ზურა მახარაძე: საჭიროა თვითგამორკვევა, როდესაც ელიტები იდეურ კრიზისს განიცდიან

Share on Facebook488Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

შრომის გადანაწილების პრინციპი ადამიანმა დიდი ხანია აღმოაჩინა. იგი იმაში მდგომარეობს, რომ თუ მაგალითად გვინდა სკამი გავაკეთოთ, ჯობია ერთ ადამიანს ფიცრების გამოთლა დავავალოთ, მეორეს  დეტალების დამზადება  ხოლო მესამეს აწყობა. ეს გაცილებით ეფექტურია, ვიდრე ვარიანტი, სადაც თითოეული მათგანი თავიდან ბოლომდე ასრულებს ყველა სამუშაოს. ნებისმიერ სამუშაოს შესასრულებლად, ან მიზნის მისაღწევად იგივე მეთოდი გამოიყენება. ჩნდება სპეციალიზაცია, რომელიც ჩვენი ყოფის, ჩვენი ცივილიზაციის საფუძველია. იგი უფრო მაღალ სოციალურ დონეზეც არსებობს. თუკი გლეხი მიწას ამუშავებს, მუშა შრომობს ხოლო, ჯარისკაცი მათ იცავს, არსებობს და ყოველთვის არსებობდა ფენა, რომელიც პასუხისმგებელია ინტელექტუალური რესურსის წაროებაზე, შენარჩუნებასა და გავრცელებაზე.

ძველ ეგვიპტეში ეს ქურუმების ფენა იყო. შუასაუკუნეების ევროპაში სამღვდელოება და ა.შ. იმის მიუხედავად მოიხსენიებთ თქვენ მათ ახლა ინტელიგენციად, თუ კრეატიულ კლასად, ამით არსი არ იცვლება. მთავარია, მათ უზრუნველყონ იმ არამატერიალური, აზრობრივი ღერძის არსებობა, რაც ნებისმიერი საზოგადოების გადარჩენისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.

როდესაც ილია ჭავჭავაძე ქართველ ხალხს თავის ცნობილ სამ სიტყვიან ფორმულას აძლევდა, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი ხდებოდა ერის ხელახალი თვითიდენტიფიკაცია, სწორედ ამ უმნიშვნელოვანეს სამუშაოს ასრულებდა. სწორედ ამან გახადა შესაძლებელი პირველი რესპუბლიკის არსებობა.

და ეს ყველაფერი უნდა მომეყოლა იმიტომ, რომ დამესვა ერთი კონკრეტული კითხვა – რატომ ვერ უზრუნველყოფს დღევანდელი ელიტა ამ ფუნქციის შესრულებას? რატომ ვერ ახერხებს ახალი შინაარსობრივი იდეების წარმოებას, რომლებიც დღეს სასიცოცხლოდ აუცილებელია?

სახეზეა უმწვავესი კრიზისი თვითიდენტიფიკაციისა. დღეს საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას არ აქვს ნათელი პასუხი იმაზე, თუ რას ნიშნავს იყო ქართველი. რას ნიშნავს ქვეყანა – საქართველო. რა ამოცანა და მისია აქვს მას.

ყოველივე ამაზე კი ჩვენი ,,ქურუმები“ მხოლოდ კარგად გაზეპირებულ ტექსტებს გვიყვებიან იმაზე, რომ ჩვენი გზა ევროინტეგრაციაა, რომ ,,მე ვარ ქართველი და მაშასადამე მე ვარ ევროპელი“. არ არსებობს პასუხი იმაზე, რატომ უნდა იწვალოს ადამიანმა აქ ევროპის აშენებაზე, როცა შეუძლია ჩაალაგოს ჩემოდანი და გაფრინდეს აშენებულ ევროპაში. არ არსებობს იდეა, რომელიც ხალხის გულებსა და გონებაში რეალურ ენერგიას გააღვიძებს და სადღაც გაქცევის ნაცვლად აქ შრომას, ცხოვრებასა და თავგანწირვას მოანდომებს.

ამის მიზეზი კი ისაა, რომ ადამიანებს, რომელთაც ეს აზრობრივი კონსტრუქციები უნდა შექმნან, თავად აღარ სჯერათ არცერთი ამ ცნების. ისინი უკვე ლიბერალური პოსტმოდერნიზმის პროდუქტები არიან და სიტყვები ,,სამშობლო“, ,,პატრიოტიზმი“  და ,,ეროვნება,“ როგორც ჭეშმარიტ რესპუბლიკანურ იდეალებზე დაფუძნებული თავისუფალი და სოლიდარული საზოგადოების ცნებები,  მათთვის ან ადამიანის ჩამორჩენილობის იდენტიფიკატორია, ან მასების დაბოლების ქმედითი საშუალება.

ამიტომაა მათი ყველა იდეა და პროგრამა ასე უცხო ხალხისთვის, რომელსაც ისინი თავად ჩამორჩენილ, შავ მასად მოიხსენიებენ. დამაკავშირებელი ხიდი და ურთიერთსაჭიროება ხალხსა და ელიტას შორის დაკარგულია. მოვლენათა განვითარების ვარიანტი კი მხოლოდ ორი:  ან ხალხი მოახდენს ალტერნატიული ელიტის ფორმირებას ან ელიტა განახორციელებს ხალხის დემონტაჟს და ისეთ უფორმო მასად ტრანსფორმაციას, რომლისთვისაც უკვე ყველაფერი სულ ერთი იქნება.

Share on Facebook488Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

One Comment

  1. ქეთევან ჭუბაბრია

    მართლაც სახეზეა თვითიდენტიფიკაციის უმწვავესი კრიზისი. მეტიც, ამჟამად ქართველ ხალხს სძულს თვისი თავი. მიაქციეთ ყურადღება, პირად საუბრებში, ყოველ წვრილმან თუ არაწვრილმან თემაზე, პრაქტუკულად ყველა ამბობს: ჩვენ ხომ უნდა გავაფუჭოთ, უნდა დავანაგვიანოთ, დავაღალატოთ და ა.შ. ზოგი იქამდეც მიდის რომ ბუნებაზე, ცეკვა-სიმღერაზე და სამზარეულოზეც კი ამრეზით საუბრობს, თუმცა კი არ იაზრებს, რატომ. ხშირად ამ საუბრებში იგრძნობა ქართველობისგან გამოყოფის, დისტანცირების სურვილი (სასაცილოა არა, ყველა რომ ასე ამბობს, მაშ ისე ვიღა იქვევა?). ზოგი ჩემოდნების ჩალაგებაზე ოცნებობს, ზოგი კი რელიგიურ ფუნდამენტალიზმში იძირება თან ისე, რომ ქრისტიანობა წარმართობამდე დაჰყავს. ეს ერთი პრობლების ორი მხარეა. ვფიქრობდი, უბრალოდ, ინტუიტიურად “ლუზერობას”გაურბიან მეთქი. მაგრამ მიზეზი უფრო ღრმაა. ეს სწორედ თვითიდენტიფიკაციის კრიზისის და სრული დეზორიენტაციის ერთ ერთი გამოხატულებაა (ბევრი სხვაც არის). დიახ, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია, რომლის დანახვა – გადაჭრის პირველი საფეხურია. სამწუხაროდ მოკლე გზა არ არსებობს. საჭიროა განათლება, ფიქრი და საუბარი. რახან ტელევიზია იდიოტიზმის ხაზის გამტარებელია, ალტერნატიული მედია საჭიროა. მგონი ასეთია ეს საიტი.
    ჩვენს თემას ეხმიანება ლევან გიგინეიშვილი ძალიან საინტერესო ლექცია “მოვალეობებიდან უფლებებამდე: ქრისტიანობისა და ლიბერალიზმის რთული ქორწინება” (YouTobe). თუ მოისმენთ, გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება შეკითხვებს. თავის მოკვლა მოგინდებათ.
    კიდევ ერთი მოწოდება: ხალხო, წაიკითხეთ მამარდაშვილი!

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*