ბინ ლადენის სიკვდილი _ ტრაგედია მაკ კეინისთვის

აშშ-ს მიერ „ნომერ 1 ტერორისტად“ აღიარებული ოსამა ბინ ლადენი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ მსოფლიომ შეიტყო აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას მიმართვიდან. ობამა თავად ხელძმღვანელობდა სპეცოპერაციას, რომელიც პაკისტანის დედაქალაქის მახლობლად განხორციელდა.

2001 წლის 11 სექტემბრის ცნობილი ტერაქტიდან თითქმის 10 წლის თავზე აშშ-მ მოიპოვა ერთ ერთი მნიშვნელოვანი და სიმბოლური გამარჯვება, გამარჯვება რომელსაც 10 წელი ელოდა ამერიკელი ხალხი. “ალ ქაედას” ლიდერის ლიკვიდაციის ცნობამ ვაშინგტონსა და ნიუ იორკში მოქალაქეთა სპონტანური ზეიმი გამოიწვია… მაგრამ რა შეიცვლება ბინ ლადენის ლიკვიდაციით?

ტერორიზმის დასასრული?

მთავარი ტერორისტის მოკვლით ტერორიზმთან ბრძოლა არ შეწყდება. მსოფლიოში არსებული ნეოლიბერალური წესრიგი, რომელიც წარმოშობს მზარდ უთანასწორობას კლასებს შორის, ასაზრდოებს რადიკალიზმებს. მდიდარ სახელმწიფოთა მხრიდან ღარიბი სახელმწიფოების ექსპლატაცია, ჩაგვრა და იგნორირება კვებავს ანტაგონიზმს მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის. მსოფლიო მოსახლეობის 1%-ის ხელში არსებული კაპიტალის 90% გამორიცხავს შესაძლებლობას მსოფლიოში აღმოიფხვრას სიღატაკე, ავადმყოფობები, ბავშვთა სიკვდილიანობა და გაუნათლებლობა. სირატაკე და შესაბამისად განათლების დეფიციტი არის ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი რადიკალიზმის და მისი უკიდურესი სახე _ ტერორიზმის არსებობისთვის. დღეს ტერორისტების ბუდეების _ პაკისტანის და ავღანეთის მოსახლეობის ნახევარი წერა-კითხვის უცოდინარია, სიერა-ლეონეში და სენეგალში წერაკითხვა მხოლოდ 40 %-მა იცის. მთლიანად არაბულ სამყაროში წერაკითხვის მცოდნეთა საერთო ჯამი 78%-ია, მაშინ როცა ჩრ.ამერიკასა და დასავლეთ ევროპაში 99%. თუმცა მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა დაადასტურა, რომ რადიკალიზმი არ არის ერთი კონკრეტული რეგიონის ან რელიგიისთვის დამახასიათებელი თვისება. საკმარისი იყო, კრიზისი საკუთარ თავზე ეწვნია განვითარებული ევროპის (ქრისტიანული სამყაროს) მოსახლეობას, რომ ადგილობრივ არჩევნებში მაშინვე გაჩნდა სიმპათიები ნაციონალისტური და ფაშისტური ორიენტაციის პოლიტიკოსებისადმი. ევროპის მოსახლეობის ნაწილმა გაღარიბება და უმუშევრობა დააბრალა არა ფუნდამენტალისტური ნეოლიბერალიზმისა და ველური საბაზრო ეკონომიკის გამტარებელ მთავრობებს, არამედ ქვეყანაში უცხოეთიდან ჩასულ იაფ მუშახელს, მიგრანტებს, უცხოებს. ამ ვითარებაში გასაკვირი არ არის, რომ ეკონომიკურად ბევრად ღარიბ და ამავდროულად მრავალრიცხოვან ქვეყნებში (ძირითადად ისლამურ სამყაროში), სადაც დასავლური დემოკრატიები ვერ იკიდებს ფეხს, აღმოსავლური კი ჯერ ვერ ჩამოყალიბდა, აღმოსავლეთის მდიდარი უმცირესობები იყენებენ ღარიბი უმრავლესობის გაუნათლებლობასა და რელიგიას საკუთარი პრივილეგირებულობის შესანარჩუნებლად, უსამართლობას კი ხსნიან არა საკუთარი ანგარებებით, არამედ ქრისტიანული სამყაროს ეგოიზმით, გარყვნილობითა და აგრესიულობით. შესაბამისად, სანამ იარსებებს უთანასწორობა, მანამ იარსებებს საკვები რელიგიური, ნაციონალისტური ეთნიკური და სოციალური რადიკალიზმები, ამიტომ არასერიოზულია იმის თქმა, რომ ბინ ლადენის მოკვლით დასრულდა ომი ტერორიზმთან. ეს ომი არ დასრულდება მანამ სანამ ერთდროულად იარსებებს 100 მილიარდერი და 1000 000 000 მშიერი.

არ არის გამორიცხული, რომ „ალ ქაედას“, „ხამასის“ „ჰესბოლას“ და „თალიბანის“ მსგავსმა ტერორისტულმა ორგანიზაციებმა კიდევ უფრო გაააქტიურონ მოქმედება. „ალ ქაედა“-მ უკვე გამოაცხადა, რომ შურისძიებისთვის მზადაა და მისი პირველი სამიზნე პაკისტანის პრეზიდენტი იქნება.

აშშ

ამერიკის დღევანდელ პრეზიდენტს სავარაუდოდ აღარ გაუჭირდება მეორედ გამარჯვება საპრეზიდენტო აჩევნებში. ბარაკ ობამამ სიმბოლურად შური იძია 11 სექტემბრის ტერაქტისთვის, ეს კი სიმბოლიზმების მოყვარული ამერიკული საზოგადოებისთვის საკმარისია არჩევნებში გადაწყვეტილების მისაღებად. რამდენადაც პარაქოქსულად არ უნდა ჟღერდეს ბინ ლადენის ლიკვიდაცია ტრაგედიაა ამერიკის „ომის პარტიის“ _ ე.წ. ნეოკონებისთვის( დიკ ჩეინი, ჯონ მაკკეინი, პოლ ვულფოვეცი). ამ ჯგუფის წევრმა ჯორჯ ბუშმა (უმცროსმა) წამოიწყო ომი ავღანეთსა და ერაყში, რითაც გააათმაგა ისლამური ფუნდამენტალიზმი და ისლამური ტერორისტული ორგანიზაციების წევრები. ბუშის დროს მოდხა 11 სექტემბრის ტერაქტი და ვერ მოხდა ბინ ლადენის ვერც დაჭერა ვერც ლიკვიდაცია. ეს მოახერხა ნეოკონების მთავარმა მტერმა _ აშშ-ს დღევანდელმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. მიუხედავად იმისა, რომ ობამას ტრიუმფი თითქოსდა გარანტირებულია, დიდი ალბათობაა, რომ მას მოუწიოს ბევრად რთული პერიოდი. ნეოკონები ყველანაირი მეთოდებით შეეცდებიან ობამას დისკრედიტაციას და საზოგადოების კვლავ გადახრას ომის პარტიისკენ. ამის გაკეთება რთული იქნება შიდაამერიკული ინტრიგებითა და პიარკამპანიებით, ობამა არაა ორიენტირებული ოლიგარქებზე, მისი რეფორმები ხალხისკენაა მიმართული. მაგრამ თუ მოხდება მეორე 9/11 მაშინ ნეოკონებს აქვთ შანსი კვლავ დაბრუნდნენ თეთრ სახლში. ამისთვის საჭიროა მხოლოდ ერთი _ შეთქმულება, რომლის შედეგად ერთ-ერთი ისლამური ტერორისტული ორგანიზაცია თუ აშშ-ში არა, მსოფლიოს მასშტაბით მაინც მოახერხებს დიდი ოდენობის ამერიკის მოქალაქეთა განადგურებას. მოკლედ, ბინ ლადენის ლიკვიდაციით ობამამ გაიჩინა ბინ ლადენზე ბევრად საშიში და ძლიერი მტერი, რომელთან ბრძოლაში გამარჯვებისთვის მას სჭირდება წინდახედული და გათვლილი პოლიტიკა, რომელიც გამორიცხავს აშშ-ს ჩართვას ახალ ომებსა და კონფლიქტებში.

საქართველო

ფაქტია, რომ საქართველოს დღევანდელი რეჟიმი ნეოკონების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფილიალია მსოფლიოში, შესაბამისად არც ოფიციალურ თბილისს არ გაუხარდებოდა ის, რომ ბინ ლადენის ლიკვიდაცია მოახერხა არა ჯორჯ ბუშმა, არამედ „სუსტმა“ და „რიტინგდაკარგულმა“ ობამამ _ აშშ-ს ერთადერთმა პრეზიდენტმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელის დისკრედიტაციით დაინტერესებულია საქართველოს ხელისუფლებაც და მისი სახელისუფლებო ტელეარხები. მაგრამ გარდა ანტიპატიებისა, არის ბევრად უარესი საფრთხეც _ საქართველოს დაუცველობა ტერორისტების შეტევისგან. უახლოეს მომავალში საქართველო უვიზო რეჟიმს შემოიღებს ერაყთან და ალბანეთთან, რასაც ხსნის ინვესტიციებისა და ტურიზმის მოზიდვის წახალისებით. ერაყის კომენტირებას აზრი არ აქვს, ალბანეთი კი ცნობილია მხოლოდ ერთი ინვესტიციით _ ალბანური მაფიით, რომელიც ევროკავშირში თითქმის სრულად აკონტროლებს პროსტიტუციის ბაზარს და ნაწილობრივ ნარკოტრაფიკსა და იარაღის ვაჭრობას. ტერორისტული საფრთხე კი გამოსარიცხი არაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ქართული სამხედროები იბრძვიან ნეოკონების მიერ ერაყსა და ავღანეთში გაჩაღებულ ომებში.

რაც შეეხება დანარჩენ მსოფლიოს, ზოგადად მსოფლისთვის ბინ ლადენის ლიკვიდაცია ბევრს არაფერს შეცვლის. მსოფლიო ტერორიზმის აღმოსაფხვრელად საჭიროა სრულიად ახალ პრინციპებზე შეთანხმება. ეს კი ვერ მოხდება მანამ, სანამ მსოფლიოში ჯერ კიდევ მოქმედებს „მომხმარებლური საზოგადოების“ იდეალი, მანამ სანამ თანასწორობა, სოლიდარობა და განათლება არ იქცევა მსოფლიო საზოგადოების ქვაკუთხედებად.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ