ბოლო შანსი


მოახერხებს თუ არა ტელევიზიის წინ შეკრებილი ხალხი რევოლუციის დაწყებას გაირკვევა ამ დღეებში, სავარაუდოდ 25-26 მაისს, მანამდე ოპოზიციური პარტიები ცდილობენ მოიზიდონ მეტი ადამიანი.

მომიტინგეთა რიცხვის ზრდაში ერთ ერთი მთავარი პრობლემა, როგორც „სახალხო კრებისთვის“ ასევე „ქართული პარტიის“ ან სხვა  ორგანიზაციებისთვის არის არა იმდენად შიშის ფაქტორი, რომელიც მეტნაკლებად მცირდება კოლექტიური(მასობრივი შეკრებების) ქმედების ადგილში, რამდენადაც თავად მოსახლეობაში არსებული, რბილად სათქმელად, „არაცალსახა“, მკვეთრად სათქმელად კი „უარყოფითი“ დამოკიდებულება თავად აქციის ორგანიზატორთა მიმართ. ძნელია გაამტყუნო მოქალაქეები იმისთვის, რომ ახსოვთ ნინო ბურჯანაძე როგორც სააკაშვილის თანამებრძოლი, ეროსი კიწმარიშვილი _ როგორც სააკაშილის „გებელსი“, ლევან გაჩეჩილაძე _ როგორც სააკაშვილის საარჩევნო შტაბის უფროსი და ა.შ. რთულია განაწყენდე ხალხზე, რომელიც დადიოდა მიტინგებზე და დღეს განაწყენებულია ამ მიტინგების უშედეგობით. საზოგადოებაში არის გამომუშავებული უნდობლობა, რომლის მოსახსნელად დღევანდელი აქციის მონაწილეებს ძალიან ბევრის გაკეთება მოუწევთ. ამ ძალიან ბევრში იგულისხმება ისეთი ვითარების შექმნა, რომლის შემთხვევაში გარდაუვალი თუ არა, სავსებით რეალურია სააკაშვილის ხელისუფლების დასრულება. პრობლემაც იმაშია, რომ ამ ზღვრამდე მისასვლელად აქციის ორგანიზატორებს ისევ ხალხის რაოდენობის ზრდა სჭირდებათ, ხალხი კი ელის რეალური ძალის ჩვენებას.

დღევანდელი ვითარება ასეთია, კოსტავას გამზირზე დგას ყველაზე სასოწარკვეთილი, თუმცა ამავდროულად ყველაზე აქტიური ნაწილი. ზოგჯერ რჩება შთაბეჭდილება, რომ მათ არ ჰყოფნით აქციის ტემპი, ტემბრი, ტონი, ითხოვენ მეტ „ექშენს“ და თუ ეს ექშენი არ ჩანს, მაშინ მათი რიგებიც თხელდება, ეს კი იმიტომ ხდება, რომ ამ ხალხს მაინც აქვს ეჭვი -ვაიდა იგივე განმეორდეს და ტყუილად გვიწევს დგომა. რეალურად ეს ის 2-3 ათასი ადამიანია, რომელიც აქამდეც დადიოდა მნიშვნელობა არა აქვს რომელი ოპოზიციური პარტიის ორგანიზებულ ანტისამთავრობო მიტინგებზე, ახლაც ქუჩაშია და შემდეგშიც იდგება. მოკლედ, ეს ადამიანები არიან ბაზისი, რომელზეც შეიძლება დაშენდეს მრავალათასიანი მიტინგი, რაც თავის მხრივ უკვე ოპოზიციური პარტიის ან პარტიების მარიფათზეა დამოკიდებული. რასაკვირველია რთულია პარტიისთვის, რომლის ლიდერსაც აქვს შელახული წარსული, რომელმაც რამდენჯერმე გააცრუა საზოგადოების იმედები და რომლის მხარდამჭერები რეალურად ის 2-3 ათასი საზიარო პროტესტული ჯგუფია _მოახერხოს მეტი ხალხის მობილიზება სააკაშვილის რეჟიმის პირობებში, მაგრამ სხვა გამოსავალი ორგანიზატორებს არ გააჩნიათ: ან ისინი მოახერხებენ მეტი ხალხის მობილიზებას, ან მათი პოლიტიკური კარიერა საბოლოოდ დასრულდება… მაგრამ იქნებ არ დასრულდება? ეს კითხვა დღეს აწუხებს არა იმდენად ქუჩაში გასულ ოპოზიციურ ლიდერებს, რამდენადაც ქუჩაში გასულ ხალხს.

რა შანსები აქვს ამ ოპოზიციას გადარჩენისთვის ან გამარჯვებისთვის? შანსები არის, თუმცა მათი გამოყენება ნიშნავს  ვა-ბანკზე წასვლას და სასწორზე პოლიტიკური სტატუსის დადებას. ამას კი გამბედაობა სჭირდება, გამბედაობა სიმართლის თქმისა.

ახლა კი თავად შანსების შესახებ:

 არსებული მომიტინგეების შენარჩუნებისა და გამრავლებისთვის „სახალხო კრების“ ლიდერებმა, ასევე ამ აქციასთან შეერთებულმა პოლიტიკურმა ძალებმა და ამ ძალების ლიდერებმა მიტინგზე საზოგადოების გასაგონად უნდა განაცხადონ რომ თუ უახლოეს 1-2-კვირაში ვერ მოახერხებენ რევოლუციის დაწყებას, ყველანი წავლენ პოლიტიკიდან. ეს უნდა იყოს დაახლოებით ისეთივე ნაბიჯი, როგორიც გადადგა დავით აღმაშენებელმა, როცა დიდგორის ბრძოლის წინ უკანდასახევი გზა ჩახერგა. საზოგადოება თუ დაინახავს, რომ ეს ოპოზიციური პარტიები რეალურად მზად არიან გასწირონ საკუთარი პოლიტიკური სტატუსი გამარჯვებისთვის, ხალხის რაოდენობა მიტინგზე გაათმაგდება. ამ სიტყვას მოიწონებს უკვე დღეს მიტინგზე მყოფი ხალხი, რომელიც ასევე უშვებს იმის ალბათობას, რომ შესაძლოა ამჯერადაც არაფერი გამოვიდეს. მეორეს მხრივ ოპოზიციისგან ამგვარი განცხადების გაკეთება იქნება პირველი პრეცენდენტი სიტყვა „პოლიტიკურ პასუხისმგებლობას“ შეესხას ხორცი. მხოლოდ ამგვარი გარკვეული პასუხისმგებლობის აღების შემთხვევაში შეძლებს ოპოზიცია ლეგიტიმურობის შეძენას და ამით ხელისუფლებისთვის ძლიერი დარტყმის მიყენებას. მოკლედ, მიტინგზე მყოფი ან სახლებში მსხდომი ხალხი იმსახურებს იმას რომ დაინახოს ოპოზიციის თავგანწირვა.

მეორე შანსი რეპუტაციის დასაბრუნებლად: სააკაშვილის ყოფილმა თანამებრძოლებმა და ამჯამად ოპოზიციის ლიდერებმა საჯაროდ უნდა მოიხადონ ბოდიში სააკაშვილის რეჟიმში ყოფნისთვის და რაიმე სახით საზოგადოებისთვის მიყენებული ტკივილებისთვის. უნდა დაისვას წერტილები იმ თემებზე, რომლებსაც დღეს ხელისუფლება იყენებს ამ ოპოზიციის წინააღმდეგ. ამისთვის კი საჭიროა აღიარება, მონანიება და ბოდიშის მოხდა ხალხისთვის.

მესამე შანსი _ აქციის ორგანიზატორებმა და აქციას მიერთებულმა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა მკვეთრად და გასაგებად უნდა განაცხადონ, რომ დღევანდელი მათი ორგანიზატორობა არ ნიშნავს იმას, რომ გამარჯვების შემთხვევაში ორგანიზატორი პირები იქნებიან ქვეყნის ახალი მმართველები. ანუ, ბურჯანაძის, გაჩეჩილაძის, ოქრუაშვილის ან გაფრინდაშვილის დღევანდელი ლიდერობა სულაც არაა იმის გარანტია, რომ ისინი იქნებიან ქვეყნის ლიდერები. მაგალითად, ბურჯანაძემ უნდა თქვას, რომ იცის ქართულ საზოგადოებაში რომ ის ყველას არ ეხატება გულზე და ამიტომ სთავაზობს საქართველოს _ მისი ლიდერობით მოწყობილი რევოლუციის შემთხვევაში ის არ გამოიყენებს არც პიარს, არც ძალაუფლებას იმისთვის, რომ თავი ჩაიყენოს პრივილეგირებულ მდგომარეობაში ისევე, როგორც ეს გააკეთა სააკაშვილმა ვარდების რევოლუციის შემდეგ და მზად არის შეეგუოს იმ აზრს, რომ რევოლუციის მომწყობი შეიძლება ვერ გახდეს ქვეყნის მომავალი ლიდერი. იგივე ეხება გაჩეჩილაძესაც და ოქრუაშვილსაც. ამ შემთხვევაშიც საზოგადოებას ექნება მეტი მოტივაცია შეუერთდეს დღევანდელ აქციებს.

მეოთხე შანსი _ აქციის ორგანიზატორებმა მუდმივად უნდა იმეორონ, რომ რევოლუცია არ ნიშნავს დღეს დასაქმებულთა ხვალ უმუშევრებად ქცევას, რომ გარდა მთავარი დამნაშავე პირებისა, სხვები, მათ შორის პოლიციელები კვლავ უნდა მუშაობდნენ ქვეყნის სადარაჯოზე, პარლამენტის თანამშრომლები დარჩებიან პარლამენტში და ა.შ. რომ ახალი ხელისუფლება გაზრდის სამუშაო ადგილებს იმ ხალხის ფულის ხარჯზე, ვინც გამდიდრდა სააკაშვილის მმართველობაში. უნდა ითქვას, რომ სააკაშვილის დროს ხალხის ხარჯზე გამდიდრებულებს სერიოზულად დაკითხავენ. მოკლედ, აქციის ორგანიზატორებმა უნდა დაამშვიდონ დასაქმებული ელექტორატი, რადგან დასაქმებულებს უფრო მეტი გავლენა აქვთ ვიდრე უმუშევრებს, რამდენადაც სამწუხაროდ არ უნდა ჟღერდეს ეს. და მეორე ეფექტი _ კონკრეტიკა გაზრდის ხალხის მოტივაციას. საზოგადოებამ უნდა იცოდეს რა მოხდება რევოლუციის შემდეგ. მაგალიტად _ ბოლო წლებში გამდიდრებულ პოლიტიკოსებს ქონება ჩამოერთმევა, კვლლავ შემოვა ცნება _ სტრატეგიული ობიექტი, დამნაშავე მთავრობის წევრები წავლენ ციხეში ამა და ამ დანაშაულისთვის და ა.შ. მომავლის დაკონკრეტების და მაგალითების მოყვანისთვის მიტინგზე საკმარისი დროა, ჯოს! ჯოს! და სა-ქარ-თვე-ლოს ძახილს, მოთქმას და ძველი რეპერტუარის გამეორებას არანაირი შედეგი არ მოაქვს, მაშინ როცა კონკრეტული სამომავლო ნაბიჯები რევოლუციისშემდგომ საქართველოში საინტერესო იქნება ხალხისთვისაც და მედიისთვისაც.

თუკი ორგანიზატორებს არ ეყოფათ გამბედაობა მოიჭრან უკან დასახევი გზა, თუ მარცხის შემთხვევაში დაიწყებენ წარუმატებლობის გადაბრალებას სააკაშვილზე ან ხალხზე, თუ დაგეგმავენ მომავალ რევოლუციას შემოდგომისთვის, შემოდგომიდან კი მომავალი გაზაფხულისთვის, მაშინ დღეს მიტინგზე მდგომ ხალხს, ისევე როგორც დანარჩენ მოსახლეობას შეუძლია მოაწყოს მიტინგი არა სააკაშვილის, არამედ ამ ოპოზიციის პოლიტიკური სცენიდან წასვლის მოთხოვნით. რადგანაც უნიათო და უსუსური, რეალური მხარდამჭერების არმყოლი ოპოზიცია დღეს სჭირდება მხოლოდ ერთ ძალას _ სააკაშვილის რეჟიმს.

ბრიყვული არგუმენტი _ „აბა ჩვენ თუ წავალთ, ვინ უნდა ებრძოლოს პირსისხლიან სააკაშვილს“ არ მიიღება. საქართველოში არის რამდენიმე ახალი პოლიტიკური ჯგუფი, მათ შორის უმრავლესობა ახალგაზრდული, რომელიც არაა ცნობილი ხალხში მხოლოდ იმიტომ, რომ არც არსებულ ოპოზიციას, არც ხელისუფლების მართულ მედიას და არც თავად ხელისუფლებას არ აწყობს ახალი ძალების შემოსვლა. ოპოზიციას არ უნდა კონკურენტები, ხელისუფლებას კი უცნობ თავისტკივილს ნაცნობი და ალაგ ალაგ მოსყიდული არსებული ოპოზიცია ურჩევნია. პრინციპში ქვეყნისთვის უკეთესია თუ ეს ძველი პარტიები ახლებს დაუთმობენ ადგილს, ეს ადრე თუ გვიან მაინც მოხდება მაგრამ რადგან კოსტავაზე ძველების ნაწილს კვლავ ეძლევა ბოლო შანსი, რადგან მათი ორგანიზებით უკვე დაწყებულია აქციები, მაშინ აი ბურთი და აი მოედანი, მოიჭრან უკან დასახევი გზები და დაამტკიცონ, რომ იბრძვიან არა სკამებისთვის ან ფულისთვის, არამედ ხალხისთვის. სხვათაშორის ამ სვლით იმასაც დაამტკიცებენ, რომ ხელისუფლებასთან არ არიან შეკრულები. ხალხი იმსახურებს ამას.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ