XXI საუკუნის ეკონომიკისა და ეკონომისტების ტრანსფორმაციის 7 მეთოდი

Share on Facebook55Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

kate_raworth_23_may
► ქეით რეიორტი უფროსი ასოცირებული მკვლევარია  ოქსფორდის უნივერსიტეტის გარემოს ცვლილებათა ინსტიტუტში, ასევე კემბრიჯის ინსტიტუტის მკვლევარი. მისი ახალი წიგნი სოციალურ და ეკოლოგიური გამოწვევების შესაბამისად ეკონომიკური თეორიის ტრანსფორმაციის შესახებ: “დონატის ეკონომიკა: 7 გზა, როგორ ვიფიქროთ XXI საუკუნის ეკონომისტებივით” 2017 წლის მარტში გამოვიდა.

► სტატია პირველად გამოქვეყნდა Www.opendemocracy.net -ზე.

► თარგმნა გიგა ჭკადუამ

►მედია პლატფორმა მადლობას უხდის მთარგმნელებს ვებ-გვერდის განვითარებაში შეტანილი მოხალისეობრივი წვლილისათვის.


ეკონომიკა განსაზღვრავს მომავალს, თუმცა მის ფუნდამენტალისტურ იდეებს საუკუნეების წინ გაუვიდათ ვადა
.

ვერავინ უარყოფს, რომ ეკონომიკა მნიშვნელოვანია. მისი თეორიები დედაენასავითაა საჯარო პოლიტიკისთვის, მულტი-მილიარდიანი ინვესტიციებისთვის, გლობალური სიღარიბის დასაძლევისა და თუ ჩვენი პლანეტის, ჩვენი სახლის მოწესრიგებისათვის.

2050 წლისთვის, ეკონომიკის მეცნიერებების დღევანდელი სტუდენტები გავლენიანი მოქალაქეები და  პოლიტიკის შემქმნელები იქნებიან, მაგრამ ეკონომიკური აზროვნება, რომელსაც ისინი ახლა ეუფლებიან, დაფუძნებულია 1950 წლების წიგნებზე,  რომლებიც, თავის მხრივ, ეფუძნება 1850-იანი წლების თეორიებს. თუ თვალს გავუსწორებთ XXI საუკუნის გამოწვევებს, დაწყებული კლიმატის ცვლილებით და დამთავრებული უკიდურესი უთანასწორობითა და პერიოდული ფინანსური კრიზისებით, ვნახავთ, რომ ყველაფერი კატასტროფისკენ მიდის; შესაბამისად, თუ ჩვენ გავაგრძელებთ გასული საუკუნის ეკონომიკური თეორიებით ხელმძღვანელობას, ძალიან მცირე შანსი დაგვრჩება ისეთი ახალი ეკონომიკური თეორიის შესაქმნელად, რომელიც არსებულ ვითარებას მიესადაგება.

25 წლის წინ, როდესაც უნივერსიტეტში ეკონომიკას ვსწავლობდი, მჯეროდა, რომ ეს გამაძლიერებდა იმ სოციალურ და ეკოლოგიურ პრობლემებთან ბრძოლაში, რაც ადამიანებს აწუხებთ, თუმცა, მრავალი დღესდღეობით გულგატეხილი სტუდენტის მსგავსად, ამ თეორიების შეუსაბამობამ და არარელევანტურობამ თანამედროვე რეალობასთან მიმართებაში, ღრმად იმედგაცრუებული დამტოვა. სწორედ ამიტომ დავიჭირე შორს თავი ამ თეორიებისაგან და გადავინაცვლე რეალური სამყაროს ეკონომიკაში, ზანზიბარის სოფლებიდან – გაეროს სათაო ოფისამდე.

ამ პროცესში თვალნათლივ გავაანალიზე, რომ რეალურად შეუძლებელია მოშორდე ეკონომიკურ თეორიებს, რადგან სწორედ ისინი განსაზღვრავენ და ქმნიან ჩვენს სამყაროს, ამიტომ მე კვლავ დავუბრუნდი მათ, თუმცა სრულიად საპირისპირო კუთხით შევხედე. რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, ეკონომიკაზე ფიქრი იქიდან რომ დაგვეწყო, რაც XXI საუკუნეში გვაწუხებს და მხოლოდ შემდეგ გვეკითხა ჩვენი თავისთვის, თუ რა შანსებს მოგვცემდა დასახული მიზნების მისაღწევად არსებული ეკონომიკური თეორიები?

ამ შეკითხვით შთაგონებულმა, გვერდზე გადავდე ჩემი ძველი ეკონომიკის სახელმძღვანელოები და გავიხსენე საუკეთესო, საჭირო იდეები, სხვადასხვა ეკონომიკური სწავლებების ნაზავი, რაც მოიცავდა ეკოლოგიურ, ფემინისტურ, ბიჰეივიორისტულ და ინსტიტუციონალურ ეკონომიკებს; წარმოვიდგინე, რა მოხდებოდა, თუ ისინი ერთმანეთთან ჰარმონიულად იმოქმედებდნენ. მიღებული შედეგის მიხედვით, ეკონომიკური მომავალი სასწაულებრივი უნდა იყოს. ამაზე დაყრდნობით, წარმოგიდგენთ 7 მეთოდს, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია დავიწყოთ ფიქრი, როგორც XXI საუკუნის ეკონომისტებმა.

1. შევცვალოთ მიზანი: მშპ-ს ზრდიდან – ფუნთუშისაკენ

ნახევარი საუკუნის განმავლობაში, ეკონომისტები კონცენტრირდებოდნენ მშპ-ზე, როგორც ეკონომიკური პროგრესის უპირველეს საზომზე, თუმცა მშპ, ამ მხრივ, მცდარ მიზანს წარმოადგენს. XXI საუკუნე ბევრად უფრო ამბიციური და გლობალური ეკონომიკური მიზნისაკენ ისწრაფვის: პლანეტაზე არსებული რესურსები და საშუალებები თანხვედრაში მოვიდეს ყველას საჭიროებებთან. თუ ამ მიზანს ფურცელზე დავხატავთ,  რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ის დაემსგავსება ფუნთუშა დონატს. მთავარ გამოწვევას დღეს წარმოადგენს იმგვარი ლოკალური თუ გლობალური ეკონომიკების შექმნა, რომ არავინ დარჩეს სიცოცხლისთვის აუცილებელი საჭიროებების გარეშე : დაწყებული საკვებითა და საცხოვრებლით, დამთავრებული ჯანდაცვითა და პოლიტიკური ხმით. გარდა ამისა, აუცილებელია დედამიწისათვის ისეთი დამცავი სისტემების შექმნა,  როგორიცაა მდგრადი კლიმატი და ნოყიერი მიწა, ჯანსაღი წყალი (ოკეანები და ზღვები) და ოზონის დამცავი შრე. ამგვარად შეცვლილი მიზანი ცვლის ეკონომიკური პროგრესის ჩარჩოს, დაუსრულებელი ზრდიდან – სწრაფი განვითარების პროცესში მყოფი ბალანსისაკენ.

2. დავინახოთ სურათი უფრო ფართოდ: მხოლოდ საკუთარ თავზე დამოკიდებული ბაზრიდან –  “ჩართულობის” ეკონომიკამდე 

ზუსტად 70 წლის წინ, 1947 წლის აპრილში, ეკონომისტების ამბიციურმა ჯგუფმა შეთხზა ნელიბერალური ზღაპარი ეკონომიკის შესახებ და უკვე 80-იანებში, ტეტჩერისა და რეიგანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სწორედ ეს ზღაპარი დომინირებდა საერთაშორისო ასპარეზზე. ამ ნარატივმა ბაზრის ეფექტურობის, სახელმწიფოს არაკომპეტენტურობის, ოჯახებში შინამეურნეობებისა და “საერთოს” ტრაგიკულობის შესახებ, არაერთი საზოგადოება დააყენა სოციალური და ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე. ახლა კი,  დროა შეიქმნას ახალი ეკონომიკური ნარატივი, რომელიც მოერგება ამ საუკუნეს; ნარატივი, რომელიც ეკონომიკას უყურებს, როგორც, პირველ რიგში, ხალხსა და სამყაროზე დამოკიდებულს და ამას ბრძნულად აკავშირებს ბაზრის ეფექტურობის აღიარებასთან; სახელმწიფოს უყურებს, როგორც პარტნიორს – დავიმახსოვროთ ეს; აცნობიერებს ოჯახის ცენტრალურ როლს – აფასებს საოჯახო მეურნეობის კონტრიბუციას და  ხელს უწყობს “საერთოს” ქმნადობის პოტენციალის გაღვივებას.

3. ადამიანური ბუნების გამოწვრთნა: რაციონალური, ეკონომიკური ადამიანიდან –  სოციალურად ადაპტირებად ადამიანამდე 

XX საუკუნის ეკონომიკის ცენტრალური მახასიათებელი – რაციონალური ეკონომიკური ადამიანი – წარმოადგენს კაცობრიობის საბრალო სახეს, რომელიც მარტო დგას ხელში ფულით, თავში კალკულატორით, ეგოიზმით გულში, ფეხქვეშ გათელილ ბუნებაზე. და კიდევ უარესი: როდესაც ჩვენ გვეუბნებიან, რომ ის ჩვენნაირია,  ჩვენ მასთან რეალურად ვიწყებთ მიმსგავსებას, ჩვენი საზოგადოებისა და პლანეტისათვის ზიანის მიყენებით.

მაგრამ ადამიანური ბუნება, რეალურად, ბევრად მდიდარია. რამდენადაც ჩვენი ახალი პორტრეტის წახნაგები გვაჩვენებს, ჩვენ ვართ მოძრავები, დინამიურები, ერთმანეთზე დამოკიდებულნი, ერთმანეთთან ახლოს მდგომნი და ღრმად გადაჯაჭვულები ცოცხალ სამყაროსთან. დროა, ეკონომიკური თეორიების ამოსავალი წერტილი ადამიანის ეს ახალი პორტრეტი გახდეს, რათა ეკონომიკამ დაიწყოს ადამიანური ბუნების საუკეთესო მხარის გამოწვრთნა. ეს ჩვენ ყველას, 10 მილიარდ ადამიანს, ერთად განვითარების შესაძლებლობას მოგვცემს.

4. გადავიაზროთ სისტემა: მექანიკური ეკვილიბრიუმიდან – დინამიურ კომპლექსურობამდე

ეკონომიკას დიდი ხნის განმავლობაში ტანჯავდა ფიზიკოსების შური: გენიოსი ისააკ ნიუტონისა და მოძრაობის კანონზომიერებების შესახებ მისი ხედვების შემხედვარე, XIX საუკუნის ეკონომისტებიც კონცენტრირდნენ ეკონომიკის მოძრაობის წესთა აღმოჩენაზე, რომლებიც უბრალოდ არ არსებობდა. ეს მოდელები მარტივი მოდელებია – დაახლოებით ისეთ თეორიები, როგორიცაა ბაზრის ეკვილიბრიუმი, რომელმაც დააბრმავა ეკონომისტები და ვერ დაანახა მათ  2008 წლის ფინანსური კრიზისის მოახლოება. სწორედ ამ მიზეზის გამო უნდა გადავიდნენ XXI საუკუნის ეკონომისტები კომპლექსურ, ევოლუციურ აზროვნებაზე.  ეკონომიკის მეცნიერების ღერძში მოძრავი, დინამიური აზროვნების ჩადება გამოიწვევს ახალი ხედვების განვითარებას, რომლებიც კარგად ახსნიან, თუ რატომ აღზევდა მხოლოდ  1%, რატომ “გაიბერა” და შემდგომ ჩამოიშალა ფინანსური ბაზრები. დროა, შევწყვიტოთ ეკონომიკის კონტროლისათვის მოუხელთებელი ბერკეტების ძებნა (ისინი არ არსებობენ) და ამის ნაცვლად, დავიწყოთ ეკონომიკის, როგორც მუდმივად განვითარებადი სისტემის წინ წამოწევა.

5. გადანაწილების გეგმა:  ხედვიდან – „ისევ ეკონომიკური ზრდა მოაგვარებს ყველაფერს“ – გადანაწილების გეგმის შემუშავებისაკენ: 

XX საუკუნეში მეინსტრიმული ეკონომიკური თეორია ძლიერ მესიჯს აჟღერებდა უთანასწორობასთან მიმართებაში: სანამ რაიმე გაუმჯობესდება, ყველაფერი გაუარესდება, ხოლო შემდეგ, საბოლოოდ, ეკონომიკური ზრდა ყველაფერს თავისთავად მოაგვარებს.

მაგრამ, ექსტრემალურად მაღალი უთანასწორობა, როგორც აღმოჩნდა, არ წარმოადგენს ეკონომიკურ კანონზომიერებას ან აუცილებლობას: ის მცდარი გეგმის შედეგია. XXI საუკუნის ეკონომისტები აცნობიერებენ, რომ არსებობს ეკონომიკის დაგეგმვის არაერთი გზა, რომელიც უფრო კარგად გადაანაწილებს სიკეთეებს მათ შორის, ვინც მონაწილეობას იღებს ღირებულების შექმნაში. ეს კი ნიშნავს, რომ დროა გავცდეთ მხოლოდ შემოსავლების გადნაწილებას და გადავიდეთ გადანაწილებამდე არსებული სიმდიდრის გადანაწილების გეგმაზე: სიმდიდრეზე, რომელიც აკონტროლებს მიწებს, საწარმოებს და ფულის შექმნის ძალაუფლება აქვს.

6. შევქმნათ, რათა განვაახლოთ: ხედვიდან – „ზრდა დაასუფთავებს ყველაფერს” – განახლების გეგმისაკენ

მეინსტრიმული ეკონომიკური თეორია დიდხანს ხატავდა სუფთა გარემოსა და ბუნებას, როგორც ფუფუნებას; როგორც სიკეთეს, რომელიც მხოლოდ მდიდრებისთვისაა ხელმისაწვდომი.  ეს წარმოდგენა გვეუბნება, რომ გარემოს დაბინძურება ზრდადი იქნება იქამდე, სანამ ის შემცირდება, და (გამოიცანით როგორ) – ეკონომიკის ზრდა დაასუფთავებს ყველაფერს. თუმცა, როგორც უთანასწორობა არ აღმოჩნდა ეკონომიკური კანონზომიერება, გარემოს დეგრადაციაც შედეგია არაგანახლებადი ინდუსტრიული გეგმისა.  ეს საუკუნე მოითხოვს იმგვარ ეკონომიკურ აზროვნებას, რომელიც ხელახალი გამომუშავების, განახლების პოტენციალს შეუწყობს ხელს, რათა შექმნას მუდმივი წრე, ნაცვლად წრფივი ხაზისა და ჩვენ კვლავ გავხდეთ პლანეტის ციკლური ცოცხალი პროცესის სრულფასოვანი მონაწილენი.

7. შევხედოთ ზრდას აგნოსტიკურად: ეკონომიკურ ზრდაზე ჩაციკლვიდან – აგნოსტიკურ დამოკიდებულებამდე

მთავრობებისა და ფინანსისტების გამოსაფხიზლებლად: არაერთ მაღალ-შემოსავლიან ქვეყანაში, მშპ-ს ზრდის პროგნოზები კრიზისების ძირითად საფუძველს წარმოადგენენ ზრდაზე დამოკიდებული ეკონომიკებისთვის.  მეინსტრიმული ეკონომიკა  მშპ-ს დაუსრულებელ ზრდას აღიქვამს როგორც კანონზომიერ, შეუქცევად პროცესს, მაგრამ ბუნებაში დაუსრულებლად არაფერი იზრდება. ეკონომიკის მცდელობა, წავიდეს ამ მხრივ დინების საწინააღმდეგოდ, მწვავე კითხვებს აჩენს მაღალი შემოსავლის, თუმცა დაბალი ზრდის მქონე ქვეყნებში. სწორედ ამიტომ, დღეს სახეზე გვაქვს ეკონომიკები, რომლებიც იზრდება ისე, რომ არ უყურებს მოსახლეობის შემოსავლების ზრდას.  ჩვენ გვჭირდება ეკონომიკა, რომელიც ჩვენს შემოსავლებსაც გაზრდის, მიუხედავად იმისა, გაიზრდება თუ არა თავად ის. პერსპექტივის რადიკალური შემოტრიალება ეკონომიკური ზრდისადმი აგნოსტიკური დამოკიდებულების გაჩენას გულისხმობს. ჩვენ უნდა ვიკვლიოთ, როგორ შეძლონ ფუნქციონირება მოქმედმა ეკონომიკებმა ზრდის პირობებში ან ზრდის გარეშე მაშინ, როცა  ფინანსურად, პოლიტიკურად და სოციალურად ზრდაზე არიან არიან დამოკიდებულნი.

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ზემოთ მოცემული 7 გზა იმ ახალი ეკონომიკური აზროვნების ფუნდამენტს წარმოადგენს, რომელსაც ეს საუკუნე მოითხოვს. აქ წარმოდგენილი პრინციპები და მაგალითები დაეხმარება ახალ ეკონომიკურ მოაზროვნეებს,  (ყველა ჩვენგანში მყოფ ეკონომისტს) შექმნან ისეთი ეკონომიკა, რომელიც ყველა ჩვენგანს მისცემს გამდიდრების საშუალებას. მომდევნო წლებში მოსალოდნელი ცვლილებების მასშტაბების, არამყარი პროცესებისა და სიჩქარის გათვალისწინებით, სხვადასხვა ქვეყნებისა და ქალაქების განსხვავებული კონტექსტებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ახლავე, ერთიანად განისაზღვროს ყველა ის ინსტიტუცია და პოლიტიკის გეგმა,  რომელიც მომავალში გამოგვადგება. მოაზროვნეებისა და აქტორების მომავალი თაობა ბევრად უფრო გაბედულად გადადგამს ნაბიჯებს ექსპერიმენტებისაკენ, რათა აღმოაჩინოს რა მუშაობს უცვლელად კონტექსტში, რომელიც მუდმივად ცვალებადია.

რისი გაკეთებაც ახლა შეგვიძლია და რაც კარგად უნდა გავაკეთოთ, ისაა, რომ თავი მოვუყაროთ საუკეთესო იდეებს და შევქმნათ ახალი ეკონომიკური აზროვნება, რომელიც არასდროს ჩერდება ერთ ადგილას და ყოველთვის ვითარდება. ეკონომიკური მოაზროვნეების სამომავლო ამოცანა ამ 7 გზის პრაქტიკაში განხორციელება და მათთვის ახალი მეთოდების დამატებაა. ჩვენ ნელ-ნელა ჩავებით ეკონომიკის გადააზრების მოგზაურობაში. გთხოვთ შემოუერთდეთ ეკიპაჟს.

Share on Facebook55Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Comments are closed.