ტვინი, გონება და ცნობიერება: საუბარი ფილოსოფოს ჯონ სერლთან

Share on Facebook124Share on Google+1Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

johnგამოიწერეთ European.ge-ს Facebook გვერდი.

დენ ტურელოს ინტერვიუ პროფესორ ჯონ სერლთან, რომელიც ტვინის, გონებისა და ცნობიერების ურთიერთმიმართებას ეხება, 2015 წლის 3 მარტს შედგა. ჯონ სერლი ამერიკელი ფილოსოფოსი და ბერკლის უნივერსიტეტის პროფესორია, რომელსაც არაერთი ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული ენის, ცნობიერებისა და სოციალური ფილოსოფიის კუთხით. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მნიშვნელოვანი სტატიები, რომლებსაც მსოფლიოს მასშტაბით ფართო გამოხმაურება მოჰყვა, ქართულად არის ნათარგმნი. ეს ნაშრომებია: ცნობიერება, ტვინი და პროგრამა (1980); აგრეთვე მისი პასუხები ამ სტატიის კრიტიკაზე – შინაგანი ინტენციონალობა (1980) და ინი და იანი სწორდებიან (1991). აღნიშნული სტატიების თარგმანი ეკუთვნის ფილოსოფოსსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, თამარ ცხადაძეს. თარგმანები შევიდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ 2013 წელს გამოცემულ კრებულში “ცნობიერების ფილოსოფია”.

© European.ge

  • ჯონ, პირადი საკითხებით დავიწყებ. რამ გიბიძგათ ფილოსოფიის შესწავლისკენ? ამ სფეროს კვლევისას, რა მიგაჩნიათ ყველაზე შთამბეჭდავად?

მგონია, რომ ფილოსოფია, ცალსახად, შესწავლის ყველაზე საინტერესო სფეროა. და მართლაც, სხვა სფეროებიც შთამბეჭდავია იმდენად, რამდენადაც ფილოსოფიური ბუნებისაა. ფიზიკაში მომაჯადოვებელი ის არის, რომ ის რეალობის ძირითადი სტრუქტურის შესახებ ცოდნას გვაძლევს და ეს სწორედაც რომ ფილოსოფიური საკითხია. პოლიტიკის კვლევის ხიბლი იმაშია, რომ ის ადამიანებს შორის ძალაუფლებრივი ურთიერთობების ბუნებას გვიმხელს და კვლავ, ესეც ფილოსოფიის შესწავლის საგანს წარმოადგენს. ასე რომ, მე არ შემიძლია წარმოვიდგინო ვინმე ვისაც ფილოსოფია არ აინტერესებს, ვინაიდან, კვლევისა და შესწავლის ნებისმიერ სფეროში, ყველაზე ამაღელვებელი და საინტერესო კითხვები სწორედ ფილოსოფიური კითხვებია.

  • თქვენ ხარისხი ოქსფორდში (ინგლისი) დაიცავით, 1950-იანებში, და ექვსი ათწლეულის მანძილზე ასწავლიდით ფილოსოფიას კალიფორნიის უნივერსიტეტში, ბერკლიში. რა ცვლილებებს განიცდიდა ფილოსოფიის დარგი ამ წლების მანძილზე?

ყველა ხარისხი – ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა – ოქსფორდში დავიცავი. 19 წლის ასაკში, ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლისას, ვისკონსინის უნივერსიტეტიდან როდსის სტიპენდია[1] მივიღე, მაგრამ ამერიკაში სწავლა არასდროს დამისრულებია. არ მაქვს ამერიკული ხარისხი, გარდა საპატიო ხარისხებისა.

ფილოსოფიის დისციპლინა, ბოლო სამოცი წლის მანძილზე, რაც მე მას ვასწავლი, მკვეთრად შეიცვალა. მისი განმარტება უფრო ჭირს, თუმცა დღეს იგი მეტად საინტერესოა. თავდაპირველად, როდესაც ფილოსოფიის შესწავლა დავიწყე, ის, თითქმის მთლიანად, ენის შესახებ იყო და ამისი ღრმა საფუძვლებიც არსებობდა თუ რატომ უნდა ყოფილიყო ასე. ადამიანები ფიქრობდნენ, რომ ნებისმიერი ობიექტური ჭეშმარიტება ემპირიული ფაქტით ან კონცეპტუალური ჭეშმარიტებით უნდა ყოფილიყო განპირობებული და ვინაიდან ფილოსოფია, განსხვავებით მეცნიერებისგან, არ შეისწავლიდა ემპირიულ ფაქტებს, ფილოსოფიური დებულებები კონცეპტუალური ან ანალიტიკური ჭეშმარიტებები უნდა ყოფილიყო, სადამდეც ლინგვისტურ ანალიზს უნდა მივეყვანეთ. ამგვარად, ადრე, ფილოსოფია და ლინგვისტური ანალიზი გვერდიგვერდ განიხილებოდა. არსებობს რიგი მიზეზებისა, თუ რატომ იყო ფილოსოფიის ეს ვიწრო კონცეფცია უკუგდებული და რატომ გვაქვს ახლა გაცილებით ფართო კონცეფცია. უხეშად რომ ვთქვათ, ფილოსოფიას დიდწილად ადამიანური სინამდვილის არსის აღწერები შეადგენს და ის თუ როგორ ურთიერთობს ის ფიზიკისა და ქიმიის ენაზე აღწერად საფუძველმდებარე სინამდვილესთან. შესაბამისად, ენის ფილოსოფიის, ეთიკის, ეპისტემოლოგიისა თუ გონის ფილოსოფიის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ის, ჩვენს თავზე საღი განსჯისა და სამყაროს შესახებ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საშუალებით შეძენილ ცოდნაზე დაფუძნებით, ამ ფენომენების ყველაზე ზოგად მახასიათებლებს განიხილავს და თანმიმდევრულ შეფასებას გვაწვდის, თუკი ამ შეფასების თანმიმდევრულობა საერთოდ არის შესაძლებელი.

  • „ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ!“ – ფრანგი ფილოსოფოსის, რენე დეკარტს საყოველთაოდ ცნობილი განაცხადი, მეჩვიდმეტე საუკუნეშიეს იყო ძალიან ხანგრძლივი და შრომატევადი გამოკვლევის შედეგად მიღებული დასკვნა იმის შესახებ, შეიძლება თუ არა ვენდოთ საკუთარი არსებობისა და რეალობის ჩვენეულ აღქმებს. მართალი იყო დეკარტ? რას ეტყოდით დეკარტს, დღეს რომ გქონოდათ მასთან საუბრის შესაძლებლობა?

ფილოსოფიის ისტორიაში, ბლომად არის ცნობილი მარცხები, და დეკარტიც ერთერთი უდიდესი მარცხია. ის, რა თქმა უნდა, დიდი გენიოსი იყო, ბრწყინვალე არა მხოლოდ ფილოსოფიაში, არამედ მათემატიკაშიც. თუმცა, მან რამდენიმე კატასტროფული დასკვნა დაგვიტოვა, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი მას არ შეუთხზავს, არამედ სხვებისგან ერგო მემკვიდრეობით. დეკარტის უდიდესი კატასტროფა მისი დუალიზმია, იდეა, რომლის მიხედვითაც, სინამდვილე ორი სახის სუბსტანციად იყოფა – მატერიად და სულად.

serl

დეკარტთან რომ მესაუბრა, უამრავი რამ მექნებოდა მისთვის სათქმელი. ერთი მხრივ, ვეტყოდი, რომ ის აბსოლუტურად მართალია, მას აქვს ცოდნა საკუთარი ცნობიერების შესახებ და ამის უარყოფა არ შეიძლება უარყოფის სტანდარტული მეთოდებით. მაგრამ ის ცდება, როცა ფიქრობს, რომ სამყარო იყოფა ორ, განცალკევებული სახის, გონებრივ და ფიზიკურ სუბსტანციად. ჩვენ ვცხოვრობთ ერთ და არა ორ, სამ ან რამდენიმე სამყაროში. და რასაც ჩვენ ცნობიერებასა და გონებას ვარქმევთ, გარკვეული სახეობის ორგანიზმების ბიოლოგიური მახასიათებელია. დეკარტს ამის დანახვა არ შეეძლო, ვინაიდან ის ფიქრობდა, რომ ცნობიერებას შეეძლო მხოლოდ სულში ეარსება, ხოლო სული არ იყო ფიზიკური სამყაროს ნაწილი.

  • თქვენ ძალიან დიდი დრო დაუთმეთ ცნობიერების შესწავლას. როგორ ფიქრობთ, ოდესმე მივაღწევთ იმ მდგომარეობამდე, როდესაც ცნობიერების გაგება მეცნიერულად იქნება შესაძლებელი?

ვფიქრობ, ფაქტობრივად, ნელნელა ახლოს მივდივართ ცნობიერების, როგორც ბიოლოგიური ფენომენის მოაზრებასთან. თუმცა, ეს ძალიან რთული პრობლემაა. ჩვენ სინამდვილეში არ გვესმის, როგორ მუშაობს ტვინი. ტვინი უაღრესად რთული ორგანოა და ჩვენ, ჯერ კიდევ, მისი საბაზისო პრინციპების შესწავლის საწყის ეტაპებზე ვიმყოფებით. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ნეირონი საწყისი ფუნქციური ერთეულია, თუმცა, შესაძლოა ვცდებოდეთ. შესაძლოა, ნეირონის საწყის ფუნქციურ ერთეულად მიჩნევა იგივეა, ავტომობილის საწყის ფუნქციურ ერთეულად მოლეკულა რომ მიგვეჩნია, რაც საზარელი შეცდომა იქნებოდა. ამგვარად, ტვინის გაგებამდე ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. თუმცა, ვფიქრობ, სწორ გზას ვადგავართ. ვფიქრობ, მაშინ შევძლებთ ცნობიერების გაგებას, როდესაც გვექნება ზედმიწევნითი პასუხი ორ კითხვაზე: “როგორ წარმოქმნის ტვინი ცნობიერებას, ყველა თავისი ფორმით?” და “როგორ არსებობს ცნობიერება ტვინში: როგორ გამოვლინდება ის ტვინში იმგვარად, რომ ახსნას უძებნის საკუთარ ფუნქციონირებას მთელი ჩვენი სიცოცხლის მანძილზე?“.

  • მაშ, კონკრეტულად, რა არის “გონება”? არის თუ არა იგი თვისება, რაც გამორჩეულად, ადამიანს ახსიათებს?

გონება განეკუთვნება ყველა იმ მენტალურ მდგომარეობას, პროცესებსა და ხდომილებებს, რომლებიც თავის ტვინში მიმდინარეობს როგორც არაცნობიერად, ასევე ცნობიერად. ყველაზე უფრო იოლად ხელმისაწვდომი მენტალური ფენომენები ცნობიერი მენტალური ფენომენებია, თუმცა, ჩვენ არაცნობიერი მენტალური ფენომენებიც მრავლად გვაქვს. ევოლუციური ისტორიის კუთხიდან რომ შევხედოთ, გონების ყველაზე მნიშვნელოვანი სახასიათო ნიშანი არის ინტენციონალობა. ინტენციონალობა, მარტივად რომ ვთქვათ, არის გონების უნარი, მიემართებოდეს სამყაროში არსებულ საგნებსა და სიტუაციებს. ამგვარად, რწმენები, იმედები, შიშები, სურვილები და განზრახვები, ჩვეული გაგებით, ინტენციონალობის შემთხვევებია. ჩვენ გვაქვს ეს უხეირო სიტყვა „ინტენციონალობა“, რომელიც განზრახვასთან გარკვეულ კავშირზე მიგვითითებს, თუმცა, ეს იმიტომ, რომ ჩვენ ეს სიტყვა გერმანელებისგან გვაქვს ნასესხები.

უამრავ ცხოველს აქვს გონება – არა მხოლოდ ადამიანს. ჩვენ არ ვიცით რამდენად დაბლა შეიძლება გვხვდებოდეს ცნობიერება ფილოგენეტიკურ სკალაზე, მაგრამ ნათელია, რომ ყველა მაღალგანვითარებული ცხოველი ცნობიერია და მგონია, რომ როდესაც ცნობიერებას საბოლოოდ შევისწავლით, ვნახავთ, რომ იგი განვითარების საკმაოდ დაბალ საფეხურებზეც გვხვდება. როგორც არ უნდა იყოს, ამების ან ქალამანას საფეხურზე ცხადი ხდება, რომ ისინი არ არიან ცნობიერნი, ვინაიდან მათ არ გააჩნიათ მექანიზმები, რომელთა არსებობაც ცნობიერების წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს.

  • მოდით, რთულ სისტემებსა და ხელოვნურ ინტელექტზე ვისაუბროთ. “ხელოვნური” (“artificial”) საინტერესო ტერმინია, ვინაიდან ის უშვებს ნამდვილი, ავთენტური, სავარაუდოდ, ბიოლოგიური ინტელექტის არსებობის შესაძლებლობას. ეტიმოლოგიურად, “artificial” წარმოდგება “artifice”-დან[2], რაც რაღაც ხელთქმნილს გულისხმობს. იზიარებთ ამ დიქოტომიას ბიოლოგიურსა და ხელოვნურს შორის? და როგორ ფიქრობთ, შეძლებენ მანქანები ოდესმე თავადვე განავითარონ საკუთარი ცნობიერება?

ფორმულირება „ხელოვნური ინტელექტი“ ხშირად ორაზროვანია და საუბედუროდ, ეს ორაზროვნება მისთვის ჯერ კიდევ არ ჩამოუშორებიათ. ხელოვნური x შესაძლოა იყოს ნამდვილი x ან ხელოვნურად წარმოებული x. მაგალითად, ხელოვნური საღებავები ხელოვნურად წარმოებული ნამდვილი საღებავებია, მხოლოდ ის არის, რომ ისინი ბოსტნეულისგან არ უწარმოებიათ. მეორეს მხრივ, ხელოვნური კრემი არ არის ნამდვილი, არამედ ყალბი კრემია. მაშასადამე, “ხელოვნური ინტელექტი” შეიძლება ნიშნავდეს როგორც რაღაცას, რაც არ არის ინტელექტის მქონე და ხელოვნურად არის ნაწარმოები, ასევე იმასაც, რაც, ფაქტობრივად, ინტელექტის მქონეა და ნაწარმოებია ხელოვნურად. “ინტელექტი” ასევე ორაზროვანია, ვინაიდან ის მერყეობს ნამდვილს, ანუ დამკვირვებლისაგან დამოუკიდებელ ინტელექტსა (როგორც, მაგალითად, როდესაც ადამიანი ფიქრობს რაღაცის შესახებ) და დამკვირვებლის მიმართ ფარდობით, რაღაცისგან წარმომდგარ (გამომდინარე) ინტელექტს შორის – ანუ ინტელექტი, მეტაფორული აზრით (მაგალითად, როდესაც ვსაუბრობთ ჩემი ჯიბის კალკულატორზე ან კომპიუტერზე, როგორც ინტელექტის მქონეზე). ეს სამწუხაროა, ვინაიდან დამკვირვებლისაგან დამოუკიდებელი ინტელექტი, რა აზრითაც იგი ადამიანს გააჩნია, კომერციულ კომპიუტერს მსგავსი არაფერი აქვს. რა გაგებითაც კომპიუტერს ინტელექტი აქვს, სრულიად დამკვირვებლის მიმართ ფარდობითი ან მეტაფორულია. მიზეზი, თუ რატომ არის კომერციული კომპიუტერის ინტელექტი სრულიად დამკვივებლის მიმართ ფარდობითი, არის ის, რომ ჩვენ არ ვიცით როგორ შევქმნათ ცნობიერი კომპიუტერი. არსებულ კომპიუტერებს აქვს რთული ელექტრონული სქემა და რასაც “გამოთვლებს” ვეძახით, ამ რთული ელექტრონული სქემის მდგომარეობათა თანმიმდევრული ცვლაა.

რაც შეეხება იმას, იქნებიან თუ არა ცნობიერი მანქანები, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჩვენ ყველანი მანქანები ვართ. ჩვენ ბიოლოგიური მანქანები ვართ და გაგვაჩნია ცნობიერება. პრინციპში, ვერ ვხედავ მიზეზს რატომ არ შეგვიძლია შევქმნათ ცნობიერი ხელოვნური მანქანა, თუმცა ამჯერად ამას ვერ მოვახერხებთ, რადგან არ ვიცით ტვინი ამას როგორ აკეთებს. შეკითხვა “შეგიძლია თუ არა ცნობიერი ხელოვნური მანქანის შექმნა?” იგივეა, რაც – “შეგიძლია თუ არა შექმნა ხელოვნური გული, რომელიც სისხლის მიმოქცევას უზრუნველყოფს?”. ჩვენ ვიცით როგორ შევქმნათ ხელოვნური გული იმიტომ, რომ ვიცით ბიოლოგიური გული როგორ მუშაობს. ჩვენ არ ვიცით როგორ შევქმნათ ხელოვნური ტვინი იმიტომ, რომ არ ვიცით ტვინი როგორ მუშაობს. მაგრამ, ვთქვათ, თუკი გვეცოდინებოდა როგორ მუშაობს ტვინი, პრინციპში, ცნობიერი ხელოვნური მანქანის შექმისთვის ვერანაირ დაბრკოლებას ვერ დავინახავდი. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ადამიანის ტვინი არის მანქანა, ბიოლოგიური მანქანა და ის ცნობიერებას ბიოლოგიური პროცესების შედეგად აწარმოებს. ჩვენ მანამ არ გვექნება შესაძლებლობა გავაკეთოთ ეს ხელოვნურად, ვიდრე არ გვეცოდინება თუ როგორ აკეთებს ამას ტვინი, რის შემდეგაც ტვინის ამ აღმძვრელი ძალის განმეორებას შევძლებდით. შესაძლოა, ჩვენ ეს სრულიად განსხვავებული მედიუმის საშუალებით მოვახერხოთ, როგორც ხელოვნურ გულს ვქმნით კუნთოვანი ქსოვილისგან სრულიად განსხვავებული მასალით, თუმცა, ამჯერად ჩვენ არ ვიცნობთ ტვინს საკმარისად კარგად იმისთვის, რომ ხელოვნური ტვინი შევქმნათ.

  • ერთ გონებრივ ექსპერიმენტს შემოგთავაზებთ: რომ შეგეძლოთ საკუთარი ტვინის გაყინვა იმ პირობით, რომ 3000 წელიწადში მას ხელოვნურად კონსტრუირებულ სხეულში მოათავსებდნენ, გააკეთებდით ამას?

ჩემი ტვინის გაყინვისა და 3000 წელიწადში გაღვიძების არანაირი ინტერესი არ მექნებოდა. ერთი მხრივ, ნაკლებად სარწმუნო მგონია, რომ ადამიანები 3000 წლის შემდეგ ამგვარი ფორმით იარსებებენ, თუმცა, გულახდილად რომ ვთქვა, ზედმეტად ვარ დაკავებული სხვა მოვალეობებით, რომლებიც ამჟამად მაკისრია, იმისთვის, რომ ვიდარდო თუ რა მოხდება 3000 წელიწადში. უფრო მეტად მაინტერესებს რა მოხდება 300 წელიწადში, ან 3 წელიწადში, ან საერთოდაც მომდევნო 3 საათში, ამიტომ, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ არ გავაყინინებდი საკუთარ ტვინს.

  • ვინაიდან მე თქვენ გიცნობთ კონგრესის ბიბლიოთეკისთვის[3] საკონსულტაციო სამუშაოს კონტექსტში, წიგნებისა და ბიბლიოთეკების შესახებ შეკითხვით დავასრულებ. თქვენ დაწერეთ მეტაფორებისა და შედარებების შესახებ და გაატარეთ უამრავი დრო დიდსა თუ პატარა ბიბლიოთეკებში. რამდენად ჰგავს გონება ბიბლიოთეკას? ან, თუნდაც, ციფრულ ქსელებს, რომლებიც ამ ორის გაერთიანებისკენ ისწრაფვის?

რთულია იმის ცოდნა, თუ რა იქნება ბიბლიოთეკების მომავალი. თუმცა, შესაძლოა ბიბლიოთეკის ჩვენეული კონცეფცია, როგორც წიგნებისა და სხვა დოკუმენტების საცავის შესახებ, უკვე მოძველდა. ახლა უკვე ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების შესახებ უნდა ვიფიქროთ, როგორც მეტად აქტიური პროცესის შესახებ, ვიდრე თაროდან წიგნის გადმოღება და კითხვაა. ნამდვილად არ ვიცი რა იქნება ბიბლიოთეკების მომავალი. მგონია, რომ ჩვენი გონება, სინამდვილეში, დიდად არ ჰგავს ბიბლიოთეკას. ჩვენ მიდრეკილნი ვართ ვიფიქროთ მეხსიერებაზე, როგორც ერთგვარ საცავსა და საწყობზე, მაგრამ, სინამდვილეში, კვლევები აჩვენებს, რომ იგი გონების მიერ შექმნილი გაცილებით აქტიური პროცესია. ის არ არის დიდი საწყობი, სადაც მივბრუნდებით და მეხსიერების კარტოთეკაში შევიხედავთ. სინამდვილეში, მეხსიერება ძალზედ აქტიური პროცესია და რაც, სხვათაშორის, მისი სანდოობის კუთხით ერთგვარ უკუჩვენებასაც წარმოადგენს. მხოლოდ ჩვენი მეხსიერების საგულდაგულო გამოკვლევაზე დაყრდნობით რთულია დარწმუნდე მის სიზუსტეში – რომელი მოგონებაა ნამდვილი და რომელი არა.

  • გმადლობთ, ჯონ. ნასიამოვნები ვარ ჩვენი საუბრით. დასასრულისთვის, რამდენიმე ბრძნულ დარიგებას ხომ არ მისცემდით ჩვენი ბლოგის მკითხველ ახალბედა ფილოსოფოსებს?

ჩემი ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა იქნება, რომ იპოვოთ კითხვები, რომლებიც ყველაზე მგზნებარე ნაბიჯისკენ გიბიძგებთ და მიჰყვეთ მას. დიდად ნუ მიაქცევთ ყურადღებას შეხედულებებს, რომლებიც ფილოსოფიის პროფესიიდან გამომდინარეობს, ვინაიდან ეს შეხედულებები, თითოეულ კონკრეტულ საკითხთან მიმართებით, უმეტესწილად მცდარია.

შენიშვნები:

[1] Rhodes Scholarship.

[2] ინგლისურში, სიტყვა ხლოვნური – Artificial – წარმოდგება სიტყვა Arifice-დან, რაც ხელმარჯვეობას, მოხერხებულობას ან ეშმაკობას ნიშნავს.

[3] Library of Congress.

დამატებით შეგიძლიათ იხილოთ:


ინგლისურიდან თარგმნა ანა თურმანიძემ.

Share on Facebook124Share on Google+1Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Comments are closed.