თანასწორობის იდეა და თანამედროვე ქართული საზოგადოება

Share on Facebook28Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

„კომუნისტური სამყაროს დაცემის შემდეგ თითქოს ყველასათვის ნათელი იყო მიზანი, რომელიც განისაზღვრებოდა როგორც „დემოკრატია“, ან როგორც „დასავლეთი“, ხან კი როგორც ევროპა. ყველა ეს ცნება, მიუხედავად ნიუანსური განსხვავებებისა, აღნიშნავდა ერთს: სასურველ მდგომარეობას, კეთილდღეობისა და თავისუფლების სამყაროს, საზოგადოების ყველა წევრის მატერიალური და სულიერი განვითარების საჭირო პირობებით უზრუნველყოფას.

მაგრამ, არავინ იცოდა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო გზა და რა მექანიზმები უნდა ამოქმედებულიყო ხსენებული, თავადაც არა მკაფიო და ძლიერ უტოპისტურ(საბჭოთა) ტრადიციაზე დაყრდნობილი, მიზნის მისაღწევად. თუ ასეთი ეჭვები და კრიტიკული მოსაზრებები საკმაოდ იშვიათი იყო 90-იანი წლების დასაწყისში, დღეს მათ მძლავრი არგუმენტაცია შეიძინეს 15 წლიანი ისტორიული გამოცდილების შედეგად. 

წინამდებარე სტატიაში ყურადღება გამახვილებულია ერთ (მრავალთაგან) შეუსაბამობაზე, წინააღმდეგობაზე რომელიც დასახულ მიზანსა და მისი მიღწევის განხორციელებულ გზასა და მეთოდში მდგომარეობდა: მიზანი(ევროპა) რომელიც დასახული იყო შეიცავდა ძალიან ძლიერ სოციალ-დემოკრატიულ შემადგენელს ლიბერალურთან ერთად, ხოლო გზა რომელიც გამოიყენებოდა ამ მიზნის მისაღწევად ხშირად პრაქტიკულად მის ამ შემადგენელს უგულებელყოფდა რადიკალური ნეოლიბერალიზმის მეთოდების სრული დომინირების ფონზე.

თავისუფლებისა და თანასწორობის იდეების, ერთი მხრივ ურთიერთგანმაპირობებელი, ხოლო მეორე მხრივ ურთიერთწინააღმდეგობრივი მიმართება, რომელიც ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილს იკავებს მოდერნის პოლიტიკურ დისკურსში ბოლო ორი საუკუნის განმავლობაშჳ, სრულიად არაადექვატურად აღიქმება საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად წარმოქნილ სივრცეში. კერძოდ, თანასწორობის შემადგენელი ზემოთ ხსენებული თავისუფლება-თანასწორობის ერთიანი დისკურსისა, უკეთეს შემთხვევაში დაქვემდებარებულ ადგილს იკავებს, ხოლო, უმეტესწილად, პრაქტიკულად იგნორირებულია.

ამგვარი ვითარება, ალბათ, ძირითადად ორი მიზეზით არის განპირობებული:

1. გლობალიზაციის(მისი ყველა განზომილების გათვალისწინებით) ეპოქაში მოდერნის ტრადიციული ღირებულებები და “საკვანძო საკითხები” აშკარა ტრანსფორმაციას განიცდიან და შესაბამისად თანამედროვე პოლიტიკურ დისკურსში განსხვავებული კონფიგურაციით წარმოდგებიან. ნეოლიბერალიზმის დომინანტობის პირობებში თანასწორობის საკითხი “უმრავლესობის პრობლემიდან” სულ უფრო იქცევა “უმცირესობის პრობლემად”.  სუსტდება მისი მოდერნიზატორული და პროგრესისტული ასპექტი, რომელიც თანასწორობას ანიჭებდა ერთ-ერთ ცენტრალურ როლს მთლიანი საზოგადოების განვითარებაში, მოდერნიზაციასა და პროგრესში, და ნარჩუნდება მხოლოდ მისი ეთიკური, სოლიდარისტული სულისკვეთება. ცხადია, რომ მოდერნიზაციაზე ორიენტირებულ საზოგადოებაში ეს მნიშვნელოვნად ასუსტებს თანასწორობის ღირებულებას.

2. საბჭოთა იდეოლოგიაში ზემოთხსენებული ტრადიციული ევროპული თავისუფლება-თანასწორობის ერთიანი დისკურსისგან განსხვავებით, თანასწორობის იდეას წამყვანი ადგილი ეკავა თავისუფლების იდეის სრული იგნორირების ფონზე. საბჭოთა კავშირის დაცემასთან ერთად, საბჭოთა იდეოლოგიამ, პრაქტიკულად სრული დელეგიტიმაცია განიცადა და საპირისპიროდ შეიცვალა ღირებულებრივი იერარქიაც: წამყვანი ადგილი დაიკავა თავისუფლებამ თანასწორობის იგნორირების ფონზე.

ფუნდამენტურად განსხვავებულ საზოგადოებებში, როგორიცაა თანამედროვე ევროპული და პოსტ-საბჭოთა საზოგადოებები, ნეოლიბერალიზმის დომინანტურობა სრულიად განსხვავებულ შედეგებს მოგვცემს და უკვე იძლევა, რაც სპეციალური კვლევის გარეშეც თვალშისაცემია. ამდენად, თუ პოსტ-საბჭოთა საქართველოს საზოგადოებრივი განვითარების ორიენტირად თანამედროვე ევროპულ საზოგადოებრივ წესრიგს მივიჩნევთ, აუცილებელია ადექვატური წარმოდგენის შექმნა იმ “საკვანძო საყრდენებზე”, რომლებიც ამ საზოგადოების ფუნდამენტს ქმნიან და მათი ადგილის, რაგვარობისა და როლის გააზრება ჩვენს საზოგადოებაში.

ერთ-ერთი ასეთი “საკვანძო საყრდენი” თანასწორობის ღირებულებაა, რომლის მხოლოდ  ზოგიერთ მნიშვნელოვან ასპექტს ქვემოთ ძალიან ზოგადად შევეხებით .

მოქალაქეობა და თანასწორობის ორი ვერსია

თანასწორობის იდეა მჭიდროდ უკავშირდება მოქალაქეობას. 

მოქალაქეობრივი სტატუსის საკითხმა(თანდათან – XIX-XX) დაიკავა ცენტრალური ადგილი მოდერნის ეპოქის ევროპის საზოგადოების ცხოვრებაში და მისი მოპოვებისათვის(დამკვიდრებისათვის) ბრძოლა იქცა სოციალური პროცესის მთავარ შინაარსად.

მოდერნისათვის დამახასიათებელი მოქალაქეობრივი სტატუსი თავის თავში შეიცავს თანასწორობის იდეას: ყველა მოქალაქე (ადამიანი) თანასწორია მოქალაქეობრივი სტატუსის თვალსაზრისით. თანდათანობით, საკითხის აქტუალიზებასთან ერთად, იკვეთება მოქალაქეობრივი  თანასწორობის, ორი ვერსია, რომელთაგან პირველი პრიორიტეტულობს ანიჭებს მოქალაქეობის პოლიტიკურ ასპექტს, ხოლო მეორე – სოციალურს: 1. თანასწორობა უფლებების(და შესაძლებლობების) არსებობის თვალსაზრისით; და 2. თანასწორობა უფლებების (და შესაძლებლობების) რეალიზების თვალსაზრისით.

პირველი ვერსია უკავშირდება ლიბერალურ, ხოლო მეორე სოციალ– დემოკრატიულ(ან სოციალისტურ) იდეოლოგიურ და მსოფლმხედველობრივ პრინციპებს. მეორე ვერსიაზე ორიენტირებული რადიკალურ ვარიანტად შეიძლება მივიჩნიოთ საბჭოთა(უფრო ფართოდვ–კომუნისტური) სისტემა, ხოლო რაც შეეხება პირველს, მისი რადიკალური ვარიანტი ისტორიაში იშვიათად გვხვდება (ცალკეული, შედარებით მოკლე პერიოდები ევროპის ისტორიაში). ყველაზე უფრო ახლოს მასთან მდგომად შეიძლება ჩაითვალოს XIX ს–ის ამერიკული საზოგადოება.

XIX საუკუნის 70–იანი წლებიდან თანასწორობის მეორე ვერსიის მნიშვნელოვანი ელემენტების (შემადგენლების)დამკვიდრება იწყება თანდათანობით ევროპულ სინამდვილეში(ნაწილობრივ ამერიკულშიც), რომელიც სრულდება პირველი და მეორე ვერსიების კონსენსუალური ვარიანტით – სოციალური შეთანხმებით, რომლის გამოხატულებასაც წარმოადგენს საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო.

ტრადიციული ევროპული ვითარებისგან(სრულიად) განსხვავებული ვითარებაა პოსტსაბჭოთა სინამდვილეში თანასწორობის ორი ვერსიის თვალსაზრისით: ტრადიციულ ევროპულ შემთხვევაში პირველი ვერსია თუ მოითხოვს სახელმწიფოს მინიმიზირებას (მოქალაქეობრივი აქტივობის მრავალფეროვანი ფორმები სახელმწიფოს კონტროლისგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებენ), მეორე ვერსიაში სახელმწიფოს როლი წარმმართველია(კეინსიანიზმი, კეთილდღეობის სახელმწიფო, განათლება, ჯანდაცვა, სოც.დახმარება…); პოსტსაბჭოთა შემთხვევაში, პირიქით, პირველი ვერსიის ფუნქციონირება (მოქალაქეობრივი აქტივობის ფუნქციონირება) სახელმწიფოს კონტროლისგან თავისუფალი(დამოუკიდებელი) არ არის(არ არის უზრუნველყოფილი თანასწორობა მოქალაქეობრივი და პოლიტიკური უფლებების განხორციელებაში ყველასთვის: ზოგიერთ ფორმას, დაჯგუფებას სახელმწიფო ზღუდავს, ზოგს პრივილეგირებულ მდგომარეობაში იყენებს), ხოლო მეორე ვერსიაში სახელმწიფოს როლი არაჯეროვნად და არაეფექტურად ვლინდება.

მართალია სახელმწიფო ახორციელებს სოციალური დახმარების პროგრამებს(გარკვეული ზომით), მაგრამ მათი რეალური უაღრესი შეზღუდულობის გამო(თუმცა ეს პროგრამები სახელმწიფო ხარჯების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს, მაგრამ არა აქვს სათანადო ეფექტი, რადგან თავად ეს ხარჯებია მცირე), ისინი სამიზნე ეფექტს ვერ უზრუნველყოფენ. ამგვარი პროგრამები ნაწილობრივ უზრუნველყოფენ მათი მიმღები უღარიბესი ფენის სიცოცხლის შენარჩუნებას, მაგრამ მათ არ ძალუძთ ამ სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებისთვის იმ პირობების შექმნა, რომელიც მათ შესაძლებლობას მისცემდა ესარგებლათ მოქალაქეობრივი და პოლიტიკური უფლებებით რეალურ დონეზე. სხვა სიტყვებით, თანასწორობის მეორე ვერსიის არსებული მდგომარეობა(დონე) ხელს უშლის თანასწორობის პირველი ვერსიის რეალიზების შესაძლებლობას. ამგვარი ვითარება, შესაძლოა, განწირული იყოს მდგრადი, კონსოლიდირებული ფორმით ჩამოყალიბებისათვის. ერთის მხრივ, სოციალური მხარდაჭერის სიმცირე არ აძლევთ ამ ჯგუფებს(რეციპიენტებს) შესაძლებლობას გამოვიდნენ უკიდურესი სიდუხჭირიდან და შესაბამისად ისარგებლონ სრულფასოვნად მოქალაქეობრივი და პოლიტიკური უფლებებით; ხოლო, მეორეს მხრივ, სიცოცხლის შენარჩუნებისათვის აუცილებელი ელემენტარული პირობები, რომლებიც მათ ამ პროგრამების საშუალებით ექმნებათ, ადუნებს მათი სოციალური აქტივობის(მოქმედების) მოტივაციას – ხდის მათ პასიურს მოქალაქეობრივი პოლიტიკური უფლებებისთვის ბრძოლაში. საბჭოთა სისტემის გამოცდილება უზრუნველყოფს სპეციფიკური ჩვევების დამკვიდრებას, რომლებიც ხელს უწყობენ მოქალაქის პასიური მოდელის ფორმირებას, განსხვავებით ევროპული აქტიური მოდელისგან.

მოქალაქეობრივი პოლიტიკური უფლებები, რომლებიც ადამიანებმა მიიღეს  პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, კერძოდ, საქართველოში, სსრკ–ის დანგრევის შემდეგ  მათ ბრძოლით კი არ მოიპოვეს, არამედ ებოძათ. პირველ რიგში ეს ეხება უფლებას ხელისუფლების ფორმირებაში  მონაწილეობისა. სინამდვილეში, პოსტ-საბჭოთა სივრცეში პირველი სერიოზული რეალიზება მოქალაქეობის პოლიტიკური ასპექტისა განხორციელდა სწორედ ხელისუფლების ფორმირების ახალი წესის – დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისას.  შეიძლება ითქვას, რომ პირველი მოქალაქეობრივი აქტიობა პოსტსაბჭოთა ადამიანების დიდი უმრავლესობისთვის ეს იყო არჩევნებში მონაწილეობა. ამისგან განსხვავებით, ტრადიციულ ევროპულ დემოკრატიულ ქვეყნებში მოქალაქეობრივი სტატუსის(და მისი თანასწორობის შემადგენლის) რეალიზება ხდება ჯერ საზოგადოებრივი ცხოვრების არა წმინდა პოლიტიკურ – სამართლებრივ და ეკონომიკურ ურთიერთობათა სფეროში – და მხოლოდ შემდეგ განივრცობა პოლიტიკურ ველში. ეს ისტორიული გზა მოქალაქების ფენომენის განვითარების არა მხოლოდ მიმდევრობას(დროით განზომილებას), არამედ ლოგიკურ შინაარსსაც შეესაბამება. მაგრამ, თუ მე არა მაქვს საზოგადოებრივი არჩევანები და რაც მთავარია, მე არ ვიბრძვი ამ არჩევანების რეალიზებისათვის(ან: არ ვმონაწილეობ არჩევანების რეალიზებაში  საზოგადოებრივი ცხოვრების პროცესში, მთლიანად სოციალურ პროცესში – არ ვფლობ მექანიზმებს ამ არჩევანების ფორმირებისა და რეალიზებისა) მაშინ ჩემი „მონაწილეობის უფლება“ ხელისუფლების ფორმირებაში ტრადიციული(ევროპული) გაგებით მოქალაქეობრივი უფლების შინაარსს თუ მთლიანად არ კარგავს, მნიშვნელოვნად ზღუდავს.

მოქალაქეობრივი უფლებები და სამოქალაქო საზოგადოება

მოქალაქეობრივი უფლებების რეალურად დამკვიდრებისა და მათი ფუნქციონირებისათვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა დაა ინსტიტუტების არსებობა და მათი ავტონომიურობა. საბჭოთა მემკვიდრეობის ფონზე წარმართული ახალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების ფორმირების პროცესმა პოსტსაბჭოთა საქართველოში სპეციფიური, ტრადიციული ევროპულისგან განსხვავებული ფორმები წარმოქმნა. ტრადიციული ევროპული სამოქალაქო საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ყველაზე უფრო მასობრივი ორგანიზაციები(როგორიცაა, მაგალითად პროფკავშირები, საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებები, ეკლესია, პროფესიული და შემოქმედებითი გაერთიანებები და სხვა) საბჭოთა კავშირში გარკვეული ფორმით არსებობდა. ესე იგი, პრინციპი ერთიანი ინტერესების მქონე ადამიანთა ჯგუფების თანამშრომლობისა და გაერთიანებისა რეალიზებული იყო. მაგრამ ეს ორგანიზაციები არ იქმნებოდა არც ამ ადამიანთა თავისუფალი ნების საფუძველზე(ქვემოდან Grassroots, Bottom-up) – და არც ავტონომია გააჩნდათ (თუმცა მცირე დოზით შიდა ავტონომია არსებობდა), მათ ქმნიდა ზემოდან (Top-Down) და აკონტროლებდა სახელმწიფო.

თუ საქმეს მარტივად წარმოვიდგენთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ, სახელმწიფოს კონტროლის მოხსნის შემთხვევაში ამ ორგანიზაციებს უნდა დაეწყოთ ფუნქციონირება ისეთივე წესით როგორც ეს ხდება ტრადიციულ(ევროპულ) სამოქალაქო  საზოგადოებებში. მაგრამ ეს ასე არ მოხდა. სხვა მიზეზებთან ერთად ამას მათი ინსტიტუციონალური ჩამოყალიბების გამოცდილებაც განაპირობებდა. ამდენად ამ მასობრივმა ორგანიზაციებმა ვერ მოახერხეს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან ინსტიტუტებად ქცეულიყვნენ, მეტიც მათი ის ფუნქციებიც შემცირდა, რომელსაც ისინი საბჭოთა სინამდვილეში ასრულებდნენ.

პოსტსაბჭოთა სინამდვილეში დაიწყო ახალი ტიპის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების – ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების ჩამოყალიბება, რომელნიც გარკვეული აზრით უფრო მეტ მსგავსებას ამჟღავნებდნენ ტრადიციულ ევროპულ ინსტიტუტებთან – ჩამოყალიბების წესითაც(ყალიბდებოდნენ თავისუფალი ნების საფუძველზე) და სახელმწიფოსთან მიმართებითაც(არ კონტროლდებოდნენ სახელმწიფოს მიერ). ისინი იყვნენ ყველაზე აქტიური მებრძოლები მოქალაქეობრივი უფლებების დამკვიდრების საქმეში, მაგრამ მათ ჰქონდათ მნიშვნელოვანი განსხვავებაც ევროპული ტრადიციული ანალოგებისგან: არამასობრიობა და აქტივობის ფინანსირების წყარო საზოგადოების გარე აქტორებისგან(ძირითადად უცხოური ფონდები).

ხსენებული პარამეტრების დეფიციტმა არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარების ტენდენციები მნიშვნელოვნად განაპირობა:

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების განვითარებისა და მდგრადობისათვის აუცილებელია მათი აქტივობის შედეგად საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ ცხოვრებაზე ზემოქმედება და ხილული ეფექტების შექმნა, რამაც უნდა განაპირობოს მასობრივი მონაწილეობა და მეტ–ნაკლებად მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მხარდაჭერა, და შესაბამისად მათდამი ფართო საზოგადოების ნდობის გაჩენა და შენარჩუნება. პოსტსაბჭოთა ვითარებაში როგორც ზემოთ აღინიშნა საბჭოთა ტრადიციული მასობრივი საზოგადოებრივი ინსტიტუტები სინამდვილეში დასუსტდნენ, ხოლო ახლად შექმნილმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ვერ შეძლეს მასობრიობისა და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ნდობის მოპოვება(რაც ტრადიციულ ევროპულ მოდელს შეესაბამება – სადაც სამოქალაქო საზოგადოების მთავარი და ძირითადი აქტორები მასობრივი ორგანიზაციებია). მეტიც, თუ ერთმა ნაწილმა არასამთავრობო ორგანიზაციებისა პრაქტიკულად შეწყვიტა არსებობა, ან დაიკავა პროფესიულ–ექსპერტული საქმიანობის ნიშა, მეორე – შედარებით წარმატებულმა ნაწილმა პოლიტიზაცია განიცადა, შეერია პოლიტიკურ ჯგუფებსა და ინსტიტუტებს და დაკარგა აუცილებელი თვისება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა – ავტონომიურობა. შედეგად მივიღეთ ვითარება, რომელიც ერთგვარ ჩიხს ქმნის სამოქალაქო საზოგადოების განვითარების შემდგომ გზაზე.

ტოტალიტარიზმის პირობებში არსებული საზოგადოება ხასიათდება როგორც უსტრუქტურო(არასტრუქტურიზირებული) მასობრივი საზოგადოება – მასა არის ინდივიდუალიზებული და ატომიზებული. პოსტსაბჭოთა საქართველოს საზოგადოება ძალიან გავდა ასეთ საზოგადოებას, თუმცა 70-იანი და 80–იანი წლების პოსტ-ტოტალიტარიზმმა გააჩინა შეიძლება არა მკაფიო, მაგრამ მაინც გარკვეული სოციალური იდენტობები(ელიტა, ინტელიგენცია), მთლიანობაში საზოგადოება იყო ეგალიტარული, მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა შემოსავლებისა და სოციალური სტატუსის თვალსაზრისით საშუალო კლასის(ფენის) პარამეტრებს შეესაბამებოდა. ამ კლასის წარმომადგენლები სრულიად მოკლებულნი იყვნენ მოქალაქეობრივ და პოლიტიკურ უფლებებს, მაგრამ ისინი თანასწორნი იყვნენ უუფლებობაში. ამავე დროს, ეს თანასწორობა არ ითვალისწინებდა ჰორიზონტალურ სოლიდარობას და თანამშრომლობას, რაც შედეგია ინდივიდთა ავტონომიური ქმედებებისა, რომელიც მოქალაქეობრივი უფლებების დამკვიდრებისადმი მისწრაფებას იწვევს. საშუალო კლასის თანასწორობა, იყო თანასწორობა, რომელსაც ქვეშევრდომთათვის უზრუნველყოფდა სუვერენი – მათგან დამოუკიდებელი სახელმწიფო!

ქვეშევრდომული ცნობიერება განსხვავდება მოქალაქეობრივი ცნობიერებისგან: პირველი მომლოდინეა, მეორე კი მოქმედი. ამდენად, სოციალური უფლებების დამკვიდრებისთვის არამოქალაქეობრივი ცნობიერების ადამიანები აქტიურად კი არ მოქმედებენ, არამედ მოელიან, რომ ეს პრობლემა სახელმწიფოს მიერ, ზევიდან იქნება გადაწყვეტილი. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოლოდინი არ მართლდება, არამოქალაქეობრივი(ქვეშევრდომული) ცნობიერება მის(მოლოდინის) ალტერნატივად არ წარმოიდგენს სამოქალაქო საზოგადოებისთვის ჩვეულ ჰორიზონტალური თანამშრომლობისა და სოლიდარობის მიმართულების მოქმედებას, რომელიც პრობლემის გარკვეული ნაწილის მოგვარებას ზოგჯერ სახელმწიფოს გარეშე, ავტონომიური ფუნქციონირების ფარგლებში გულისხმობს, ხოლო სახელმწიფო პოლიტიკის სათანადო ცვლილებას საზოგადოებაში პრობლემაზე ფართო კონსენსუსის ფორმირების შედეგად მთავრობაზე გავლენის მეშვეობით უზრუნველყოფს. ქვეშევრდომული ცნობიერებაც(განსაკუთრებით პრობლემის გამწვავების ვითარებაში) შეიძლება იყოს განწყობილი მოქმედებისკენ, მაგრამ ეს მოქმედება მიმართულია არა საკუთარი მოლოდინის პატერნის შეცვლისაკენ, არამედ ამ(მოლოდინის) პატერნის შენარჩუნების პირობებში მთავრობის(მმართველების) – ვისგანაც მოელიან პრობლემის გადაწყვეტას – შეცვლისკენ. ერთგვარი პარადოქსია, რომ ამგვარი ცნობიერების ჯგუფები მზად არიან მიიღონ მონაწილეობა რევოლუციებში, გაწიონ ბევრად უფრო მაღალი რისკები, ვიდრე ამას მოითხოვდა მოქალაქეობრივი აქტივობა.

უმრავლესობის კლასი” ევროპულად და ქართულად

XX საუკუნის 60–იანი წლებისთვის სოციალური ცვლილებების ისტორიულმა ძალამ ევროპაში დაკარგა თავისი მამოძრავებელი ენერგია, რადგანაც პრინციპი, რომლის დამკვიდრებასაც იგი ესწრაფოდა თითქმის საყოველთაოდ გაბატონდა. შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად დამკვიდრდა თანასწორობის პირველი და მეორე ვერსიების სინთეზი.

ძველი, ადრინდელი კლასობრივი იდენტურობა, კუთვნილება გადავიდა უკანა პლანზე – შეიქმნა ახალი სოლიდარული ერთობა, რომელიც მოიცავს საზოგადოების უდიდეს უმრავლესობას (2/3–ს, 4/5–ს, ან კიდევუფრო მეტს). ამ ერთობის შიგნით არის განსხვავები(მათ შორის მატერიალური მდგომარეობის თვალსაზრისით), მაგრამ დამკვიდრებულია აგრეთვე ფუნდამენტური თანასწორობა ხელმისაწვდომობისა. ეს არის მოქალაქეთა კლასი, იმავდროულად, უმრავლესობის კლასი და ისინი ვინც მას მიეკუთვნებიან იმედოვნებენ(არა უსაფუძვლოდ) განახორციელონ თავისი მისწრაფებები(ცხოვრებისეული) არსებული ინსტიტუტების (ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური) პრინციპული და რადიკალური შეცვლისგარეშე. ამავდროულად ეს ერთობა – “უმრავლესობის კლასი” შეიძლება განისაზღვროს აგრეთვე, როგორც ერთობა “მოგებულებისა”(ან როგორც მინიმუმ, “არაწაგებულებისა”, ანუ ერთობა იმათი, ვისაც აქვს რეალური შანსი გახდეს “მოგებული”). საპირისპიროდ, “უმცირესობის კლასში” გაერთიანდებიან აუტსაიდერები, მარგინალური ჯგუფები, ვინც არსებული საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნების პირობებში “წაგებულებს” მიეკუთვნება (ანუ, ვისაც პრაქტიკულად არა აქვს რეალური შანსი გახდეს “მოგებული”).

დღეისათვის, 80–იანი წლების ნეოლიბერალიზმისა და გლობალიზაციის პირობებში, საზოგადოების ეს მოდელი გამოწვევის წინაშე დგას, მაგრამ ჯერ–ჯერობით მდგრადობის ინარჩუნებას. იგი დასუსტდება და პრინციპულ ცვლილებას განიცდის, თუ ტრანსფორმირდება ფუნდამენტური პრინციპის შენარჩუნებით – ჯერჯერობით ღია ალტერნატივაა. საპირისპიროა ვითარება პოსტსაბჭოთა სინამდვილეში: მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა შეიძლება მივაკუთვნოთ  “წაგებულების” ჯგუფს, და მხოლოდ ვიწრო უმცირესობა – “მოგებულებისას”(ანუ“უმრავლეოსბის კლასი” ქართულად – ეს არის “წაგებულთა, აუტსაიდერთა ერთობა, ხოლო “უმცირესობის კლასი” – “მოგებულთა”, წარმატებულთა). “წაგებულები” _ “დაბალი კლასი”, რომელიც უმრავლესობას წარმოადგენს პოსტსაბჭოთა საქართველოში ატარებს ბევრ ისეთ ნიშან-თვისებას, რომელიც ახასიათებდა ე.წ. “ლუმპენ-პროლეტარიატს” და, რომელიც შეიძლება დღეს ახასიათებდეს განვითარებული ევროპის საზოგადოების მარგინალური და აუტსაიდერული უმცირესობების ჯგუფებს. იგი გაუცხოებულია საზოგადოებრივი ცხოვრებისაგან, პოპულისტურია, დეზინტეგრირებული და ატომიზირებულია, მისი წევრები ცალ-ცალკე ცდილობენ გადაწყვიტონ საკუთარი პრობლემები. გადაწყვეტის ძირითადი გზებია ადაპტაცია-შეგუება, ან კონფორმიზმი, კორუფცია, კლიენტელიზმი თუ სხვა არაფორმალური მექანიზმები (უპირატესად არა ლეგალური).

ზოგადად, გარდამავალ პერიოდებში, როდესაც სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური სტრუქტურები და კულტურულ-ღირებულებრივი სისტემები განიცდიან მნიშვნელოვან ცვლილებებს, იზრდება განუსაზღვრელობის ტენდენცია, რაც თავისთავად იწვევს არაფორმალური ინსტიტუტების დომინირებას ფორმალურებზე არაფორმალური წესების დამკვიდრებას პოსტსაბჭოთა სინამდვილეში, მათ შორის საქართველოში ადგილი ჰქონდა, როგორც ეკონომიკის, ასევე პოლიტიკის სფეროში. არაფორმალური ინსტიტუტების დომინირება საზოგადოებაში ხელს უწყობს უნდობლობის ზრდას, როგორც კანონების, ასევე სხვა ლეგალური ინსტიტუტებისადმი(წესებისა და ორგანიზაციებისადმი) და აძლიერებს ტენდენციას ე.წ. “ანომიის” (უკანონობა წესების არ არსებობა, წესები არ ფუნქციონირებს) დამკვიდრებისა. ამ ცნებით დურკჰეიმი აღწერდა ვითარებას, როდესაც სოციალური ნორმები წყვეტენ მოქმედებას პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისების შედეგად. ამავდროულად, წესრიგის არ არსებობა, ვითარების და შესაბამისად მომავლის, შედეგების განუსაზღვრელობის უაღრესად მაღალი დონე იწვევს ამგვარ საზოგადოებაში(კერძოდ იმ ჯგუფებში, სადაც ვითარება კრიტიკულია) გაჩენას განწყობებისა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ჰიპერტროფული მნიშვნელობის მინიჭება წესრიგისათვის ნებისმიერი ფორმით. ეს კი ქმნის უაღრესად ნაყოფიერ ნიადაგს ავტორიტარული და პოპულისტური რეჟიმების დამკვიდრებისათვის, რომლებიც ცხადია პრაქტიკულად არ ცვლიან არსებითად უკეთესობისკენ ამ გაუცხოებული “დაბალი უმრავლესობის” მოქალაქეობრივი უფლებების რეალიზებისათვის აუცილებელ და საჭირო პირობებს.

პოსტსაბჭოთა “უმრავლესობის კლასის”-“წაგებულების კლასის” მთავარი ფუნდამენტია უმუშევრობა. თუ ევროპულ კლასებს განსაზღვრავდა მათი ჩართულობის წესი(ფორმა) ეკონომიკურ(და საზოგადოებრივ) ცხოვრებაში, პოსტსაბჭოთა “უმრავლესობის კლასის” მთავარი განმსაზღვრელია მისი ჩაურთველობა ეკონომიკაში და უფრო ფართოდ, საზოგადოებრივ ცხოვრებაში. უმუშევრობა საფუძველს აცლის ადამიანის თვითპატივისცემას, ანგრევს მისი ცხოვრების წესრიგს(საბჭოთა დროს უმუშევრობა თითქმის არ არსებობდა) და ხდის მას დამოკიდებულს ჩვეულებრივ სახელმწიფოზე(სახელმწიფო მხარდაჭერაზე). უმუშვრობა თიშავს ადამიანს საზოგადოებრივი ცხოვრებიდან, ფაქტიურად მიჯნავს (განაგდებს მას) მოქალაქეთა ერთობიდან, და შესაბამისად აყენებს მოქალაქეობრივი უფლებების საკითხს ტრადიციული ევროპულისგან განსხვავებული რაკურსით(შესაბამისად გადაწყვეტის ფორმებიც სხვანაირი შეიძლება იყოს). XXს-ის 80-იანი წლებიდან ეჭვის ქვეშ დგება(პრაქტიკულად უარყოფილია) მოსაზრება, რომ დასაქმების ზრდა(უმუშევრობის შემცირება) ხელს უწყობს(უცილობლად) ეკონომიკურ ზრდას, რაც ჭეშმარიტებად მიიჩნეოდა კეინსიანისტური პოლიტიკისა და შეხედულებებისათვის. ვიწრო მონეტარული თვალსაზრისით უმუშევრობა შეიძლება უფრო იაფი ჯდებოდეს, ვიდრე სრული დასაქმება.

თუმცა უფლებებით(მოქალაქეობრივი და პოლიტიკური, მათ შორის) სარგებლობის, მათი მისაწვდომობის საკითხი, პირდაპირ და უშუალოდ არ უკავშირდება უმუშევრობის პრობლემას, მაგრამ უზრუნველყოფა, რომელიც საჭიროა ამ მისაწვდომობისათვის, დღევანდელ პირობებში პრაქტიკულად უკიდურესად ზღუდავს უმუშევრებს(აქ იგულისხმება არა მხოლოდ შესაბამისი მატერიალური რესურსები, არამედ სამოქალაქო რესურსები ორგანიზაციებში მონაწილეობა; მაგ. პროფკავშირები, რაიმეგვარი ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და სხვ.). შეზღუდული რესურსების(მეტიც მათი ზრდის შეზღუდულობის) პირობებში, მოგებულები, გაბატონებული ჯგუფი, შესაძლოა დაინტერესებული იყოს არა მხოლოდ ექსკლუზიურობის შენარჩუნებაში მათი(რესურსების) განაწილება-გაყოფის თავიდან აცილების მიზნით, არამედ მთლიანად ჯგუფის შემცირებით, მისი წევრების ნაწილის ჯგუფის გარეთ გაყვანით. თანამედროვე საქართველოს პოლიტიკურ კლასში(კერძოდ მმართველ ჯგუფში) ამგვარი ტენდენცია აშკარად შეინიშნება ექსკლუზიურობის ზრდა, ინკლუზიურობის უკიდურესი შეზღუდვა და მცდელობები ექსკლუზიურ ჯგუფში ძალაუფლების კონცენტრაციის, ცენტრალიზაციისა და მონოპოლიზაციის მიმართულებით. თუ გავითვალისწინებთ თანამედროვე საქართველოში პოლიტიკური ბერკეტების დომინანტურ როლს ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ცხადია, რომ იგივე ტენდენცია მნიშვნელოვანწილად ხსენებული სფეროებისთვისაც იქნება დამახასიათებელი. რადგან თავისთავად პოლიტიკურის დომინირება ეკონომიკურ და საზოგადოებრივ სფეროში უაღრესად ზღუდავს ტრადიციული ევროპული სამოქალაქო საზოგადოებისათვის დამახასიათებელი ავტონომიური ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების ჩამოყალიბებასა და განვითარებას, შესაბამისად სუსტდება ქართული უმრავლესობის კლასის სოციალური გააქტიურების(შემდგომში ამ აქტიურობის პოლიტიკურ ველში ტრანსლირების ჩათვლით) ორგანიზაციული საფუძვლები.

ყველა გაბატონებული კლასი ისტორიულად იცავდა საკუთარ ინტერესებს(სხვა კლასებისგან, ან მათ წინააღმდეგ). ასეთივე ლოგიკა განაპირობებს 60-70-იან წლებში განვითარებულ ევროპაში ჩამოყალიბებული “უმრავლესობის კლასის” ქცევას, რომელიც გარკვეულ ანტაგონიზმში უმცირესობასთან(ან უმცირესობის ჯგუფებთან). მაგრამ დამკვიდრებული მოქალაქეობრივი უფლებები და დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა, უმრავლესობას აქცევს ამ კლასის წევრად. რაც შეეხება პოსტსაბჭოთა მმართველ კლასს, იგი პრინციპულად განსხვავდება ტრადიციული ევროპული სოციალ-ეკონომიკურ საფუძველზე ფორმირებული კლასებისგან. პოსტსაბჭოთა მმართველი კლასის ფორმირების საფუძვლები ძევს არა სოციო-ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ ველში(სფეროში). ამ თვალსაზრისით იგი გარკვეულად აგრძელებს საბჭოთა მმართველი კლასის ტრადიციას, თუმცა მნიშვნელოვნად განსხვავდება ეკონომიკური რესურსების ფლობის თვალსაზრისით. მაგრამ, რამდენადაც პოლიტიკა დომინირებს ეკონომიკაზე, პოლიტიკური ცვლილებები ეკონომიკური რესურსების გადანაწილებასაც შესაძლოა მოასწავებდეს. ეს შესაძლოა განხორციელდეს როგორც მმართველი კლასის რევოლუციური ცვლილების პირობებში, ასევე მთლიანობაში მმართველი ჯგუფის შენარჩუნებისას მისი ცალკეული წევრებისა თუ ჯგუფების ამ კლასიდან განთესვის (განდევნის) შემთხვევაში.

ერთი შეხედვით, ეს შესაძლოა აღქმული იქნას ანალოგიად შესაბამისი ტრადიციული ევროპული ვითარებისა, რომელიც დამახასიათებელი იყო XIX და XXს-ის პირველი ნახევრისათვის, ვიდრე რეალიზდებოდა თანასწორობის ორი ვერსიის სინთეზი და შეიქმნებოდა “უმრავლესობის კლასი”: “მოგებულების უმცირესობის კლასი” მართავს “წაგებულების უმრავლესობის კლასთან” კონფრონტაციის პირობებში. შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ევროპული ანალოგიის მსგავსად უმრავლესობისა და უმცირესობის კლასების სარკისებული ცვლილება პოსტ-საბჭოთა საქართველოში განხორციელდება მომავალში, მაგრამ ეს ვულგარული და ზედაპირული ისტორიულ-შედარებითი ანალოგიაა თანამედროვე გლობალიზაციის პროცესების ფონზე სრულიად უსაფუძვლოდ გამოიყურება.

დღევანდელ ვითარებაში, მხოლოდ ევროპული ტიპის დიდი “უმრავლესობის კლასი” იძლევა შესაძლებლობას ქვეყნის განვითარებისა. თუ დიდი ნაწილი მოსახლოებისა იქნება “მარგინალური კლასი”(აუტსეიდარული უმრავლესობა), მოწყვეტილი საზოგადოებრივ ცხოვრებას, ელემენტარულად შემცირდება რესურსები(ადამიანური – რაოდენობრივად, და ინტელექტუალური – ხარისხობრივად) კრეატიული მოქმედებისა – არსებულის შემოქმედებითი განვითარებისა. თავისთავად, თანდათანობით კიდევ უფრო გაიზრდება “უფსკრული”, გაუცხოება ვიწრო, მცირერიცხოვან ელიტურ ჯგუფებსა და ფართო, მრავალრიცხოვან აუტსაიდერულ კლასს შორის, რაც სპობს შესაძლებლობას მათი თანამშრომლობისა, სოციალური კავშირების და ურთიერთქმედების ინტენსივობისა.

შედეგად შეიძლება მიღებულ იქნას პოპულისტური ავტორიტარიზმი, ორიენტირით “რჩეულთა მმართველობაზე” (ექსპერტული მმართველობა, მერიტოკრატია), მაგრამ ეს “რჩეულები” რომც უნდოდეთ, თანდათან უფრო ძნელად წამოიყვანენ აუტსაიდერებს თანამშრომლობაზე, ამ უკანასკნელთა გაუცხოებისა და კრეატიული პოტენციალის თითქმის გაქრობის გამო.

 საზოგადოების კვლევის ცენტრი

Share on Facebook28Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*