ვის უპყრია ძალაუფლება?

Share on Facebook114Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

როდესაც ქვეყანაში მთავრობა იცვლება და გადაწყვეტილების მიმღები პირების უმრავლესობა თანამდებობებს ინარჩუნებს, როცა პოლიცია კვლავინდებურად ძალის  უხეში დემონსტრირებით ცდილობს წესრიგის დაცვას, საზოგადოებაში ჩნდება სავსებით ლეგიტიმური კითხვა:  შეიცვალა კი საერთოდ რამე?  ვის ხელშია რეალური ძალაუფლება, პრეზიდენტის, მთავრობის თუ სახელმწიფო ინსტიტუტების? ან  იქნებ, ამ ყველაფრის უკან მდგომი „მესამე ძალა“ უნდა ვეძებოთ, ვინც კულისებს მიღმა დგას და ჩვენთვის  პოლიტიკურ სცენარს წერს?

ფრანგი პოსტ-სტრუქტურალისტი, მემარცხენე მოაზროვნე მიშელ ფუკო ამ კითხვაზე გიპასუხებდათ, რომ ძალაუფლება არავის ეკუთვნის, სინამდვილეში ენის ლოგიკურ გრამატიკული სტრუქტურა გვაიძულებს კითხვის ამგვარად  ფორმულირებას: „ძალაუფლება, უფრო მიმართების კატეგორიაში შედის, ვიდრე მიკუთვნებულობის. ის პრივილეგია არ არის; გაბატონებული კლასების მიერ არ ხდება მისი შეძენა და შენახვა, ის ამ კლასის სტრატეგიული პოზიციების თანხვდომილი ზემოქმედებაა.“  მეტი თვალსაჩინოებისათვის, შეგვიძლია ძალაუფლება ელექტრომაგნიტურ ველს შევადაროთ, სადაც მუხტების მსგავსად შეტანილები არიან  სოციალური ინსტიტუტები. სტრატეგიების შემუშავებით, ამ სტრუქტურებს მხოლოდ ის შეუძლიათ, რომ საკუთარი მუხტი გაზარდონ და დისპოზიციები იცვალონ. რასაც ჩვენ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ვეძახით, სხვა არაფერია, თუ არა ამ ველში მისი ბოლომდე დანთქმა და ჩაკარგვა.  პიროვნებებს არ შეუძლიათ ძალაუფლებას ფლობდნენ, სინამდვილეში, მათი  ნება მიიტაცება ძალაუფლების მიერ.

რაკიღა ძალაუფლება ეთერივით ყველგანმყოფი და გრძობად-კონკრეტულ მახასიათებლებს მოკლებული რამ ყოფილა, როგორ არის შესაძლებელი მასზე დაკვირვება? ფუკო იმ  დასკვნამდე მიდის, რომ ძალაუფლება მეცნიერულ ცოდნაში  ახდენს თვითმანიფესტაციას.  ყოველი შემუშავებული იდეოლოგია, თეორიული პარადიგმა თუ ცოდნის სისტემა, ერთგვარ ფილტრს ჰქმნის, რომელიც მეტნაკლები სიზუსტით გაატარებს ინფორმაციულ ქაოსს და ამგვარად, სინამდვილეს მოიხელთებს. სიტყვა, როგორც ასეთი, ფორმაა, ის შემოსაზღვრავს შინაარსებს და ამით, შესაძლებელს ხდის მათ კონტროლსა და მოქმედების პროგნოზირებას.  ენტონი გიდენსის თქმით, „სოციოლოგიური ცოდნა  სპირალისებურად შედის სოციალური ცხოვრების სამყაროში და მსგავსადვე გამოდის, ამავდროულად კი აკონსტრუირებს მოცემულ პროცესებსაც და საკუთარ თავსაც.“  ფილოსოფიურ-თეოლოგიურ დებატებში, ძალაუფლების, პიროვნების და  წესრიგის ახლებურმა გაგებამ შვა თანამედროვე სოციალური სამყარო, ისეთად, როგორსაც მას დღეს ვიცნობთ.

შემთხვევითი როდია, რომ ლენინი თავის ნაშრომებში საერთოდ არ ახსენებს  „სამოქალაქო საზოგადოების“ ცნებას. სამაგიეროდ, ალტერნატივად  „ნების ერთიანობას“ გვთავაზობს, რომელიც ბოლშევიკურ პარტიაში და პიროვნების კულტში მატერიალიზდა და ადგილი აღარ დატოვა სამოქალაქო აქტივიზმისათვის.

დღევანდელ პოსტმოდერნულ, ინფორმაციულ ეპოქაში, როცა დროისა და სივრცის შეკუმშვის გამო, მოვლენები ძალზედ დაჩქარებულია, ცნების შექმნიდან მის  ფართო მასებში გავრცელებამდე, მხოლოდ რამოდენიმე დღეა საჭირო.  პირველი ოქტომბრის არჩევნებამდე, საქართველოში მხოლოდ რამოდენიმე ათეულმა ადამიანმა თუ იცოდა კოჰაბიტაციის მნიშვნელობა, მაგრამ მასმედიის საშუალებით მან სწრაფად შეაღწია ადამიანთა ცნობიერებაში და შესაბამისად,  სოციალური რეალობის კონსტრუირება დაიწყო.

თანამედროვე კაპიტალიზმში  ჯერ პროდუქტი იქმნება და ამის შემდეგ გვიღვიძებენ მისადმი მოთხოვნილებას.   „რუკა წინ უსწრებს ტერიტორიას“,  ცნება იქმნება იმისათვის, რომ მან მასების ცნობიერებაში ფესვი გაიდგას და სოციალური კონტროლის საშუალებად, მანიპულირების მედიატორ,  რადიოტალღების მიმღებ ანტენად იქცეს.

ძალაუფლება მხოლოდ კომუნიკაციებში არსებობს. ის არც პრეზიდენტის ჩაის ჭიქაშია და არც მონარქის კვერთხში. ლუდოვიკო  XIV უკაცრიელ კუნძულზე ზუსტად ისეთივე პოზიციაში იქნება, როგორშიაც მე და თქვენ ვიქნებოდით. შესაბამისად, საზოგადოებრივი პროტესტი არა პიროვნებებს, არამედ სტრუქტურალიზებულ ურთიერთობებს  უნდა უკავშირდებოდეს.

ზღაპრებიდან ხომ გვახსოვს, რომ დევი უზომოდ ძლიერია, მაგრამ ის ამავდროულად, სუსტიცაა. ჭკუითა და მოქმედებებით ის მეტად მოუქნელია და ხშირად ღრმა ძილსაც ეძლევა. ცნებად ჩამოყალიბებულ, მაკონსტრუირებელ ინფორმაციასაც აქვს თავისი „აქილევსის ქუსლი“, ის მალფუჭებადი პროდუქტია და დეკონსტრუქციის შემდეგ ადვილად ნაცვლდება სხვა ცნებით.  ძალაუფლებას კონსესუსი არ უყვარს,  მას მუდამ ცვლილებებში ჩენადობა სურს.

Share on Facebook114Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Comments are closed.