ამონარიდი 2011 წლის იანვრის კრებულიდან "გამოწვევები საქართველოს
განვითარებისთვის". კრებული შედგენილია 2010 წლის ოქტომბერ-დეკემბერში
ორგანიზაცია "ევროპული არჩევანი საქართველოსთვის"და "ფრიდრიჰ ებრტის
ფონდის" მიერ ერთობლივად ჩატარებულ კონფერენციებზე წარმოდგენილი მასალების
მიხედვით.
დასაწყისშივე უნდა ითქვას მწარე სიმართლე – მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ რამდენჯერმე წამოიწყო გარდაქმნები ამ დარგში, არც ერთი რეფორმა არ გამოდგა ეფექტური.
გარდაქმნების პირველი ეტაპი 1991-1994 წლებს მოიცავდა. ამ დროს რეფორმა საბჭოური „სემაშკოს მოდელით“ უნდა ჩატარებულიყო. შეიძლება ითქვას, რომ რეალურად იგი არც კი დაწყებულა და ამის მთავარი მიზეზი იყო ქვეყანაში იმ დროს გამეფებული ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური კრიზისი. ფაქტობრივად, თითქმის მთლიანად მოიშალა ჯანდაცვის სისტემა. თუ საბჭოთა პერიოდში სახელმწიფო ერთ ადამიანზე ხარჯავდა დაახლოებით 130-135$-ს, კრიზისის პერიოდში ეს მაჩვენებელი 0.45-08$-მდე დავიდა. ამას თან დაერთო ჯანდაცვის ობიექტების ტოტალური ძარცვა , პირველადი მედიკამენტების დეფიციტი და ა.შ.
მეორე ეტაპზე, 1995-2003 წლებში, სცადეს განესაზღვრათ დაფინანსების პრიორიტეტები. შედგა მინიმალური სამედიცინო მომსახურების პაკეტები, შემოიღეს სოციალური დაზღვევის სისტემა, მაგრამ, ამან მოსახლეობას მდგომარეობა თითქმის ვერ შეუმსუბუქა. მოქალაქეს ისევ საკუთარი ჯიბიდან უხდებოდა როგორც სამედიცინო მომსახურების და წამლის ღირებულების გადახდა. ისევე როგორც სხვაგან, ამ დარგშიც გამეფებული იყო ტოტალური კორუფცია, საერთაშორისო დახმარება ვერ აღწევდა მომხმარებლამდე, დაიწყო ფარმაცევტული ბაზრის მონოპოლიზაციის პროცესი. ეს კიდევ უფრო ამძიმებდა მდგომარეობას.
რეფორმის მესამე ეტაპი „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ დაიწყო. 2005 წელს შემოიღეს სოციალური გადასახადი. იგი პირდაპირ ბიუჯეტში მიდიოდა და, შესაბამისად, სისტემაც მხოლოდ ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. როგორც ჩანს, ეს მიზანშეუწონლად ჩათვალეს და 2008 წელს ეს გადასახადი გაუქმდა.
ხელისუფლებამ განიზრახა სისტემაში დიდი ინვესტიციების მოზიდვა. 2007 წელს დაიწყო საავადმყოფოთა პრივატიზაცია, მაგრამ ეს პროცესი 2010 წელს შეჩერდა. ამჟამად მთავრობა აუქმებს ხელშეკრულებების უმრავლესობას, უკან იბრუნებს მართვაში გადაცემულ ობიექტებს და გეგმავს პრივატიზაციის ახალ ეტაპს. გახმაურებული „1000 ახალი საავადმყოფოს“ პროექტი არ განხორციელდა და შეიძლება ითქვას, რომ ჯანდაცვის რეფორმის მესამე ეტაპიც განუხორციელებელი დარჩა. საქართველოს ჯანდაცვის სისტემა დღეს უაღრესად მძიმე მდგომარეობაშია. ამას კონფერენციაზე წარმოდგენილი შემაშფოთებელი სტატისტიკა ადასტურებს.
ფიზიკური რესურსების დეფიციტი
ხელისუფლების ქაოტური და გაუთვლელი ნაბიჯების შედეგად, საგრძნობლად შემცირდა ჯანდაცვის ობიექტების რიცხვი. ამჯამად, საქართველოში მოქმედებს 224 სტაციონარი, რომელთა საწოლი ადგილების რაოდენობა 14100-ია, ანუ 1000 ადამიანზე მოდის 3.2 საწოლი. დიდია ინტენსიური თერაპიის (რეანიმაციის) ადგილების დეფიციტი. ხშირია შემთხვევები, როცა სამედიცინო დაწესებულებები ვერ იღებენ პაციენტებს და მათ სხვაგან , ძირითადად დედაქალაქში , აგზავნიან. საავადმყოფოთა უმრავლესობა არ შეესაბამება ელემენტარულ სტანდარტებს . იქ გამეფებული ანტისანიტარია საფრთხესაც კი უქმნის პაციენტებს და მედპერსონალს. არასაკმარისი და მოუქნელია სასწრაფო სამედიცინო დახმარების სისტემა. თბილისში იგი ავად თუ კარგად მუშაობს, თუმცა, აქაც, ბოლო წლებში გატარებულმა ცვლილებებმა გააუარესა ოპერატიულობა და მომსახურების ხარისხი. რეგიონებში სასწრაფო სამედიცინო სამსახური ფაქტობრივად ვერ მოქმედებს, რადგან არ აქვს საჭირო ავტოტრანსპორტი და ოპერატიული მართვის აღჭურვილობა. საქართველოს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის უდიდესი ნაწილისათვის იგი რეალურად არ არსებობს, რადგან არაოპერატიულობა აზრს უკარგავს სიტყვას „სასწრაფო“.
ადამიანური რესურსების დეფიციტი
ბოლი 20 წელიწადში საქართველოში ექიმთა რაოდენობა 30%-ით შემცირდა. 2008 წელს 10000 მოქალაქეზე მოდიოდა 46.3 ექიმი. ამის ერთ ერთი მთავარი მიზეზია ქვეყანაში სტაციონარების და ამბულატორიების დიდი რაოდენობის გაუქმება – ე.წ.“ოპტიმიზაცია“. ასევე შემცირებულია საშუალო სამედიცინო პერსონალის რაოდენობა – 10000 მოქალაქეზე 44,7ექთანი და სანიტარი მოდის, (შედარებისათვის, საშუალო ევროპული მონაცემი 79-ს უდრის) . იმავე 2008 წლის მონაცემებით 1 ექიმზე მოდის 0.97 ექთანი, რაც ევროპაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2009 წლის შეფასებაში პირდაპირ წერია „ [საქართველოში] სამედიცინო პერსონალის პროდუქტიულობის დონე ვერ აკმაყოფილებს მისაღებ სტანდარტებს და ყველაზე დაბალია ევროპის რეგიონსა და დსთ-ს ქვეყნებთან შედარებით“.
ჯანდაცვის დაფინანსება და ხარჯები
ბიუჯეტიდან დარგის დაფინანსების ანალიზი და ხარჯების შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან ცხადყოფს, არის თუ არა ეს სფერო პრიორიტეტული ხელისუფლებისათვის. 2011 წლის ბიუჯეტის კანონით საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე გამოყოფილია (?) მლნ. ლარი, ანუ მთლიანი საბიუჯეტო სახსრების(?) %. საქართველოში სახელმწიფოს მიერ გაღებული ხარჯები ჯანდაცვაზე შეადგენს მშპ-ს 1.5%-ს, მაშინ როდესაც საშუალოდ მსოფლიოში აღნიშნული მაჩვენებელი 5.8 პროცენტია, მათ შორის დაბალგანვითარებულ ქვეყნებში – 2.2%, საშუალოდგანვითარებულ ქვეყნებში – 3.5% და მაღალგანვითარებულ ქვეყნებში – 6.7%. ანუ გამოდის, რომ ამ ინდიკატორით, ჩვენ დაბალგანვითარებულ ქვეყნებსაც კი ჩამოვრჩებით.
მეტი სიცხადისათვის კიდევ რამდენიმე მაგალითს მოვიყვანთ. საფრანგეთში ეს მაჩვენებელი 8.7%-ია, დანიაში- 8.2%, გერმანიაში- 8.0%, აშშ-ში- 7.1%, დიდ ბრიტანეთში- 6.9%, საბერძნეთში- 5.8%, უკრაინაში- 4.0%, სამხრეთ აფრიკაში- 3.6%, რუსეთში- 3.5%
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, 170 ქვეყნიდან საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე გაღებული ხარჯების წილით საქართველო 149–152–ე ადგილებს იყოფს იემენთან, ტოგოსა და ერიტრეასთან.
უნდა ითქვას, რომ 2001-2010 წლებში ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების მოცულობა 9.2–ჯერ გაიზარდა. (სახელმწიფო ბიუჯეტის საერთო ხარჯების 6.3–ჯერ ზრდის ფონზე). მაგრამ, ამ ერთი შეხედვით საგრძნობი პროგრესის მიუხედავად, მდგომარეობა რეალურად არ შეცვლილა. დღესაც, საქართველოში ჯანდაცვის დაფინანსების ძირითადი წყაროა მოსახლეობის კერძო დანახარჯები. ჯიბიდან გადახდის მაჩვენებელი შეადგენს დანახარჯების 73%, (,,ევროპის ჯანდაცვის რეპორტი 2009“). ამ მაჩვენებლით ევროკავშირსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში მხოლოდ ტაჯიკეტი გვისწრებს. ერთ სულ მოსახლეზე გაწეული სახელმწიფო ხარჯები 17.8-ჯერ ნაკლებია საშუალოევროპულ მაჩვენებელზე (მსოფლიო ჯანდაცვის სტატისტიკა 2009წ). ამ მონაცემით საქართველო ჩამორჩება ნორვეგიას 38,5-ჯერ, აშშ-ს 38,1-ჯერ, დანიას 29,1-ჯერ, ლუქსემბურგს 38,9-ჯერ, საბერძნეთს 14-ჯერ, ბალტიის პოსტსაბჭოთა ქვეყნებს 4,0-4,0-ჯერ თვითოეულს.
დაზღვევა
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, საქართველოს მოსახლეობის 76%-ს არ გააჩნია ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი. ეს გასაკვირი არ არის, რადგან ყველამ ვიცით- თუ შრომისუნარიან ადამიანს მეტნაკლებად სტაბილური სამუშაო არა აქვს, თითქმის შეუძლებელია რომ მან დაზღვევა მიიღოს. პოლისის მქონე ,,ბედნიერთა“ რიცხვში პენსიონერებიც არიან, მაგრამ მათი მომსახურების პაკეტი იმდენად მიზერულია, რომ იგი ხანდაზმული ადამიანების მკურნალობის ხარჯების მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილს ფარავს. კარგა ხანია აღარაფერი გაგვიგია ე.წ. ,,ხუთლარიან დაზღვევაზე“, რომელსაც წინასაარჩევნო პერიოდში ასეთ ფართო რეკლამას უწევდნენ. თავიდანვე აშკარა იყო,რომ იგი არარეალური იქნებოდა და ასეც გამოდგა. ხელისუფლების წარმომადგენლებს უყვართ იმაზე საუბარი, რომ ჯანმრთელობის დაზღვევის სფეროში მნიშვლოვან წარმატებებს მივაღწიეთ, მაგრამ სტატისტიკა სულ სხვა რამეს გვეუბნება. მოსახლეობის მიერ ჯანმრთელობის დაცვაზე გადახდილი თანხების 86.8 % -ს ნაღდი ფული შეადგენს; ეს ფაქტობრივად ორჯერ აღემატება საშუალო მსოფლიო მაჩვენებელს (43.9%). ასე არ იქნებოდა, ჩვენს ქვეყანაში ეფექტური ჯანმრთელობის დაზღვევის სისტემა რომ არსებობდეს.
„ევროპის ჯანდაცვის მოხსენება 2009“-ს თანახმად „ჯანდაცვის მომსახურებისთვის ნაღდი ფულით გადახდილი ხარჯების სიდიდის გამო, რომლებსაც ადამიანები პირდაპირ მომსახურების გაწევის ადგილას იხდიან, მკურნალობისთვის და ოჯახების მიერ ჯანდაცვისთვის გადახდილი თანხები აღემატება მათ მიერ გადახდის შესაძლებლობას. ჯანდაცვის გამოყენებისა და ხარჯების გამოკვლევა(2007წ.) უჩვენებს, რომ ოჯახების დაახლოებით 12% არასაკვები ხარჯების 40%ზე მეტს ხარჯავენ ჯანდაცვის მომსახურებაზე… ჯანდაცვა არ წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლების სახელმწიფო პრიორიტეტს. დაბალია ჯანდაცვაზე სახელმწიფო დაფინანსება და მაღალია ჯიბიდან გადახდა (ერთერთი უდიდესია რეგიონში). სამედიცინო სერვისები და მედიკამენტები ხელმიუწვდომელია მოსახლეობის 30%ისთვის.“
მსოფლიო ბანკის ინფორმაციით კი საქართველოში „მოსახლეობის ჯანმრთელობის არსებული დაბალი მაჩვენებლების და სამედიცინო მომსახურების გამოყენების დაბალი დონის გათვალისწინებით, ალბათობა იმისა, რომ ამჟამინდელი მოზარდების უმეტესობას 2025 წლისთვის ექნება საგრძნობლად სუსტი ჯანმრთელობა, საკმაოდ დიდია. ხანდაზმული მოსახლეობის ექსპონენტურად მზარდი სამედიცინო მოთხოვნები კიდევ უფრო დაძაბავს სისტემას და უზარმაზარ ზეწოლას მოახდენს დაფინანსების არსებულ სისტემაზე“.
ზოგიერთი დასკვნა
საქართველოს ჯანდაცვის სისტემა მთლიანობაში არათანმიმდევრული და არაეფექტურია, სახელმწიფო ვერ ასრულებს აღებულ ვალდებულებებს, რადგანაც არასაკმარისად აფინანსებს ამ დარგს.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა მნიშვნელოვან სამთავრობო დოკუმენტში დეკლარირებულია პირველადი ჯანდაცვის პრიორიტეტულობა, ფაქტობრივად მოშლილია მოზრდილთა პოლიკლინიკებისა და ამბულატორიული მომსახურების ქსელი. ,,ოჯახის ექიმის“ ინსტიტუტი, რომელსაც, ხელისუფალთა აზრით, გაუქმებული სისტემა უნდა შეეცვალა, ფინანსური ბაზის უქონლობის გამო ვერ მოქმედებს.
სიღარიბის ზღვართან მიახლოებულ ოჯახებს, რომელთა ჯანდაცვის ხარჯები არც ერთი სახელმწიფო პროგრამით არ არის გათვალისწინებული, მკურნალობის ხარჯები გაღატაკებით ემუქრება.
ამბულატორიული მკურნალობის დეფიციტი ზომაზე მეტად ტვირთავს სასწრაფო დახმარების სისტემას. თვით ეს სისტემა არაეფექტურია და ფაქტობრივად ხელმიუწვდომელია თბილისის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მოსახლეობისათვის.
ძალზე სუსტია წამლის ეროვნული პოლიტიკა. იგი გავლენას ვერ ახდენს ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე. ამის შედეგად, ეს ბაზარი გადანიწილებული აქვთ მონოპოლისტ კომპანიებს, რომლებიც მას პრაკტიკულად სრულად აკონტროლებენ.
ჯანდაცვის დარგში ხელისუფლების პოლიტიკა ძირეულად ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებს, ხელს უწყობს მოსახლეობის გაღატაკებას, ლახავს ადამიანის უპირველეს – სიცოცხლის უფლებას.
იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემა ჩადგეს ხალხის და არა მდიდარი ელიტების სამსახურში, საჭიროა უარი ითქვას დარგში ლიბერტარიანული პოლიტიკის გატარებაზე.
აუცილებელია გრძელვადიანი, დაბალანსებული, მერცნიერულად დასაბუთებული, საზოგადოებასთან შეთანხმებული დარგის მართვის სტრატეგიის შექმნა. სამართლიანობა, მომხმარებელზე ორიენტაცია, მოსახლეობის ფინანსური რისკებისგან დაცვა, რესურსების ეფექტიანად გამოყენება, სამედიცინო სერვისების, მედიკამენტების, ბიოლოგიური პროდუქტების და სამედიცინო მოწყობილობების უსაფრთხოების, ეფექტურობის და ხარისხის მართვა უნდა გახდეს ჯანდაცვის ეროვნული სისტემის რეალური პრიორიტეტი და შესაბამისად, ყველა გარდაქმნა ამ ხედვას და მიდგომებს უნდა დაეფუძნოს.