უხილავი ხელი მოკვდა, გაუმარჯოს უხილავ ხელს!

david-s-wilsonგამოიწერეთ European.ge-ს Facebook გვერდი.

წარმოგიდგენთ ჟურნალ Evonomics-ზე გამოქვეყნებული ამერიკელი ანთროპოლოგისა და ევოლუციონისტი ბიოლოგის, დევიდ სლოან უილსონის წერილის თარგმანს.

დევიდ სლოან უილსონი ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის (SUNY) ბიოლოგიის პროფესორია, რომელიც ასწავლის ანთროპოლოგიას Binghamton University-ში. ასევე, ის გახლავთ ოსლოს უნივერსიტეტის გლობალური სამართლიანობისა და გარემოს კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

მისი ტვიტერის მისამართია: Twitter: @David_S_Wilson

© European.ge

დროა გადავიაზროთ ფუნდამენტური ეკონომიკური მეტაფორა.

invisible_hand

ძველად, მეფის სიკვდილი და მისი მემკვიდრის ტახტზე ასვლა შემდეგნაირად ცხადდებოდა საჯაროდ: „მეფე მოკვდა, გაუმარჯოს მეფეს!“. ამას იმიტომ ვწერ, რომ საჯაროდ განვაცხადო უხილავი ხელის სიკვდილის შესახებ და ასევე ვისაუბრო მისი მემკვიდრის თაობაზე.

როგორც ყველამ იცის, უხილავი ხელი ადამ სმითის მეტაფორაა, რომელიც განასახიერებს იდეას, რომ ეკონომიკას საკუთარი თავი დამოუკიდებლად შეუძლია მართოს ყოველგვარი ჩარევის გარეშე. თავის მოცულობით წიგნში იგი მხოლოდ სამჯერ იყენებს ამ მეტაფორას, რომელიც ცხადია მთლიანად არ გამოხატავს მის აზრს, მაგრამ მაინც მოიპოვა „მეფის“ მსგავსი სტატუსი ნეოკლასიკურ ეკონომიკაში, „ჰომო-ეკონომიკუსის“ სახით.

მეფე სავსებით იმსახურებდა სიკვდილს, მაგრამ მისი მოკვლა არც თუ ისე იოლი გახლდათ. ჩემი აზრით, გადამწყვეტი როლი ორმა დიდმა დარტყმამ შეასრულა. პირველი დარტყმა გახლდათ მეფის ბატონობის დამანგრეველი შედეგები. თუ თქვენ ჯერ კიდევ უარყოფთ 2008 წლის ეკონომიკურ კოლაფსს, მაშინ ამაზე თვალს აგიხელთ ევროკავშირში ამჟამად მიმდინარე დეზინტეგრაციის პროცესი.

მეორე დარტყმას კი წარმოადგენს თეორიული ჩარჩოს ნგრევა, (რომელიც ძველი მეფის საყრდენს წარმოადგენდა) და მისი ჩანაცვლება ახალი თეორიული ჩარჩოთი, რომელიც დაფუძნებულია ევოლუციის თეორიასა და კომპლექსურობის ეკონომიკაზე. ამ ახალი თეორიული მიდგომის თანახმად, აბსურდულია ის მოსაზრება რომ დაურეგულირებელ პირადი ინტერესებით განპირობებულ სწრაფვას დიდი სარგებელი მოაქვს საერთო სიკეთისთვის.  ძველი მეფე გახლდათ გროტესკული იმპერატორი ტანსაცმლის გარეშე… ამბის დასასრული…

დროა დავმარხოთ ის და მივხედოთ საქმეს.

თქვენ შესაძლოა ფიქრობთ, რომ ძველი მეფის ჩანაცვლება ახალი მეფით არ უნდა მოხდეს. ბოლოს და ბოლოს, უხილავი ხელის მეტაფორას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონია მინიჭებული თავად ადამ სმითის ნააზრევში და ჩვენ რატომ უნდა მივანიჭოთ მას განსაკუთრებული მნიშვნელობა? ირკვევა, რომ უხილავის ხელის ახალი ჯანმრთელი კონცეფცია ევოლუციისა და კომპლექსურობის თეორიიდან წარმოიშვა. ასე რომ, გვყავს ახალი მეფე, რომელიც უნდა ვაკურთხოთ.

ახალი უხილავი ხელის კონცეფციის ლეგიტიმაციისთვის საჭიროა ყურადღება გავამახვილოთ მის ორ ცენტრალურ ასპექტზე: 1) საზოგადოება ფუნქციონირებს კარგად, 2) საზოგადოების წევრები არ ფიქრობენ მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისთვის. არსებობს სადმე მსგავსი ერთობა გარდა ადამიანების საზოგადოებისა, რომლებიც ამ ორ მახასიათებელს დააკმაყოფილებდა? ასეთი არც თუ ისე ბევრია. რთული გაკვეთილი რომელიც ბუნების შესახებ უნდა ვისწავლოთ არის ის, რომ ცხოველთა ბევრი ერთობა ადამიანური თვალთახედვით დესპოტურია.

ამ საზოგადოებებს, რომლებიც ცხოვრობენ რწმენით, რომ ცხოვრება მუხთალია და შემდეგ კვდები“, მილიონობით წლის მანძილზე შეუპოვრად გააქვთ თავი ყოველგვარი უხილავი ხელის გარეშე.

მაგრამ, ზოგიერთი ცხოველთა ერთობა სავსებით აკმაყოფილებს პირველ ასპექტს,  მაგალითად ფუტკრები (Fabled bees), ჭიანჭველები და ტერმიტები. მრავალუჯრედიანი ორგანიზმებიც შესაძლებელია განხილულ იქნას როგორც კარგად აწყობილი საზოგადოებები დაბალგანვითარებული ერთობებისა, როგორიცაა ორგანოები, უჯრედები და გენები. თუ რომელიმე ერთობა დააკმაყოფილებს უხილავი ხელის მეტაფორის პირველ ასპექტს, ეს ნიშნავს რომ ის ავტომატურად მეორე ასპექტსაც აკმაყოფილებს. ვინაიდან ფუტკრებს, უჯრედებსა და გენებს ადამიანური გაგებით, არ გააჩნიათ ტვინი – რომ იფიქრონ.

თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ მწერების სოციალური კოლონიის შედარება ცალკეულ ორგანიზმთან, მრავალუჯრედიანი ორგანიზმის შედარება ცხოველთა ერთობასთან,  ან თუნდაც ამ ერთობათა შედარება ადამიანთა საზოგადოებებთან გაზვიადებულია, მაგრამ თქვენ ცდებით. ისინი ერთმანეთს მრავალსაფეხურიანი გადარჩევის თეორიით (MLS) უკავშირდენიან, რომელიც ახარისხებს და ყოფს ბუნებრივი გადარჩევის პროცესს სხვადასხვა ჯგუფში თუ ჯგუფებს შორის.

თვისებები, რომელიც ხელს უწყობს ინდივიდის მაქსიმალურ გაძლიერებას ჯგუფში, იშვითად უწყობს ხელს თავად ჯგუფის გაძლიერებას სხვა ჯგუფებთან მიმართებაში მრავალჯგუფიან პოპულაციაში. საერთო წესი მდგომარეობს შემდგომში: ადაპტაცია მრავალ საფეხურიანი სოციალურ იერარქიის ნებისმიერ დონეზე, საჭიროებს გადარჩევის პროცესს სწორედ ამ განსაზღვრულ დონეზე და მას ხელს უშლის გადარჩევის პროცესი უფრო დაბალ საფეხურზე. ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, როგორც 2007 წლის სტატიაში მე და ედვარდ ვილსონი ვწერთ „ეგოზიმი ამარცხებს ალტრუიზმს ჯგუფის შიგნით, მაგრამ ალტრუისტული ჯგუფები  ამარცხებენ ეგოისტურ ჯგუფებს.  სხვა დანაჩენი ბელეტრისტიკაა.

ეს თეორია (MLS) ზედმიწევნით ცხადყოფს, რომ საზოგადოებები ფუნქციონირებენ კარგად, როდესაც ისინი არიან შედეგი პირდაპირი ან დისტალური გადარჩევისა თავად ერთობის დონეზე და არა სხვაგვარად. უმაღლესი საფეხურის გადარჩევა არის სწორედ უხილავი ხელი, რომელიც ანიავებს საზოგადო სიკეთისთვის სასარგებლო ქვედა დონის ურთიერთქმედებებს.

ნებისმიერი საზოგადოება, შეიძლება  იქნას აღქმული როგორც ორგანიზმი, იმდენად რამდენადაც მასში საზოგადოებებს შორის გადარჩევა დომინირებს,  ჯგუფის შიგნით არსებულ მავნე გადარჩევის პროცესს. ძალზე მნიშვნელოვანია ზედსართავი: ,,მავნე,” რადგანაც ეს ცალკეული, ვიწრო ჯგუფის შიგნით არსებული გადარჩევა, შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს როგორც თავად ჯგუფისთვის ასევე წახალისებულიც იქნას ჯგუფებს შორის არსებული გადარჩევის პროცესის მიერ. კულტურული ევოლუცია მრავალსაფეხურიანი პროცესია, ისევე როგორც გენეტიკური ევოლუცია და მემკვიდრეობის ორი ნაკადი იმდენი ხანია ვითარდება ერთდროულად ჩვენს სახეობებში, რომ მათ ორმაგი სპირალის სახე მიიღეს.

ჩემი, როგორც მაცნის მოვალეობას არ წარმაოდგენს, დეტალურად დავახასიათო ახალი მეფე (როგორც მინიმუმ ამ პატარა წერილში), მე მხოლოდ მისი სამეფო ტახტზე ასვლის გამოცხადება მევალება. საზოგადოების როგორც ორგანიზმის -კონცეფციას იმაზე ძველი წარმოშობის ისტორია აქვს, ვიდრე უხილავი ხელის ცნებას, მაგრამ მისი სერიოზულად აღქმა თანამედროვე ევოლუციის/კომპლექსურობის პერსპექტივიდან, გარდამტეხ როლს ითამაშებს ეკონომიკისა და საჯარო პოლიტიკის უკეთესობისკენ გარდაქმნაში.

დიდება ახალ მეფეს! იმედი ვიქონიოთ, რომ ის დროულად აღზევდა, რათა დაგვიხსნას წინამორბედის მემკვიდრეობისგან.


– ინგლისურიდან თარგმნა მაგდა ლაბაძემ და მათე გაბიცინაშვილმა

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ