'უფასო განათლებას ოროსნები ითხოვენ' – საქართველოს პრეზიდენტი

‘სწავლის გადასახადის გაუქმებას ოროსნები ითხოვენ’ – განაცხადა დღეს ბათუმში პრეზიდენტმა სააკაშვილმა.
 
ძალზე საგულისხმოდ ამოიჩემა საქართველოს პრეზიდენტმა ბავშვებისა და ახალგაზრდების ლანძღვა. ‘ხულიგანი’, ‘ოროსანი’…
 
მაგრამ…
 
მოდით, უბრალოდ ფაქტები ჩამოვთვალოთ:
 
1.  ქვეყნები, სადაც განათლება უფასოა (Free education) – მათი მხოლოდ მცირე ნაწილი:
 
დანია, ფინეთი, საფრანგეთი, ბელგია,  საბერძნეთი, გერმანია, იაპონია, ხორვატია, ნორვეგია, შოტლანდია, შვედეთი…
 
2.  ნიშნავს თუ არა ეს განათლების დაბალ ხარისხს? არავითარ შემთხვევაში. პირიქით: განათლების ინდექსის მიხედვით ყველაზე მაღალი კატეგორიის ქვეყნების უმრავლესობაში, მათ შორის, ევროპის განვითარებული ინდუსტრიული ქვეყნების უმრავლესობაში – განათლება უფასოა! ეს ქვეყნები ასევე ლიდერობენ ადამიანის სიცოცხლის ხარისხის და კეთილდღეობის სხვა მაჩვენებლებით. ჩვენებურ ნეოლიბერალთა საყვარელი ამერიკული განათლების სისტემა, რომლის რეფორმირებასაც გულმოდგინედ ცდილობს ეხლანდელი ადმინისტრაცია, ამ სიაში მხოლოდ მეოცე ადგილზეა.
 
3.  საქართველოში განათლების გადასახადი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში – საშუალო ხელფასთან შედარებით. მაგალითად, საფრანგეთში, სადაც სწავლას სახელმწიფო აფინანსებს, სტუდენტები მაინც იხდიან მცირე გადასახადს, რაც საბოლოო ჯამში, ისევ მათ ხმარდებათ სამგზავრო თუ კვების ტალონების, ტექნიკური მოსახურების და ა.შ. სახით. ეს გადასახადი საშუალოდ არის 150 ევრო. ესაა საფრანგეთში საშუალო თვიური შემოსავლის დაახლოებით მეოცედი (!). საქართველოში სწავლის გადასახადი 2500 ლარი, საშუალო თვიურ ხელფასზე 4-ჯერ მეტია (!). ეს ნიშნავს: თუ საშუალო ფრანგმა თავისი შვილის სწავლის გადასახადისთვის დღენახევარი უნდა იმუშაოს, ქართველს იგივესათვის 120 დღე შრომა მოუწევს (!).
 
4.  საქართველოში სწავლის ხარისხი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში. საქართველოს არც ერთი უნივერსიტეტი არ შედის მსოფლიოს 500 საუკეთესო უნივერსიტეტის რიცხვში. ხოლო საქართველო ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყანათაგან, რომლებიც საერთოდ არ არიან მოხესნიებულნი განათლების ინდექსის ჩამონათვალში – ინფორმაციის ხელმიუწვდომლობის გამო. თუმცა, შეგიძლიათ ამის შესახებ იმათ გაესაუბროთ, ვისაც აქ მიღებული ცოდნით განვითარებულ სამყაროში თავის გატანა მოუხდა – ყველა თქვენგანს ეყოლება ერთი ასეთი ახლობელი მაინც.
 
5.  საერთაშორისო ვალდებულებები: საქართველოს ხელი აქვს მოწერილი (და რატიფიცირებული აქვს) გაეროს გენერალური ასამბლეის  რეზოლუციით მიღებულ ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტზე, რომლის თანახმად:
 
 ‘(2, ჩC). უმაღლესი განათლება უნდა გახდეს ყველასათვის თანაბრად ხელმისაწვდომი თითოეულის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ყველა შესაფერისი საშუალებით და კერძოდ, უფასო განათლების თანდათანობით შემოღების გზით;’
 
6.  ოროსნები: პირველი სტუდენტური ჯგუფი, ვინც საქართველოში სწავლის გადასახადის ეტაპობრივი შემცირების საკითხი დააყენა საზოგადოებრვ დღის წესრიგში, იყო ლაბორატორია 1918. ყველა თქვენგანს შეუძლია მარტივად დარწმუნდეს, რომ ამ მოძრაობის წევრების უმრავლესობა – საუკეთესონი არიან თავიანთი აკადემიური მოსწრებით და განათლების დონით.
 
ქვეყნის პრეზიდენტმა, რომელიც ამ საკითხზე მსჯელობას, მითუმეტეს, გინებას აპირებს, ეს ფაქტები უნდა იცოდეს. კაცმა რომ თქვას, ეს ფაქტები ყველა შემთხვევაში უნდა იცოდეს – თუნდაც გინებას საერთოდ არ აპირებდეს.
 
მაგრამ არ იცის.
 
მისივე ლექსიკით რომ ვიხელმძღვანელოთ – ოროსანია.
 
რედაქციის მიერ შემოკლებული და შესწორებული ვერსია, სრულად ორიგინალი შეგიძლიათ იხილოთ აქ… http://kevles.blogspot.com/
გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ