თანამედროვე ინდუსტრიული პოლიტიკა – სწრაფი და მდგრადი განვითარებისთვის

davitგამოიწერეთ European.ge-ს Facebook გვერდი.

ხედვა სტრატეგიისთვის

ავტორი: დავით ადეიშვილი

ეკონომიკის დოქტორი.

© European.ge

სწრაფი განვითარება, როგორც კეთილდღეობის წინაპირობა, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული სახელისუფლებო ძალის უმთავრესი საპროგრამო ლოზუნგია.

რა გამოწვევების წინაშე დგას მთავრობა და როგორი უნდა იყოს ძალისხმევა დასახული მიზნის მისაღწევად

ჩვენ ამ კომპლექსური ამოცანის ყველაზე მთავარ ასპექტს – ეკონომიკურ ასპექტს –  შევეხებით.

რას ნიშნავს «სწრაფი განვითარება»

პირველ რიგში ეკონომიკურ ზრდას, რაც  განვითარებისთვის აუცილებელი, თუმცა არასაკმარისი პირობაა.

დახლოებით ერთი წლის წინ  ნიუ-იორკში, გაეროს ეგიდით მოწყობილ სამიტზე  მთავრობების მეთაურები (მათ შორის – საქართველოს პრემიერმინისტრი) შეთანხმდნენ მსოფლიოს მდგრადი განვითარების მიზნებზე, რომელთა ჩამოყალიბება მრავალი წლის და მრავალი საერთაშორისო ინსტიტუტის შრომის შედეგია.

თუ ზემაღნიშნული დოკუმენტით ვიხელმძღვანელებთ, განვითარებადი ქვეყნის მშპ ზრდის სასურველ ტემპად არანაკლებ 7 %-ია მიჩნეული, რაც ორჯერ აღემატება საქართველოს მშპ ზრდის დღევადელ ტემპებს.

როგორ უნდა მივაღწიოთ ასეთ ეკონომიკურ ზრდას

დღეს საყოველთაო (რადიკალი ნეოლიბერალების გამოკლებით), თანხმობაა იმ  საკითხში, რომ სწრაფი ეკონომიკური აღმავლობა მხოლოდ ინდუსტრიის განვითარებით არის შესაძლებელი, რომლის განხორციელება ისტორიულად ხდებოდა და დღესაც ხდება შესაბამისი, თანამედროვე ინდუსტრიული პოლიტიკით (მოდერნული მრეწველობის, ინდუსტრიის როლისა და შესაბამისი პოლიტიკის გატარების შესაძლებლობებზე იხ. ჩვენი სტატია «ინოვაციური მრეწველობა-მდგრადი განვითარების ლოკომოტივი», გაზ. «ბანკები და ფინანსები», 10.06.2014.).

ამიტომაც, მდგრადი განვითარების 17-დან მე-9-ე მიზანი ასეა ფორმულირებული-გამძლე ინფრასტრუქტურის აშენება, ინკლუზიური და მდგრადი ინდუსტრიალიზაციის ხელშეწყობა და ინოვაციის დაჩქარება.

ქვეყნებმა (მათ შორის – საქართველომაც) განსაზღვრეს ამ მიზნის მიღწევის შესაბამისი ინდიკატორები 2030 წლისათვის, თუმცა მათი მიღწევის გზები: სტრატეგია და პოლიტიკები განსხვავებული იქნება.

რატომ ინდუსტრია

ზოგადად, როგორც ინდივიდისათვის, ისე ქვეყნისათვის მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს იმას, თუ როგორ შრომას ეწევი და რა პროდუქტს ქმნი. როგორც ერიკ რეინერტი (ავტორი ბესტსელერისა «როგორ გამდიდრდნენ მდიდარი ქვეყნები და რატომ რჩებიან ღარიბი ქვეყნები ღარიბებად») ხატოვნად შენიშნავს: «მშობლები შვილებს ურჩევენ არა ჭურჭლის რეცხვის, არამედ უნივერსიტეტში სწავლას.»

განვითარებადი ქვეყნებისათვის დამამუშავებელი მრეწველობა-ინდუსტრია არის ყველაზე უფრო პროდუქტიული სფერო დაბალპროდუქტიულ სოფლის მეურნეობასთან, სამთომომპოვებელ რეწვასა და მარტივ სერვისებთან შედარებით. დადგენილია პოზიტიური დამოკიდებულება ეკონომიკის ზრდასა და ინდუსტრიის  წილის ზრდაში მთლიან შიდა პროდუქტში. მაგალითად, დსთ-ში დამამუშავებელ მრეწველობაში შექმნილი დამატებული ღირებულების (MVA) 1%-ით ზრდა ეთანადებოდა მშპ-ის 3%-ით ზრდას ერთ სულზე (UNIDO). დამამუშავებელ მრეწველობაში შექმნილი ფორმალური სამუშაო ადგილები ქმნიან არაფორმალურ და სერვისებთან დაკავშირებულ სამუშაო ადგილებს. სიღატაკესა და 1 სულზე წარმოებულ  MVA-ს შორის უარყოფითი კორელაციაა. ადამიანური განვითარების ინდექსსა (HDI) და ერთ სულზე წარმოებულ MVA შორის აშკარად დადებითი კორელაციაა.  ინდუსტრიალიზაცია ავითარებს მეცნიერების, კვლევების და განათლების სფეროებს და ა.შ. არსებობს თუ არა წარმატებული ინდუსტრიული პოლიტიკის მაგალითები

არა თუ მაგალითები არსებობს, როგორც მრავალი მკვლევარი (ისტორიკოსი) ასაბუთებს, სწორედ ასეთი ასეთი პოლიტიკა განაპირობებდა ქვეყნების სწრაფ განვითარებას. განვითარებული ქვეყნების გამოცდილებაზე რომ არ ვილაპარაკოთ, რომლებიც ახლა პოსტინდუსტრიული და ციფრული ინდუსტრიების გავითარების სტადიაზე იმყოფებიან, გამოცდილების გაზიარება შეიძლება და საჭიროცაა ისეთი განვითარებადი ქვეყნებიდან როგორებიც არიან სამხრეთ კორეა, ტაივანი, სინგაპური, მალაიზია (ე.წ. აღმოსავლეთ აზიის სასწაული»). წარმატებული «ქეისები» მრავლადაა ისეთ ქვეყნებში როგორებიც არიან ჩილე, ბრაზილია, გაერთიანებული არაბთა ემირატები, სლოვენია, ესტონეთი, უზბეკეთი და ა. შ. აღნიშნულმა ქვეყნებმა წარმატებას მიაღწიეს როგორც ცალკეული სექტორების, ისე მთლიანად ეკონომიკების სწრაფ განვითარებაში.

industrial-politicsროგორია თანამედროვე, ახალი ინდუსტრიული პოლიტიკა

ნეოლიბერალური მეინსტრიმის (ვაშინგტონის კონსესუსი) და 2008 წლის კრიზისის შემდეგ ინდუსტრიული პოლიტიკა ისევ ხდება პოლიტიკური დღის  წესრიგის წამყვანი თემა.

არ არსებობს საყოველთაო შეთანხმება იმაზე თუ რა  არის ინდუსტრიული პოლიტიკა. თუმცა, როგორც ამ მიმართულების  განთქმული ეკონომისტი  დენი როდრიკი ამბობს, – «მე ვიხმარ ამ ტერმინს, რათა განვმარტო პოლიტიკები, რომლებიც ასტიმულირებენ სპეციფიკურ ეკონომიკურ აქტივობებს და ხელს უწყობენ  სტრუქტურულ ცვლილებებს».

დღეს  საკითხი მდგომარეობს არა იმაში, გატარდეს  თუ არა ინდუსტრიული პოლიტიკა, არამედ იმაში თუ როგორი ინდუსტრიული პოლიტიკა განხორციელდეს- მოდერნული თუ პოსტმოდერნული, ვიწრო  თუ  გაფართოებული, თუ  მათი კომბინაცია და ა.შ. (Meyer-Stamer, 2009).

თანამედროვე ინდუსტრიული პოლიტიკა მოითხოვს უმაღლეს კვალიფიკაციას და უახლესი ინსტრუმენტების გამოყენებას. ინდუსტრიული პოლიტიკა, თანამედროვე გაგებით, ჰოლისტიკური ტერმინია. ის ხასიათდება სხვადასხვა სფეროს, სამიზნე ჯგუფის და მოთამაშის კომბინაციით. ახალი ინდუსტრიული პოლიტიკა აღარ შემოიფარგლება მხოლოდ წარმოების სექტორით, არამედ ფარავს სერვისებსაც, პოლიტიკების სხვადასხვა სფეროს აქვს ასევე ინდუსტრიული პოლიტიკის მანდატი.

გლობალიზაცია ცვლის ინდუსტრიული პოლიტიკის წესებს. არსებობს გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვი (ვალუე ცჰაინს), მეტი მობილურობა და კონკურენტულობა ამომავალი ქვეყნებიდან (emerging countries). სახელმწიფო კონტროლი (ინტერვენცია) უნდა გაუმჯობესდეს უკეთესი კოორდინაციით. უნდა გაუმჯობესდეს სახელმწიფო ინტიტუციების კომპეტენცია ინდუსტრიულ  პოლიტიკაში. ახალი ინდუსტრიული პოლიტიკა გულისხმობს სტრატეგიულ თანამშრომლობას მთავრობასა და კერძო სექტორს შორის, რათა გამოიკვეთოს რესტრუქტურიზებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელშემშლელი ფაქტორები და ინტერვენციების ტიპები მათ გადასალახად.

ტრადიციული ინდუსტრიული პოლიტიკა მიზანმიმართულად იყენებდა მართვისა და კონტროლის ისეთ «ზუსტ» საშუალებებს, როგორებიცაა ფული (ფინანსური სტიმულები) და კანონი (რეგულაციები). დროთა განმავლობაში ამ მიდგომას დაემატა «რბილი» ინსტრუმენტები – მაგალითად, როცა დაფუძნდა სექტორული ან ტერიტორიული «პოლიტიკის ქსელები» ანუ საჯარო-კერძო დიალოგი (PPD) კოორდინაციისთვის, თუმცა ამ მიდგომის ლიმიტებიც გამოაშკარავდა და მოთხოვნები სახელმწიფოს ქმედებებზე, კომპეტენტურ მოხელეებზე იცვლება. საჭირო ხდება სახელმწიფო ინტერვენციის ინოვაციური ფორმების პოვნა და გამოყენება.

ახალი ინდუსტრიული პოლიტიკის იმპერატივია განვითარებადი ეკონომიკის დივერსიფიკაციის  მოთხოვნა (სტიმულირება), რაც საეჭვოა მოხდეს მთავრობის პირდაპირი მოქმედების გარეშე, რადგან დივერსიფიკაციას აფერხებს ინფორმაციული და კოორდინაციული ექსტერნალიები. მეწარმეებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა ახალი პროდუქტების წარმოების ექსპერიმენტირებისა. ამ შემთხვევაში, ინდუსტრიული პოლიტიკა არის თვითაღმოჩენის პროცესი (Self-discovery, Hausman, Rodrick ,2004), როდესაც ფირმები და მთავრობა სწავლობენ ხარჯებს და შესაძლებლობებს და მოდიან სტრატეგიულ კორდინაციაში.

ერთი შეხედვით, ინდუსტრიული პოლიტიკა სახელმწიფო ეკონომიკური პოლიტიკის ძირეული ნაწილია, თუმცა სოციალური პოლიტიკის ინტერესები ხშირად ახდენს ზეგავლენას ინდუსტრიულ პოლიტიკაზე. 1990-ნი წლებიდან ინდუსტრიული პოლიტიკა კონცენტრირდებოდა კონკურენტუნარიანობის  გაძლიერებაზე,უკანასკნელ წლებში კი აქცენტი ღიად კეთდება ეკოლოგიურ (მდგრად, მწვანე) ინდუსტრიულ პოლიტიკაზე.  გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) ამკვიდრებს ტერმინს -ინკლუზიური და მდგრადი ინდუსტრიული განვითარება (ISID). დღეს ინდუსტრიული პოლიტიკა პოსტმოდერნულ კონტექსტში განიხილება.

თანამედროვე ინდუსტრიული პოლიტიკა მჭიდროდაა დაკავშირებული ისეთ სფეროსთან, როგორიცაა მაგალითად კვლევებისა და ტექნოლოგიების პოლიტიკა, რომლელიც ცნობილია ასავე ინოვაციური პოლიტიკის  სახელით. ამასთან, ინდუსტრიული პოლიტიკა ურთიერთზეგავლენაშია გარემოსდაცვით, განათლების, ჯანდაცვის, აგრარულ და თავდაცვის პოლიტიკასთან.

როგორია დღეს ქართული ინდუსტრია

ნააადრევი, «მოუმწიფებელი» დეინდუსტრიალიზაციის შემდგომ, დომინირებს სოფლის მეურნეობის პროდუტებისაგან  და ბუნებრივი წიაღისეულისგან მიღებული დაბალტექნოლოგიური საქონლი, დაბალია დივერსიფიკაციის დონე  და მცირეა «ახალი ეკონომიკური აქტივობები» , დაუცველია  ჩანასახოვანი ინდუსტრიები (infant industries), მაღალტექნოლოგიურ პროდუქტები შეადგენს დამამუშავებელი მრეწველობის 1%-ზე ცოტა მეტს, განუვითარებელია   თავისუფალი ინდუსტრიული ზონები.

ამ ფონზე ლიბერალური სავაჭრო და სავლუტო რეჟიმი ქმნის  სავაჭრო და საგადასახდელო ბალანსის დეფიციტს -ექსპორტი იმპორტზე ოთხჯერ მეტია, მიმდინარე საგადასახდელო ბალანსის დეფიციტი მშპ-ს 10%-ზე მეტია.

უახლესი მონაცემებით, დსთ-ზე მოდის ექსპორტის 33%,  ევროკავშირზე-26% .

დამამუშავებელი მრეწველობის (manufacturing) წილი საქართველოს  მთლიან  შიგა პროდუქტში ძალიან  დაბალია-13%, მაშინ როცა აღმოსავლეთ აზიაში იგივე მაჩვენებელი 31% აღემატება, ხოლო სახარისქვემო აფრიკასა და ოკეანეთში კი 10%-ზე ნაკლები.

მეცნიერების და უმაღლესი განათლების დაფინანსება საგრძნობლად ჩამორჩება საერთაშორისო პრაქტიკას(2015 წელს კვლევების  დაფინანსები წილი მშპ-ში 0,16%-ს შეადგენდა, ევროზონაზე 12,5 ჯერ ნაკლებს). ბიზნესსა და უნივერსიტეტებს  შორის ურთიერდაკავშირების მექანიზმები თითქმის არ არსებობს და ა.შ.

ტარდება თუ არა საქართველოში ინდუსტრიული პოლიტიკა

დიახ ტარდება. თუმცა, სახელმწიფოს მხრიდან  წარმოების  განვითარების მიმართულებით ინტერვენციები  ფრაგმენტული ხასიათისაა და არ არის ერთიანი ხედვით კოორდინირებული.

ბოლო წლებში შეიქმნა და ფუნქციონირებენ ისეთი სახელმწიფო სტრუქტურები, როგორიცაა მეწარმეობის განვითარების სააგენტო (პროექტი «აწარმოე საქართველოში»), ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო , საპარტნიორო ფონდი (აქვს სამრეწველო პროფილიც), ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მუშაობს  «საქართველოს ინდუსტრიულ განვითარების ჯგუფი», თუმცა აღნიშნული ინსტიტუციების საქმიანობა არაკოორდინირებული, არათანმიმდევრული და ნაკლებადეფექტიანია. ამის მთავარი მიზეზი კი ის არის რომ საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ არ აქვს ფორმალურად მიღებული ინდუსტრიული განვითარების პოლიტიკა, სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. აშკარაა ინდუსტრიული პოლიტიკის მაკოორდინირებელი ცენტრალური სამთავრობო ინსტიტუციის  შექმნის საჭიროება და ინდუსტრიული პოლიტიკის გატარებაზე პასუხისმგებელი მაღალჩინოსანი პირის არსებობა. დენი როდრიკის თქმით, «ეკონომიკას რესტრუქტურიზებისათვის  ჭირდება პოლიტიკური ადვოკატი, რომელიც  ყურთან უზის პრემიერმინისტრს ან პრეზიდენტს და თანასწორი პოზიცია აქვს ეკონომიკური კაბინეტის სხვა წევრებთან».

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სხვადასხვა ინიციატივითა და სამთავრობო  მხარდაჭერით 2016 წელს საქართველოს სტუმრობდნენ ინდუსტრიული განვითარებისა და პოლიტიკის მცოდნე , ისეთი აღიარებული ეკონომისტები, როგორებიცაა რობერტ ვეიდი (ლონდონის ეკონომიკური სკოლა), დანი როდრიკი და ჩარლზ სეიბლი (ჰარვადის უნივერსიტეტი), ერიკ რეინერტი (ნორვეგია), UNIDO-ს დელეგაცია, რომლებთანაც გაიმართა როგორც საჯარო, ისე დახურული შეხვედრები, დისკუსიები და კონსულთაციები.  მათი პრეზენტაციები და რეკომენდაციები იყო არა მხოლოდ საინტერესო, არამედ ყურადსაღები პრაქტიკული გამოყენებისათვის. ისინი გახნილნი არიან თანამშრომლობისთვის.

რა უნდა გაკეთდეს

პირველ რიგში, მთავრობამ ღიად და ნათლად უნდა განაცხადოს სურვილი და მზადყოფნა გაატაროს თანმიმდევრული, გრძელვადიანი ინდუსტრიული პოლიტიკა.

– სახელმწიფომ  საერთაშორისო ორგანიზაციებთან (UNIDO, მსოფლიო ბანკი) და ექსპერტებთან თანამშრომლობით უნდა შეიმუშაოს ინდუსტრიული პოლიტიკის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

– ცენტრალური ადგილი ამ პოლიტიკის შემუშავებასა და გატარებაში უნდა დაიკავოს ეკონომიკის სამინისტრომ.

– საწყის ეტაპზე მიზანშეწონილია, შეიქმნას მსხვილი დეპარტამენტი (სააგენტო) მაკოორდინირებელი და სხვა ფუნქციებით, უშუალოდ მინისტრის კურირებით.

– საჭიროა  შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუციების  პრიორიტეტების გადახედვა და ოპტიმიზაცია .

გარდა ზემოთდასახელებული თანამედროვე ინდუსტრიული პოლიტიკის  მეთოდებისა და ღონისძიებებისა, ასევე მნიშვნელოვანია:

– სახელმწიფომ  შექმნას ქმედითი ფინანსური ინსტრუმენტები და «წამახალისებელი მექანიზმები» საბაზრო ჩავარდნების აღმოფხვრისათვის.

– უნდა ხდებოდეს მცირე და საშუალო ბიზნესის  ცოდნატევად, ექსპორტზე ორიენტირებულ საწარმოებად გარდაქმნის ხელშეწყობა შესაბამისი სტრატეგიით.

– მნიშვნელოვანი იქნება საექსპორტო მიმართულების სამრეწველო პრიორიტეტების  ჩამოყალიბება გლობალურ ბაზრებზე არსებული ღირებულებათა ჯაჭვის გათვალისწინებით.

– სახელმწიფოს მიერ ხარისხის მართვასა და კონტროლს უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც ექსპორტის გაზრდაში, ისე იმპორტის რეგულირებისათვის, რაც უზრუნველყოფს აგილობრივი ბაზრის დაცულობასაც.

– ექსპორტის წასახალისებლად, არ უნდა გამოირიცხოს გარკვეული მონეტარული პოლიტიკაც.

– მთავრობა უნდა ახდენდეს განსაკუთრებული მნიშვნელობის პროექტების იდენტიფიცირებას  და  მართვას.

– გარკვეული პროგნოზებისა და სახელმწიფო  პრიორიტეტებისა და გეგმების გათვალისწინებით უნდა ხდებოდეს უმაღლესი და საშუალო ტექნიკური პროფესიური კადრების მომზადების არსებული სისტემის ეფექტურობის გაზრდა.

– იმავე საფუძველზე უნდა ხდებოდეს კვლევითი დაწესებულებების ქსელის გაფართოება-გაუმჯობესება და  კვლევების დაგეგვმაში სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობა, მეცნიერების ერთი მხრივ სასწავლო და მეორეს მხრივ საწარმოო-ბიზნეს და გამოყენებით პროცესებთან დაახლოების მექანიზმების შექმნა.

– შესაძლებელია და უნდა მოხდეს სახელმწიფო შესყიდვების ინდუსტრიული პოლიტიკის ინსტრუმეტად გამოყენება ადგილობრივი პროდუქციისათვის  პრეფერენციულობის  მინიჭების  გზით.

– მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერის უშუალო დაქვემდებარებაში შეიქმნას განვითარების დაგეგმვის ქვედანაყოფი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ზოგადად დაგეგმვაზე,  მეთოდოლოგიის შემუშავებასა და  უწყებებს, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორსა და რეგიონებს შორის კოორდინაციაზე.

– ინდუსტრიული პოლიტიკის გატარების წარმატება დიდად იქნება განპირობებული პროცესისათვის  ე.წ. პოლიტიკური მომენტუმის შექმნით, რაც მხარდაჭერილი უნდა იქნას საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) ადეკვატური კამპანიით, სამეცნიერო-ტექნიკურ და სასწავლო საზოგადოების  ჩართულობით, კონფერენცია-სემინარებით, გამოფენებით და სხვა აქტივობებით.

– ზემოაღნიშნული ღონისძიებების გატარებამ უნდა უზრუნველყოს სტრუქტურული ცვლილებები ეკონომიკაში, ინდუსტრიული განვითარების ფაზების წარმატებით  გავლა და შესაბამისად, მთლიანი ეკონომიკის ზრდა და საზოგადოების განვითარება-კეთილდღეობა.


– წერილი პირველად გამოქვეყნდა გაზეთ “ბანკებსა და ფინანსებში”.

– ილუსტრაცია გარეკანზე: © The Economist

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ