რეზი ქოიავა: ურუგვაის მემარცხენე შემობრუნება

Share on Facebook47Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

5a18906c121e3

► ავტორი: რეზი ქოიავა –  პოლიტიკის მეცნიერებათა მაგისტრი;  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის რუსეთისმცოდნეობის მიმართულების დოქტორანტი. მისი ინტერესის სფეროებია რუსულ-ქართული ურთიერთობები, რეგიონული კონფლიქტები, ნაციონალიზმი და იდენტობის საკითხები, ისტორიული სოციოლოგია, ხელოვნების თეორიები. 2016-2017 წლებში, მუშაობდა “კავკასიურ სახლში”, 2017 წლიდან არის საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკოსი.

► ფოტო :  El pais; “ფართო ფრონტი” 2018 წლის თებერვალში აღნიშნავს პარტიის დაარსებიდან 47 წლის იუბილეს.

© European.ge

ურუგვაი დღეს ლათინური ამერიკის ერთ-ერთ იმ ქვეყნად რჩება, სადაც სახელმწიფო მმართველობა მემარცხენე ძალების ხელშია. 2004 წლის არჩევნებით ხელისუფლებაში „ფართო ფრონტის“ (Frente Amplio, FA) მოსვლა იმ პერიოდის საერთო მემარცხენე ლათინოამერიკულ ტალღასთან სინქრონიზაციით არ იყო განპირობებული. ათწლეულების განმავლობაში, პარტია ეტაპობრივად მიდიოდა ამ გამარჯვებამდე. „ფართო ფრონტი“ 1971 წელს ავტორიტარიზმის გაძლიერების, ურუგვაიში შიდაპოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემების გამწვავების ფონზე შეიქმნა. FA-მ გააერთიანა პროფკავშირული მოძრაობები, ურუგვაის კომუნისტური პარტია, სოციალისტური და ქრისტიან-დემოკრატიული პარტიები, ასევე ტრადიციული პარტიებისგან გამოყოფილი მემარცხენე ჯგუფები. სამხედრო დიქტატურის (1973-1984 წლები) დროს, მთელი ლეგალური პოლიტიკური ცხოვრება პარალიზებული იყო, ხოლო „ფართო ფრონტი“ მიწისქვეშეთში იმყოფებოდა. დემოკრატიული მმართველობის დაბრუნების შემდეგ, FA იქცა მესამე ძალად ქვეყანაში, რომელიც აქტიურ კონკურენციას უწევდა ძველ პოლიტიკურ გაერთიანებებს. ურუგვაის პარტიული სისტემის საფუძველს შეადგენდნენ ჯერ კიდევ 1836 წელს დაფუძნებული ეროვნული პარტია (Partido Nacional, PN), რომელიც მემარჯვენე ცენტრისტულ ძალას წარმოადგენს და ორიენტირებულია ლიბერალიზმსა და ნაციონალიზმზე და კოლორადოს პარტია (Partido Colorado, PC) – ასევე მემარჯვენე ცენტრისტული, რომელიც ლიბერალურ და სოციალ-დემოკრატიულ იდეოლოგიას მისდევს.

„ფართო ფრონტის“ პოპულარობა ამომრჩევლებს შორის მუდმივად იზრდებოდა. უკვე 1994 წლის არჩევნებზე, გაერთიანება გაუთანაბრდა ტრადიციულ პარტიებს საკანონმდებლო ორგანო – გენერალურ ასამბლეაში დაკავებული ადგილებით. 1999 წლის არჩევნებს შეეძლო ხელისუფლებაში მოეყვანა პირველი „მემარცხენე“ პრეზიდენტი ტაბარე ვასკესი, თუმცა მეორე ტურში მემარჯვენეებმა გაერთიანება მოახერხეს და ბრძოლაში გაიმარჯვეს. მიუხედავად ამისა, გენერალური ასამბლეის არჩევნებში FA-მ უმრავლესობა მოიპოვა.

მემარჯვენეთა პოლიტიკისგან დაღლილობამ და იმედგაცრუებამ, ეკონომიკის და სოციალური სფეროს მძიმე მდომარეობამ, რომელიც სამხედროების რეჟიმისგან მემკვიდრეობით დარჩა, ხელი შეუწყო მემარცხენე მოძრაობის პოპულარობის ზრდას. FA-ს გამარჯვება 2004 წლის არჩევნებზე და მემარცხენე ძალების გაერთიანების ლიდერის ტაბარე ვასკესის ქვეყნის პრეზიდენტად არჩევა მძიმე ეკონომიკური ფონის პარალელურად მიმდინარეობდა: ურუგვაი, რომელიც მჭიდროდ იყო ჩართული რეგიონულ ინტეგრაციულ პროცესებში, იტანჯებოდა ეკონომიკური კრიზისებისგან ბრაზილიასა (1999 წელს) და არგენტინაში (2001-2002 წლები). მშპ-ს ზრდა რამდენიმე წლის განმავლობაში უარყოფით მაჩვენებელს აჩვენებდა, ინფლაციის დონე აღწევდა 20%-ს, უმუშევრობა ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში კი აჭარბებდა 15%-ს.

სოციალური პოლიტიკა – მემარცხენეების ხელისუფლების პრიორიტეტი

მემარცხენე ცენტრისტების ხელისუფლება ორიენტირებული იყო სოციალური ამოცანების გადაწყვეტაზე – სიღარიბის შემცირებასა და არსებული ეკონომიკური მოდელის სოციალური ხარვეზების კომპენსირებაზე დემოკრატიულ ღირებულებებთან ერთად. 2005 წლიდან დაიწყო სოციალური პოლიტიკის თანმიმდევრული ცვლილება. პირველ ეტაპზე საკვანძო ელემენტად იქცა „სასწრაფო სოციალური დახმარების ეროვნული გეგმა“ (PANES), რომელიც გათვლილი იყო 2005-2007 წლებზე. მისი მთავარი ამოცანა იყო ღარიბი მეურნეობების ყოველმხრივი მხარდაჭერა. შედეგად ხელისუფლება შეუდგა სოციალური უზრუნველყოფის სისტემის კომპლექსურ რეფორმას. 2008 წელს კანონის „პენსიებისა და წვდომის პირობების შერბილების“ მიღების შემდეგ, დაიწყო სოციალური დაცვის სისტემის თანმიმდევრობითი რეფორმირება, რომელიც გულისხმობდა სხვადასხვა სოციალურ სერვისებზე მოსახლეობის წვდომის გამარტივებას. რეფორმის შუალედური შედეგების კვლევა ასახავს პენსიონერების კეთილდღეობის გაუმჯობესებას, გენდერული უთანასწორობის შემცირებას. 65 წელზე ზევით მყოფი მოსახლეობის დაახლოებით 87% ჩართული იყო საპენსიო სისტემაში, რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია ლათინური ამერიკის და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში არგენტინასა და ბრაზილიასთან ერთად.

ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალგაზრდობის დასაქმების პრობლემას. ამუშავდა პროგრამა „ახალგაზრდობა ქსელში“. იგი ორიენტირებული იყო 14-დან 24 წლამდე ასაკობრივ ჯგუფზე, რომელიც განათლების სისტემის და ფორმალური დასაქმების გარეთ იმყოფებოდა. ვითარდება სამუშაო ადგილების შექმნის პროგრამები, მაგალითად „ურუგვაი მუშაობს“. იქმნება დასაქმების სტიმულირების მექანიზმები და პატარა საწარმოების მხარდაჭერის პროგრამები, რომელიც ორიენტირებულია ყველაზე მოწყვლადი ფენების წარმომადგენლებზე: პროგრამა „პროდუქტიული მეწარმეობა“, „სოციალური კოოპერატივები“, „სოციალური ჩართულობის პროგრამა“. ყველა ეს ნაბიჯი მიმართული იყო ფორმალური დასაქმების სექტორის გაფართოებისა და პროფესიული გადამზადების პროცესის მხარდაჭერაზე.

დღეს, საზოგადოებრივი დისკუსიის მთავარ თემად იქცა განათლების სფეროს პრობლემები, რომელიც განსაზღვრავს სამომავლო ვექტორს და პროგრესის დინამიკას. სოციალისტებმა მოახერხეს გაეზარდათ სახელმწიფო დანახარჯები განათლებაზე მშპ-ს 2000 წლის 2,4%-დან 2011 წლის 4,5%-მდე, რაც ნათლად აისახა განათლებაზე წვდომის მხრივ არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობაზე. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, განათლების პრობლემის გადაუწყვეტელობა, უპირველეს ყოვლისა მისი შიდა რგოლის, იწვევს ქვეყნის მოსახლეობის განსაკუთრებულ მღელვარებას.

მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად იქცა სიღარიბის დონის შემცირება 32,5%-დან (2006 წელს) 9,4%-მდე (2016 წელს). დღეს შეინიშნება სიღატაკის სრული აღმოფხვრა. მთავარი მიღწევად იქცა სოციალური პოლარიზაციის ეტაპობრივი შემცირება. 2014 წელს მოხდა ქვეყნისთვის უმუშევრობის სარეკორდოდ დაბალი დონის – 6,6%-ის დემონსტრირება. თუმცა ეკონომიკური ზრდის შემცირებამ ნეგატიური ზემოქმედება მოახდინა შრომის ბაზარზე და 2017 წლისთვის უმუშევრობა 7,5%-მდე გაიზარდა.

„ფართო ფრონტი“ ხელისუფლებაში უკვე ათი წელია იმყოფება. 2004 წლიდან ქვეყანაში ჩატარდა ორი ელექტორალური კამპანია (2009 და 2014 წლებში) და თითოეულ მათგანში FA-მ მოახერხა გამარჯვების მოპოვება (როგორც საპრეზიდენტო არჩევნებზე, ასევე ორპალატიან გენერალურ ასამბლეაში). ლიდერობა უზრუნველყოფილია ამომრჩეველთა ფართო მხარდაჭერით, მათ შორის ახალგაზრდობის დიდი ნაწილის. აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოების კონტროლი უზრუნველყოფს სოციალურად-ორიენტირებული პოლიტიკის გატარებას. აღმასრულებელი ხელისუფლება ეყრდნობა საკუთარი მომხრეების აბსოლუტურ უმრავლესობას კონგრესში, რაც უზრუნველყოფს სოციალურ-ეკონომიკური კურსის მემკვიდრეობითობას.

კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს არ აქვს მომდევნო არჩევნებზე კენჭისყრის უფლება. 2009 წლის არჩევნებზე გაიმარჯვა ხოსე მუხიკამ – FA-ს ერთ-ერთი გავლენიანი ფრაქციის „სახალხო მონაწილეობის მოძრაობის“ ლიდერმა, სადაც გაერთიანებული იყვნენ საქალაქო გერილას და მემარცხენე რადიკალური მოძრაობების წევრები. მისი ხელმძღვანელობით ქვეყანამ აიცილა 2008-2009 წლების გლობალური ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის მძიმე შედეგები. 2014 წელს პრეზიდენტად კვლავ აირჩიეს ტაბარე ვასკესი. აუცილებელია აღინიშნოს, რომ მიმდინარე ელექტორალური ციკლი იქნება ბოლო FA-ს მრავალი პოლიტიკური ლიდერის აქტიური პოლიტიკური საქმიანობისთვის. უახლოეს მომავალში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება თაობების ცვლას და ახალი ლიდერების წინ წამოწევას. ტაბარე ვასკესის პრეზიდენტობის მეორე ვადა განსხვავდება 2005 წლისგან. ეკონომიკური და სოციალური ამოცანების გადაჭრა ქვეყანას უწევს ეკონომიკის ზრდის დაბალი ტემპების ფონზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის რეგიონულ პარტნიორებში.

მერკოსურის პრობლემები და არსებული ჩარჩოებიდან გაღწევის მცდელობა

საგარეო პოლიტიკურ და საგარეო ეკონომიკურ სფეროებში, ურუგვაის მთავრობა პრაგმატიზმის პოზიციებზე დგას და თვლის, რომ ურუგვაის მსგავსი პატარა ქვეყნების განსაკუთრებული როლი მდგომარეობს საკუთარი გეოგრაფიულად მცირე ზომის პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებაში და რეგიონულ თუ საერთაშორისო დონეზე პერსპექტიული სტრატეგიული მიზნების ფორმულირებაში. მანევრირების აუცილებლობა მსოფლიო ბაზრების კონიუქტურის და გლობალური ვითარების შესაბამისად იწვევს საგარეო კავშირების გაფართოებას. მსგავსმა პოზიციამ ხელი შეუწყო თანამშრომლობის აქტიურ განვითარებას როგორც ვენესუელასთან (ქვეყნის 2012 წელს მერკოსურში შესვლამდე), ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

დღის წესრიგში რჩება ბალანსის მიღწევა და მერკოსურში ჩართულობისთვის დინამიზმის მიცემა. მერკოსური ურუგვაისთვის პრიორიტეტული ინტეგრაციული გაერთიანებაა, რომლის წევრებიც ქვეყნის მთავარი ეკონომიკური პარტნიორები არიან. თუმცა ორგანიზაციის კრიზისმა, ვენესუელასთვის წევრობის შეჩერებამ, გლობალური ინტეგრაციული ინიციატივების ტრანსფორმაციამ კორექტივები შეიტანა წევრ სახელმწიფოებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში. ბოლო წლებში, პრინციპულად შეიცვალა მთავრობათა კონფიგურაცია სავაჭრო კავშირის წევრ-სახელმწიფოებში, მოხდა მნიშვნელოვანი გადახრა მარჯვნივ. თუმცა, ინტეგრაციის განვითარების სირთულეები მხოლოდ ქვეყნების პოლიტიკურ ორიენტაციას დავუკავშიროთ, სწორი არ იქნება. არსებობს მწვავე წინააღმდეგობები ორგანიზაციის პატარა წევრებს – ურუგვაისა და პარაგვაის და გიგანტებს – ბრაზილიასა და არგენტინას შორის. ურუგვაისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია საგარეო ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, რადგან მერკოსურის წევრ-სახელმწიფოებზე ქვეყნის საქონელბრუნვის 22,4% მოდის. სამხრეთ ამერიკული საერთო ბაზრის პარტნიორებთან არსებული სავაჭრო ბალანსის დეფიციტის ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ვაჭრობა იმ ლათინოამერიკულ ქვეყნებთან, რომლებიც მერკოსურში არ შედიან (უპირველეს ყოვლისა ჩილე და მექსიკა). 2016 წლის ოქტომბერში ხელი მოეწერა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ჩილესთან, რომელიც იქცა პირველ მსგავს დოკუმენტად 1999 წელს მექსიკასთან გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ. ახალ ნაბიჯად შეიძლება იქცეს წყნაროკეანურ ალიანსთან (Alianza del Pacífico) ურთიერთობების ინტენსიფიკაცია, სადაც ურუგვაის დამკვირვებლის სტატუსი აქვს.

ამ ფონზე აქტიურად ვითარდება კავშირები არარეგიონულ პარტნიორებთან – ევროკავშირთან, აშშ-სთან, ჩინეთთან, ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნებთან. მაგალითად, 2015 წელს ნავთობის იმპორტის ნახევარი მოდიოდა ნიგერიაზე, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე ბრაზილია და ნორვეგია იყვნენ. ბოლო წლებში სწრაფად იზრდება ჩინეთის წილი ურუგვარის სავაჭრო ბრუნვაში – აზიური გიგანტი გავიდა პირველ ადგილზე და ორმხრივი ვაჭრობის მოცულობით გადაასწრო ბრაზილიას. რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, ისინი უფრო მრავალფეროვანი გახდნენ, რაც ხელს უწყობს ძირითად სავაჭრო პარტნიორებზე დამოკიდებულების შემცირებას. დღეს ექსპორტის 77% მიემართება 15 სხვადასხვა დანიშნულების პუნქტისკენ.

პრაგმატული პოლიტიკის ელემენტია აშშ-თან თანამშრომლობის განვითარება. ამ საკითხში ურუგვაი მხარს უჭერს მერკოსურსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას და განიხილავს ამ უკანასკნელს ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორად. მიუხედავად ახალი მასშტაბური ინტეგრაციული მეგა-ბლოკების მშენებლობის შეჩერებისა, უდიდესი ეკონომიკური სახელმწიფოს ბაზარზე გასვლის პერსპექტივა სამხრეთ ამერიკული ქვეყნისთვის სტიმულს წარმოადგენს. აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში რჩება აშშ-სთან ორმხრივ ურთიერთობებშიც.

ევროპული მიმართულებით, ურუგვაი ემხრობა ხელშეკრულებას მერკოსურსა და ევროკავშირს შორის, რომელზე მოლაპარაკებებიც უკვე 18 წელია მიმდინარეობს. ეს მიუთითებს როგორც მერკოსურის წევრების პოზიციათა წინააღმდეგობებზე, ასევე ევროკავშირის შიგნით ქვეყნების პროტექციონისტულ მისწრაფებებზე. ორივე მხარე შესაძლებლად მიიჩნევს ხელშეკრულების 2018 წელს გაფორმებას, თუმცა ამას ხელს უშლის ზოგიერთი ქვეყნის პოზიცია სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის შესახებ.

ურუგვაის განვითარებას შეიძლება ხელი შეუწყოს სტაბილურობამ, მემკვიდრეობითობამ და პოლიტიკის განჭვრეტადობამ, რომელიც არ იქნება დამოკიდებული საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე, ასევე საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვამ, რომელსაც ურუგვაი აჩვენებს. მემარცხენე-ცენტრისტების პოლიტიკა, მათ მიერ არჩეული ქვეყნის განვითარების პარადიგმა პასუხობს საზოგადოების მოთხოვნებს და წარმატებულად რეაგირებს გლობალურ გამოწვევებზე.

Share on Facebook47Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Comments are closed.