უთანასწორობა თომას პიკეტის პერსპექტივიდან

Share on Facebook52Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

Piketty_Cover_A_1050x700
► ავტორი: ზეზვა ზანგურაშვილი , ბერლინის ეკონომიკისა და სამართლის სკოლა.

► პორტალზე შეგიძლიათ იხილოთ ავტორის სხვა წერილიც – “რატომ გვჭირდება პლურალისტური მიდგომა ეკონომიკაში”

© European.ge

დაახლოებით 150 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მარქსის კაპიტალი (Das Kapital) დაიწერა:  წიგნი, რომელშიც ერთ-ერთი უმთავრესი თემა უთანასწორობის პოლიტეკონომიური გააზრება და მისი გადაჭრის გზების შემოთავაზება გახლდათ. უდავოდ, მარქსის კაპიტალი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ნაშრომია, რაც კი ოდესმე დაწერილა, რომელმაც არა მხოლოდ სტრუქტურული, არამედ სისტემური ცვლილებები გამოიწვია ნახევარ მსოფლიოში. თუმცა, მიუხედავად ამისა, დღეს ეკონომიკური უთანასწორობა კვლავ აქტიურ პრობლემად რჩება, როგორც ნაციონალურ, ისე საერთაშორისო დონეზე.

უთანასწორობა თანამედროვე სამყაროს უმწვავესი პრობლემაა. დავიწყოთ იქიდან, რომ მსოფლიოს ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი, ეგრეთწოდებულ ტოპ 1%-ს შეუძლია მოახდინოს მნიშვნელოვანი გავლენები სამთავრობო დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე. გავაგრძელოთ დეფიციტითა და ქამრების შემოჭერის პოლიტიკით გამოწვეული პრობლემებით ევროკავშირში. გარდა ამისა, აღსანიშნავია საემიგრაციო ნაკადის მატებაც ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილო აფრიკის ქვეყნებიდან, რაც ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა არასტაბილურობამ გამოიწვია. ეს მიუთითებს იმაზე, რომ დღეს უთანასწორობა უკვე აღარ არის მხოლოდ ქვეყნებს შორის არსებული სხვაობის პრობლემა. გაცილებით საგანგაშო ის ფაქტია, რომ ერთეული ადამიანები ფლობენ შედარებით დიდ სიმდიდრეს, ვიდრე მთლიანი ქვეყნები.

პოლიტიკოსები და ეკონომისტები ამ პრობლემას დღეს სერიოზულად განიხილავენ საკუთარ ნაშრომებში, თუმცა მათი ნამუშევრების უდიდესი ნაწილი სამწუხაროდ ვერ სცდება აკადემიურ სფეროს. ტომას პიკეტიმ კი, ეს მოახერხა. მისი წიგნი – კაპიტალი XXI საუკუნეში – პირველ რიგში, მნიშვნელოვანია სწორედ იმიტომ, რომ მან შეძლო აკადემიური სფეროს გარღვევა და უთანასწორობის პრობლემის შესახებ საკუთარი აზრის შედარებით ფართო საზოგადოებამდე მიტანა.

პიკეტის კაპიტალის მთავარი სათქმელი ისაა, რომ საბაზრო ეკონომიკას არ აქვს ბუნებრივი მიდრეკილება თანასწორობისაკენ, არამედ – რადიკალურად საპირისპირო: ის ბუნებრივად მიილტვის უთანასწორობისაკენ. თუმცა, ამ მტკიცების დასაბუთებამდე, ჯობს უფრო დეტალურად გავეცნოთ პიკეტის კაპიტალს, მანამდე კი თავად ავტორზე ვიტყვი რამდენიმე სიტყვას.

თომას პიკეტი დაიბადა 1971 წელს, საფრანგეთში. დღეს, ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა, წამყვანი ეკონომისტია. პიკეტი ცნობილია მისი ნამუშევრებით კეთილდღეობასა და ეკონომიკური უთანასწორობის შესახებ. კაპიტალში მას წარმოდგენილი აქვს ყველაზე დიდი მონაცემთა ბაზა უთანასწორობის და სიმდიდრის შესახებ, რაც კი ოდესმე ვინმეს გამოუყენებია.

22 წლის ასაკში, თომას პიკეტმა მიიღო ლონდონის ეკონომიკური სკოლის (LSE) დოქტორის ხარისხი და დაიწყო მუშაობა ამერიკაში, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) ეკონომიკის დეპარტამენტში. 2006 წელს, მან დიდი წვლილი შეიტანა პარიზის ეკონომიკური სკოლის დაარსებაში; გამოაქვეყნა ძალიან ბევრი ნაშრომი უთანასწორობის შესახებ, თუმცა მისი კაპიტალი, რომელიც 577 გვერდიან წიგნს წარმოადგენს, გახდა მისი Magnum opus, რომელშიც გაანალიზებულია სამი საუკუნის სტატისტიკური მონაცემები სხვადასხვა განვითარებული ქვეყნებისათვის (აშშ, საფრანგეთი, გერმანია, ბრიტანეთი და იაპონია) და როგორც უკვე აღვნიშნე, წიგნში გამოყენებულია ყველაზე დიდი ემპირიული მონაცემთა ბაზა, რაც კი ოდესმე გამოუყენებიათ უთანასწორობის შესახებ. თუმცა, უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ კაპიტალის პოპულარობას ხელი შეუწყო იმ მიმდინარე ეკონომიკურმა მოვლენებმა, რაც მისი გამოცემის დროს, 2013 წელს ხდებოდა. არსებული კრიზისის გამო, უთანასწორობის პრობლემის შესახებ დავა პიკს აღწევდა ამერიკასა და ევროპაში. დავა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შემცირდეს ეკონომიკური უთანასწორობა და გაიზარდოს  კეთილდღეობა, დღესაც გრძელდება და პიკეტის რეპუტაცია ნაწილობრივ იმაზეცაა დამოკიდებული, თუ რა შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანს ამ დებატებმა.

რას ამბობს კაპიტალი?

კაპიტალში პიკეტის ანალიზის მთავარი საგანი არა უბრალოდ ცხოვრების სტანდარტის ცვლილებაა, არამედ ის, თუ როგორ იცვლებოდა სხვადასხვა სოციალურ ფენებს შორის ეს ცხოვრების სტანდარტები დროთა განმავლობაში. ვგულისხმობ იმას, რომ პიკეტი არ ადარებს ერთმანეთს XIX საუკუნეში მცხოვრები ღარიბების ცხოვრებასა და XXI საუკუნეში მცხოვრები ღარიბების ცხოვრების დონეებს, არამედ აანალიზებს ღარიბებისა და მდიდრების ცხოვრების სტანდარტებს ერთსა და იმავე დროის მონაკვეთში. მისი მიდგომა უფრო მეტად დაკვირვებაზეა დაფუძნებული, ვიდრე თეორიაზე, მიუხედავად იმისა, რომ გვხვდება მარტივი ეკონომიკური თეორიაც. თუმცა წიგნში ძირითადად გამოკვლეულია ქვემოთ მოცემული რამდენიმე ეკონომიკური ტერმინის ევოლუცია, რომლებიც დაგვეხმარება წიგნის მთავარი იდეის გაგებაში:

  1. კაპიტალი (Capital) – აქ პიკეტი გულისხმობს ყოველგვარ სიმდიდრეს, რაც ადამიანს შეუძლია გააჩნდეს, მაგრამ აცალკევებს მისგან ადამიანურ კაპიტალს, მაგალითად ისეთს, როგორიცაა ცოდნა.
  2. შემოსავალი (Income) – პიკეტი მას იკვლევს, როგორც იდივიდუალურ, ისე ქვეყნის დონეზე. შემოსავალი ინდივიდებისთვის არის ხელფასების, მოგების, საპროცენტო შემოსულობებისა და სხვა სახით გამომუშავებული ფულადი რესურსი, ხოლო ქვეყნის დონეზე, შემოსავალი ამ ინდივიდთა/მოქალაქეთა შემოსავლების მთლიანი ჯამური რაოდენობაა, რომელიც დროის გარკვეულ მონაკვეთშია მოცემული.
  3. კაპიტალის წილი შემოსავლიდან (Capital-Income Ratio) – ამ კონცეპტს პიკეტი აღნიშნავს როგორც β (ბეტა). β გამოითვლება ქვეყანაში არსებული მთლიანი კაპიტალის (Total Amount of Capital) რაოდენობის შეფარდებით მთლიან ეროვნულ შემოსავალთან (National Income) მოცემულ წელს. თუ, მაგალითად, ქვეყანაში არსებული მთლიანი კაპიტალი არის 100 ერთეული და ქვეყნის მთლიანი შემოსავალი ამავე წელს არის 20 ერთეული, მაშინ β იქნება 5-ის ტოლი, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყანას დასჭირდება ასეთი რაოდენობის, მთლიანი შემოსავლის 5 წელი, რათა დააგროვოს ის კაპიტალი, რაც არის მის ეკონომიკაში. აქედან გამომდინარე, პიკეტი ასკვნის, რომ β არის უთანასწორობის კარგი საზომი. მაღალი β, ანუ დაბალი ეროვნული შემოსავალი კაპიტალთან შედარებით, ნიშნავს ეკონომიკური ზრდის დაბალ ტემპს (რადგან დაბალი ეროვნული შემოსავალი გვაქვს) და მაღალ დანაზოგებს (რადგან კაპიტალის დიდი რაოდენობა შენახულ იქნა). დროთა განმავლობაში, თუ კაპიტალმა გააგრძელა მთლიან შემოსავალზე სწრაფი ზრდა, პიკეტის აზრით, ეს უფრო დიდ უთანასწორობას გამოიწვევს. უფრო მარტივად რომ ავხსნათ, ის ამბობს, რომ უთანასწორობა მზარდია იმ პერიოდებში, როდესაც კაპიტალის სწრაფი დაგროვება ხდება მთლიან ეროვნულ შემოსავალთან შედარებით, ხოლო უთანასწორობა იკლებს იმ დროს, როცა გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ანუ მთლიანი ეროვნული შემოსავლის სწრაფი ზრდა მთლიან კაპიტალთან შედარებით.

თავის წიგნში, პიკეტი ასევე ებრძვის ეგრეთწოდებულ „ეკონომიკურ დეტერმინიზმს“, ანუ რწმენას იმისა, რომ არსებობს ბუნებრივი ძალა, რომელსაც მივყავართ თანასწორობისაკენ. ფაქტობრივად, პიკეტი გვეუბნება, რომ არ არსებობს ისეთი პროცესი, რაც საზოგადოებას თანასწორობისაკენ მიიყვანს. აქედან გამომდინარე, ის ამბობს, რომ მთავრობის ჩარევის გარეშე, არანაირი მიზეზი არ გვაქვს ვიფიქროთ, რომ უთანასწორობა არ გაიზრდება მომავალში. იდეა იმის შესახებ, რომ საბაზრო ეკონომიკას აქვს ბუნებრივი ტენდენცია შეავსოს მდიდრებსა და ღარიბებს შორის არსებული ნაპრალი, ძირითადად უკავშირდება ბელარუს-ამერიკელ ეკონომისტს, სიმონ კუზნეცს და კონკრეტულად მის ერთ-ერთ დაშვებას (ე.წ კუზნეცის მრუდე), რომლის მიხედვითაც, ეკონომიკური განვითარების დაბალ საფეხურებზე მყოფ ქვეყნებში შემოსავლების უთანასწორობა (Income Inequlity) ჯერ იზრდება, ხოლო შემდეგ ეკონომიკის ზრდასთან ერთად, კლების ტენდენცია ახასიათებს, ანუ გრძელვადიან პერიოდში ისევ მცირდება. კუზნეცმა ეს იდეა ამერიკის მაგალითზე დაყრდნობით გააჟღერა, რაც ეფუძნებოდა 1870 წლიდან – XX საუკუნემდე არსებულ მონაცემებს.

კაპიტალში, პიკეტიმ კუზნეცის მონაცემები ოცდამეერთე საუკუნემდე განავრცო, რის შემდეგაც  მან სამ ნაწილად გაყო მოცემული ისტორიული პერიოდი: I ეტაპი მოიცავს პერიოდს 1871 წლიდან პირველ მსოფლიო ომამდე – ეგრეთწოდებული Belle Époque, რაც ხასიათდება სიმშვიდითა და ხელოვნების განვითარებით. თუმცა, იგივე პერიოდი, ასევე გამოირჩევა ძალიან მაღალი უთანასწორობით. ამ დროს, კერძო საკუთრება, რომელიც მდიდრების ხელში იყო, ბევრად აღემატებოდა ეროვნულ შემოსავალს (National Income). ეს კი ნიშნავს იმას, რომ β იყო ძალიან მაღალი და ზოგ შემთხვევაში 7-საც კი აღწევდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ პერიოდში, ევროპაში შედარებით მაღალი უთანასწორობაა, ვიდრე ამერიკაში. II ეტაპი იწყება 1914 წლიდან და გრძელდება მეოცე საუკუნის შუა წლებამდე;  ხასიათდება უთანასწორობის სწრაფი ვარდნით და დაბალი დონის შენარჩუნებით. მაგალითად, 1940 წელს, β ბრიტანეთში 2-თან მიახლოებულ დონეზე იყო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე. მესამე ეტაპზე კი, რომელიც 1970-ანი წლების შემდეგ იწყება, (ნეოლიბერალიზმის აღზევების პერიოდი), უთანასწორობა ისევ სწრაფად გაიზარდა, განსაკუთრებით ამერიკაში. პიკეტი გვაფრთხილებს, რომ უთანასწორობა კიდევ უფრო სწრაფად გაიზრდება იმ შემთხვევაში, თუ მთავრობები არ გაატარებენ საჭირო პოლიტიკას. კონკრეტულად კი, ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ის სახელმწიფოებს გლობალური გადასახადების დაწესებაზე მოუწოდებს. პიკეტი გვეუბნება, რომ ამ სამი პერიოდის ანალიზი უარყოფს კუზნეცის იდეას და ამტკიცებს საპირისპიროს – რომ ბაზრებს ახასიათებთ ბუნებრივი ტენდენცია უთანასწორობისაკენ, ანუ მდიდრებს და ღარიბებს შორის ნაპრალის გაღრმავებისკენ. ის ასაბუთებს, რომ უთანასწორობა შემცირდა და გარკვეული პერიოდის მანძილზე შენარჩუნდა დაბალ დონეზე მხოლოდ სერიოზული შოკების დროს, როგორიცაა პირველი და მეორე მსოფლიო ომები, რამაც დიდი რაოდენობით სიმდიდრე/კაპიტალი გაუნადგურა ელიტას, ან  კიდევ გლობალური დეპრესიები. პიკეტი ასევე საუბრობს პროგრესულ გადასახადებზე, როგორც ერთ-ერთ სერიოზულ იარაღზე უთანასწორობის შესამცირებლად.

ამას გარდა, ავტორი რამდენიმე ეკონომიკურ ტერმინს იყენებს უთანასწორობის ასახსნელად.

  1. მოგების განაკვეთი კაპიტალზე (Rate of Return on Capital) – გვაჩვენებს, თუ რამდენად ეფექტურად შეუძლია აქციოს კომპანიამ კაპიტალი – მოგებად, ანუ ეს ის საშუალო წლიური მოგებაა, რომელსაც იღებ იმ შემთხვევაში, როცა ახდენ გარკვეული კაპიტალის ინვესტირებას.
  2. ეკონომიკური ზრდა (Growth Rate of Economy) – პიკეტი გვეუბნება, რომ რამდენიმე მცირე გამონაკლისის გარდა, მთელი ისტორიის მანძილზე, მოგების განაკვეთი კაპიტალზე (Rate of Return on Capital), ანუ ის მოგება, რაც გრჩება ინვესტირების დროს და რომელსაც პიკეტი უწოდებს r-ს, აჭარბებს მთლიანი ეკონომიკის ზრდის ტემპს, რომელსაც უწოდებს g-ს. პიკეტის გამოთვლების მიხედვით, r იზრდებოდა 5%-ით წლიურად, როცა g – 0%-თან მიახლოებულ ზრდას აჩვენებდა. კაპიტალის მთავარი სათქმელიც სწორედ ეს არის – რომ r>g, რაც ნიშნავს იმას, რომ კაპიტალის მფლობელები, ანუ მდიდრები, გამდიდრდებიან ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც დამოკიდებულნი არიან მათ სამსახურებზე. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს იმას, რომ უთანასწორობა კიდევ უფრო მეტად, შეუქცევადად გაიზრდება.

ამ მტკიცების გასამყარებლად მოშველიებული, ერთ-ერთი კარგი მაგალითი ჯეინისა და ჯოს ქეისია. ჯეინსა და ჯოს ერთი და იგივე სამსახური  აქვთ და იღებენ 100 000$-ს წელიწადში. თუმცა, განსხვავებით ჯოსგან, ჯეინს  10 მილიონი აქვს, რომელიც მემკვიდრეობით ერგო და რომელიც მთლიანად აქვს ინვესტირებული. აქედან მას წლიურად მთლიანი თანხის 5% შემოსდის. ახლა დავუშვათ, რომ ორივე – ჯეინიც და ჯოც თანაბრად ხარჯავენ 100 000$-ს წელიწადში და ვნახოთ, თუ როგორ იცვლება მათი მთლიანი სიმდიდრე. ერთი წლის შემდეგ, ჯოს ექნება 100 000$, რომელსაც მთლიანად დახარჯავს; ჯეინს კი ექნება 600 000$ (500 000$ იმ 5%-დან რომელიც მემკვიდრეობით მიღებული 10 მილიონიდან მიიღო + 100 000$ საკუთარი ხელფასი). ჯეინიც დახარჯავს 100 000$-ს, მაგრამ დარჩენილი 500 000$-ით რეინვესტირებას გააკეთებს. 10 წლის შემდეგ, ჯოს მთლიანი სიმდიდრე შეიძლება ოდნავ გაიზარდოს იმ შემთხვევაში, თუ  მას ხელფასს მოუმატებენ, მაგრამ ჯეინის 10 მილიონი ამ დროს უკვე 16 მილიონამდე მიაღწევს. აქედან მარტივი დასკვნა ისაა, რომ საწყის ეტაპზე ჯეინი უკვე მდიდარი იყო ჯოზე, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ r>g-ს დინამიკას, ნათელი ხდება, რომ მათი მთლიანი სიმდიდრე კიდევ უფრო არათანაბარი გახდა დროთა განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროის მანძილზე ორივე ერთსა და იმავე სამუშაოს ასრულებდა და მთლიანად ხარჯავდა იმ ხელფასს, რასაც გამოიმუშავებდა.

კრიტიკა:

კაპიტალის ინგლისური ვერსია, ფრანგული ვერსიის შემდეგ, 6 თვეში გამოიცა. თუმცა,  ამ გამოცემამ ამერიკულ პრესის ყურადღება უფრო მეტად მიიქცია,  ვიდრე ფრანგულისა, რადგან შემოსავლების უთანასწორობა, საფრანგეთში, ამ დროს უკვე აღიარებული პრობლემა იყო.

პირველი კრიტიკა Financial Times-ის ერთ-ერთი რედაქტორისაგან, ქრის ჯაილსისგან (Chris Giles) წამოვიდა. სტატიაში “Data problems with capital in the XXI century” ჯაილსი ამბობს, რომ მან რამდენიმე ფუნდამენტური შეცდომა იპოვა პიკეტის მონაცემების გაანალიზების დროს.  ჯაილსი იმასაც ამბობს, რომ პიკეტი ეყრდნობა მხოლოდ ბრიტანეთის, საფრანგეთისა და შვედეთის მონაცემებს, როდესაც ევროპის ეკონომიკაზე საუბრობს. მისი აზრით, ავტორს შეცდომაში შევყავართ, რადგან ეკონომიკები განსხვავებული ზომისაა. გარდა ამისა, ჯაილსმა  იპოვა შეცდომები ბრიტანეთის მონაცემების ანალიზის ნაწილშიც, სადაც პიკეტი ამბობს, რომ უთანასწორობა ტოპ 10%-სთვის გაიზარდა 60%-დან 70%-მდე, 1980 წლიდან 2010 წლამდე. ჯაილსი ამტკიცებს, რომ ეს მაჩვენებელი სინამდვილეში 50%-მდე იყო და რომ პიკეტის „შეცდომები გაეპარა.“

კაპიტალი ასევე გააკრიტიკა ბლუმბერგის(Bloomberg View) ერთ-ერთმა პუბლიცისტმა, ქლაივ ქრუკმა (Clive Crook). ის წერდა, რომ პიკეტის დასკვნები არ არის ძლიერ კორელაციაში მის მიერ გაანალიზებულ მონაცემებთან. ის აკრიტიკებს r>g ფორმულას და ამბობს, რომ ამას ძალზე სუსტი კავშირი აქვს უთანასწორობასთან, ხოლო იმისთვის, რომ r>g-მ გამოიწვიოს უთანასწორობა, ქრუკის აზრით მათ შორის (r-ს და g-ს შორის) სხვაობა საკმარისად დიდი უნდა იყოს, ისევე, როგორც დანაზოგების განაკვეთი. ქრუკი ეთანხმება პიკეტის იმ ნაწილში, სადაც ის საუბრობს კაპიტალზე განაკვეთის შესახებ (Return on Capital), რომ ის იყო უფრო მაღალი, ვიდრე ეკონომიკური ზრდა, შესაბამისად უთანასწორობაც იყო მაღალი, თუმცა ის არ იზრდებოდა. პუბლიცისტის აზრით, ეს ფაქტი ასუსტებს პიკეტის იდეას იმის შესახებ, რომ მომავალში უთანსწორობა გაიზრდება.

გარეთ ჯონსი (Garret Jones) ასევე ამბობს, რომ პიკეტი არ ითვალისწინებს იმ ფაქტს, თუ რამდენ ფულს ხარჯავენ მდიდრები ფუფუნების საგნებში, რაც კაპიტალის ზრდას ამცირებს, რადგან რეინვესტირების მაგივრად ფული მიდის ძვირიან მანქანებში, სახლებში და ა.შ.

პიკეტის კაპიტალი იმის გამოც გააკრიტიკეს, რომ უთანასწორობის პრობლემის აღმოსაფხვრელად ის გლობალური გადასახადების დაწესებაზე საუბრობს. მაგალითად, ჟურნალი ეკონომისტი (Economist) პიკეტის ნამუშევარს დადებითად აფასებს, მაგრამ ამავდროულად მიუთითებს, რომ პიკეტის მოწოდება გარკვეული პოლიტიკებისაკენ – ამ შემთხვევაში გადასახადებისკენ, აკარგვინებს მის ნამუშევარს დამაჯერებლობას.

თომას პიკეტიმ, რა თქმა უნდა, უპასუხა კრიტიკას. გადასახადების შესახებ მან აღიარა, რომ შემოთავაზებული გამოსავალი საკმაოდ უტოპიურად ჯღერს, რადგან რთული წარმოსადგენია, ქვეყნები ამ იდეაზე შეთანხმდნენ. თუმცა, მიუხედავად ამისა, ის მხარს უჭერს ამ იდეის არსებობას და ამბობს, რომ ეს იდეა საყურადღებოა. მონაცემების სიზუსტის შესახებ Financial Time-ის კრიტიკას პიკეტი მთლიანად უარყოფს. ის აცხადებს, რომ კრიტიკოსები უბრალოდ დამატებით ინფორმაციას ითხოვენ, ხოლო რაც შეეხება მის მონაცემებს, ყველაფერი, რაც კი მან წიგნში გამოიყენა, ინტერნეტშიც გამოქვეყნდება, რაც ხელს შეუწყობს უფრო გამჭირვალე და ღია კონტექსტში დებატების გაგრძელებას.

რაც შეეხება ჯაილსის კრიტიკას, ის New York Times-მაც უარყო, კონკრეტულად კი ნეილ ირვინმა (Neil Irwin), რომელმაც დაწერა, რომ ჯაილსის ნაპოვნი პატარა შეცდომები პიკეტის დასკვნებზე არ ახდენს გავლენას. სიმონ ვრენ-ლევისმა (Simon Wren-Levis) ამავე ჟურნალიდან კი განაცხადა, რომ ჯაილსი მხოლოდ ბრიტანეთის ტრენდებს შეეხო, რაც მთელი წიგნის ძალიან მცირე ნაწილს წარმოადგენს.

მიუხედავად კრიტიკისა, პიკეტის ნაშრომი დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი განხილვის საგანია ეკონომიკური უთანასწორობის შესახებ საზოგადოებრივ თუ აკადემიურ სფეროებში. ეკონომისტების უდიდესი ნაწილი ახალ კაპიტალს ერთ-ერთ სერიოზულ ნაშრომად მიიჩნევს, მონაცემების შეგროვების უპრეცედენტო მცდელობისა და კომპეტენტური ანალიზის გათვალისწინებით.

მიმოხილვა მომზადებულია Macat- ის ანალიზის მიხედვით. 

Share on Facebook52Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Comments are closed.