კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პოსტ-სიმართლეში

გამოიწერეთ European.ge-ს Facebook გვერდი.

giorgiავტორი: გიორგი ლოლაშვილი, სოციოლოგი. მისი პროფესიული ინტერესის სფეროა პოლიტიკური და კულტურული დისკურსის კვლევა.

© European.ge

16 ნოემბერს „ოქსფორდის ლექსიკონმა“ ტრადიციისამებრ, წლის სიტყვა დაასახელა. 2016 წელს ეს წოდება წილად ხვდა სიტყვა „პოსტ-სიმართლეს“. ლექსიკონი მას შემდეგნაირად განმარტავს – „[პოსტ-სიმართლე] დაკავშირებულია ან აღნიშნავს გარემოებებს, რომლებშიც საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში ობიექტური ფაქტები ნაკლებად გავლენიანია, ვიდრე ემოციასა და პირად რწმენაზე აპელირება.[1]

როგორც ოქსფორდის ლექსიკონის ავტორები წლის სიტყვისადმი მიძღვნილ ოფიციალურ სტატიაში აღნიშნავენ, პრეფიქსი „პოსტ” ამ შემთხვევაში, არ არის გამოყენებული „შემდგომის“ გაგებით (რაც თავის თავში გულისხმობს, რომ ის, რაც ამ თავსართით ნაწარმოებ სიტყვაში ძირია, დასრულდა/ამოიწურა). პრეფიქსი „პოსტ“ გამოხატავს სწორედ იმას, რომ სიმართლემ რელევანტურობა დაკარგა.

„პოსტ-სიმართლე“, ან პოსტ-სიმართლის მდგომარეობა აღნიშნავს ისეთ მდგომარეობას, სადაც ადამიანი ორ ინტერპრეტაციას შორის უპირატესობას ანიჭებს არა იმას, რომელიც უფრო მეტად სანდოა, არამედ იმას, რომელიც უფრო მეტად სასურველია მისთვის. როგორც წესი, ამ საკითხზე მსჯელობისას ყოველთვის ამოტივტივდება პოსტმოდერნიზმი და მისთვის „დადგენილი“ რელატივიზმი, რომელიც ერთი პოზიციის მიხედვით, ასეთი არჩევანის გაკეთებას უწყობს ხელს, ხსნის რა ინტერპრეტაციების ლეგიტიმაციის საკითხს დღის წესრიგიდან – თუ ინფორმაციის ლეგიტიმაციის წყარო მოდერნულობაში, მათ შორის, კლასიკურ ჟურნალისტიკაში, სიზუსტე და სანდოობაა, რელატივიზმისათვის ერთიც და მეორეც პირობითია.

როგორც წესი, რელატივიზმის დოქტრინის კრიტიკით პოსტმოდერნიზმის მოდერნისტული პოზიციიდან კრიტიკის პირველი „საფეხურია“ და როდესაც ვამბობ, პირველ საფეხურს, ვგულისხმობ მათ შორის, საკმაოდ პრიმიტიულ მცდელობებსაც. მაგალითად, ცნობილი ამბავია, რომ “Chicago Tribune”-ის ერთ-ერთმა ავტორმა, ჯულია კელერმა 11 სექტემბერი „პოსტმოდერნიზმის დასასრულად“ გამოაცხადა, რადგან რელატივიზმი პოსტმოდერნისტებს არ აძლევდა იმის დადასტურების საშუალებას, რომ თვითმფრინავები მსოფლიო სავაჭრო ცენტრს მართლა დაეჯახა (Fish S. , 2002). მაგრამ პირველ ყოვლისა, რელატივიზმი არ არის ექსკლუზიურად პოსტმოდერნული ფენომენი, ხოლო მეორე მხრივ, პოსტმოდერნიზმის რელატიური ხასიათი ძირითადად იხსნება მის მიერ აბსოლუტური გონის უარყოფით. თუმცა, ის, რომ გონებას აქვს საზღვრები, აუცილებლად იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი პირობითია.  პოსტმოდერნიზმი არის  „ისტორიული რეალობის“ და მის მიერ წარმოებული ნარატივების დეკონსტრუქცია/უარყოფა და არა ფიზიკური რეალობის დადასტურების შეუძლებლობა. სწორედ ამიტომაც მიმაჩნია, რომ პოსტ-სიმართლე არ არის აუცილებლად პოსტმოდერნიზმის შექმნილი, არამედ, ის პოსტმოდერნულობის პროდუქტია.

პოსტმოდერნულობა პოსტმოდერნიზმისგან იმით განსხვავდება, რომ თუ პოსტმოდერნიზმი არის მიმართულება, პოზიცია, პოსტმოდერნულობა მდგომარეობაა (რომელიც პოსტმოდერნიზმთან დიალექტიკურ ურთიერთობაშია). პოსტმოდერნული მდგომარეობის ასახსნელად ყველაზე ეფექტური იქნება ცნება  „მოქნილი აკუმულაციის“ განმარტება, რაც დევიდ ჰარვის მიხედვით, გულისხმობს ახალ ეკონომიკურ პრაქტიკას, რომელიც წარმოიშვა ფორდიზმისა და კეინსიანიზმის შემდეგ, რაც ნიშნავს წარმოების სრულიად ახალი სექტორების გაჩენას, ფინანსური სერვისების მიწოდების ახალ გზებს, ახალ ბაზრებსა და რაც ყველაზე მთავარია, კომერციული, ტექნოლოგიური და ორგანიზაციული ინოვაციების მოჭარბებას. ასეთი ცვლილებების შედეგია სრულიად ახალი ინდუსტრიების გაჩენა, მომსახურების სფეროს როლის მასშტაბური ზრდა ეკონომიკაში, გრძელვადიანი დაგეგმის ჩანაცვლება მოკლევადიანით და ა.შ. (Harvey, 1989, p. 147) ამ ეკონომიკურმა პრაქტიკებმა საფუძველი დაუდო ერთი მხრივ, „დროისა და  და სივრცის შევიწროვებას“, რამეთუ, დააჩქარა პროცესები (მათ შორის, წარმოების და მოხმარების) და კომუნიკაციის ახალი საშუალებებით შეამცირა მანძილი, ხოლო მეორე მხრივ, ორივემ ერთად ახალ კულტურულ თავისებურებებს დაუდო საფუძველი („ერთჯერადი საზოგადოების“, „კონსუმერული საზოგადოების“ და სხვა კონცეფციები).

პოსტ-სიმართლე კარგად ჯდება სწორედ ასეთ კულტურულ თავისებურებებში. ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც ჰარვი განიხილავს, არის „აქროლადობის“ წარმოება, რომლის ჩამოყალიბებაზეც გავლენა მოკლევადიან დაგეგმასა და ერთჯერადი ან მოკლევადიანი მოხმარების პროდუქციაზე ორიენტირებულმა ეკონომიკამ მოახდინა (Harvey, 1989, გვ. 285). აქროლადობის მეშვეობით, სიმყარე შეიძლება დაკარგოს ნებისმიერმა კულტურულმა ნორმამ და ღირებულებამ, ასეთ დროს კი დიდი როლი ენიჭება მანიპულაციურ ტექნოლოგიებს, რომლებიც გამოიყენება შესაფერისი გემოვნებისა და აზრის ჩამოსაყალიბებლად. როგორც ჰარვი აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი ნიშნავს სრულიად ახალ ნიშანთა სისტემასა და გამოსახულებას, რომელიც პოსტმოდერნული მდგომარეობის მნიშვნელოვანი ასპექტია. რეკლამირება აღარაა ინფორმაციის მიწოდება უბრალო გაგებით – ის არის სურვილებითა და გემოვნებით მანიპულაცია იმიჯებით. ამასთან ერთად, იმიჯები თავად გახდა საქონელი. (Harvey, 1989, გვ. 287) პოსტმოდერნულ მდგომარეობაში ინფორმაციის გადაცემა მნიშვნელოვანწილად, ინფორმაციის მოხმარებად გადაიქცა – მომხმარებელი იღებს ინფორმაციას, რომელიც იყენებს სხვადასხვა სახის იმიჯებს (მაგ. ცხოვრების წესზე, თვითგამოხატვის საშუალებებზე, წარმატებულობაზე და ა.შ.), იმისათვის, რომ კონკრეტული სურვილები და გემოვნებები ჩამოაყალიბოს, ან მათი პროვოცირება მოახდინოს (ეს პროცესი მოხმარებაა იმდენად, რამდენადაც მოწოდებული იმიჯი არის საქონელი). ამის მსგავსად, პოსტ-სიმართლეც ისეთ გარემოებას წარმოადგენს, როდესაც ინფორმაცია გარკვეული იმიჯებითაა დატვირთული, რომლებმაც აპელირება უნდა მოახდინონ გრძნობებზე და ამ გზით, გადაფარონ იმის მნიშვნელობა, მართალია თუ არა მოწოდებული ინფორმაცია.

ბოლოდროინდელი მოვლენები აჩვენებს, რომ დასავლური საზოგადოების საკმაო ნაწილში პოსტ-სიმართლემ გადაწყვეტილების მიღებაზე მნიშვნელოვანი როლი იქონია. აქ ჩვენ უნდა გადავიდეთ ახალ ცნებაზე, რომელსაც „პოსტ-სიმართლის პოლიტიკა“ ჰქვია:

იქიდან გამომდინარე, რომ თავად ტერმინი საკმაოდ ახალია, მის გარშემო დისკუსია ჯერჯერობით არც თუ ისე მრავალფეროვანია. მაგალითად, გუგლ სქოლარი ამ საძიებო ფრაზაზე 482 სტატიას აგდებს (შედარებისთვის, საძიებო სიტყვად იგივე „რელატივიზმის“ გამოყენება 537-ჯერ მეტ შედეგს აჩვენებს). ჯერჯერობით ცნების აკადემიურ დონეზე თითქმის არ არის განმარტებული და ძირითადად, პოლიტიკური კომენტატორებისა და ბლოგერების მიერ გამოიყენება (თუმცა, არსებობს სოციოლოგიური ნაშრომი – “The Post-Truth Era: Dishonesty and Deception in Contemporary Life“, ავტ. რალფ კისი, 2004 წ. – თუმცა,  ის ინტერნეტში არ არის ხელმსიაწვდომი). ქვემოთ ვეცდები განვიხილო პოსტ-სიმართლის პოლიტიკის ორი უფრო მეცნიერული ვიდრე  ჟურნალისტური დეფინიცია, რომლებსაც ძიებისას წავაწყდი:

„Political insight”-ის დეკემბრის ნომერში, დუბლინის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეინ სუიტერი სწორედ პოსტ-სიმართლის პოლიტიკაზე წერს. სუიტერის აზრით, ასეთი პოლიტიკა ეკონომიკური უთანასწორობით იკვებება. უმაღლესი განათლების არმქონე მუშათა კლასის წარმომადგენლებს ტრადიციული პოლიტიკური ელიტა დაშორდა, მისი დისკურსი მათთვის გაუგებარი გახდა. მეორე მხრივ, არსებულმა პოლიტიკურმა სისტემამ ეკონომიკურ კრიზისსა და რეცესიას სათანადოდ ვერ გაართვა თავი. საბოლოოდ, ჩამოყალიბდა მდგომარეობა, სადაც დასავლურ ქვეყნებში საზოგადოების საკმაო ნაწილს არც არსებული ეკონომიკური პოლიტიკის აღარ სჯერა და აღარც მათთან აიგივებს თავს, ვინც ამ პოლიტიკას აწარმოებს.

ასეთ ვითარებაში პოსტ-სიმართლის პოლიტიკა აღწევს წარმატებებს ეკონომიკაზე პოპულისტური კონცენტრირებით, მაგალითად, ისეთი ცნობილი დებულებებით, როგორიცაა „ემიგრანტების შევიწროვება გამოათავისუფლებს სამუშაო ადგილებს“ (დონალდ ტრამპის ცნობილი ფრაზა – „You better be smart. They’re taking your jobs. You better be careful.”[2]), ან ევროკავშირიდან გამოსვლა დიდ ბრიტანეთს ყოველკვირეულად 350 მილიონ ფუნტს დაუზოგავს, რომელიც ჯანდაცვას მოხმარდება („ბრექსიტის“ კამპანიის სლოგანი – “We send £350m to EU a week. Let’s fund our NHS instead – რომელიც ნაიჯელ ფარაჯმა აღიარა, რომ თავისი არსით შეცდომაში შემყვანი იყო[3]).

მიუხედავად მიზეზებზე საუბრისა, სუიტერი თავის სტატიაში არ იძლევა პოსტ-სიმართლის პოლიტიკის მკაფიო განმარტებას. მისთვის ეს ფენომენი მჭიდრო კავშირშია პოლიტიკურ პოპულიზმსა და მისი გავრცელებისთვის იდეალურ პლატფორმასთან – „ჰიბრიდულ მედიასთან“, რომელიც წარმოადგენს მასმედიისა და სოციალური მედიის ერთობლიობას და პოლიტიკოსებს საშუალებას აძლევს უფრო უშუალო კომუნიკაცია დაამყარონ აუდიტორიასთან. ეს მედიას ბევრად უფრო ვიწრო ტექნიკურ როლს ანიჭებს – ის წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ პლატფორმას კომუნიკაციისთვის. მეორე პლანზე იწევს მისი როგორც ფილტრის ფუნქცია და ინფორმაციის გადამუშავების (შესაბამისი სტანდარტებით) აუცილებლობა, რაც პოლიტიკოსებს ბევრად უფრო მეტ თავისუფლებას აძლევს.

თუმცა, მთავარი აქცენტის დასმა პოპულიზმზე არ იძლევა პოლიტიკის სხვა ფორმებისგან მკაფიო გამიჯვნის საშუალებას. მაგალითად, პოსტ-სიმართლის პოლიტიკა პოპულიზმის თვალსაზრისით არ არის განსხვავებული სხვა მემარჯვენე პოპულიზმისგან, რომლის ზოგადი დეფინიციაც ავსტრიელი ლინგვისტისა და დისკურსის გამორჩეული მკვლევრის, რუთ ვოდაკის მიხედვით შემდეგნაირია:

„მემარჯვენე პოპულიზმი პოპულიზმის სხვა გამოვლინებებისგან განსხვავდება მის მიერ ექსპლიციტური-იმპლიციტურის მკაფიო დიქოტომიზაციით, რომელიც ახდენს „ჩვენ იდენტობის“ (“Us identity”) კონსტრუირებას – ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური ხაზით „ჩვენისა“ და „მათის“ გამიჯვნას.“ (Wodak, 2013) აქედან გამომდინარე, ის, რასაც სუიტერი პოსტ-სიმართლის პოლიტიკას უწოდებს, იგივეა, რაც მემარჯვენე პოპულიზმი.

პოსტ-სიმართლის პოლიტიკის განმარტების მცდელობა აქვს ბილ ფიშს, მასის უნივერსიტეტის პროფესორს, აგვისტოში გამოქვეყნებულ სტატიაში სახელად “Post-Truth” Politics and Illusory Democracy“. ფიშის შემოთავაზებული განმარტება შემდეგნაირია:

„პოლიტიკის ფორმა, სადაც არის სწრაფვა გაფრთხილებისაკენ, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ნამდვილი საფრთხის შეგრძნება, ან ისეთი დაპირებების გაცემა, რომლის შესრულების რეალური მონდომება არ არსებობს, ან ისეთი განაცხადების გაკეთება, რომლის უტყუარობის არანაირი საბუთი არ არსებობს. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ემსახურება საარჩევნო უპირატესობის მოპოვებას.“ (Fish W. , 2016)

ფიშის მიერ შემოთავაზებული განმარტება ემყარება „ბრექსიტისა“ და აშშ-ს 2016 წლის საარჩევნო კამპანიის გამოცდილებას. თუმცა, ის დაიყვანება მხოლოდ პოლიტიკურ კამპანიაზე. ასეთი პოზიცია გასაგებია, იქიდან გამომდინარე, რომ პოსტ-სიმართლის პოლიტიკა ფართომასშტაბიანი ფორმით ნამდვილად სიახლეა და სხვა სახის გამოცდილება, გარდა კამპანიებისა, არ არსებობს. მაგრამ ეს თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკის ეს ფორმა მხოლოდ კამპანიით შემოიფარგლება. იმაზე სამსჯელოდ, იქნება თუ არა სხვა პოლიტიკურ პროცესებში პოსტ-სიმართლე წარმატებული, უფრო მეტი მასალაა საჭირო.

მართალია, ამ დროისთვის საკმაოდ ძნელია დაზუსტებით იმის თქმა, თუ რას წარმოადგენს პოსტ-სიმართლის პოლიტიკა, მაგრამ ერთი რამ კი დანამდვილებით შეიძლება ითქვას – თუ ტრამპისა და „ბრექსიტის“ კამპანიის პოლიტიკა სწორედ ასეთია, მაშინ დასავლურ საზოგადოებაში დღესდღობით ის ყველაზე წარმატებული ფორმაა.

გამოყენებული ლიტერატურა

Fish, S. (2002). Don’t Blame Relativism.

Fish, W. (2016). “Post-Truth” Politics and Illusory Democracy. psychotherapy and politics international.

Harvey, D. (1989). The Condition of Postmodernity: An Enquiry into the Origins of Cultural Change.

J.Suiter. (2016). Post-truth Politics. Political Insight.

Wodak, R. (2013). Right-Wing Populism in Europe: Politics and Discourse.

[1] https://www.oxforddictionaries.com/press/news/2016/11/17/WOTY-16

[2] https://www.washingtonpost.com/news/post-politics/wp/2014/03/06/trump-warns-gop-on-immigration-theyre-taking-your-jobs/

[3] http://www.huffingtonpost.co.uk/entry/nigel-farage-good-morning-britain-eu-referendum-brexit-350-nhs_uk_576d0aa3e4b08d2c5638fc17


– ილუსტრაცია გარეკანზე: © The Guardian

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ