სტუდენტების მანიფესტი უნივერსიტეტის 100 წლისთავზე

Share on Facebook48Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

თსუ
ფოტო: ნეტგაზეთი

გთავაზობთ მანიფესტს, რომელიც დღეს, უნივერსიტეტის 100 წლისთავთან დაკავშირებით მოწყობილი ღონისძიების პარალელურად, სტუდენტურმა მოძრაობა “აუდიტორია 115”-მა გამოაქვეყნა: 

100 წლის წინ, უმძიმეს ვითარებაში, ქართველი ხალხის მიერ უნივერსიტეტის დაარსებამ საფუძველი ჩაუყარა თანასწორი და სახალხო სივრცის შექმნას. უნივერსიტეტს ჰქონდა არამარტო საგანმანათლებლო ფუნქცია, არამედ ის იყო ადგილი, სადაც მუდმივად იწყებოდა პოლიტიკური ცვლილებები, ხმოვანდებოდა და ყალიბდებოდა საზოგადოებრივი აზრი, რაშიც უმნიშვნელოვანეს როლს სტუდენტები და ლექტორები თამაშობდნენ.

პირველი მოწოდება 1921 წელს უნივერსიტეტის რექტორის, ივანე ჯავახიშვილის, მიერ გაისმა, როდესაც ქვეყნის დამოუკიდებლობას საფრთხე შეექმნა. სწორედ ამ პერიოდში, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას არაერთი უნივერსიტეტელი შეეწირა.

გასაბჭოების შემდეგ უნივერსიტეტში დაიწყო ბრძოლა განსხვავებული შეხედულებების მქონე ძალებს შორის. მეცნიერებისა და სტუდენტების ერთობას,რომელიც ივანე ჯავახიშვილის იდეებს იცავდნენ დაუპირისპირდა ბიუროკრატია და კომკავშირი. მათ შეძლეს და ჯავახიშვილიც გააძევეს უნივერსიტეტიდან.

სტალინის ხელისუფლებაში მოსვლი შემდეგ საბჭოთა კავშირი საბოლოოდ ჩამოყალიბდა იმპერიად,რომელიც ეფუძნებოდა სახელმწიფო კაპიტალიზმს. ძალაუფლებმა ხელში აიღო ელიტარული ჩინოვნიკების და ბიოროკრატების კლასმა. მათი სრული კონტროლის ქვეშ მოექცა აკადემიური სივრცე.

ტოტალიტარული რეჟიმის არსებობის პირობებში უნივერსიტეტის სტუდენტები მაინც ახერხებდნენ ორგანიზებას და იმპერიალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლას.

ასე იყო 1978 წელსაც, როცა ლექტორები და სტუდენტები ქართული ენის დასაცავად გამოვიდნენ ქუჩებში. უნივერსიტეტი იყო ერთ-ერთი მთავარი კერა საიდანაც დაიწყო ბრძოლა თავისუფლებისთვის.

დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ უნივერსიტეტში გავლენა შეინარჩუნა ძველმა ბიუროკრატიამ, რომელსაც მოქმედების უფრო ფართო არეალი მიეცა. განადგურდა უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, შეწყდა მეცნიერული პროცესი.

,,ვარდების რევოლუციის’’ შედეგად მთავრობაში მოსული რეჟიმი აცხადებდა, რომ ძველ ბიუროკრატიას დაუპირისპირდა. რეალურად კი, მათ უბრალოდ ძველი კლანები ახლით ჩაანაცვლეს. პარალელურად დაიწყეს კრიტიკული აზრის განდევნა. უნივერსიტეტიდან უსამართლოდ დაითხოვეს „გაბატონებული წესრიგის“ წინააღმდეგ მებრძოლი ლექტორები. აღდგა „ოდეერის“ ინსტიტუტი. სისტემამ არც სტუდენტური აზრის კონტროლი დაივიწყა და საკუთარ დასაყრდენად თავისივე ხელით შექმნა „სტუდენტური თვითმმართველობა“ , რომელიც დღემდე არსებობს.

მიუხედავად რეჟიმის მცდელობისა სრულიად დაემორჩილებინა საუნივერსიტეტო საზოგადოება, 2012 წელს სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოდან დაიწყო. ჩვენ, ძალადობაზე დაფუძნებული პოლიტიკური და ეკონომიკური წესრიგის ნგრევას მოვითხოვდით, თუმცა ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად სისტემამ საკუთარი შინაარსი შეუნარჩუნა. პირველ რიგში უცვლელი დარჩა ეკონომიკური პოლიტიკა.

თანამედროვე მსოფლიოში აკადემიური თავისუფლება უმთავრესად გილისხმობს, რომ უნივერსიტეტი არ უნდა იმართებოდეს ბაზრის დაკვეთით. ამის საპირისპიროდ, დღეს პრიორიტეტია ვიწრო სპეციალიზების მქონე კადრების მომზადება, რომლებიც საქმდებიან კერძო სექტორში დაბალანაზღაურებად სამსახურებში. იგი აწარმოებს იაფ მუშახელს, რომლითაც საზრდოობს არსებული ეონომიკური სისტემა. შედეგად ბევრი სამეცნიერო დარგი, რომელიც მომგებიანი აღარ არის, მხოლოდ ფორმალურად შემორჩა უნივერსიტეტში. აღარ მიმდინარეობს რეალური მეცნიერული მუშაობა და არ იქმნება ახალი ცოდნა.

უკვე წლებია უნივერსიტეტის სათავეში მოსული რექტორები, რომლებიც მხოლოდ მენეჯერული თვისებებით ცდილობენ თავის წარმოჩენას, გვთავაზობენ სტრატეგიას, რომელიც უნივერსიტეტს აქცევს ბიზნეს კორპორაციად. ამ მიდგომაში მეორე ხარისხოვანია მეცნიერება, პრიორიტეტს არ წარმოადგენს სტუდენტების ინტერესები. რეალურად კი, რექტორ-მენეჯერებს ავიწყდებათ, რომ არსებულ ვითარებაში შეუძლებელია უნივერსიტეტი მომგებიან კორპორაციად იქცეს. ამიტომაც ისინი იძულებულნი არიან, სტუდენტების გაყვლეფის და პერსონალის დაბალი ხელფასების ხარჯზე შეინარჩუნონ მდოგომარეობა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერები მოღვაწეობდნენ, დღეს სრულიად მოწყვეტილია თანამედროვე მეცნიერებას. ცხადია, რომ სტუდენტების გაცვლითი პროგრამები ამ პრობლემას ვერ აღმოფხვრის და საჭიროა უფრო აქტიური მუშაობა, საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან თანამშრომლობა და კვლევითი პროგრამები, რათა მსოფლიო აკდემიური სივრცის პროვინციად არ დავრჩეთ.

კრიზისის მასშტაბებს, რომლის წინაშეც ვდაგვართ ყველაზე მკაფიოდ უჩვენებს ეკონომიკის ფაკულტეტზე შექმნილი ვითარება. ნაცვლად პლურალისტური მიდგომისა, აქ ვაწყდებით მკაცრად იდეოლოგიზირებულ გარემოს. წლებია აქ ისწავლება მხოლოდ მეინსტრიმული ეკონომიკა, რომელიც ძირითადად ასოცირებულია ნეოკლასიკურ ეკონომიკურ თეორიებთან, რაც სრულ თანხვედრაშია წინა და ახალი მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკასთან. შესაბამისად არ არსებობს სულ მცირე შანსიც კი, რომ ქვეყნის განვითრების ახალ მოდელზე, შესაძლებლობებზე ფიქრი და მუშაობა დაიწყოს. ასეთ ვითარებაში კი უნივერსიტეტი კარგას თავის უპირველეს ფუნქციას.

დღეს უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლის თავზე აქ არ მოვსულვართ მხოლოდ საუნივერსიტეტო, აკადემიურ სივრცესა და სტუდენტური პროტესტის ისტორიაზე სასაუბროდ. ჩვენ გვსურს იმ რეალობაზე მოგიყვეთ, რომელსაც თვალს არიდებთ, რომელიც ჩვენთვის ჩვეულებრივ ყოველდღიურობად იქცა და უკვე შევეჩვიეთ, მაგრამ არ შევეგუებით. გვსურს იმ რეალობაზე მოგიყვეთ, რაზეც უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში პოლიტიკური ელიტა არ ისაუბრებს, მაგრამ გაიგონებთ იმ ხალხის ხმას, რომლებიც დაივიწყეს და ვისი სიტყვაც ტყვიაგაუმტარი შუშის კაბინეტებში ვერ აღწევს.

გაიგონებთ სტუდენტების ხმას, რომლებიც დღე და ღამე მუშაობენ დაბალანაზღაურებად სამსახურებში, რათა სწავლის ფული გადაიხადონ და განათლების მისაღებად დრო აღარ რჩებათ. მათ სიტყვას, ვისაც სტატუსი შეუჩერდა სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო.

გაიგონებთ ხალხის ხმას, ვისაც ბანკებმა უკანასკნელი საცხოვრისი წაართვა, ვისაც ყოველთვიურად ხარკის გადახდა უწევს საფინანსო ორგანიზაციებისთვის, გაიგონებთ ადამიანთა ხმას, რომლებიც ყოველდღე მუხლჩაუხრელად მუშაობენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რათა საკუთარი ოჯახები არჩინონ , გაიგონებთ განვითარებაწართმეული მოსახლეობის ხმას, რომელთაც ყოველდღიური გასაჭირის გასაყუჩებლად ნარკოტიკული საშულებები შეატოვეს, ვინც პოლიციური რეჟიმის რეპრესიებს შეეწირა.

გაიგონებთ მშრომელების ხმას, ვინც სამუშაო ადგილზე დაიღუპა და დასახიჩრდა, ვინც ყოველდღიურად სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ პირობებში აგრძელებს შრომას

გაიგონებთ ყოველი მეექვსე ბავშვისა და მოხუცების ხმას, ვინც დღეს შიმშილობს

გაიგონებთ სამსახურის მოლოდინში მყოფი ათი ათასობით უმუშევარი ადამიანის ხმას

თქვენ გაიგონებთ იმ ხალხის ხმას, რომლებიც პერიფერიებში ყოველდღე ებრძვიან უიმედობას, სიღატაკეს, სიცივეს, შიმშილს, გაჭირვებასა და უსახლკარობას

გაიგონებთ ხალხის ხმას, რომლებიც გარიყეს და ყოველდღიურად იჩაგრებიან

დღეს ჩვენ ქვეყანას ჭირდება განვითარების ახალი გზა, მოქალაქეების უმრავლესობისთვის სრულიად მიუღებელია არსებული ვითარება. ცვლილებების წინააღმდეგ მხოლოდ ბიზნეს ელიტა და მათთან დაახლოებული ინტელექტუალები გამოდიან. უკიდურეს უთანასწორობას და სოციალურ რასიზმს მთავრობები მკაცრი პოლიციური რეჟიმის დახმარებით ინარჩუნებენ. 
სწორედ ამიტომ დღეს უმნიშვნელოვანესია ორგანიზება ამ თავზეხელაღებული წესრიგის წინააღმდეგ,რომელმაც უკვე შეიწირა ასობით ადამიანი.

აქამდე ჩვენ გვთავაზობდნენ მენეჯერების მოხაზულ ფასადურ რეფორმებს, დღეს ჩვენ ვიცით,რომ გვჭირდება ცვლილებები,რომელიც დაეფუძნება მეცნიერულ მიდგომას, პროგრესს უკეთესი ცხოვრებისთვის. თავისუფლებისა და თანასწორობისათვის.

აუდიტორია 115

Share on Facebook48Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Comments are closed.