განცხადება ტყიბულის ტრაგედიასთან დაკავშირებით

Share on Facebook225Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

29939722_10204102109309132_744654251_n

დღეს, 5 აპრილს, გამთენიისას ტყიბულის მინდელის შახტაში მომხდარ შემთხვევაზე ერთადერთ ადეკვატურ გამოხმაურებად მიგვაჩნია გამოვაცხადოთ ფართომასშტაბიანი სახალხო კამპანიის დაწყების უპირობო საჭიროება საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ფუნდამენტური ცვლილების მიზნით, რაც, პირველ რიგში, მასზე დღეს პასუხისმგებელი პირების თანამდებობის დატოვებით უნდა დაიწყოს.

ჩვენ არ ვიცით, როგორ უნდა გამოვუცხადოთ სამძიმარი ქალაქს და განსაკუთრებით დაღუპულთა ოჯახებს, რადგან ეს მათ, მითუმეტეს ახლა, არაფერში სჭირდებათ. წლების განმავლობაში, მათ სჭირდებოდათ თავიანთი და არა ერთი ადამიანის მომგებიან საკუთრებას დაქვემდებარებული ქალაქი, სჭირდებოდათ სახელმწიფო  თავისი მინიმალური პასუხისმგებლობებით და არა საგადასახადო თავშესაფარი თუ ექსპლუატაციის სამოთხე რომელიმე ბიზნესმენისათვის. მათ შახტაში მომუშავე ოჯახის წევრების ჯანმრთელობა, ღირსება და ღირსეული ხელფასი სჭირდებოდათ. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ეს მათთვის ვერ უზრუნველყო ვერც სახელმწიფომ და ვერც ჩვენ შევძელით მათთან ერთად სოლიდარული ბრძოლით ამ შედეგების მიღწევა.

ადამიანებს, უპირველესად სჭირდებათ ცოცხალი ოჯახის წევრები, დამაკმაყოფილებელი ცხოვრების სტანდარტები და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა, მისი პოტენციალის არსებობა. თუ ჩვენი სახელმწიფო – თავისი უგუნური, უვიცი და არაფრისაკენ მიმართული, პარაზიტული და მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკის ხედვებით უუნაროა მისსავე მაცხოვრებლებს შეუქმნას ამ ყველაზე ელემენტარული, ფუნდამენტური აუცილებლობების გარანტია, მაშინ ის არ იმსახურებს არავითარ ლოიალობას მისი მოქალაქეების მხრიდან.

ტყიბული არ არის ერთადერთი ქალაქი საქართველოში, რომელიც საწარმოს გარშემოა აშენებული და რომელიც კატასტროფულ კრიზისს განიცდის ამდენი წლის განმავლობაში, ხან მკაცრი და ხან რბილი ანტისოციალური პოლიტიკის გამო. ასეთი ქალაქები და დასახლებები ჩვენს ქვეყანაში მრავლადაა და ისინი ძალიან ხშირად გვახსენებენ თავს. თუ ამ საწარმოებს ან გაჩერება/დახურვა ემუქრებათ მათი მესაკუთრეების გეგმათა ცვლილებების გამო, მოსაპოვებელი წიაღისეულების ამოწურვისა თუ შესაბამისი უსაფრთხოების ნორმების არ არსებობის გამო, სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას ალტერნატიული სამუშაო ადგილები, მოახდინოს საწარმოთა ნაციონალიზაცია ან სულ მცირე, შეაჩეროს წარმოება იქამდე, სანამ პირობები არ გამოსწორდება – იქ დასახლებული ადამიანებისათვის დროებით ალტერნატიული შემოსავლების გარანტიაზე პასუხისმგებლობის ჩათვლით. ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა ასეთ შემთხვევაში და არა მისი არჩევანი, ან ნება.

ანტისოციალური პოლიტიკა – ანტისოციალურია და მორჩა – მას შინაარსობრივად ვერ ცვლის ფორმის ფასადური ცვლილებები. სულ ერთია, მომხდარი ტრაგედიით შეწუხებული ჩანს ეკრანზე პოლიტიკური ელიტა თუ არა, გაცილებით ადეკვატურ განცხადებებს აკეთებს – მათ წინამორბედებთან შედარებით, თუ არა, წლობით ნახვეწარ შრომის უსაფრთხოების სინამდვილეში სრულიად არარადიკალურ კანონს მიიღებს საბოლოოდ, თუ არა – მისი ეკონომიკური გუნდი კვლავ ანტისოციალური პოლიტიკის სამსახურში დგას, და ეს სისტემა ყოველდღიურად ვითარდება – იქმნება სოციალური სფეროს პრივატიზაციისა და მარკეტიზაციის ახალი გეგმები და რეფორმები, შენდება ახალი ინფრასტრუქტურული სივრცეები და შენობები, დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის ხარჯზე ივსება, იწერება და იხარჯება ქვეყნის ბიუჯეტები. ამასობაში კი ჩვენ გვიგროვდება ბანკის ვალები, გვაკლდება ხელფასები, ვერ ვიღებთ ადეკვატურ განათლებას, არ გვაქვს სამსახურები ან  ვმუშაობთ დაბალანაზღაურებად, არასტაბილურ სამუშაოებზე, სადაც ისე გვექცევიან, როგორც უნდათ, იმდენს გვიხდიან, რამდენსაც უნდათ, იმდენს გვამუშავებენ, რამდენიც შეგვიძლია, გვიზიანდება ჯანმრთელობა, ვკარგავთ ოჯახის წევრებს – შახტებში, მაღაროებში, სამშენებლო კონსტრუქციებზე, საწყობებში თუ სახრჩობელებზე.

ეს ქვეყანა არ არის ელიტებისა და ადამიანების გაუბედურებით გამდიდრებული რამდენიმე ბიზნესმენისგან დაფინანსებული არტისტების ეგზოტიკური პოდიუმი. აქ ადამიანები ცხოვრობენ, იზრდებიან და ვითარდებიან, იღებენ განათლებას, მუშაობენ, ქმნიან ოჯახებს, გააჩნიათ ღირსება და გრძნობები. ერთი მუჭა ადამიანების პოდიუმად გადაქცეული სახელმწიფო – რომლის ერთადერთი გაცხადებული ორიენტირი მხოლოდ  ტურიზმით ან საკუთარი ღირსშესანიშნაობების გასაქონლებით კეკლუცობაა, ვერ იქნება ადეკვატური სახლი დანარჩენი ადამიანებისათვის – მოსახლეობის უმრავლესობისათვის. კახა ბენდუქიძის ექსტრემისტული და დეჰუმანური ეკონომიკური ხედვების კონსტიტუციაში ჩაბეტონებას შეგუებული საზოგადოების „პროგრესული“ ნაწილი ვერასოდეს იქნება ვერავითარი პროგრესული ინიციატივების მატარებელი. მთავრობას, რომელსაც ფუნქციურად საკუთარი თავისათვის – ანუ სახელმწიფოსათვის დადებული ბორკილების მოხსნა არ შეუძლია, რადგან შიშით თრთის რამდენიმე აღვირახსნილი ბიზნესმენისა და ფინანსური მოთამაშეების წინაშე, ვერაფრის გარანტორი ვერ იქნება საზოგადოებისათვის.

იქამდე, სანამ  მთავრობა – და განსაკუთრებით ეკონომიკური გუნდი – არ ჩადგება აქამდე არსებული ანტისაზოგადოებრივი, პარაზიტული და დეჰუმანური პრაქტიკების მთლიანად აღმოფხვრის სამსახურში, სანამ თავის პირველ მიზნად მისი მაცხოვრებლების ყოველდღიური ცხოვრების მკვეთრ გაუმჯობესებას არ დაისახავს ყველა დონეზე, რაც სტრუქტურულ გარდაქმნებს გულისხმობს, იქამდე ჩვენ ვერ ვუწოდებთ მათ სახელმწიფოს და მთავრობას, ხოლო ჩვენს თავს – ადამიანებს და საზოგადოებას.

სანამ ეკონომიკური ზრდა არ ჩადგება კეთილდღეობის და საზოგადოებრივი ინტერესების სამსახურში, ეს ქვეყანა ერთი დიდი საგადასახადო თავშესაფარი, ექსპლუატაციის სამოთხე და ყოველგვარი დეჰუმანური პრაქტიკების საცდელი ადგილი,  სასტიკი ექსპერიმენტების სივრცე იქნება.

მხოლოდ 15 თვეში, მხოლოდ ერთ შახტაში გარდაცვლილია 11 ადამიანი. ყოველი ახალი შემთხვევის შემდეგ, მინისტრებისა და მთავრობის წარმომადგენლების რეაქციები –  შეძრული და აფორიაქებული სახეებით გვეუბნებიან, რომ „გამოძიება იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე და ცხადი, დაისჯება ყველა ადამიანი, ვისი წვლილიც დადასტურდება“; გადის დრო და ისჯებიან მხოლოდ იქ მომუშავე ადამიანები და მათი ოჯახები – ვისაც ისედაც წართმეული აქვს ადამიანურად ცხოვრების უფლება – სიცოცხლის წართმევამდე.

ვერავინ, ვერცერთი საზოგადოებრივად არაჯანსაღი, ისტორიის ცოდნასა და სოციალური კომპლექსურობის აღქმას მოწყვეტილი აუთსაიდერული ეკონომიკური იდეებით აღტკინებული ჯგუფი, რომლებსაც რატომღაც დღეს ძალზე ხშირად აქვთ საშუალება მედიასაშუალებებით  გვესაუბრონ საზოგადოებასა და მის განვითარებაზე, ვერ გვეტყვის, რომ ამ ტრაგედიების (როგორც სამუშაო ადგილზე სიკვდილიანობის, ისე სიღარიბისა და სოციალური უთანასწორობის) მთავარი მიზეზი შემთხვევითობა და ინდივიდულური შეცდომებია.

ჩვენ კარგად ვიცით, (როგორც ეთიკურად, ისე ისტორიულად და ემპირიულად) რომ ეს მიზეზები სტრუქტურული ფაქტორებია: სახელმწიფოს არასწორი, არაგონივრული, არარაციონალური, არაადეკვატური, ანტისოციალური და დეჰუმანიზებული ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ჯამში თავად ეკონომიკისთვისაც არ მოაქვს არაფერი ღირებული.  პოლიტიკა, რომელიც სახელმწიფოს მომავალს გაცხადებული კურსით მ ხ ო ლ ო დ კაპიტალის ინტერესებზე აწყობს, შედეგად მოიტანს სახელმწიფოს, რომელიც მხოლოდ კაპიტალის მფლობელთა სამსახურში იქნება.

სწორედ ასეთია სისხლიანი ეკონომიკური პოლიტიკა. ხოლო ამდენი ხნის განმავლობაში გაბატონებული სისხლიანი ეკონომიკური პოლიტიკის ფუნდამენტური ცვლილების მიზეზი სწორედ დღევანდელი შემთხვევა უნდა გახდეს, ყველა იმ შემთხვევის სახელით, რომელიც აქამდე არ გახდა ამ მანკიერი წრის გარღვევის რეალური მიზეზი. მივიღოთ ის, როგორც სტრუქტურული გარდაქმნისათვის საჭირო დაგვიანებული,  უკანასკნელი წინაპირობა.

ჩვენ პირდაპირ ვგრძნობთ ამ პასუხისმგებლობას. ჩვენმა გამოცემამ დაამტკიცა, რომ ყოველგვარი კერძო ინტერესებისაგან დამოუკიდებლად, მათ შორის დაფინანსების გარეშე, ადამიანებს შეუძლიათ გაერთიანდნენ და ერთობლივად იშრომონ პროგრესული და  სამართლიანი იდეების გარშემო. ამიტომ, ვპირდებით ჩვენს მკითხველს, რომ შევკრებთ ყველა ადამიანსა და ჯგუფს, რომელიც იბრძვის საქართველოში სამართლიანი, ჰუმანური, მოსახლეობის უმრავლესობისადმი ეთიკური, კეთილდღეობაზე ორიენტირებული და მაღალგანვითარებული საზოგადოების მშენებლობისათვის, რათა დავიწყოთ მასშტაბური სახალხო კამპანია ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ფუნდამენტური ცვლილებების მოთხოვნით.

მანამდე კი მოგიწოდებთ ყველას, ერთად შევუერთდეთ ხვალ, 6 აპრილს დაგეგმილ სოლიდარობის აქციას და დღეს გაჟღერებულ პროგრესულ გზებს საწარმოში არსებული პრობლემების მყისიერად გადაჭრის შესახებ.

მედია-პლატფორმის მთავარი რედაქტორი

ალექსანდრა აროშვილი

Share on Facebook225Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Comments are closed.