თბილისის მეტროს მემანქანეები მოქალაქეებს მიმართავენ

Share on Facebook107Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

4გთავაზობთ თბილისის მეტროს მემანქანეთა პროფკავშირის, “ერთობა 2013”-ის მიმართვას მოქალაქეებისადმი, თბილისის მეტროს გაფიცვის დაწყების თაობაზე:

ძვირფასო თანამოქალაქენო, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე გვინდა გაგაცნოთ “ერთობა 2013”-ს სამოქმედო გეგმა და შემდგომი ნაბიჯები.

თქვენთვის უკვე ცნობილია, რაოდენ მძიმე და ურთულესი აღმოჩნდა სამართლიანობის პრინციპით იმ უფლების რეალიზება, რასაც ჩვენი კონსტიტუცია და შრომის კოდექსი გვანიჭებს. გაფიცვის არსზე და მის ფუნდამენტურ მნიშვნელობაზე არაერთი ითქვა და დაიწერა კომპეტენტური ადამიანების მიერ, რომლის შესაბამისად გამოყენების შესაძლებლობაც მოსამართლემ მეტროს მემანქანეებს ფაქტობრივად ერთი ხელის მოსმით მოუსპო.

მოსამართლის პირველი გადაწყვეტილების მოქმედების ვადა, რომლის შედეგად მოხდა გაფიცვის თარიღის გადადება 3 ივნისამდე, იწურება და “ერთობა 2013”-ს ეძლევა იმ საგაფიცვო მოქმედებების წარმოების შესაძლებლობა, რომელიც 3 მაისიდან იყო დაანონსებული.

მოგვიანებით, იგივე მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება სამუშაო საათებში ელ. მატარებლების მემანქანეთა გაფიცვის უფლების განუსაზღვრელი ვადით შეზღუდვის თაობაზე. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, სასამართლოს განჩინებაში ვკითხულობთ, რომ მოსამართლე მემანქანეებს არასამუშაო საათებში გვანიჭებს გაფიცვის რეალიზების უფლებას.

ჩვენს წინააღმდეგ მიღებული უკანონო, უსამართლო და არაკონსტიტუციური გადაწყვეტილებების მიუხედავად მოგახსენებთ, რომ „ერთობა 2013“ ემორჩილება სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც მემანქანეებს მიუთითებს არასამუშაო დროს გაფიცვაზე, ხოლო სხვა პოზიციებზე დასაქმებულ ჩვენს წევრებს აძლევს გაფიცვის გამოყენების უფლებას. ეს ნიშნავს, იმას, რომ მემანქანეები საკუთარი დასვენების დროის ხარჯზე გავიფიცებით და შემდეგი ცვლისთვის მომზადების ნაცვლად დასვენების დროს სრულად გამოვიყენებთ გაფიცვის უფლების რეალიზებისთვის.

დასვენება და სამუშაო ცვლისთვის მომზადება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მემანქანეებისთვის. ამდენად, მოსამართლის გადაწყვეტილების აღსრულება და დასვენების დროს გაფიცვა მემანქანეთა ფიზიკურ მდგომარეობაზე ავტომატურად მოახდენს გავლენას, რამდენადაც თითოეული მათგანი ცვლამდე ვერ მოახერხებს დასვენებას და შესაბამის მდგომარეობაში სამუშაო ადგილებზე გამოცხადებას.

ქედან გამომდინარე, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ დასვენების დროს საგაფიცვო რეჟიმში ყოფნის გამო, გარკვეული პერიოდის შემდგომ ფიზიკურად ვეღარ შევძლებთ ქალაქისა და მოსახლეობის მომსახურებას ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რაზეც სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ქალაქ თბილისის მერიას და თბილისის სატრანსპორტო კომპანიას.

ჩვენის მხრივ ვაცხადებთ, რომ ჩვენ მოვემსახურებით ქალაქის მოსახლეობას პასუხისმგებლობით, ვიდრე ჩვენ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა მოგვცემს ამის შესაძლებლობას.

მოსამართლის მიერ მიღებული განჩინებით კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა შინაგანაწესის ის უმნიშვნელოვანესი დებულება, რომელიც მემანქანის სამსახურში გამოცხადებას, სწორედ რომ დასვენებულ მდგომარეობაში გულისხმობს, რაც პრობლემად არ მიიჩნია ჩვენმა დამსაქმებელმა.

ამდენად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, “ერთობა 2013” კვირას, 3 ივნისს, 15:00 საათზე, გლდანის დეპოში, სასამართლოს გადაწყვეტილების ფარგლებში იწყებს უვადო გაფიცვას შიმშილობასთან ერთად, რომელიც 4 ივნისს მეტროს სრულმასშტაბიან პარალიზებას გამოიწვევს, იმ ადეკვატური და სამართლიანი მოთხოვნით, რაც მეტროპოლიტენში დასაქმებულთა ანაზღაურების გაზრდას ითვალისწინებს.

ყველა იმ შემთხვევაზე, რაც გამოიწვევს ჩვენი თანამოქალაქეების დისკომფორტს ან საფრთხეს შეუქმნის რომელიმე სასიცოცხლო მნიშვნელობის უწყების ფუნქციონირებას, პასუხისმგებლობას სრულად ვაკისრებთ დამსაქმებელს და ყველა იმ სუბიექტს, რომელთაც ამ დავის უმტკივნეულოდ გადაწყვეტა ხელეწიფებოდათ.

კიდევ ერთხელ მივმართავთ ხელმძღვანელობას!!!
– ჯერ კიდევ არის იმის დრო, ყურად იღოთ დასაქმებულთა მოთხოვნების არსი და მოგვცეთ იმისი საშუალება, ჩვეულ რიტმში შევძლოთ ჩვენი საზოგადოების მომსახურება, რასაც დღემდე ღირსეულად და სიამაყით ვახორციელებთ.
– დააფასეთ ჩვენი შრომა და თქვენც დაფასდებით!!!

მეტროს თანამშრომელთა სახელით ყველა თანამოქალაქეს ბოდიშს გიხდით დისკომფორტისათვის და იმ მნიშვნელოვანი სიკეთის ვერ შესრულებისთვის, რასაც მიწისქვეშა ტრანსპორტით გადაადგილება ჰქვია. ასევე მადლობა მთელი ამ დროის მანძილზე გამოხატული მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის. ჩვენ თქვენი მხარდაჭერა ამ გადამწყვეტ მომენტში განსაკუთრებულად გვჭირდება. ჩვენ ერთად შევქმნით ჯანსაღ გარემოს მშრომელთა უფლებების დასაცავად, უკეთესი ქვეყნისა და უკეთესი ქალაქისათვის !!!

გთხოვთ მოიწონოთ გვერდი და თვალი ადევნოთ მეტროპოლიტენის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ყველაზე სანდო წყაროდან.

უღრმესი მადლობა ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის.

ერთობა 2013

Share on Facebook107Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Comments are closed.