დენი დორლინგი: უთანასწორობა – დინების შემობრუნება

Share on Facebook39Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

maxresdefault

► ავტორი: დენი დორლინგი  – ბრიტანელი სოციალ-გეოგრაფი; უთანასწორობის დემოგრაფიული ასპექტების მკვლევარი. 2013 წლიდან არის ოქსფორდის უნივერსიტეტის გეოგრაფიისა და გარემოს დაცვის სკოლის პროფესორი; ასევე  გოლდსმიტის, ბრისტოლისა და ლონდონის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი.  დორლინგი ავტორია 16 წიგნისა  და მრავალი სტატიის, ასევე არაერთი ნაშრომის თანაავტორი.

► თარგმნა ანა ბერიამ 

►თარგმანი მომზადებულია „საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის“ პროექტის: “საგადასახადო სისტემის ეკონომიკური ეფექტები და საქართველოს ინკლუზიური განვითარების შესაძლებლობები” ფარგლებში.

© European.ge

რთული დასაჯერებელია, რომ 2016 წელს ევროკავშირის დატოვების გადაწყვეტილების მიღება დიდი ბრიტანეთის მიერ – სწორედ იმ ქვეყნის მიერ, რომელშიც ეკონომიკური უთანასწორობა ევროკავშირის დიდ ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალია, მხოლოდ დამთხვევაა. მძლავრი ეკონომიკური უთანასწორობის გამო, დიდ ბრიტანეთს სერიოზული სოციალური პრობლემები აქვს, მათ შორისაა ის, რომ უსამართლობა პრობლემად არ აღიქმება და ამასთან ხშირია პრობლემებში მიგრანტების დადანაშაულების ზედაპირული არგუმენტებისკენ მიდრეკილება.

ევროპის დანარჩენ ნაწილში მეტი თანასწორობაა – ყველა სხვა დიდ ევროპულ ქვეყანაში, მმართველ ელიტას მეტი კავშირი აქვს მოსახლეობასთან, რადგან ის ეკონომიკურად ნაკლებად მოწყვეტილია ხალხისგან. ბრიტანეთთან შედარებით, საფრანგეთსა და გერმანიაში საშუალო ოჯახის ცხოვრების სტანდარტი და საცხოვრებლის ხარისხიც უკეთესია. ევროპის ფარგლებში, ბრიტანეთის მაგალითი ყველაზე კარგად გვაჩვენებს საფრთხეებს, რომელიც უთანასწორობის ასეთმა ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს. თუმცა ევროპის სხვა ქვეყნებში არსებულ უთანასწორობაზე დაკვირვებაც არაერთი მნიშვნელოვანი დასკვნის გამოტანის საშუალებას იძლევა.

დიდ ევროპულ ქვეყნებს შორის, დიდი ბრიტანეთის შემდეგ, ყველაზე უთანასწორო ქვეყანა –  ესპანეთია. ჩვენთვის, ვინც უკვე მრავალი წელია, უთანასწორობებს ვსწავლობთ, შეუძლებელია, შეუმჩნეველი დარჩეს სამწუხარო კანონზომიერება და კავშირი ქვეყნის მიერ ეკონომიკური უთანასწორობის სიაში დაკავებულ ადგილსა და ამ ქვეყანაში არსებულ სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სირთულეებს შორის.

შეიძლება, ვინმემ უარყოს სეპარატიზმსა და ეკონომიკურ უთანასწორობას შორის კავშირი ესპანეთში, მაგრამ ქვეყნის შიგნით შინამეურნეობებს შორის მაღალი უთანასწორობა, ხშირად, მჭიდრო კავშირშია სხვა საზიანო პროცესებთან. BBC-ის ეკონომიკის სექციის წამყვანმა დუნკან ველდონმა ტრამპის წარმატებასთან დაკავშირებით განაცხადა: „მიზეზი უთანასწორობაა, სულელო“. ველდონი შტატებს შორის უთანასწორობას კი არ გულისხმობდა, არამედ შტატის შიგნით ოჯახებს შორის უთანასწორობას.

ესპანეთში უთანასწორობა ისეთი მაღალი არაა, როგორც დიდ ბრიტანეთში ან ამერიკაში. მას არ ემუქრება ევროკავშირის დატოვება ან ჩრდილოეთ კორეასთან ახალი ომის დაწყება. მაგრამ შეძლებდა თუ არა ესპანეთის ცენტრალური მთავრობა უკეთ გამკლავებოდა კატალონიაში უფლებამოსილების გადაცემის, იდენტობისა და ავტონომიის პრობლემებს, ესპანეთის მთელი მოსახლეობა უფრო თანასწორი რომ ყოფილიყო? მადრიდის მმართველი ელიტა ნაკლებ შეცდომას დაუშვებდა, ესპანეთი ისეთივე შეკავშირებული რომ ყოფილიყო, როგორიც გერმანია ან საფრანგეთი გახდა.  ამ კავშირში გადამწყვეტ როლს სწორედ მოქალაქეებსა და ოჯახებს შორის უთანასწორობის ხარისხი ასრულებს. მსოფლიოში ყველაზე თანასწორ ქვეყნებში, ნორვეგიაში, შვედეთსა და იაპონიაში ყველაზე ცოტა სეპარატისტული მოძრაობაა, მილიტარისტული პოლიტიკა არ გვხვდება და ბრიყვებს არ ირჩევენ მაღალ სამთავრობო თანამდებობებზე.

უთანასწორობა და სიღარიბე

ეკონომიკური უთანასწორობა განსაკუთრებით მაღალია ღარიბ ქვეყნებში. უკლებლივ ყველა იმ ქვეყანამ, რომელშიც დღეს ცხოვრების მაღალი სტანდარტებია, სიმდიდრის დაგროვებისთვის, პირველ რიგში, ქვეყნის შიგნით არსებული ეკონომიკური უთანასწორობა შეამცირა, თუმცა ხანდახან ეს სხვა ქვეყნის ტერიტორიის ექსპლუატაციის ხარჯზეც ხდებოდა.

როგორც ქვედა ცხრილი აჩვენებს, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი  უთანასწორობის დონე არაევროპულ ქვეყნებშია. მათ შორის ყველაზე უთანასწორო ქვეყნებში, როგორც წესი, გვხვდება მძიმე პრობლემები კრიმინალის, საზოგადოებრივი უთანხმოების, პოლიტიკური არასტაბილურობისა და ჯანდაცვის მხრივ.

OECD-ის ქვეყნებს შორის ყველაზე უთანასწორო ქვეყნებია: ჩილე, მექსიკა, ამერიკა და თურქეთი. არსად, ევროკავშირში, ხალხი არ იტანჯება ისეთი პრობლემებით, რომლებსაც მუდმივად აწყდება ამ ოთხი ქვეყნის მოსახლეობა: აშშ-ში ჯერ კიდევ დაშვებულია სიკვდილით დასჯა, თურქეთი კი, იმუქრება მისი კვლავ შემოღებით; მექსიკელ ხალხს მძიმედ აწვება მტანჯველი სიღარიბე და კრიმინალი, ჩილელი სტუდენტები მუდმივად გამოდიან უნივერსიტეტების პრივატიზაციისა და სტუდენტურ სესხებსა და განათლებაზე დაწესებული გადასახადების ზრდის წინააღმდეგ.

ქვემოთ მოცემული ცხრილი გვაჩვენებს, თუ როგორი უთანასწოროა ევროპული ქვეყნები და როგორ ეთანაბრებიან ისინი OECD-ის წევრ არაევროპულ ქვეყნებს. ცხრილი ასევე გვაჩვენებს, იზრდება თუ კლებულობს უთანასწორობა ახლა და კლების შემთხვევაში როდის იყო მიღწეული პიკი. მდიდარი ქვეყნების უმრავლესობას ეს მაქსიმუმი უკვე გავლილი აქვს.  აქ გამოყენებულია OECD-ის პრიორიტეტული მეთოდი – შემოსავლების უთანასწორობის ჯინის კოეფიციენტი.

შემოსავლების უთანასწორობის ჯინის კოეფიციენტი, 0=სრული თანასწორობა; 1 = სრული უთანასწორობა: 

Deny

წყარო: მაკგინესი, . (2016) საშემოსავლო უთანასწორობა დიდ ბრიტანეთში;

2017 წლის მარტში ევროპის ყველაზე უთანასწორო ქვეყანა ესტონეთი იყო, თუმცა ის ძალიან პატარა ქვეყანაა და, შესაბამისად, უთანასწორობის დონის შეფასება ძალიან მცირე კვლევაზე დაფუძნებით ხდება. 2017 წლის ოქტომბრისთვის ის უკვე აღარ იყო ყველაზე უთანასწორო ქვეყანა. ლიტვისა და ლატვიის შემთხვევებიც ესტონეთის მსგავსია და ყველა მათგანში უთანასწორობის დონე ისრაელის უთანასწორობის დონესთან ახლოსაა.

ევროპის დიდი ქვეყნების განხილვისას თვალში საცემია, რომ ბრიტანეთი ეკონომიკური უთანასწორობის მაჩვენებლით მრავალი წლის განმავლობაში ლიდერობს. 2015 წელს მოსახლეობის ყველაზე მაღალშემოსავლიან 10%-ში მცხოვრებ ოჯახებს საშუალოდ ყოველწლიურად 17-ჯერ მეტი შემოსავალი ჰქონდათ, ვიდრე მოსახლეობის ყველაზე ღარიბ 10 %-ში მცხოვრებს. ეს 17-ჯერადი სხვაობა უზარმაზარია და 1970-იანი წლების ბოლოდან მუდმივად მზარდი უთანასწორობის შედეგია.

მძიმე უთანასწორობა ბრიტანეთში ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტზე ახდენს გავლენას, თუმცა ბრიტანელებს უჭირთ ამის დანახვა, რადგან ისინი უკვე შეეჩვივნენ ასეთ უთანასწორო საზოგადოებაში ცხოვრებას.

ბრიტანული კერძო საგანმანათლებლო სისტემა სწორედ ძალიან მაღალი უთანასწორობის ხარჯზე ნარჩუნდება, რომლის 17:1-ამდე ზრდაში გადამწყვეტი ფაქტორი ბრიტანეთის მოსახლეობის ყველაზე მდიდარი 1%-ის წლიური შემოსავლებია. ქვედა ცხრილზე დიდი ბრიტანეთის ეს კოეფიციენტი (თანაფარდობა) შედარებულია ევროპის სხვა ქვეყნებთან.

შინამეურნეობების ყველაზე მდიდარი 10 %-ის წლიური შემოსავლის შეფარდება ყველაზე ღარიბი 10 %-ის წლიურ შემოსავალთან:

დიდი ბრიტანეთი 17:1
ესპანეთი 14:1
იტალია 11:1
გერმანია 10:1
საფრანგეთი 7:1

. სტოტესბერი და . დორლინგი (2015) საშემოსავლო უთანასწორობა და მისი შედეგები: რატომ არის საჭირო უკეთესი სტატისტიკა

შენიშვნა: იგულისხმება განკარგვადი შემოსავალი: ხელფასებს, კაპიტალზე შემოსავალსა და სოციალური ტრანსფერის შემოსავლებს გამოკლებული გადახდილი პირდაპირი გადასახადები. შინამეურნეობების შემოსავლები გასწორებულია შინამეურნეობების ზომიდან გამომდინარე განსხვავებულ მასშტაბის სავარაუდო  ეკონომიაზე.

ზემოთ მოცემულია უთანასწორობის კოეფიციენტი მოსახლეობით ყველაზე დიდი 5 ევროპული ქვეყნისთვის. ევროპულ ქვეყნებში დღესდღეობით სხვადასხვაგვარი უთანასწორობა შეიმჩნევა. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთისა და გერმანიის უთანასწორობის დონეები, ამ საზომის მიხედვით, ერთმანეთისგან მეტად განსხვავდება, ვიდრე ჯინის კოეფიციენტის მიხედვით, რადგან ყველაზე მდიდარი 1% გერმანიაში უფრო მეტს იღებს, ვიდრე საფრანგეთში. უთანასწორობის სახესხვაობების სიმრავლის გამო ევროპა ეკონომიკური უთანასწორობის ეფექტების კვლევითი ექსპერიმენტებისთვის ბუნებრივი  ადგილი გახდა.

ელიტური განათლება და სიბრიყვე

საფრანგეთსა და გერმანიაში მცხოვრები 24 წლამდე ასაკის ახალგაზრდები და ბავშვები ბევრად უკეთესად ფლობენ მათემატიკას, ვიდრე ესპანეთისა და იტალიის იმავე ასაკის მაცხოვრებლები, თუმცა, თავის მხრივ, ეს უკანასკნელნი ჯობნიან დიდ ბრიტანეთში გაზრდილ ახალგაზრდებს. ჩვეულებრივ, ევროპის უფრო თანასწორი ქვეყნების მოქალაქეებს განათლებაში უკეთესი შედეგები აქვთ. უფრო თანასწორი ქვეყნების ელიტაც უფრო განათლებულია, ვიდრე უთანასწორო ქვეყნების ელიტა, რომელიც, როგორც წესი, თავს უპირატესად მიიჩნევს.

თუ თქვენ გააკრიტიკებთ ბრიტანელი პოლიტიკოსების უხეშობასა და სიბრიყვეს, გაითვალისწინეთ, რომ მათი მდგომარეობა მთლიანად მათი ბრალიც არაა. ისინი იმ დროს იზრდებოდნენ, როდესაც ბრიტანეთი უფრო და უფრო უთანასწორო საზოგადოება ხდებოდა. ხშირად ეს მათზე უარყოფითად მოქმედებდა – ყველაზე ცუდ შემთხვევებში ისინი იწყებდნენ მზარდი უთანასწორობის, როგორც ‘გამორჩეულად ნიჭიერთა’ წამახალისებელი ფაქტორის ქებას. ეს სასაცილოც კი იქნებოდა, მისი საგანმანათლებლო შედეგები ასეთი სავალალო რომ არ იყოს.

ანალოგიურად, ეკონომიკურად უფრო თანასწორ ქვეყნებში მცხოვრებ ხანშიშესულებს უკეთესი ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვთ. საშუალო ასაკის ადამიანებიც, როგორც წესი, უფრო პროდუქტიულები არიან და კვირაში ნაკლები საათი მუშაობა ესაჭიროებათ მაშინ, როდესაც მათი ანაზღაურება უფრო თანასწორია. უფრო თანასწორი ევროპული ქვეყნების მოსახლეობა ბევრად ინოვაციურია, მეტი სამედიცინო და ტექნოლოგიური გამოგონების ავტორია და უკეთესად მართავს საკუთარ დროს. უფრო თანასწორ ქვეყნებში გარემო ნაკლებად დაბინძურებულია, მოხმარება კი უფრო გონივრული.

ჯერჯერობით ჩვენ არ აღმოგვიჩენია არც ერთი ევროპული ქვეყანა, რომელსაც ზედმეტი ეკონომიკური თანასწორობისგან რაიმე პრობლემა შექმნოდეს. ეკონომიკურად ყველაზე თანასწორი ქვეყნები სწორედ ის ქვეყნებია, რომლებიც მსოფლიო ბედნიერების ინდექსში უმაღლეს ქულებს იღებენ: ნორვეგია, დანია, ისლანდია და შვეიცარია – სწორედ ესენია ყველაზე ბედნიერი ქვეყნები სამყაროში.

ჩვენ უთანასწორობის მნიშვნელობა პირველად 10 წლის წინ აღმოვაჩინეთ, როდესაც რიჩარდ ვილკინსონმა და ქეით პიკეტმა გამოაქვეყნეს წიგნი „The Spirit Level“. მას შემდეგ უთანასწორობის მნიშვნელობის დამადასტურებელი უამრავი მტკიცებულება გამოვლინდა, დაწყებული ბედნიერების თუ განათლების დონიდან, დამთავრებული პოლიტიკური ქცევითა თუ გარემოს დაბინძურებით. ეკონომიკურად უთანასწორო ქვეყნებში უკიდურესად მემარჯვენე პოლიტიკური პარტიები და შეხედულებები უფრო პოპულარულია, ნაკლები ადამიანი იწუხებს თავს არჩევნებში მონაწილეობით და დემოკრატია მნიშვნელოვნად ზარალდება.

ბოლო წლებში ყველამ, დაწყებული ამერიკისა და ჩინეთის პრეზიდენტებით, დამთავრებული საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელით, რომის პაპით თუ დავოსის წამყვანი ბიზნესმენებით, ყველამ განაცხადა, რომ ეკონომიკური უთანასწორობა არის საკვანძო პრობლემა:

კლიმატის ცვლილება

გარდა ამ ყველაფრისა, ასევე ცხადი ხდება, რომ ეკონომიკური უთანასწორობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილებაზე. მეტად თანასწორ მდიდარ ქვეყნებთან შედარებით, უთანასწორო მდიდარ ქვეყნებში მოსახლეობა ბევრად უსარგებლოდ მოიხმარს რესურსებს და მეტად ანაგვიანებს გარემოს, ეს კი მათ ბედნიერებასაც კი არ იწვევს.

4 წლის წინ თომას პიკეტმა თავის წიგნში „კაპიტალი 21-ე საუკუნეში“ ძალიან მკაფიოდ დაგვანახა, რა მოხდებოდა, თუ უთანასწორობები არ შეიზღუდებოდა. მას შემდეგ, კიდევ უამრავი დამატებითი მტკიცებულების საფუძველზე, მხოლოდ ახლაღა ვხედავთ, რომ ბოლოს და ბოლოს ისევ ვიწყებთ უთანასწორობების შემცირებას.

დინების მიმართულების შეცვლა და იმის აღიარება, რომ მდიდრების უფრო გამდიდრება არავის, მათ შორის არც თავად მდიდრებს, არგებს, დიდ შრომასა და ძალისხმევას მოითხოვს. 1920-იან და 1930-იან წლებში ევროპაში მორალური შეხედულებები შეიცვალა – მეტი თანასწორობა აუცილებელ პირობად იქნა მიჩნეული. მდიდრებს პირველი მსოფლიო ომის ასანაზღაურებლად გადასახადები დაუწესდათ, ძველი სოციალური წესრიგი კი უსამართლოდ და სახიფათოდ გამოცხადდა. თუმცა, სამწუხაროდ, 30-იანებში ეკონომიკური უთანასწორობის ზრდას გერმანიასა და იაპონიაში ყურადღება არ მიაქციეს. მთელი ევროპის ფარგლებში მეტი ეკონომიკური თანასწორობის მიღწევას ათწლეულები დასჭირდა, ამერიკაში კი ეს პროცესი არც დაწყებულა მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამდე.

დღესდღეობით, 2008 წლის ეკონომიკური კრიზისიდან თითქმის ათწლეულის შემდეგ, როგორც იქნა, ვხედავთ, რომ ქვეყნების უმრავლესობაში ეკონომიკური უთანასწორობა ოდნავ, თუმცა მაინც მცირდება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დღეს აღარავინ რჩება აღტაცებული სხვისი მაღალი შემოსავლის ან დიდი სიმდიდრის შესახებ გაგებისას. მორალური შეხედულებები ისევ შეიცვალა და ჩვენ უკვე შევეჩვიეთ ამ ცვლილებას. თუმცა ის ერთეული ადამიანები, ვისაც დიდი სიმდიდრე და მაღალი შემოსავალი აქვს, ყველანაირად ეცდება შეინარჩუნოს ეს ფული, რომელსაც ის თავის ფულს უწოდებს. ბოლოს და ბოლოს, ისინი ასეთი სიმდიდრის მფლობელები ხომ საკუთარი დაუოკებელი სიხარბის ხარჯზე გახდნენ.

დიდ ბრიტანეთში ბრექსიტის კამპანიას პრესის სულ რამდენიმე  უმდიდრესი მესაკუთრე უძღვებოდა. მათ არ სურდათ, მათი სიმდიდრე და ძალაუფლება უფრო და უფრო თანასწორ და გაერთიანებულ კონტინენტზე გადანაწილებულიყო. ბრექსიტის კამპანია სწორედ ამ რამდენიმე მდიდარმა ადამიანმა დააფინანსა, რომელთა ნაწილი ანონიმურობას ინარჩუნებს. ეს ის ადამიანებია, რომლებსაც სურდათ, საკუთარი სიმდიდრე შეენახათ ბრიტანეთის მფარველობის ქვეშ მყოფ კუნძულებზე, რათა თავი აერიდებინათ გადასახადებისთვის, და რომლებიც აშინებდნენ მოსახლეობას ისტორიებით იმის შესახებ, თუ როგორ წაართმევდნენ მათ იმიგრანტები სახლებსა და სამსახურებს. რაც მათ უნდათ, ეს ბრიტანეთის ეკონომიკურად ყველაზე უთანასწორო ქვეყნად, ხოლო ლონდონის ყველზე ძვირადღირებულ დედაქალაქად დარჩენაა.

პროექტი დაფინანსებულია საქართველოში ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. აღნიშნული სტატიის შინაარსა და თარგმანზე პასუხისმგებლობა ეკისრება „საზოგადოებრივ კვლევის ცენტრს“ და შესაძლოა, არ გამოხატავდეს თბილისში ფრიდრიხ ებერტის ფონდის პოზიციას.

Share on Facebook39Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Comments are closed.