რატომ ვმსჯელობთ უნივერსალური საბაზისო შემოსავლის შესახებ?

Share on Facebook29Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

basicავტორი: ტატო ხუნდაძე, საზოგადოების კვლევის ცენტრის მკვლევარი; European.ge-ს სარედაქციო ჯგუფის წევრი.

© European.ge

მუქთა შემოსავალი თუ სოციალური დივიდენდი: მცირე გამოკვლევა უნივერსალური საბაზისო შემოსავლის შესახებ

მიმოხილვა

მოდით, ვიყოთ გულწრფელები! ყველას გვიოცნებია მუქთა შემოსავალზე. საქართველოში ეს ოცნება კიდევ უფრო რადიკალურ ფორმას იღებს: „მუქთა იყოს, კუბო იყოს“. თუმცა ქართველები არ ვართ ამ ოცნებაში მარტონი. დღეს, მთელი მსოფლიოს ეკონომისტები, ფილოსოფოსები, სოციოლოგები და პოლიტიკის მეცნიერები, მემარჯვენეები თუ მემარცხენეები, თავს იმტვრევენ და ცხარედ კამათობენ „მუქთა შემოსავლის“, ანუ საბაზისო შემოსავლის ავკარგიანობაზე. სანამ ძირითად საკითხზე გადავიდოდეთ, უნდა შევნიშნოთ რომ ტერმინი „მუქთა“ თავიდანვე უარყოფით კონოტაციას ანიჭებს საბაზისო შემოსავლის იდეას. თუმცა არასწორმა ასოციაციამ არ უნდა შეგვაცდინოს, ის რასაც ჩვენ „მუქთას“ ვეძახით, 21-ე საუკუნეში სრულიადაც არ არის მუქთა. ჩვენ „პროზიუმერულ“ ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც როცა მოვიხმართ, ამავე დროს ვაწარმოებთ. ყველაზე მარტივი მაგალითი, რომ მოვიყვანოთ, როდესაც ვიყენებთ ფეისბუქს, ამ დროს ჩვენ მოვიხმართ ამ პლატფორმის მომსახურებას, თუმცა ამავე დროს ჩვენ თავად ვართ მისი მწარმოებლები. იქნებოდა კი შესაძლებელი ფეისბუქი ჩვენს გარეშე? ამ ქსელის ყოველი გამოყენების დროს, ჩვენ ვაწარმოებთ მას. თუმცა ამაში ფულს არავინ გვიხდის. ამასობაში კი მარკ ცუკერბეგის ქონება საკმაოდ სწრაფად იზრდება.

საბაზისო შემოსავალი კეთილდღეობის უზრუნველყოფის ინოვაციური მოდელია, რომელიც დღემდე პრაქტიკაში არ განხორციელებულა. უნივერსალური საბაზისო შემოსავალი ნიშნავს, ყველა მოქალაქის გარკვეული ასაკობრივი ზღვრის გათვალისწინებით განსაზღვრული ოდენობის შემოსავლით უზრუნველყოფას. ამ მოდელის მიხედვით, თანხები ერიცხებათ ყოველთვიურად მოქალაქეებს, მიუხედავად იმისა დასაქმებულები არიან ისინი თუ არა. ამ იდეის შესახებ დისკუსია სათავეს იღებს მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან. თუმცა, იდეის შესახებ გარკვეული მოსაზრებები გვხდება ჯერ კიდევ ტომას პეინის აგრარულ სამართლიანობაში (1795 წ).

პირველად ამ მოდელის აპრობაციას მოახდენს ფინეთი 2018 წლიდან, უკვე დაწყებულია საპილოტე პროექტების შემუშავება და განხორციელება. გასულ წელს, შვეიცარიამ ჩაატარა რეფერენდუმი გარანტირებული უნივერსალური შემოსავლის შემოღების შესახებ, რაზეც მოსახლეობის 77 პროცენტმა უარი განაცხადა. შვეიცარიაში იგეგმებოდა დაახლოებით 1980 ევროს გარანტირებული საბაზისო შემოსავლის დაწესება ყველა ზრდასრულისთვის. იტალიის ქალაქი ლივორნოც აძლევს გარანტირებულ ბაზისურ შემოსავალს 100-მდე ადამიანს, თუმცა რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ მისი შედეგების განხილვა სირთულეს წარმოადგენს (Kaplan, 2016).

წინამდებარე სტატიის ცენტრალური კითხვაა, შესაძლებელია თუ არა საბაზისო შემოსავალი იქცეს კეთილდღეობის უზრუნველყოფის ერთ-ერთ ინსტრუმენტად. ნაშრომში მიმოვიხილავ, ამ იდეას სხვადასხვა ეკონომიკური და პოლიტიკური თეორიების პრიზმაში. ნაშრომში მოხდება ძირითადი არგუმენტების შეჯამება, დადებითი და უარყოფითი შესაძლო შედეგების ანალიზი. გარდა ამისა, შევეცდები ვუპასუხო შემდეგ შეკითხვებს: რატომ გახდა საბაზისო შემოსავლის იდეა დღეს აქტუალური? რა კავშირშია ტექნოლოგიური ცვლილება ბაზისურ შემოსავალთან? არის თუ არა იგუ დაკავშირებული სამუშაო ადგილების პრეკარიატულ ხასიათთან? რასაკვირველია, ნაშრომი არ დაეყრდნობა ემპირიულ მასალებს, რადგან პრაქტიკაში ეს მოდელი არსად გატარებულა. ნაშრომის ამოცანა იქნება უკვე არსებული არგუმენტების მწყობრი ანალიზი და ამ მოდელის საზოგადოებრივ საჭიროებებთან დაკავშირების ლოგიკურობის გააზრება.

იდეა თუ მატერია: რატომ ვმსჯელობთ უნივერსალური საბაზისო შემოსავლის შესახებ?

როგორ იქმნება სოციალური რეალობა? იდეები საზღვრავენ თუ მატერიალური სამყარო შობს იდეებს, რაც კვლავაწარმოებს რეალობას? ჩვენი მთავარი საკითხის კონტექსტში, შეიძლება ასე მოვახდინოთ ამ კითხვის ფორმულირება: უნივერსალური საბაზისო შემოსავლის იდეა თავისთავად გაჩნდა ხალხთა კეთილდღეობის ასამაღლებლად, თუ გაჩნდა რაღაც პოლიტეკონომიური წინაპირობები, რომლებმაც მიგვიყვანეს საბაზისო შემოსავლის იდეამდე?

რობერტ სკიდელსკის მიაჩნია, რომ ორი რამ განსაზღვრავს ჩვენს შეხედულებებს საბაზისო შემოსავლის შესახებ: ერთია ფილოსოფიური და მეორე პრაქტიკულ-პოლიტიკური. ფილოსოფიური არგუმენტის მიხედვით ადამიანების შემოსავლის წყარო არ უნდა იყოს მხოლოდ დაქირავებული შრომა. სინამდვილეში ეს ასე არც არასდროს ყოფილა. კაცობრიობის ისტორია, არის ასევე უშრომელი შემოსავლის ისტორიაც, როცა მონათმფლობელი, ფეოდალი თუ კაპიტალისტი უშრომელად იღებდა და იღებს შემოსავლის დიდ ნაწილს. შემოსავლის წყაროდ შეიძლება მივიჩნიოთ კეთილდღეობის სახელმწიფოს მიერ გაცემული შემწეობები. მსჯელობა რომ გავამარტივოთ, შეიძლება შემდეგი სტრუქტურით ავსახოთ შემოსავლის მიღების კანონიერი წყაროები. როგორც პირველ დიაგრამაზეა მოცემული საჯარო კეთილდღეობის მომსახურებები და პირდაპირი შემწეობები, წარმოადგენენ შემოსავლის მიღების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს ჩვენს ცხოვრებაში. გამოდის რომ შრომა და ხელფასი, არასდროს ყოფილა შემოსავლის მიღების წყარო. მონათმფლობელობაში მონა მონათმფლობელისთვის, ფეოდალიზმში გლეხი ფეოდალისთვისა და კაპიტალიზმში მუშა კაპიტალისტითვის, უზრუნველყოფდა შემოსავალს. მეტწილად მშრომელთა მოძრაობების აქტიურობის შედეგად კი ჩამოყალიბდა კეთილდღეობის სახელმწიფოს ელემენტები, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანს გარკვეული შემოსავლით ან მომსახურებით. ამგვარად, ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ მოითხოვონ უშრომელი შემოსავალი, რასაკვირველია თუ ეს შესაძლებელია.

დიაგრამა 1არსებობენ მკვლევარები, რომლებიც პოლიტეკონომიური წინაპირობების არსებობით ასაბუთებენ უნივერსალური ბაზისური შემოსავლის დანერგვის იდეას. მაგალითად ცნობილი ბრიტანელი მეცნიერი გაი სტენდინგი თავის წიგნში „პრეკარიატი: ახალი სახიფათო კლასი“, საუბრობს ახალი კლასის გაჩენაზე, რასაც გლობალიზაციას უკავშირებს. პრეკარიატი, ეს არის კლასი რომელიც იმყოფება არაპროგნოზირებად მდგომარეობაში, პრეკარიატის წარმომადგენლები არასტაბილურ სამსახურებში მუშაობენ ან ხშირად უმუშევრები არიან, ისინი ვერ განაგებენ საკუთარ ცხოვრებას მუდმივი არასტაბილურობის გამო (Standing, 2011). პრეკარიატული მდგომარეობაში ადამიანის სოციალური რეალობა და ხშირად იდენტობაც მუდმივ კრიზისშია. სტენდინგი პრეკარიატის კლასიფიცირებასაც ახდენს. მისი აზრით ამ კლასში შედიან განათლებული ახალგაზრდები, ძველი მუშათა კლასის წარმომადგენლები და იმიგრანტები. პრეკარიატული კლასი ყალიბდება გლობალიზაციის თანმდევი „სეკულარული სტაგნაციისა“ და კეთილდღეობის ინსტიტუტების ნგრევის შედეგად. ამასთან, პრეკარიატის გაჩენა დაკავშირებულია რობოტიზაციასთანაც, რადგან მანქანები და რობოტები იწყებენ ადამიანების სამუშაო ადგილების ჩანაცვლებას. თავის მხრივ, გლობალიზაცია და რობოტიზაცია ადამიანებს უტოვებს მხოლოდ პრეკარიატულ, არასაიმედო სამსახურებს, რომელიც თავის მხრივ ვერ უზრუნველყოფს ადამიანებს ვერც შესაბამისი შემოსავლით და ამასთან კეთილდღეობის სახელმწიფოს ინსტრუმენტებს, ისეთებს როგორიცაა უმუშევრობის დაზღვევა, უმუშევრობის შემწეობა და ღირსეული პენსია, ერთობ რთულად გამოსაყენებელს ხდის. რობოტიზაციის ტენდენცია (რასაც ვერ ვიტყვით გლობალიზაციაზე), შეუქცევად სახეს იღებს. კვლევებით დასტურდება, რომ უახლოეს 20 წელიწადში დასავლეთის ქვეყნებში შესაძლოა მოხდეს არსებული სამუშაოების 25-30 პროცენტის ავტომატიზება (Frey, 2013). რობოტიზაციის ტენდენცია გაზრდის პრეკარიატს, რაც თავისთავად კიდევ უფრო არასტაბილურს გახდის მსოფლიოს. გაი სტენდინგი მიიჩნევს, რომ საზოგადოების „პრეკარიატიზაცია“, გააძლიერებს ულტრა მემარჯვენე ჯგუფებს და გაზრდის კონფლიქტებისა და ომების ალბათობას. იგი ამის შესახებ 2011 წელს დაწერილ წიგნში საუბრობდა. ამერიკის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევამ და ევროპაში ულტრა-მემარჯვენე ძალების კიდევ უფრო გაძლიერებამ, გარკვეულწილად სტენდინგის არგუმენტები კიდევ უფრო დამაჯერებელი გახადა.

ამგვარად, უნივერსალური ბაზისური შემოსავლის კონცეფციას ზურგს უმაგრებს, როგორც იდეურ-ფილოსოფიური საფუძვლები, ასევე პოლიტეკონომიური წინაპირობებიც. განმანათლებლობის პერიოდიდან მოყოლებული, მოაზროვნეები მსჯელობდნენ იმაზე თუ როგორ გარდაექმნათ შემოსავალზე ორიენტირებული შრომა, სიამოვნების მომტან შემოქმედებად. როგორც სქემაზე დავინახეთ, შრომა არც არასოდეს ყოფილა შემოსავლის ერთადერთი წყარო და შემოსავლის მომტანი შრომის აუცილებლობა, დოგმა არ არის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, შრომა სრულიადაც არ არის აუცილებელი შემოსავლის მისაღებად, თუ ჩვენი უშრომელი შემოსავლისთვის სხვა შრომობს. მაშასადამე, თუ რობოტები იშრომებენ ჩვენს მაგივრად, ადამიანებს ექნებათ საშუალება შრომის ნაცვლად შემოქმედებით დაკავდნენ და აკეთონ ის, რაც მათ სიამოვნებას გვრის.

რაც შეეხება პრაქტიკულ წინაპირობებს, უნივერსალური ბაზისური შემოსავალი, „ახალი სახიფათო კლასის“, პრეკარიატის წარმოშობის პირობებში, შესაძლოა იქცეს სიღარიბისა და უთანასწორობის დაძლევის მძლავრ საშუალებად. მაშინ როცა უთანასწორობა უპრეცედენტო მაჩვენებლებს აღწევს, ბაზისური შემოსავალი შეიძლება გახდეს გადანაწილების ერთ-ერთი მექანიზმი. მაგალითად, საბერძნეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი იანის ვარუფაკისი მიიჩნევს რომ სოციალ-დემოკრატიული ინსტიტუტები, რომლებიც ეფუძნებოდნენ ერთი მხრივ მუშების მიერ ერთმანეთის დაზღვევასა და მეორე მხრივ კი შრომასა და კაპიტალს შორის არსებულ კომპრომისებს, უკანასკნელი სამი ათწლეულის განმავლობაში ჩამოიშალა. ტექნოლოგიურმა ცვლილებებმა და „ფინანსიალიზაციამ“, სოციალ-დემოკრატიული შემოსავლის გადანაწილების მექანიზმები დააკნინა. ამიტომაც, უთანასწორობის წინააღმდეგ საბრძოლველად, საბაზისო შემოსავალი ეფექტური და მარტივი საშუალება აღმოჩნდეს (Varoufakis, 2016).

ამასთან, ბაზისური შემოსავალი ასევე ხელს შეუწყობს სტაბილურობასა და ეკონომიკურ ზრდასაც. კაპიტალის აკუმულაციის (ავტომატიზაციის) შედეგად ადამიანები რჩებიან სამსახურების გარეშე ან უერთდებიან პრეკარიატის უზარმაზარ მასას, ანუ ხდებიან არასტაბილურ სამუშაოზე დამოკიდებულნი. შემოსავლების შემცირების პარალელურად ეცემა მოგების ნორმაც, რაც იწვევს ციკლურ ფლუქტუაციებს და ფინანსურ კრიზისებს. უფრო მარტივად, რომ ვთქვათ კაპიტალისტი მუდმივად ცდილობს ჩაანაცვლოს მანქანებით, რადგან ამით მისი ხარჯები მცირდება. შედეგად ადამიანები რჩებიან შემოსავლის გარეშე და გარკვეულ ეტაპზე ვეღარ ყიდულობენ ფირმების მიერ ნაწარმოებ პროდუქციას. საქონლის გაყიდვის პარალელურად, კაპიტალისტი კიდევ უფრო ამცირებს დასაქმებულთა რაოდენობას. ეს ტენდენცია დაღმავალი სპირალის ხასიათს იძენს და ჩნდება ეკონომიკური კრიზისების წინაპირობები. სტენდინგის აზრით, საბაზისო შემოსავალმა შესაძლოა შეასრულოს ანტი-ციკლური სტაბილიზატორის ფუნქცია. კერძოდ, კრიზისების პერიოდში ბაზისური შემოსავალი უნდა იყოს შედარებით უფრო მაღალი და ჩვეულებრივ პერიოდში – დაბალი. მაშასადამე, ბაზისური შემოსავალი, მისი მხარდამჭერი მეცნიერების აზრით, შესაძლოა გამოდგეს სიღარიბის, უთანასწორობისა და ეკონომიკური კრიზისების დასაძლევად უებარი საშუალება (Standing, 2011).

„ჯადოსნური ჯოხის“ კრიტიკა

კაცობრიობის უდიდესი ნაწილი დღეს კონკიას მდგომარეობაში იმყოფება. როგორც კონკია, ჩვენც უმწეობის (insecurity) შეგრძნებებში ვართ ჩაფლულნი. დედინაცვლის კლანჭებში შებოჭილები, ვერ ვსაზღვრავთ რა იქნება ხვალ: როდის, რატომ და რა მიზნით გაგვამათრახებს კაპიტალიზმი, როდის აღმოვჩნდებით უსახლ-კაროდ და სარჩო-საბადებლის გარეშე. მართლაც, კონკია ვერ შეუერთდება საზეიმო ბალს, რადგან იგი „პრეკარიატის“ ნაწილია. უმწეობაში ცხოვრება მისი ბედისწერაა. თუმცა კონკიას უმართლებს და მისი ნათლია, ჯადოსნური ჯოხის საშუალებით ასრულებს მის “პრეკარიატულ” (სახიფათო და უმწეო) მდგომარეობას. სამწუხაროდ, კონკიას სამყარო მხოლოდ ზღაპრებში არსებობს და რეალობის გამყინავი მზერა, ხშირად აქრობს სასწაულების ხდომილებას. შეასრულებს კი უნივერსალური საბაზისო შემოსავალი „ჯადოსნური ჯოხის“ ფუნქციას ისეთი ფუნდამენტური პრობლემების დასაძლევად, როგორიცაა „სეკულარული სტაგნაცია“, სიღარიბე და უთანასწორობა?

ცნობილი ესპანელი ეკონომისტი ვინსენტე ნავარო მიიჩნევს რომ არა. მისი აზრით, დღეს არსებული ეკონომიკური გამოწვევები პოლიტიკური ხასიათისაა და მას არა აქვს კავშირი ეკონომიკასთან. მართლაც, კავშირი მექანიზაციას, პროდუქტიულობასა და სამუშაო ადგილების რაოდენობას შორის რთული დასანახია და ამას ისტორიაც მოწმობს. გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან პროდუქტიულობა იზრდებოდა, თუმცა ამას არ შეუმცირებია სამუშაო ადგილები. ნავარო ასკვნის რომ საზოგადოების პრეკარიატული მდგომარეობა ეს არის კაპიტალსა და შრომას შორის წინააღმდეგობაში ამ უკანასკნელის დასუსტების შედეგი. 1980-იანი წლებიდან ეკონომიკის ნეოლიბერალიზაციის შედეგად, კეთილდღეობის ინსტიტუტები მოიშალა, პროფკავშირული მოძრაობები დასუსტდა და საწარმოების „ოფშორინგისა“ და შრომის „აუთსორსინგის“ საშუალებით, უმუშევრობა გაიზარდა, დასაქმება კი პრეკარიატული (არასტაბილური) გახდა. შესაბამისად, უნივერსალური საბაზისო შემოსავლის შემოღება ვერ მოხსნის პრეკარიატული მდგომარეობის, უმუშევრობისა და სიღარიბის აღმოფხვრას, რადგან ამ პრობლემების მიზეზები უფრო ღრმაა, ვიდრე მხოლოდ ავტომატიზაცია (Navarro, 2016).

დიაგრამა 2: აღებულია სტატიიდან „პროდუქტიულობა და ეკონომიკური ზრდა (The Economist, 2012).

diagrama2მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რობოტები ვერ ჩაანაცვლებენ ადამიანებს, რადგან ტექნოლოგიურ ცვლილებებთან ერთად, იზრდება ადამიანის მოთხოვნილებებიც. ეკონომიკის ავტომატიზაცია მოხდა ინდუსტრიალიზაციის შედეგად 200 წლის წინაც, თუმცა ადამიანებისთვის გაჩნდა ახალი ტიპის სამუშაოები. თუ 40 წლის წინ ბუღალტრებს უწევდათ მექანიკურ საანგარიშო მანქანაზე მუშაობა (ე.წ. „ჩოთქზე“), დღეს მუშაობენ კომპიუტერთან. ბუღალტრის პროფესია არ ჩაანაცვლა კომპიუტერმა, თუმცა ეს პროფესია ბევრად უფრო პროდუქტიულად აქცია. მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორი დევიდ აუტორის მოსაზრების პერიფრაზი რომ მოვახდინოთ, შესაძლებელია Apollo-ს მთელ პროექტზე მეტი ინფორმაციის დამუშავების უნარი ჰქონდეს სარეცხ მანქანას, თუმცა სარეცხი მანქანა მთვარეზე ვერ გაფრინდება. ამიტომაც, შესაძლოა ბევრი პროფესია ჩანაცვლდეს და მრავალი გახდეს უფრო პროდუქტიული, თუმცა ეს არ შეამცირებს ადამიანთა მოთხოვნილებებს, რომელიც მუდმივად იზრდება (Autor, 2015). ამგვარად თუ სამუშაო ადგილები არ მცირდება და საქმე მხოლოდ კეთილდღეობის სისტემების მოშლაშია, მაშ რა საჭიროა უნივერსალური საბაზისო შემოსავალი?

კიდევ ერთი კრიტიკული შენიშვნა, რომელიც საბაზისო შემოსავლის შემოღებასთან დაკავშირებით არსებობს, იდეოლოგიურ ხასიათს ატარებს. როგორც სტატიის დასაწყისში შევნიშნე, მემარცხენეები არ არიან მარტონი მათ შორის, ვინც საბაზისო შემოსავლის იდეას მხარს უჭერს. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, თავად მილტონ ფრიდმანიც კი თამამად ქადაგებდა თავისუფლების სახელით ამ იდეის განხორციელების სარგებლიანობაზე. ფრიდმანი თავის წიგნში „კაპიტალიზმი და თავისუფლება“ საუბრობს რეგრესულ საშემოსავლო გადასახადზე, როგორც მინიმალური შემოსავლის მიწოდების საშუალებაზე. მისი აზრით, სახელმწიფოს კეთილდღეობის პროგრამები, ისეთები როგორიცაა პენსიები, ბავშვზე ზრუნვა, საზოგადოებრივი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ვეტერანთა დახმარების პროგრამები უნდა გაუქმდეს და სანაცვლოდ ადამიანებს მიეცეთ პირდაპირი საბაზისო შემოსავალი (Friedman, 1962). სწორედ, აქ ძევს განხეთქილების ვაშლი, მემარცხენე და მემარჯვენე მოაზროვნეებს შორის. თუ მემარცხენეები მოითხოვენ საყოველთაო საბაზისო შემოსავლის დანერგვას კეთილდღეობის პროგრამების შენარჩუნების სანაცვლოდ, მემარჯვენეთა აზრით საბაზისო შემოსავალი უნდა დაწესდეს სახელმწიფო პროგრამების ჩანაცვლებისთვის. მემარჯვენეებს სურთ, რომ გასცენ საბაზისო შემოსავალი, სოციალური მომსახურების პრივატიზების ხარჯზე, რომელსაც შემდგომში საბაზრო ძალები დაარეგულირებენ. მეტიც, ამერიკელი ლიბერტარიანელი მოაზროვნე ჩარლზ მიურეი მიიჩნევს, რომ საბაზისო შემოსავალი ადამიანებს მეტ თავისუფლებას მოუტანს და მოხსნის იმ ბიუროკრატიულ წნეხს, რომელიც კეთილდღეობის პროგრამების ადმინისტრირების მხრივ არსებობს (MURRAY, 2016). სწორედ ამის გამო, მრავალი მემარცხენე მიიჩნევს, რომ უნივერსალური საბაზისო შემოსავალი ასრულებს „ცხვრის ტყავში გახვეული მგლის“ ფუნქციას და თავისუფლების იდეით აღჭურვილი, მიმართულია სწორედ უთანასწორობისა და სიღარიბიდან ხალხთა განთავისუფლების წინააღმდეგ. მაგალითად, Social Europe-ის მთავარი რედაქტორი მიიჩნევს საბაზისო შემოსავალი წინააღმდეგობაშია სოციალურ საბაზრო ეკონომიკასთან იმის გამო, რომ ორიენტირებულია კეთილდღეობის სახელმწიფოს ნგრევაზე (Meyer, 2016).

გარკვეულწილად ფინეთის მაგალითი ამართლებს მეიერისა და სხვათა მოსაზრებებს. ფინეთს ამჟამად პოპულისტური მემარჯვენე-ცენტრისტული მთავრობა მართვას, რომლისთვისაც ბაზისური შემოსავლის დანერგვის მხრივ, მთავარ არგუმენტს წარმოადგენდა არაეფექტური და ბიუროკრატიული კეთილდღეობის სისტემის ჩანაცვლება. ფინეთში საბაზისო შემოსავალი დაინერგა მიმდინარე წლის 1 იანვრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით. პროექტი პილოტურია და მასში მონაწილეობას იღებს 2 000 ფინეთის მოქალაქე 25-დან 58 წლამდე, რომლებიც მიიღებენ ყოველთვიურად 560 ევროს ოდენობის ბაზისურ შემოსავალს, იმ შემთხვევაშიც კი თუ სამსახურს დაიწყებენ (Henley, 2017).

არსებობს კონსერვატიული კრიტიკაც, რომელიც ნათლად გამოიკვეთა შვეიცარიაში ჩატარებული რეფერენდუმის წინ. კრიტიკის ეს ნაწილი ორ პუნქტს მოიცავს: პირველი, გააზარმაცებს თუ არა ადამიანებს საბაზისო შემოსავალი და ექნებათ თუ არა მათ სტიმული იმუშაონ მისი მიღების შემთხვევაში და მეორე, რამდენად ხელმისაწვდომი და რეალისტურია მისი დანერგვა. ბრიტანეთის დღევანდელი მთავრობა სწორედ ამ ორ არგუმენტს იყენებს ბაზისური შემოსავლის წინააღმდეგ დებატებში (Stone, 2016). შვეიცარიის შემთხვევაში 2500 შვეიცარული ფრანკი უნივერსალური თითოეულ მოქალაქეზე შეადგენს მშპ-ს (ერთ სულ მოსახლეზე) 38%-ს. საბაზისო შემოსავლის იდეის მხარდამჭერებიც კი მიიჩნევდნენ, რომ ამ ეტაპზე ამ ფორმით მისი დანერგვა პოლიტიკურად უპასუხისმგებლო ნაბიჯი იქნებოდა, რადგან არ არსებობს სათანადო გამოცდილება და პრაქტიკა ამგვარი მოდელის მთელი ქვეყნის მასშტაბით დანერგვისა. ფილიპ ვან პარისი, ეკონომიკის პროფესორი ლუვენის უნივერსიტეტიდან მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნებოდა თუ შვეიცარია დახვეწდა გადასახადების ამოღების სისტემას და დაამატებდა ახალ ინსტრუმენტებს ამ კუთხით, მაგალითად მიკრო-გადასახადს ელექტრონულ გადარიცხვებზე, მეტი ფინანსური რესურსის ამოსაღებად (Parijs, 7).

დასკვნა – „მუქთა“ შემოსავლიდან სოციალურ დივიდენდამდე

იტალიური წარმოშობის ცნობილი ამერიკელი ეკონომისტი მარიანა მაცუკატო, საკუთარ წიგნში „მწარმოებელი სახელმწიფო“, აღწერს თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების ისტორიას, მათ შორის ისეთების როგორიცაა Google, Apple და სხვა. მისი ანალიზი ნათლად წარმოაჩენს იმას, რომ არცერთი თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც გამოიყენება ყველასთვის ცნობილ ფირმებში, არ შექმნილა სახელმწიფოს მნიშვნელოვანი მონაწილეობის გარეშე (Mazzucato, 2015). ფირმები იღებენ მნიშვნელოვან დახმარებას სახელმწიფოების მხრიდან და ამასთან ისინი წარმოადგენენ სოციალურ ორგანიზმებს. ფირმებში ადამიანები არიან დასაქმებულები და ფირმების მიერ ნაწარმოებ პროდუქციას ისევ ადამიანები იძენენ. მეტიც, თანამედროვე სამყაროში მოხმარებასთან ერთად, ადამიანები თავად გვევლინებიან მწარმოებლებად. ამ სტატიის დასაწყისში, „ფეისბუქის“ მაგალითი მოვიყვანეთ, რომლის ფუნქციონირება შესაძლებელი ხდება მხოლოდ და მხოლოდ ადამიანთა აქტიურობის შედეგად. ამიტომაც, უნივერსალური შემოსავალი მუქთად მიღებული დახმარება კი არ არის, არამედ – სოციალური დივიდენდია, რომელსაც იღებს ადამიანები მათ მიერ შექმნილი და კვლავწარმოებული სოციალური ორგანიზმებიდან, მაშასადამე ფირმებიდან.

მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერთა ნაწილი ოპტიმიზმით უყურებს სწრაფი რობოტიზაციის პერსპექტივებს, არავინ იცის დანამდვილებით როგორი იქნება სამყარო თუნდაც 100 წლის შემდეგ. შესაძლოა ერთფეროვანი და რუტინული სამუშაოები სწრაფად ჩაანაცვლოს რობოტებმა, თუმცა იქიდან გამომდინარე რომ ადამიანის სურვილები და წარმოდგენის უნარი უსასრულოა, ისინი შექმნიან ახალი ტიპის, ინტელექტუალურ სამუშაოებს. მართლაც, რაც არ უნდა დახვეწილი იყოს სარეცხი მანქანა ის თავისით მთვარეზე ვერ გაფრინდება. შესაბამისად, ბაზისური შემოსავლის შემოღების პარალელურად, დასაქმების პოლიტიკა წარსულს არ უნდა ჩაბარდეს.

ბაზისური შემოსავალი შესაძლოა მართლაც იქცეს სიღარიბის, უთანასწორობისა და „სეკულარული სტაგნაციის“ დაძლევის საშუალებად, თუმცა ეს მხოლოდ პოლიტიკური აქტიურობის შედეგად მიიღწევა. ბაზისური შემოსავლის დანერგვა არ უნდა იქნეს განხილული ერთჯერად ტექნიკურ აქტად, რომელიც ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემას მოაგვარებს. ბაზისურ შემოსავალს ძალიან მალე დააკნინებს ინფლაცია და სხვა ეკონომიკური პროცესები, თუ პოლიტიკური აქტორები მუდმივად არ იბრძოლებენ ამ ინსტრუმენტის დახვეწასა და გაძლიერებაზე (Kleiner, 2016).

და ბოლოს, უნივერსალური საბაზისო შემოსავალი განხილული უნდა იქნეს როგორც კეთილდღეობის სისტემის ნაწილი და არა მისი ალტერნატივა. საბაზისო შემოსავალი, მართლაც შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანებისთვის თავისუფლების მინიჭების საშუალება. კერძოდ, ადამიანი შეძლებს გააკეთოს მისთვის სასურველი არჩევანი სამსახურში, როცა მას არ მოსწონს მისი სამუშაო ადგილი ან ხელმძღვანელი. მას აღარ ექნება მუდმივად უმწეობისა და ხვალინდელი დღის შიშის განცდა. თუმცა, თუ ეს მოხდება კეთილდღეობის სახელმწიფოს გაუქმების ხარჯზე, მაშინ ადამიანებს ახალი ბატონები გამოუჩნდებიან, კერძო საავადმყოფოების, სკოლების, უნივერსიტეტების, დაზღვევის სისტემებისა და სხვათა და სხვათა სახით, რომლებიც მათ კვლავ პრეკარიატულ მდგომარეობაში დააბრუნებენ (Sanger, 2016).

გამოყენებული ლიტერატურა:

Autor, D. (2015 წლის 2 October ). Social Europe . 2017 წლის 25 january , Social Europe : https://www.socialeurope.eu/2015/10/the-limits-of-the-digital-revolution-why-our-washing-machines-wont-go-to-the-moon/-დან

Frey, C. B. (2013). THE FUTURE OF EMPLOYMENT: HOW SUSCEPTIBLE ARE JOBS TO. Oxford: Oxford University Engineering Sciences Department.

Friedman, M. (1962). Capitalism and Freedom. Chicago: University of Chicago Press.

Henley, J. (2017 წლის 3 January). The Guardian. დაბრუნებული 2017 წლის 22 January, The Guardian: https://www.theguardian.com/world/2017/jan/03/finland-trials-basic-income-for-unemployed?CMP=share_btn_tw-დან

Kaplan, A. (2016 წლის 28 December ). http://basicincome.org/. დაბრუნებული 2017 წლის 27 January, http://basicincome.org/: http://basicincome.org/news/2016/12/italy-basic-income-pilot-launched-italian-coastal-city/-დან

Kleiner, D. (2016 წლის 25 November). Opendemocracy. დაბრუნებული 2017 წლის 20 January, Opendemocracy: https://www.opendemocracy.net/neweconomics/universal-basic-income-is-a-neoliberal-plot-to-make-you-poorer/-დან

Mazzucato, M. (2015). THE ENTREPRENEURIAL STATE. London: Anthem Press.

Meyer, H. (2016 წლის 4 February). The Social Europe . დაბრუნებული 2017 წლის 23 January, Socialeurope.eu: https://www.socialeurope.eu/2016/02/why-a-basic-income-wont-solve-technological-unemployment-but-a-job-guarantee-might/-დან

MURRAY, C. (2016). A Guaranteed Income for Every American. The Wall Street Journal , 1.

Navarro, V. (2016 წლის 16 May ). Why The Universal Basic Income Is Not The Best Public Intervention To Reduce Poverty Or Income Inequality. დაბრუნებული 2017 წლის 25 January, Social Europe: https://www.socialeurope.eu/2016/05/why-the-universal-basic-income-is-not-the-best-public-intervention-to-reduce-poverty-or-income-inequality/-დან

Parijs, P. v. (7 წლის 2016 June ). The Social Europe . დაბრუნებული 2017 წლის 26 January, The Social Europe: https://www.socialeurope.eu/2016/06/worldwide-march-basic-income-thank-switzerland/-დან

Sanger, T. (2016 წლის 20 March). unionresearch.org. დაბრუნებული 2017 წლის 20 January, unionresearch.org: https://unionresearch.org/2016/03/20/how-progressive-is-a-basic-income-left-and-labour-perspectives/-დან

Standing, G. (2011). The Precariat: The New Dangerous Class. London: Bloomsbury Academic.

Stone, J. (2016 წლის 16 September). The Indepedent 2017 წლის 25 January, Tories reject ‘unaffordable’ universal basic income: http://www.independent.co.uk/news/uk/politics/universal-basic-income-uk-tories-tories-unaffordable-damian-hinds-labour-green-snp-a7307476.html-დან

The Economist. (2012 წლის 8 September). 2017 წლის 30 Januaty, The Economist: http://www.economist.com/blogs/freeexchange/2012/09/productivity-and-growth-დან

Varoufakis, Y. (2016 წლის 7 May). The Youtube Channel. 2017 წლის 20 January, NEOPOLIS.network : https://www.youtube.com/watch?v=BvgdtF3y0Ss-დან


ილუსტრაცია: Ted.com

Share on Facebook29Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Comments are closed.