ზვიად ავალიანი: რატომ არ ენდობა ქართული საზოგადოების (დიდი) ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციებს?

Share on Facebook89Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი არ ენდობა.

ზვიად ავალიანი
ზვიად ავალიანი

რატომ არის ქართული საზოგადოების უმრავლესობა აბსოლუტურად გულგრილი, ხოლო ნაწილიც – საკმაოდ ნეგატიურად განწყობილი იმ ინსტიტუტის მიმართ, რომელიც იდეაში დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი „საყრდენი ბოძია“ ?

რატომ არ ენდობიან ადამიანები იმ ისტიტუტს, რომელიც პრინციპში საშუალებას იძლევა საკმაოდ ეფექტურად გადაიჭრას ბევრი პრობლემა, რომელიც მათ აწუხებთ ყოველგვარი არჩევნებისა და პარტიული პროგრამებისგან დამოუკიდებლად?

ეს არის ერთგვარი პარადოქსი, რომელსაც საქართველოში (და არა მხოლოდ საქართველში – თუმცა ამაზე ქვემოთ) ვაკვირდებით ბოლო ორი ათეული წელია და ეს პარადოქსი ახსნას მოითხოვს.

იმისთვის, რომ ავხსნათ ეს პარადოქსი, უპირველეს ყოვლისა საჭიროა გავერკვეთ ქართული არასამთავრობო სექტორის რამდენიმე თავისებურებაში.

პირველ თავისებურებად შეგვიძლია ჩავთვალოთ ის, რომ საქართველოში საზოგადოების ჩართულობა არასამთავრობო სექტორში ძალიან დაბალია.

ასე, მაგალითად, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის 2011 წლის კვლევის თანახმად, საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 1%-ია არასამთავრობოების წევრი ან თანამშრომელი და მხოლოდ 2%-ს ჰქონია ოდესმე არასამთავრობო სექტორთან კავშირი.

ეს ძალიან, ძალიან, ძალიან დაბალი მაჩვენებელია. ეს ფაქტიურად ნიშნავს, რომ ჩვენი არასამთავრობო სექტორი ფაქტიურად საზოგადოების მხოლოდ 1% მოიცავს და პრინციპში მასვე წარმოადგენს…

არადა იმ სამყაროში, რომელსაც ჩვენ დემოკრატიულს ვუწოდებთ ყველაფერი პირიქითაა. იქ საზოგადოების ჩართულობა არასამთავრობო სექტორში ძალიან მაღალია. დემოკრატიულ საზოგადოებებში მოქალაქეები მასობრივად ერთიანდებიან რაღაც საერთო ინტერესის, საერთო იდეის ირგვლივ და შემდეგ აძლევენ ამ ყველაფერს ორგანიზაციულ სახეს. ყალიბდება ბიუროკრატია (თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ ნებაყოფლობით შექმნილ „ვერტიკალს“), ხდება თანხების მოძიება (ან შეგროვება) და იწყება მუშაობა საერთო იდეის ლობირებისთვის.

ჩვენთან ასეთი, „ქვემოდან ზემოთ“ შექმნილი ორგანიზაციები ძალიან ცოტაა. შესაძლოა ეს ჩვენი სამოქალაქო კულტურის ბრალიც იყოს, მაგრამ ასეა თუ ისე, ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ჩვენთან „მასობრივი საზოგადოებრივი ინიციატივები“ ფაქტიურად არ გვხვდება. ჩვენთან ჯერ ფინანსები ჩნდება (როგორც წესი – საზღვარგარეთიდან შემოდის), შემდეგ (ამ ფინანსებით და/ან მის იმედზე) ორგანიზაცია იქმნება და შემდეგ ხდება თავად საზოგადოების მობილიზება(?) ამ იდეის ან მიზნის გარშემო.

ასეთი სისტემა დამახასიათებელია ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელსაც პირობითად შეგვიძლია „პერიფერიული დემოკრატია“ ვუწოდოთ. განსხვავებით „ახალგაზრდა დემოკრატიისგან“, რომელსაც ხშირად იყენებენ საქართველოსთან მიმართებაში, პერიფერიული დემოკრატია უფრო ზუსტად ასახავს სიტუაციის არსს იმიტომ, რომ თუ ახალგაზრდა დემოკრატია იდეაში მეტ-ნაკლებად დამოუკიდებლად ვითარდება (ასეთებად შეგვიძლია ჩავთვალოთ პირველი დემოკრატიები) პერიფერიული დემოკრატია ვითარდება არა უშუალოდ ამ საზოგადოების წიაღში გაჩენილი იმპულსებით, არამედ გარედან მიღებული სიგნალებით.

ეს ფენომენი ყველაზე კარგად ჩანს სწორედ არასამთავრობო სექტორის მაგალითზე: ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი არ ენდობა ამ სექტორს სწორედ იმიტომ, რომ ამ სექტორის დიდი ნაწილი ფაქტიურად „უკუღმა“ ჩამოყალიბდა და „საშუალოსტატისტიკურ მოქალაქეს“ მის შექმნაში (და რაც მთავარია – მისი დღის წესრიგისა და მიზნების ჩამოყალიბებაში) არავითარი წვლილი არ შეუტანია.

აქედან უკვე ბუნებრივად გადავდივართ მეორე თავისებურებაზე, რაც მდგომარეობს სწორედ არასამთავრობო სექტორის დღის წესრიგში.

ვინაიდან ორგანიზაციების უდიდესი ნაწილი „ცენტრიდან“ ფინანსდება, მათი დღის წესრიგიც პრინციპში „ცენტრის“ დღის წესრიგია და არა „პერიფერიის“, სადაც უშუალოდ ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი ცხოვრობს. ამის გამო, არასამთავრობოთა დღის წესრიგით „პერიფერია“ კი არ გადის იმ გზას, რომელიც რაღაც ეტაპზე „ცენტრმა“ გაიარა (და რაც ბუნებრივი იქნებოდა), არამედ ცდილობს მის „კოპირებას“ დღეს და ახლა, რაც პრინციპში შეუძლებელია და მხოლოდ უკურეაქციას იწვევს.

აი, მაგალითად, როგორ ხსნიდა არასამთავრობოების მიმართ უნდობლობას ჯერ კიდევ 2011 წელს საქართველოში G-PAC-ის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე თამარ ქაროსანიძე:

”ის საკითხები, რაც ხალხისთვის პრიორიტეტულია, ხშირად არასამთავრობოების საქმიანობაში საერთოდ არ არის ასახული. ხალხს აინტერესებს, როგორ უნდა გადაიჭრას დასაქმების პრობლემა; მათთვის პრობლემაა მზარდი ფასები პროდუქტებზე, მაღალი გადასახადები, ასევე ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამები, რაზეც არასამთავრობო სექტორი სათანადოდ არ მუშაობს.”

და იქვე:

”რეგიონებში არასამთავრობოები მიაჩნიათ ისეთ ორგანიზაციებად, რომლებიც მხოლოდ გრანტის მიღებაზე არიან ორიენტირებულნი, რომ ისინი ამკვიდრებენ ქართული საზოგადოებისათვის უცხო ფასეულობებს და, ქედან გამომდინარე, ჩნდება ნეგატიური სტერეოტიპები. ეს სტერეოტიპები გამოიწვია იმან, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად პროექტებს დონორების მოთხოვნებს არგებენ და არა თავიანთი ორგანიზაციების მისიას.”

ვფიქრობ, ეს კომენტარი ყურადსაღებია…

და ბოლოს – „პერიფერიული დემოკრატიის“ საზოგადოებრივი სექტორის კიდევ ერთი თავისებურება მდგომარეობს მის „პროფესიონალიზაციაში“. პერიფერიაში საზოგადოებრივი ინიციატივა გვევლინება არა როგორც ენთუზიაზმზე დაფუძნებული აქტივობა, არამედ როგორც ანაზღაურებადი საქმიანობა და შემოსავლის ძირითადი წყარო. ეს თავის მხრივ აგდებს საზოგადოების დიდი ნაწილის მოტივაციას რადგან სადაც საზოგადოებრივი აქტივობა პოტენციურად „ანაზღაურებადი“ საქმიანობაა, ალბათ ცოტა თუ მოიძებნება ვინც იგივე საქმეში „ენთუზიაზმზე“ ჩაერთვება.

…აი, ეს არის ის ძირითადი თავისებურებები, რომლებიც ახასიათებს „მესამე სექტორს“ „მესამე სამყაროში“ და რის გამოც, ჩემი აზრით, საზოგადოება დიდწილად გულგრილი რჩება ამ უმნიშვნელოვანესი ისტრუმენტის მიმართ.

როგორ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა – გაცილებით სერიოზული კვლევის თემაა, რაზეც ამ წერილს ცხადია პრეტენზია ვერ ექნება, თუმცა ერთი რამ შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ეს პრობლემა ვერ გადაიჭრება, თუ თავად „ცენტრში“ არ მოხდა მისი გადააზრება.

დღეს უკვე ცხადია, რომ „ზემოდან ქვემოთ“ დემოკრატია არ იქმნება და საერთოდაც, ჯობია საზოგადოებამ საკუთარ შეცდომებზე ისწავლოს (რამდენად მტკივნეულიც არ უნდა იყოს პირველი „გაკვეთილები“) ვიდრე მუდმივად პერიფერიის მდგომარეობაში დარჩეს, სადაც დემოკრატიის იდეას მხოლოდ საზოგადოების 1% იცავს და იზიარებს, რადგან მხოლოდ ეს 1%-ია ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. როგორ უნდა გაკეთდეს ეს – ცალკე საუბრის თემაა, მე კი ამ მოკრძალებულ მიმოხილვას დავასრულებდი კავკასიის რესურსების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის, ჰანს გუტბროდის სიტყვებით:

 როგორც კი შენ ქმნი მართვის ზევიდან ქვევით მიმართულ სტრუქტურას და ასპონსორებ მას გარედან, საბოლოო ჯამში, ბარიერად უდგები ლოკალურ ინიციატივებს ქვეყნის შიგნით და რაღაცნაირად ანადგურებ მათ. გარდა ამისა, აუფასურებ მოქალაქეებში ფუნდამენტურ მიდგომებს მოქალაქეობისა და სოციალური ჩართულობის მიმართ. ანუ მათთვის ის, რაც უნდა იყოს მოხალისეობრივი სამოქალაქო ჩართულობა, ხდება დაფინანსებული პროფესიული საქმიანობა და ეს პოტენციურად საშიშია, რადგან ხალხი ამას უყურებს არა როგორც სოციალურ ჩართულობას, არამედ პროფესიულ საქმიანობას, რაშიც ანაზღაურებას იღებ.

Share on Facebook89Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*