ბაქარ ბერეკაშვილი: სოლიდარობის კრიზისი პოსტკომუნიზმის წნეხის ქვეშ

1972 წლის ოქტომბერში, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულოფ პალმემ, შვედეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის კონგრესისადმი მიძღვნილ საინაუგურაციო მიმართვაში განაცხადა „დემოკრატიული სოციალიზმი იწყება ინდივიდის სოციალური მდგომარეობით. ადამიანს თავისუფლება მხოლოდ მაშინ გამოადგება ყველაზე უკეთ, თუკი ის ამით იპოვის გზებს ერთიანობის, თანამშრომლობისა და სოლიდარობის განცდისკენ. ადამიანმა უნდა შეძლოს ის, რომ სხვასთან ერთად გააკონტროლოს საკუთარი მდგომარეობა და ასევე გავლენა მოახდინოს მის გარშემო მყოფებზე.  მაგრამ იმისათვის, რომ ხორცი შევასხათ ჩვენს იდეების საჭიროა გამოვნახოთ პრაქტიკული გზები სოციალური თანასწორობის, სოლიდარობისა და დემოკრატიისათვის“.[i]palme

პალმეს სოლიდარობის ფორმულა (დავარქვათ ასე), რაც ეფუძნება სამ პრინციპს: საკუთარი მდგომარეობის კონტროლს, სხვებზე ზეგავლენას და პრაქტიკული გზების გამონახვას შეგვიძლია გამოვიყენოთ, როგორც ერთგვარი ანალიტიკური ჩარჩო პოსტკომუნისტურ სივრცეში სოლიდარობის კრიზისის მიზეზების ასახსნელად. ცხადია, კაპიტალიზმზე გადასვლის ეტაპმა, როგორც რთულმა პროცესმა გავლენა მოახდინა სოლიდარობის დრამატულ ვარდნაზე, როგორც შედეგი სოციალური ატომიზაციისა და უმოწყალო ინდივიდუალიზაციის, რაც კაპიტალიზმის თანმდევი ტენდენციებია, მაგრამ თითქოს ასეთი ტიპის დარვინისტული წესრიგის აღმოცენების კვალდაკვალ იყო (და ალბათ არის) იმედები სოლიდარობის და თანამშრომლობის პროვიცირების თუ ინსპირაციის. თუმცა მდგომარეობა ამ მხრივ ჯერ კიდევ დრამატული და სუსტია.

პოსტსაბჭოთა ადამიანი, ახალი კაპიტალისტური წესრიგის პირობებში თავის თავთან მარტო აღმოჩნდა, გახდა უმწეო და უიმედო. ჩვენში უკვე თანდათანობით ყალიბდება დარვინისტული სოციალური წესრიგი, სადაც (როგორც ბურდიე გვარწმუნებს) მიმდინარეობს დაუნდობელი ბრძოლა ყველა ყველას წინააღმდეგ იერარქიის ყველა დონეზე.[ii] ცხადია, ასეთ პირობებში უწყვეტია სოციალური და ეკონომიკური კონფლიქტები, რაც ადამიანს არამხოლოდ საგონებელში აგდებს თუ როგორ გადარჩეს, არამედ განაწყობს იმისკენ, რომ თავად გახდეს დაუნდობელი ამგვარ ომში, რათა მიაღწიოს წარმატებას და ძალაუფლებას.

პოსტსაბჭოთა საზოგადოებაში, რომელიც მიილტვის კაპიტალისტური ეთიკის და პარადგიმების შეუვალი ადაპატაციისკენ ძლიერია ანაქრონისტული აღქმები ისეთი კლასიკური იდეალებისა, როგორებიცაა თანასწორობა, სოლიდარობა და სოციალური სამართლიანობა. ხშირად ხდება ამ იდეალების გაიგივება საბჭოთა წარსულთან, რაც ცხადია აკნინებს არამხოლოდ სოლიდარობის განვითარების პერესპექტივებს, არამედ მნიშვნელოვნად ასუსტებს კრიტიკულ სოციალურ აზროვნებას, რის გარეშეც შეუძლებელია სოლიდარობაზე და სოციალურ სამართლიანობაზე დაფუძნებული საზოგადოების ფორმაცია.

ტრანზიციის ის მოდელი, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნების უმრავლესაბამ აირჩია და რაც გულისხმობს ნეოლიბერალურ ტრანსფორმაციას, არ ახდენს მხოლოდ ეკონომიკური პროექტის თუ ინტერესების ინტერნალიზაციას. ნეოლიბერალიზმი არ შეიძლება აღვიქვად როგორც მხოლოდ ეკონომიკური პროგრამა, არამედ ის არის ამავდროულად მძლავრი ენერგიის მქონე სოციო-კულტურული პროექტი, ორიენტირებული ისეთი სტრატეგიებზე, რომელიც ეფუძნება ინდივიდუალიზმისა და ეკონომიკური თავისუფლების იდეის გამოყენებით მანიპულაციებსა და სუბორდინაციას. ცხადია, ასეთი პირობებში, სოლიდარობა სულ ღაფავს. პოსტსაბჭოთა საზოგადოებაში სოციალური ურთიერთობები ეფუძნება არა თანამშრომლობას, არამედ ულმობელ კონკურენციას, რაც მარგინალიზაციას ახდენს სოციალური სოლიდარობის იდეის პრაქტიკულ რეალიზაციას. პრაქტიკულად ყალიბდება ნეოლიბერალური სოციალური წესრიგი, რაც აფუძნებს შრომისა და მენეჯმენტის ახალ დისციპლინას კრედიტორებისა და გაბატონებული ფინანსური ინსტიტუტების სასარგებლოდ.[iii]

საქართველო, როგორც პოსტსაბჭოთა სახელმწიფო განიცდის სოლიდარობის კრიზისს, შეიძლება ითქვას იმაზე მეტადაც კი ვიდრე ზოგიერთი სხვა ქვეყნები პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც პოლიტიკური დემოკრატია შესაძლოა უფრო მეტად იყოს უარყოფილი თუ დაკნინებული. რასაკვირველია, ეს მეტწილად გამოწვეულია იმით, რომ ბოლო 25 წელიწადია საქართველო არ ამბობს უარს ტრანსფორმაციის იმ მოდელზე, რომელსაც ის გადის და რომელიც უფრო და უფრო ათითოკაცებს მოქალაქეებს. ყალიბდება გაუცხოების ახალი პარადიგმები. ადამიანს არა აქვს განცდა, რომ მას ეკუთვნის დოვლათი, რომელიც ამ ქვეყანაშია და მთლიანად არის მარგინალიზებული პრაქტიკული სოციალური და პოლიტიკური ცხოვრებისაგან, რაც უფრო მეტად აძლიერებს კაპიტალიზმის პოსტსაბჭოურ, ქართულ წესრიგს, სადაც დღის წესრიგს განსაზღვრავს გაბატონებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სამოქალაქო ელიტები.

რა შეიძლება გაკეთდეს?

რასაკვირველია, ჩევნ შეგვიძლია ვიყოთ ოპტიმისტები, რადგან რეალობა უფრო ტრაგიკულია. თუმცა, კაპიტალიზმის და ნეოლიბერალური კულტურის მიერ შთაგონებული ახალი ადამიანის შექმნის პირობებში უფლება გვაქვს სკეპტიკურადაც ვიყოთ განწყობილი მომავლის მიმართ. ერთი რამ კი ცხადია, სოლიდარობას,  ჩვენთან, საქართველოში მაინც, ვერ შექმნის სამოქალაქო საზოგადოების ის ელიტური კასტები, რომლებიც უკვე წლებია ყალიბდება და რომლებიც უფრო მეტად გამოხატავენ პოლიტიკური და რადიკალური ლიბერალური ელიტების ინტერესებს ვიდრე მათგან განსხვავებულების.

დასასრულს, ისევ ბურდიეს დავუბრუნდები, ბურდიე უწოდებოდა ნეოლიბერალიზმს უსაზღვრო ექსპლუატაციის უტიპიას, რომელიც თან ცდილობს, რომ გადაიქცეს რეალობად.[iv] ნეოლიბერალური უტოპიის მიზანი ალბათ მარტივია –  დაარწმუნოს ადამიანები უტოპიის რეალობაში, გამოსავალი კი ალბათ ჩვენს მიერ უტოპიური პროექტების უარყოფაშია.

[i] იხ. Olof Palme, Democratic socialism means solidarity (Social Democratic Party of Sweden – Socialdemokraterna, 1972)

[ii] იხ. Pierre Bourdieu, “The essence of neoliberalism”, Le Monde diplomatique, December 1998, English edition

[iii] იხ. Gérard Duménil and Dominique Lévy, “The Neoliberal (Counter-)Revolution,” in Neoliberalism: Critical Reader, ed. Alfredo Saad-Filho and Deborah Johnston (Ann Arbor, MI: Pluto Press, 2005)

[iv] იხ. Pierre Bourdieu, Acts of Resistance: Against the Tyranny of the Market (New York: New Press, 1999)

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ