეთმა, ჩვენი ლიბერტარიანელებისთვის რატომღაც ასე საყვარელმა სინგაპურმა) რომლებიც  გეგმიურ ეკონომიკასა და კაპიტალისტურ, საბაზრო ურთიერთობებს უთავსებენ ერთმანეთს, თავისუფალი ბაზრის ქმედებებში სახელმწიფოს ჩარევას მიზანშეწონილად მიიჩნევენ. ამ სახელმწიფოებიდან ბევრი (მაგალითად პატარა, 3.5 მილიონიანი ურუგვაი, რომლის ეკონომიკაც შარშან 8.5 პროცენტით გაიზარდა) მაღალი სოციალური ხარჯებით გამოირჩევა. ამ ქვეყნებში გადაწყვიტეს პოლიტიკისადმი სწორხაზოვან დამოკიდებულებაზე უარი ეთქვათ, საერთო კეთილდღეობაზე ეზრუნათ, განათლებისდა ჯანდაცვის სისტემებში ინვესტირებაზე გაეკეთებინათ აქცენტი. როგორც ვხედავთ, წარმატებასაც მიაღწიეს.
 ***
სოციალიზმი არც ერთი კონკრეტული სოციალური პროგრამაა და არც გადასახადების რაღაც მაჩვენებელი. ის არის სწრაფვა საზოგადოებისკენ,  რომლის განვითარებაზე ყველას შეგვიძლია გავლენის მოხდენა. რომლის წევრებიც ერთმანეთს უსმენენ, ერთმანეთის სურვილებისა და მოთხოვნილებების, ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით განსაზღვრავენ ქვეყნის მომავალს. საზოგადოება, რომელიც ამაზე უარს ამბობს და თავის ბედს აბსტრაქტული იდეებით შეპყრობილ ელიტარულ ჯგუფს ანდობს, ბატონ-ყმობისთვისაა განწირული.
გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ